«ერი, რომელიც საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოების სტრატეგიას სხვა ქვეყნების დახმარებაზე ამყარებს, უსათუოდ დაიღუპება»

riuxadze თემურ შაშიაშვილიუაღრესად საინტერესო და ბევრისთვის დამაფიქრებელი ინტერვიუა….კარგია,რომ ასთი ანალიტიკოსები გვყავს აშშ -სა და უცხოეთში საერთოდ,ცუდია რომ პარლამენტს ნაცნობ-მეგობრებითა და მორჩილი ხელოვან-სპორტსმენებით ვავსებთ.სრული პასუხისმგებლობით განგიცხადოთ, რომ კავკასია და საკუთრივ საქართველო ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში პირველ პლანზე არასოდეს მდგარა. ამგვარ ილუზიას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე საქართველოს ფსევდო-ელიტები ქმნიდნენ, რომლებიც საქართველოზე ამერიკის ყურადღებასა და მხარდაჭერაზე სპეკულაციით საკუთარი სუსტი შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობის გამყარებას ცდილობდნენ.”

ინტერვიუ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკურ ანალიტიკოს ვასილ რუხაძესთან

– სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ქვეყნის ე.წ. უბლოკო სტატუსთან დაკავშირებულმა ინიციატივამ გაიჟღერა. როგორ შეაფასებდით ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევას? რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ არსებულ ვითარებაში საქართველოს ნეიტრალიტეტი? პირადად თქვენ თუ მიმხრობოდით ამ იდეას?  

– დღეისათვის საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში – პოლიტიკური გაუნათლებლობის, უარეს შემთხვევაში კი პირდაპირი პოლიტიკური საბოტაჟის ნიშანია. თანამდეროვე მსოფლიოში ნეიტრალური ქვეყნების კლასიკურ მაგალითს ფინეთი (1956-1995 წლებში) და შვეიცარია (დღემდე) წარმოადგენენ. თუმცა ჩვენში ნეიტრალიტეტის მომხრეებს ავიწყდებათ, რომ ფინეთმა ნეიტრალიტეტი საბჭოთა კავშირთან 1939 წლიდან უმძიმესი ომების შედეგად მოიპოვა, რომელშიც ათეულ ათასობით ფინელი დაიღუპა.  საბჭოთა კავშირი ფინეთის ნეიტრალიტეტს (ისტორიაში ცნობილია „ფინლანდიზაციის“ სახელით) მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც ფინელმა ხალხმა საბჭოთა იმპერიას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა რეჟიმი დარწმუნდა, რომ ფინეთის მთლიანად დაპყრობა მხოლოდ უდიდესი დანაკარგების ფასად მოუწევდა. ამით ისტორია იმას გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტს მოპოვება სჭირდება, რაც ხშირად დიდი ადამიანური და მატერიალური მსხვერპლის გაღებას მოითხოვს.

მაგრამ ნეიტრალიტეტის მხოლოდ მოპოვება საკმარისი არ არის. მას შენარჩუნება სჭირდება, რასაც უცილობლად ნეიტრალური ქვეყნის სამხედრო ძალა უნდა უმაგრებდეს ზურგს. ფინეთმა საკუთარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არა საბჭოთა კავშირის კეთილი ნების, არამედ საკუთარი სამხედრო პოტენციალის შედეგად შეძლო, რადგან საბჭოთა იმპერიას ყოველთვის კარგად ახსოვდა, რომ ფინეთთან ომი არცთუ ადვილი გახლდათ.

ასევე შვეიცარიამ 1815 წლიდან საკუთარი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არა მის ირგვლივ არსებული დიდი ევროპული იმპერიების კეთილი ნების, არამედ საკუთარი სამხედრო პოტენციალის შედეგად შეძლო. შვეიცარიის ირგვლივ ყველა ევროპულ იმპერიას ნათლად ესმოდა, რომ მთიან, კბილებამდე შეიარაღებულ, მამაც შვეიცარიასთან ომი და მისი დაპყრობის მცდელობა აგრესორისთვის უდიდეს დანაკარგებთან და შესაძლო სამხედო კრახთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ თვით ჰიტლერულმა გერმანიამაც კი მისი სამხედრო ძლიერების მწვერვალზე უარი თქვა შვეიცარიის ინტერვენციაზე.

საქართველომ ნეიტრალიტეტი რომც გამოაცხადოს, ის ფიქციად დარჩება, რადგან მას ზურგს არავითარი ძალა არ უმაგრებს. საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა დღეს თითქმის ნულის ტოლია. ამიტომ ნებისმიერი დიდი სახელმწიფო საქართველოს ფიქციურ ნეიტრალიტეტს პირველი შესაძლებლობისთანავე ადვილად დაარღვევს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ამგვარი სისუსტის პირობებში ნეიტრალიტეტი მხოლოდ აგრესორს, ამ შემთხვევაში კი რუსეთს აძლევს ხელს, რომელიც ჩვენს ნეიტრალიტეტს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისა და შემდგომი მანიპულაციისთვის გამოიყენებს.

– უცხოელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის დღის წესრიგში კავკასიის და მათ შორის საქართველოს საკითხი პირველ პლანზე აღარ დგას. ხშირად საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაისმოდა ბრალდებები საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის “რადარებიდან გაქრობის” თაობაზე. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას, მართლაც გამქრალია თუ არა საქართველო საერთაშორისო რადარებიდან და თუ კი, რა მიზეზებით არის ეს გამოწვეული?

– უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, როგორც პოლიტიკური მეცნიერი. შესაბამისად, ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას კარგად ვიცნობ. ამასთანავე, პირადად შევხვედრივარ და მისაუბრია არაერთ ამერიკელ პოლიტიკურ მეცნიერთან და ინტელექტუალთან, რომლებიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე გარკვეულ გავლენას ახდენენ. აქედან გამომდინარე, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განგიცხადოთ, რომ კავკასია და საკუთრივ საქართველო ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში პირველ პლანზე არასოდეს მდგარა. ამგვარ ილუზიას 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე საქართველოს ფსევდო-ელიტები ქმნიდნენ, რომლებიც საქართველოზე ამერიკის ყურადღებასა და მხარდაჭერაზე სპეკულაციით საკუთარი სუსტი შიდა პოლიტიკური ლეგიტიმურობის გამყარებას ცდილობდნენ.

შესაბამისად, შეუძლებელია, მეორე პლანზე გადაენაცვლა იმას, რაც პირველ პლანზე არასოდეს მდგარა. საუბედუროდ, საქართველოს ფსევდო-ელიტები დაავადებულები არიან ეროვნული არასრულფასოვნების მძაფრი კომპლექსით და ამ სენით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილიც დაავადეს. საქართველოს პოლიტიკურ ფსევდო-ელიტებს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, არ სჯერათ, რომ საქართველომ თავისით რაიმე შეიძლება, შეძლოს. რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნისთვის დიდი სახელმწიფოების, განსაკუთრებით აშშ-ის მსგავსი ზესახელმწიფოს მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. ამაზე არავინ დავობს. მაგრამ შეუძლებელია, სახელმწიფომ და ერმა მისი ყოველი ნაბიჯი იმით განსაზღვროს, რამდენად არის იგი დიდი ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის პირველ პლანზე. ეს არის დამანგრეველი ჩვევა და სტრატეგია, რომელიც ქვეყანას არასოდეს მისცემს საშუალებას, საკუთარი არსებობის შენარჩუნებისათვის რაიმე ქმედითი და ღირებული გააკეთოს.

სამწუხარო პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომლის საგარეო პოლიტიკის პირველ პლანზე დღეს საქართველო და მთლიანად კავკასია (უკრაინასთნან ერთად) დგანან, რევანშისტული რუსეთია. პუტინისტური რუსეთის იმპერიული ამბიციების განხორციელებისთვის საქართველოს აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, საქართველოს ფსევდო-ელიტები დღეს ვერც ამას ხედავენ ნათლად.

 

– როგორ უნდა იმოქმედოს ზემოთთქმულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ? განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდაა მომძლავრებული, ხოლო სამეზობლოში მიმდინარეობს პროცესები, (რუსეთი თურქეთი, ირანი აზერბაიჯანი, სომხეთი) რომელმაც შესაძლოა, პოლიტიკური ტექტონიკა გამოიწვიოს.

– საქართველოს ირგვლივ გეოპოლიტიკური მდგომარეობა უაღრესად არასტაბილურია. საქართველო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს უაღრესად საშიში ცვლილებების მოწმე ხდება და ამ ცვლილებებს ძალზედ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რამდენადაც ჩვენ ამ რეგიონს ვესაზღვრებით და უფრო მეტიც, არაერთი პოლიტილოგის მოსაზრებით, საერთოდაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს მივეკუთვნებით.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ და მთლიანობაში პოლიტიკურმა ელიტებმა სრულად გაისიგრძეგანონ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კონსოლიდაცია. ერის კონსოლიდაცია არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველმა ჩვენთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ერთნაირად ვიფიქროთ. კონსოლიდაცია ნიშნავს, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური მრწამსისა, ჩვენ, როგორც ერი, ერთად ვდგავართ ქართული სახელმწიფოს, მისი დამოუკიდებლობის დასაცავად და გადასარჩენად.

ამასთანავე, აუცილებელია, მთავრობამ აქტიური მუშაობა გააჩაღოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მხრივ, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველაზე უარესისათვის, თუკი რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ აზრს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდება, განსაკუთრებით –  საკუთარი ეროვნული არასრულფასოვნების კომლექსით შეპყრობილ ქართულ ფსევდო-ელიტებში და მათ მიმდევრებში, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება ძალუძს. მათ საყურადღებოდ მინდა, ვთქვა, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში სხვის იმედად ყოფნა უბრალოდ პოლიტიკური სიბეცის და სრული უპასუხისმგებლობის პირველი ნიშანია. როგორც მსოფლიო ისტორიამ მრავალგზის გვიჩვენა, სახელმწიფო და ერი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების და არსებობის სტრატეგიას სხვა ქვეყნების დახმარების იმედზე ამყარებს, უსათუოდ დაიღუპება. მე იმედი მაქვს, ჩვენ მსგავს ბედს არ გავიზიარებთ.

წყარო: http://accent.com.ge/ge/news/details/20739

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *