(საზოგადოება.ჯი) „პოლიტიკური წნეხის იარაღი“, ანუ როგორ მოატყუა აშშ-მ რუსეთი

1989 წელი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს თვალყურს გერმანიიდან ადევნებს… 10 წლის შემდეგ ის გერმანიაში მსახურების პერიოდს და მის შემდგომდროინდელ ამბებს გულისტკივილით იხსენებს. ამბობს, რომ მოსკოვში დაბრუნება და იმის გაანალიზება უჭირს, რომ საბჭოთა კავშირმა ევროპაში პოზიციები დაკარგა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მას ამ მოვლენების შედეგებზე რეაგირების საშუალება ეძლევა და „გულნატკენი“ ახალგაზრდა საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის ბრძოლას იწყებს.

ეს ახალგაზრდა ოფიცერი ვლადიმირ პუტინი გახლდათ…

სიტუაციური მონახაზი

ცივი ომი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, დაშლილი საბჭოთა კავშირი და რუსეთი ახალი ევროპის პერიფერიებზე – წარსული დაძაბულობის დასაწყისი აწმყოში გადმოდის – ისტორია ფაქტებს იმეორებს: რუსეთი ისევ ცენტრისკენ ინაცვლებს და ძალთა გადანაწილების თანაფარდობას ცვლის.

„ძალა აღმართს ხნავს“, ჰოდა ამერიკამაც „მოიჩოჩა“ აღმოსავლეთით… არ მოეწონა რუსეთს ცხვირწინ “ხმლების ტრიალი” და შეუტია „დაუპატიჟებელ სტუმრებს“ შორიდან. ერთმა ძლიერმა ქვეყანამ მეორეს მეზობლად პოზიციების გამაგრება მოინდომა და მსოფლიო აღშფოთდა, – ეს რატომ არ მოეწონათო…

ინტერესთა კონფლიქტი, ორი განსხვავებული სტრატეგია და პატარა, მარიონეტი ქვეყნები… ყველას ერთის მორჩილება მართებს. ამ „ერთადერთობისთვის“ კი ორი ქვეყანა – აშშ და რუსეთი მსოფლიოს ატერორებს. ერთი ბრძოლის იდეოლოგიურ ხერხს ირჩევს, მეორე – აგრესიულს… მიზანი ერთია – ორივე ქვეყანა მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვის. ამერიკა პროვოკატორობს, რუსეთი აგრესორობს, მსოფლიო ზარალობს.

ომი სხვის ტერიტორიაზე – ეს „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“-ს სტრატეგიაა. იქ, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, სისხლიც იღვრება. მსხვერპლს გამართლება აქვს – მოსახლეობის ინტერესებს ამოფარებული ამერიკა საკუთარი ინტერესების გატარებისთვის იბრძვის, რუსეთი კი თავისას იცავს.

მაგალითად, თუ 2008 წელს ამერიკა ქართველი ხალხის „დაცვის“ სურვილიდან გამომდინარე „შეშფოთდა“, ახლა ამ ხალხის „დაცვის“ მოთხოვნამ უკრაინაში გადაინაცვლა. რუსეთმა კი, თავის მხრივ, თავისებურად „დაიცვა“ ყველა. ორივე შემთხვევაში ამ „კეთილ სურვილებს“ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აღარ ვსაუბრობ სხვა „სამშვიდობო მისიებზე“, რომელშიც ამერიკამ თითქმის ყველა მარიონეტი ქვეყნის ჩართვა მოახერხა. „მტრის ხატი“ კი, ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების ნაცვლად, მხოლოდ რუსეთისგან „იძერწება“. ყველას უფლებადამცველი, შეშფოთებული ამერიკა მსოფლიოს ამ „მტრის“ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. თვითონ კი შფოთავს. ასე „შეშფოთებული“ აწესებს სანქციებს, რომელიც რუსეთს სასაცილოდაც არ ჰყოფნის და ასე „შეშფოთებულად“ გეგმავს მათ გამკაცრებასაც. პარალელურად, რუსეთიც იმუქრება საპასუხო სანქციებით …

და არა მარტო სანქციებით…

ფედერაციამ ამერიკასთან ბრძოლის მეთოდებიც იცის და შედეგებიც გათავისებული აქვს…

ვადიმ სოლოვიოვი, სახელმწიფო დუმის საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ავიღოთ უკრაინის საკითხი. პირადად მე ძალიან ნეგატიურად ვუყურებ უცხოელი ჯარისკაცების გამოჩენას უკრაინის ტერიტორიაზე და საერთოდ, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. როდესაც მიხაილ სერგეევიჩი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ვარშავის შეთანხმების ლიკვიდაციის და შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ, მას უმტკიცებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. მაგრამ აი, ნატოს ჯარები უკვე ჩნდებიან უკრაინაში და ეს ადასტურებს პოლიტიკის მთავარ პრინციპს: არ შეიძლება ენდო ბლოკების ლიდერებს, რომლებიც საკუთარი ვიწრო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. დაამყარონ მშვიდობა უკრაინაში – ეს არის აგრესიული გეგმის დაფარვა რუსეთთან მიმართებაში. თავიდან საბჭოთა კავშირი დაანაწევრეს, ახლა რუსეთის ფედერაციის დანაწევრება და განადგურება სურთ.

მიმდინარე მოვლენებს განვიხილავ, როგორც იმ ომის გაგრძელებას, რომელსაც ახორციელებდნენ აგრესიული ქვეყნები, მათ შორის ნატოს ბლოკიც. მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

პოლიტიკის მთავარი ფაქტორი – ეს ძალაა. თუ შენს ზურგს უკან დგას ჯარი და ძლიერი მრეწველობა, მაშინ ანგარიშს გიწევენ. თუ ამ მხრივ შენ არაფერს წარმოადგენ, მაშინ არანაირი შეთანხმებები არ იქნება დაცული.

რუსეთმა უნდა გაამაგროს თავისი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და ჯარი.

საერთაშორისო არენაზე უნდა გაატარო ძალიან მკაცრი დიპლომატიური ხაზი, რომელიც იქნება მიმართული ნატოს ქმედებების წინააღმდეგ. საკითხები უნდა დაისვას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და განხილვაში სხვა სახელმწიფოებიც უნდა ჩაერთონ. ვგულისხმობ, ჩინეთს და ინდოეთს, ასევე სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ესმით, რით შეიძლება დამთავრდეს ეს წინააღმდეგობა.

ჯანსაღ აზრს უნდა იყო მოკლებული, რომ ისაუბრო იმაზე, თითქოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია არ წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესების სფეროს რუსეთის ფედერაციისთვის. სწორედ ჩვენი სამშვიდობოები არიან სტაბილურობის და ურთიერთობების ნორმალიზაციის ფაქტორები. შეადარეთ სერბეთი და დნეპრისპირეთი: იქ, სადაც რუსი სამშვიდობოები არიან, იქ სიმშვიდეა, სადაც დასავლეთის სამშვიდობოები – იქ სროლა და მსხვერპლია.

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი სამშვიდობოები უნდა იყვნენ კონფლიქტის ზონაში უკრაინაში.

რას დაპირდნენ რუსეთს 1990 წლის 3 ოქტომბერს ნატოში გერმანიის გაწევრიანების წინ და რაზე აპელირებენ მუდმივად რუსი დიპლომატები?

ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა – როგორც რუსი დიპლომატები ამტკიცებენ, სწორედ ეს დაპირება მისცა აშშ-მ საბჭოთა კავშირს გერმანიიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ. მათი თქმით, დანაპირები არ შესრულდა და ალიანსში, საერთო ჯამში, 12 აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა გაერთიანდა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ 1989 და 1990 წლების დოკუმენტები გამოქვეყნდა, რომლებიც ამ დრომდე გასაიდუმლოებული გახლდათ და რომლებიც მიუთითებენ, რომ არანაირი ფორმალური დაპირება, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ არ ყოფილა.

ნატოს მომავალი როლი მსოფლიო მმართველობაში – ეს იყო 1990 წლის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ-უფროსის (George H. W. Bush), აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (James Baker), გერმანიის კანცლერის, ჰელმუტ კოლის (Helmut Kohl), გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის (Hans-Dietrich Genscher) და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დუგლას ჰერდის (Douglas Hurd) სასაუბრო თემა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 6 თებერვალს გენშერსა და ჰერდს შორის საუბარი შედგა, რომელზეც აღინიშნა, რომ მიხეილ გორბაჩოვი ნატოს გაფართოების დაშვების გამორიცხვას მოინდომებდა, ამიტომ გენშერის ინიციატივით, მან პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას არ აპირებდა.

სამი დღის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ბეიკერმა გორბაჩოვთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრის დროს ამერიკელი შენიშვნებს იწერდა და მათ ვარკვლავებით აღნიშნავდა. ბეიკერის ჩანაწერები ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აშშ-მ რუსეთს პირობა მისცა, რომ ნატო არ გაფართოვებოდა. აქ ჩნდება საინტერესო კითხვა, -ნიშნავდა თუ არა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის „საბოლოო შედეგი“ იმას, რომ გაერთიანების შემდეგ გერმანია ნატოში არ აღმოჩნდებოდა?

იმ დროს გენშერი და კოლი მოსკოვში ვიზიტს ელოდებოდნენ. ბეიკერმა კოლისთვის გადასაცემად დასავლეთ გერმანელ ელჩს საბჭოთა კავშირში საიდუმლო წერილი დაუტოვა. მასში ბეიკერი უხსნიდა, რომ მან პირდაპირ ჰკითხა გორბაჩოვს, – რას მიანიჭებდა უპირატესობას, გაერთიანებულ გერმანიას ნატოს გარეთ, დამოუკიდებელს და ამერიკული ჯარის გარეშე, თუ გერმანიას ნატოს შემადგენლობაში იმ გარანტიით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთი სანტიმეტრითაც არ წაიწევდა წინ აღმოსავლეთის მიმართულებით?

ცხადია, ბეიკერმა შეგნებულად წარმოადგინა გერმანია სამხედრო ბლოკს გარეთ ისე, რომ გორბაჩოვს ეს არ მოსწონებოდა.

-ნატოს ნებისმიერი სახით გაფართოება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, – უპასუხა გორბაჩოვმა.

ვაშინგტონში ეროვნული უშიშროების შტაბმა მოლაპარაკებების ტექსტზე მუშაობა დაიწყო და დაასკვნა, რომ ასეთი სახის გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო პრაქტიკული მათთვის და ალიანსში შემავალი ქვეყნებისთვის. შეუძლებელი იყო, ნატოს გარანტიები მხოლოდ ქვეყნის ნახევარზე გავრცელებულიყო. ამიტომ ეროვნული უშიშროების საბჭომ პრეზიდენტ ბუშის სახელით ჰელმუტ კოლის წერილი მისწერა, რომელიც კანცლერმა მოსკოვში ვიზიტამდე მიიღო. წერილის თანახმად, ნატოს საკითხი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის განსაკუთრებულ სამხედრო სტატუსის შესახებ უნდა დაეყენებინა. რას წარმოადგენდა ეს სტატუსი, დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა მოვლენათა განვითარება უკვე ცხადი იყო – მთელი გერმანია ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო. ხოლო იმისთვის რომ მოსკოვს ეს ფაქტი უფრო მარტივად „გადაეტანა“, გამონაკლისები დაუშვეს, როგორიც იყო, მაგალითად, ალიანსის ჯარების ქმედებების გარკვეული შეზღუდვები და ა.შ.

გორბაჩოვთან შეხვედრის წინ, რომელიც 1990 წლის 10 თებერვალს შედგა, კოლი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: მან ორი წერილი მიიღო: ერთი ბუშისგან, მეორე -ბეიკერისგან, ამასთან ორივე ერთსა და იმავე საკითხზე აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციებით. ბუშის წერილში ნათქვამი იყო, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდებოდა, ბეიკერის წერილში კი აღინიშნებოდა, რომ ეს ასე არ მოხდებოდა.

კანცლერის უწყების დოკუმენტების თანახმად, კოლმა შედარებით რბილი პოლიტიკური ხაზი აირჩია. იმედი ჰქონდა, რომ ეს სასურველ შედეგს უზრუნველყოფდა – მას გერმანიის გაერთიანების შესახებ მოსკოვის თანხმობა უნდა მიეღო. ამიტომ კოლმა დაარწმუნა გორბაჩოვი, რომ ნატოს იურისდიქცია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ გავრცელდებოდა. თავის კოლეგასთან, ედუარდ შევარდნაძესთან პარალელური მოლაპარაკებების მსვლელობისას კი აღინიშნა, რომ ნატო აღმოსავლეთის მიმართულებით არ გაფართოვდებოდა.

ისევე, როგორც ბეიკერსა და გორბაჩოვის შეხვედრისას, ამ შემთხვევაშიც რაიმე წერილობითი სახის შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. მრავალრიცხოვანი პირობის მომსმენის შემდეგ, გორბაჩოვმა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის სავალუტო და ეკონომიკური კავშირის შექმნისთვის მწვანე შუქი აანთო.

ძალიან მალე გავლენიანმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა კოლის ფორმულირებები გააკრიტიკეს. ბეიკერმა კურსი ვაშინგტონში ჩასვლისთანავე შეიცვალა და ეროვნული უშიშროების საბჭოს პოზიცია დაიკავა. ამის შემდეგ ბუშის შიდაპოლიტიკური გუნდი ერთ ხაზს გაჰყვა. არანაირი განაცხადი იმის შესახებ, რომ ნატო 1989 წლის საზღვრებს შეინარჩუნებს, არ გაკეთებულა.

კოლიც მთლიანად ბუშის გავლენის ქვეშ მოექცა. ამას 24-25 თებერვალს კემპ-დევიდში გამართული შეხვედრების ამერიკული და გერმანული პროტოკოლებიც მოწმობს. ბუში კოლისგან მოსკოვთან კომპრომისის შესახებ საკუთარ შეხედულებებს არ მალავდა: ჩვენ მოვიგეთ- მათ ვერა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საბჭოთა კავშირი ბოლო წუთს გაექცეს წაგებას, – აღნიშნავდა ბუში.

კოლის თქმით, აუცილებელი იყო, ეპოვათ გზა, რომელიც გორბაჩოვისთვის ხელსაყრელი იქნებოდა. იმ დროს რუსეთი ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, ხოლო გერმანიას შეეძლო ეს პრობლემა მოეგვარებინა.

ბუშმა და კოლმა სწორად გათვალეს – გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, გორბაჩოვმა დასავლეთს დაუთმო.

საბოლოო ჯამში, ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გერმანიის შესვლას დაეთანხმა და სანაცვლოდ, 12 მილიარდი გერმანული მარკა უპროცენტო კრედიტი მიიღო.

აშშ-მ მოიგო. მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ერთად გორბაჩოვი კარგად მოატყუა – გააფართოვა ნატო აღმოსავლეთით და ამასთან, ალიანსის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით არანაირი დაპირება არ მიუცია.

„პოლიტიკური წნეხის იარაღი“

თავისი არსით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჩაკეტილ სამხედრო ბლოკად რჩება, რომელშიც აშშ დომინირებს. ამასთან, აშშ სრულიად პროფესიონალურად იყენებს ამ ინსტრუმენტს, როგორც პოლიტიკური წნეხის იარაღს, როგორც თავის მოკავშირეებზე, ასევე რუსეთზე. ამიტომ რუსეთის და ნატოს ურთიერთობა იგივეა, რაც რუსულ-ამერიკული ურთიერთობები.

აშშ და საბჭოთა კავშირი შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად 1949 წლის 4 აპრილს, უკვე ცივი ომის პერიოდში დაფუძნებულმა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აქცია. ალიანსის შექმნის პოლიტიკური მიზნები დაფარული არ ყოფილა: «to keep Germany down, America – in, Russia – out». პირველ ჯერზე ნატოში აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი შევიდნენ. მოგვიანებით მას მიურთდნენ კანადა, დანია, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, გერმანიის ფედერაციუილი რესპუბლიკა და ესპანეთი. ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლი ვალდებულს ხდიდა ყველა სამხედრო ბლოკს, განეხილა სამხედრო თავდასხმა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე და აღმოეჩინა სამხედრო დახმარება. 1949 წელს შიქმნა გაერთიანებული სამხედრო სარდლობა, გენერალური მდივნის ინსტიტუტი. აშენდა ერთობლივი სამხედრო პოლიგონები და შემუშავდა შეიარაღების ერთიანი სტანდარტები. აშშ ალიანსის ხარჯების ძირითად ნაწილს საკუთარ თავზე იღებდა. თავდაპირველად ნატოს შტაბი პარიზში იყო, მაგრამ 1966 წელს საფრანგეთის ალიანსიდან გასვლის შემდეგ, ის ბრიუსელში გადაიტანეს.

1998 წელს, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატო ფართოვდება. მასში შედის პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი. 1997 წელს აშშ -მ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ რუსეთი და ნატო არ არიან მოწინააღმდეგეები. პარალელურად იქმნება რუსეთ-ნატოს ერთობლივი მუდმივი საბჭო ვალდებულებების არმქონე მანდატით. ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლობა გაიხსნა, ხოლო მოსკოვში – ნატოს მისია, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭოს მიერ თავისი მცირეხნიანი არსებობის მანძილზე არცერთი მნიშნველოვანი დოკუმენტი არ შემუშავებულა. 1999 წელს ალიანსმა უკვე ახალი მოკავშირეების მონაწილეობით ნატოს სტრატეგიული კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც ბლოკის პასუხისმგებლობის გეოგრაფიულ ზონას აფართოებდა. ვაშინგტონის 1949 წლის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ახლა მას სამხედრო საქმიანობის გაფართოება წევრი ქვეყნების საზღვრებს გარეთაც შეეძლო.

2001 წელს ნატო კიდევ ერთხელ ფართოვდება. ბლოკის წევრი კიდევ 9 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ხდება: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, ბულგარეთი, მაკედონია. 2002 წლის მაისში რუსეთი ნატოსთან რომის დეკლარაციას აფორმებს, რომელიც კიდევ ერთ ორგანოს- რუსეთი-ნატოს საბჭოს აფუძნებს. დოკუმენტში დეკლარირებულია რუსეთისა და ნატოს „განსაკუთრებული“ ურთიერთობები, გათვალისწინებულია მხარეების კონსულტაციების საკითხი საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე, რაც გარედან ჩანს, როგოც რუსეთისა და ალიანსის ასოცირებული პარტნიორობა.

ახლა აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოების მესამე ტალღაც იგეგმება. რიგში არა მარტო საბჭოთა რესპუბლიკის ყოფილი წევრები, არამედ რუსეთის პარტნიორი ორგანიზაციები დგანან – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *