საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა. რაგველის – ფაშიზმი თუ რევოლუცია?
დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის ტოლფასია!
პოზიცია დაფიქრების, განხილვისა და განსჯისათვის
ეს მოხსენება 2007 წლის 24 ივლისს წარედგინა “თავისუფალი აზრის დარბაზს”. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ხელოვნების და კულტურის მოღვაწეებმა, ექსპერტებმა, 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა და წარმომადგენელმა. მოხსენების დიდი ნაწილი გამოქვეყნდა გაზეთ “ქრონიკაში” (№29, 2007 წელი, 30 ივლისი – 5 აგვისტო)
კლასიკური გაგებით, პოლიტიკური პროცესი, ეს არის ხალხის, პოლიტიკური ძალების, ხელისუფლების, სამოქალაქო ინსტიტუტების, მედიის თანაურთიერთობა – ქვეყნის ტრადიციების, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის, ქვეყნის განვითარების პროგრამისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. სწორედ ამ ჭრილში განვიხილავ წინამდებარე სტატიაშიც პოლიტიკურ პროცესს.
დემოკრატიულ და დემოკრატიისაკენ მიმავალ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის, საერთოდ, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, ხაზს ვუსვამ, არა სურვილი ან ამოცანა, არამედ სწორედ მოვალეობაა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, კონკურენტული გარემოს შექმნა. ეს არის ლიბერალურ ღირებულებათა დამკვიდრების ფუნდამენტური საკითხი. არის კონკურენცია _ არის დემოკრატია, არის სამოქალაქო საზოგადოება. არ არის კონკურენცია _ არ არის ცივილური სახელმწიფო, არის დიქტატურა, ავტორიტარული მმართველობა, კომუნისტური თუ ფაშისტური რეჟიმი. პროგრესი, ადამიანის თავისუფლებაც და ნიჭის ძალაუფლებაც, ხალხის ცხოვრების დონის ზრდაც, სამუშაო ადგილებიც, ბიზნესიც და საკუთრების თავისუფლებაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც არის მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც არის კონკურენცია საზოგადოებრივ ყოფაში, პოლიტიკაში, ბიზნესში და ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზრისითაც. სხვა გამოცდილება, სხვა რამ არ იცის დღევანდელმა ცივილურმა მსოფლიომ, კაცობრიობის ისტორიამ…
რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებათა მიხედვით?
საზოგადოებრივ ყოფაში _ შიში, ირგვლივ შიში, შიში ყველგან და ყველაფერში: ხელის ჩამორთმევაშიც, მისალმებაშიც, უბრალო მოკითხვაშიც, ტელეფონზე საუბარშიც, რესტორანშიც, ჭირის დღეზე მისვლაშიც… შიში ყველა სფეროში, რასაც კი ადამიანთა ურთიერთობა ჰქვია. კიდევ მეტიც, შიშმა და გადარჩენის ადმიანურმა ინსტიქტმა გააძლიერა გამყიდველობა, დამსმენობა, ჯაშუშობა, ღირსეულისშეურაცხყოფაუღირსისაგან…
პოლიტიკაში _ მონური ფსიქოლოგია, კლანური ინტერესი, კერპთაყვანისმცემლობა, მიმბაძველობა ყოველგვარ უცხოურზე… კონკურენცია მხოლოდ იმაში, ვინ როგორ გაეგება ფეხქვეშ, დაემონება უცხოურ ინტერესს, უცხოურ პოლიტიკურ ძალებს…
ბიზნესში _ ნათესაურ-კლანურ-პოლიტიკური ინტერესი. ბიზნესი, პრაქტიკულად, კონტროლდება ხელისუფლების, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მიერ… ბიზნესი შეერწყა პოლიტიკას, გახდა პოლიტიზებული. პირდაპირ ვთქვათ: პოლიტიკა იქცა ბიზნესად. ბიზნესმენები თავად არიან ხელისუფლებაში, ან დგანან ბიზნესის უკან, მფარველობენ მას. დამკვიდრდა ცუდი ტრადიცია _ “წარმატებული” ბიზნესმენები ხდებიან პრეზიდენტების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები და ნათესავები…
ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზრისით _ ეს არის არა ნიჭის ძალაუფლების, არამედ ფულისუფლების ქვეყანა, სადაც დამარცხებულია ნიჭი, წიგნიერება, გამოცდილება, ზნეობა… გამარჯვებულია _ ფულის, უნიჭობისა და უზნეობის ერთობა_სამკუთხედი… ხალხი, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფულიანთა, ბანკებისა და ლომბარდების მფლობელთა, მევახშეთა კლანჭებში აღმოჩნდა… მოსახლეობის უარესი წამება წარმოუდგენელია… მაშინ, როცა ხალხი ყოველივე ამით დათრგუნულია, ღირსება შელახულია, მაშინ, როცა მოსახლეობის 80 პროცენტს ელემენტარული საარსებო მინიმუმი არ გააჩნია, ასეთ სიტუაციაში ხდება ორი უმძიმესი რამ:
პირველი: იყიდება ხალხის ქონება და მათ მხოლოდ ფულიანი ქართველები და უცხოელები ყიდულობენ, მოსახლეობა კი პროლეტარიატის როლში გადადის…
მეორე: ფასიანი ხდება ყველაფერი _ დაბადებით და გარდაცვალებით, ნებისმიერი ცნობის აღებით, ტელეფონის ზარითა და ტუალეტით, დაწყებული საბავშვო ბაღებში, სახელოვნებო ჯგუფებში, სპორტულ სექციებში ბავშვის მიყვანით, ადამიანის მკურნალობითა და სწავლებით დამთავრებული. ფულიანთა შვილებს საშუალება აქვთ, ისწავლონ მსოფლიოს ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში, პრაქტიკა გაიარონ მსოფლიოს ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში. უფულობის გამო, შეიძლება არ მოხდეს გენიალური სპორტსმენისა და საერთოდ, გენიოსის რეალიზება, უბრალო ავადმყოფობის გამო, უფულო ადამიანი სიცოცხლეს ეთხოვება…
საქართველოში კონკურენტული გარემოს ნიშანიც კი არ არის.
პოლიტიკაც, ხელისუფლებაც, ბიზნესიც, თავისუფალი სიტყვის სივრცეც, უმაღლესი განათლებისა და საერთოდ, საზოგადოებრივი ყოფის ყველა სფეროს მართვაც, სულიერი სფეროც, პრაქტიკულად, მონოპოლიზებულია უცხოეთიდან მართვადი ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა. ეს არის სამწუხარო რეალობა.
საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა, ამის უპირველესი ნიშანი არის ის, რომ პარლამენტმა მისი არჩევიდან მეოთხე წლისთავზე სრულად დაკარგა ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების ფუნქცია. იგი მიითვისა, სწორედ რომ მიითვისა, ფარულმა პოლიტიკურმა კომიტეტმა, რომლის წევრი პრეზიდენტიცაა და რომლის თითოეული წევრი, შესაბამისად, მთელი პოლიტიკური პროცესიც, ქვეყნის გარედან იმართება. ფარული კომიტეტისთვის მთავარია არა ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, არამედ – რას ფიქრობენ მათი უცხოელი პატრონები.
საქართველოში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ეს კარგად ჩანს იმაში, რომ ხალხი არაადექვატური გახდა მიმდინარე პროცესებზე, აღარ რეაგირებს ეროვნულად მომაკვდინებელ ფაქტებზეც კი. ნევროლოგიაში ცნობილია ისეთი მდგომარეობა, როცა ზეზღურბლოვანი გაღიზიანების შემდგომ დგება რეფრაქტერული პერიოდი, როცა ადამიანი არ პასუხობს არცერთ გაღიზიანებას. თუ ამ მდგომარეობაში ერთეულები, თუნდაც ასეულები არიან – ეს ვერ ახდენს გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ როცა ასეთ მდგომარეობაშია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – მაშინ ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი ხდება. დღეს ხალხი ისე დაამშიეს და დააუძლურეს, სიკეთე ისე გაათითოკაცეს, რომ ადამიანისთვის მთავარი გახდა ბრძოლა სიცოცხლისთვის, ლუკმა-პურისთვის და სამწუხაროდ სხვა ყველაფერი ეროვნულიც, ღირსებასთან დაკავშირებულიც კი, მისთვის დიდ მნიშვნელოვანს აღარ წარმოადგენს.
ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამის ერთი დიდი ნიშანია ის, რომ ხალხს უკვე ეშინია ხელისუფლების ცვლის. რამდენიმე ათეული (შეიძლება, ასეულიც) წელია, ყოველი ახალი ხელისუფლება წინაზე უარესია, ანუ უარესს უარესი ცვლის. ეს კი იმის კლასიკური დადასტურებაა, რომ საქართველოს ბედი გარეთ წყდება, რომ ყველა ხელისუფლება გარედან ინიშნება და ვინც მას ნიშნავს, მისთვის მთავარი კრიტერიუმი არის არა ის, რომ ეს ხელისუფლება მისი ხალხის მსახური იყოს, არამედ ის, რომ მისი პატრონის მონა იყოს. ასეთი სისტემის დროს ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა ამ ქვეყნის უცხოელი პატრონები მომქმედ ხელისუფლებაზე უფრო მონური განწყობის ძალებს მოძებნიან. მსოფლიო გამოცდილება ასეთია: ვიდრე რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში ხელისუფლების საკითხს წყვეტს არა ამ ქვეყნის ხალხი, არამედ უცხო ძალა – ქვეყანა არა თუ წარმატებული, ვერც თავისუფალი, ვერც დამოუკიდებელი ვერ იქნება და კარგავს თვითმყოფადობას.
ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამის ერთი დიდი ნიშანი ის არის, რომ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ღირსების შელახვად თვლის ინტელიგენცია, მეცნიერი, ხელოვანი, შემოქმედი, საერთოდ, ცნობილი ადამიანი. სამწუხაროდ, პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე ჰგონიათ. ხელისუფლებამ, ფარულმა კომიტეტმა მათი უცხოელი მფარველების კარნახით შეძლეს ის, რომ მოსახლეობა და პოლიტიკოსები ერთმანეთთან დააპირისპირეს, პოლიტიკურ პროცესს ჩამოაცილეს ხალხიც, ინტელიგენციაც, ახალგაზრდობაც, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით – მოაზროვნე ადამიანები – რაც ქვეყნის განადგურების ტოლფასია! დღეს პოლიტიკური პროცესის გარეთ საკუთარი თავის დატოვება – ეს არის შენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, შენი ქვეყნის ბედის სხვისთვის – არაკეთილმოსურნეთათვის ჩაბარება.
ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამას ადასტურებს ის, რომ ხალხი, პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესაც, ტელევიზიაც, პრაქტიკულად … შეეგუა იმას, რომ ხელისუფლება არ იძიებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის _ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს … შეეგუა იმას, რომ თანამდებობებზე რჩებიან ის მაღალჩინოსნები (მინისტრი ვანო მერაბიშვილი), რომელნიც და რომელთა ოჯახებიც დაკავშირებული არიან გვირგვლიანის, რობაქიძისა და სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან … შეეგუა იმას, რომ ეროვნულ კაცს _ ირაკლი ბათიაშვილს, ხელისუფლება, სატელეფონო საუბრებისა და სატელევიზიო გამოსვლებისთვის, სამშობლოს მოღალატის მუხლით ასამართლებს… შეეგუა იმას, რომ ქვეყანას ჰყავს სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, პრეზიდენტის პირადი პატიმრები…
ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამას ადასტურებს საზოგადოებაში მეოთხე ხელისუფლებად მიჩნეულ მასმედიაში _ ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში არსებული მდგომარეობა. დემოკრატიულ ქვეყნებში პრესა, ტელევიზია ზეხელისუფლებად არის მიჩნეული, საქართველოში მეოთხე კი არა, ქვეხელისუფლების როლიც დაკარგა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ თავისუფალი სიტყვის სივრცეს სრულად აკონტროლებს ხელისუფლება და აკონტროლებს ისე, რომ ეს ნებისმიერ დიქტატორულ ხელისუფლებას შეშურდებოდა. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი და უცხოეთის ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფალი _ ამერიკის პრეზიდენტით დაწყებული _ უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავს, როცა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე ლაპარაკობს, მაშინ როცა სატელევიზიო სივრცე მონოპოლიზებულია პრეზიდენტის ოჯახისა და მისი მეგობრების მიერ. იმაზე დიდი დაცინვა რა უნდა იყოს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობად წოდებული პირველი არხი ფინანსდება ხალხის მიერ, იმართება სოროსული ხელისუფლების მიერ, კონტროლდება სოროსისა და სოროსელების მიერ. სამარცხვინოზე სამარცხვინოა და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, რომ ქვეყნის სატელევიზიო სივრცის ნახევარზე მეტს ერთი კაცი ფლობდეს. `რუსთავი_2-ის~, ტელეკომპანიების: “მზეს”, “ალანიას”, “სტერეოს” _ ერთი კაცი _ დავით ბეჟუაშვილი ფლობს. ეს კაცი პრეზიდენტის მეგობარი, მისი ოჯახის “ხელის ბიჭი”, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ძმა, პარლამენტის წევრი, საქართველოში, პრაქტიკულად, ყველაზე მდიდარი კაცია, რომელმაც ყველაზე ბინძური მეთოდებით ჩაიგდო ხელში ხალხის მიერ ათწლეულობით შექმნილი ყველაზე დიდი სიმდიდრე _ ტყიბულნახშირით, ფეროთი, ჭიათურმარგანეცით, ქუთაისის საავტომობილო ქარხნით დაწყებული _ გაზის, ბენზინისა და ცემენტის ბიზნესით გაგრძელებული და რუსთაველზე რამდენიმე დიდი შენობით, მათ შორის, ოფიცერთა სასახლით დამთავრებული. ის არის პარლამენტარი, რომელმაც პარლამენტარობის დროს შეიძინა თვითმფრინავი და მთელი ქართული სიმდიდრე, საბანკო ანგარიშები კი, ოფშორულ ზონაში _ მარშალის კუნძულებზე დაარეგისტრა. მისი მხილება ორმა პიროვნებამ დავიწყეთ _ სულხან მოლაშვილმა და მე. ცხადია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც სულხან მოლაშვილი ციხეში ზის, სწორედ ეს არის. სწორედ მისგან და მისი გარემოცვისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სხვა რა უნდა იფიქრო იმ კაცზე, რომელმაც და რომლის ძმამაც პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებისთვის ეროვნებაც დამალეს და გვარიც შეიცვალეს?! მისი ნამდვილი გვარი ავეტისოვი თუ მარტიროსიანია. ხელისუფლებამ, “დემოკრატიის” ინტერესებისთვის გაანადგურა “მე-9 არხი”, ტელეკომპანიები: “იბერია” და “202″, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ტელეკომპანია “კავკასია”. ადგილობრივი ტელეკომპანიები ემსახურებიან არა ხალხსა და სიმართლეს, არამედ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ხელისუფლების “ჯიბის” ტელეკომპანიებად იქცნენ. დღემდე გარკვეულწილად ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას ტელეკომპანია “იმედი”, თუმცა, ფაქტია, რომ ისიც დიდი ზეწოლის ქვეშ და გარკვეული პოლიტიკური მიზნებით მუშაობს. ღმერთმა ქნას, არ იყოს მართალი საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედის” მფლობელისა და ხელისუფლების მოლაპარაკების თაობაზე _ ხელისუფლების მიერ “იმედის” აქციების შესყიდვის მიზნით. ფაქტია ისიც, რომ თითქმის ყველა ტელევიზიაში მთავარ ფიგურებად სოროსელები და ხელისუფლების ნაგლეჯები ჩანან… თითქმის ყველა ტელევიზიას ერთნაირად სძულთ ეროვნული წყობის პოლიტიკური პარტიებიც და პოლიტიკოსებიც.
ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ პრესაში ყველაფერი იბეჭდება. დამაფიქრებელია, რომ პრესაში ერთნაირად არ იზღუდება საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ თითქმის ყველგან აბსოლუტურად კონტროლდება სატელევიზიო სივრცე. ეს, თუნდაც, იმიტომ ხდება, როგორც ამას გამოკვლევები ადასტურებს _ საქართველოში (სხვა მსგავსი “დემოკრატიის” ქვეყნებში), გაჭირვების გამო, გაზეთი ხელმისაწვდომია და მას რეგულარულად კითხულობს მოსახლეობის 5-7 პროცენტი, მაშინ როცა ტელევიზიას რეგულარულად უყურებს მოსახლეობის თითქმის 95 პროცენტი. მოსახლეობისთვის გაცილებით მისაწვდომი იყო ადგილობრივი მართალი გაზეთები, მაგრამ ეს “საშიშროება” კარგად დაარეგულირა ხელისუფლებამ: რომელიც ვერ მოარჯულა, _ გაანადგურა. ბევრ “მორჯულებულ” ჟურნალისტს კარგი ხელფასი და სამსახური შესთავაზა. ამას ჰქვია სახელისუფლებო ჰარმონია სიმართლისა და ხალხის წინააღმდეგ. ეს არის დემოკრატია ქართულად: წერე რაც გინდა _ გაზეთს მაინც ვერ ყიდულობს ხალხი, ქვეყანა ცხოვრობს “სატელევიზიო აღმშენებლობით”, კარგად მიმართა მწერალმა მაყვალა გონაშვილმა ხალხს:
“ეკრანს მიღმა უბედურო, ტელე-ბედნიერო…”
მიუხედავად ასეთი მონოპოლიზებისა, დასაფასებელია, რომ ქვეყანას ჰყავს არაერთი ჟურნალისტი, რომელთათვისაც მთავარი ქვეყნის ინტერესია და არა ტელევიზიის მეპატრონის, ანუ ისეთი ჟურნალისტი, რომელიც არ მიეყიდა ტელევიზიის მეპატრონეს.
საქართველოში პოლიტიკური პროცესი რომ მოკვდა, ამის ნიშანია სწორედ ის, რომ ქვეყანას მართავენ არა სახელმწიფო მოღვაწეები და არა ხალხი სამოქალაქო ინსტიტუტების მეშვეობით, არამედ, მხოლოდ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ პოლიტიკოსები, ძირითადად, თვითმარქვია პოლიტიკოსები, მათი ოჯახის, რომელთაც გაყიდული აქვთ საკუთარი პოლიტიკური თავისუფლება და ნებაყოფილობით იქცნენ მარიონეტებად.
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკვდა:
პოლიტიკოსები საუბრობენ ერთმანეთზე და საკუთარ თავზე და არა ერთმანეთთან, პოლიტიკური დიალოგი პოლიტიკურმა მონოლოგმა შეცვალა, კონკურენცია – დაპირისპირებამ, ენერგიულობა – აგრესიულობამ, მძლავრობს სიძულვილი.
ტრადიციულად, ძლიერი პოლიტიკოსები ერთმანეთთან საუბრობენ, სუსტები _ერთმანეთზე და საკუთარ თავზე. სუსტებს გასროლილ ტყვიაზე მეტად აშინებთ ძლიერებთან პირისპირ დგომა, მათთან პოლემიკა და ყოველივე ამაზე ათასგვარი გაუგებარი მოტივით ამბობენ უარს. ძლიერი პოლიტიკოსები თავისუფალი ადამიანები არიან და ქმნიან დემოკრატიულ ქვეყანას… სუსტები ეგუებიან დიქტატურას და ამით საკუთარ არარაობას აწერენ ხელს, და, როგორც წესი, დიქტატურისვე მსხვერპლნი ხდებიან.
საქართველოში ეს უკანასკნელი ხდება.
კამათის უუნარობა, ერთმანეთთან საუბრის შიში, საჯარო გამოსვლები მხოლოდ ერთმანეთზე ქილიკით, მხოლოდ ლანძღვა-გინებითა და მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩინებით, -ასეთია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკოსთა პოლიტიკური პორტრეტი.
დრო ადასტურებს, რომ რაც უფრო გაუნათლებელია, ბეცი და გამოუცდელია პოლიტიკოსი, რაც უფრო არაკვალიფიციურია და რაც უფრო იოლი გზით არის მოსული პოლიტიკაში, რაც უფრო გაყიდულია ფულსა და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო თავხედი და ამბიციური, ამპარტავანი და დემაგოგია იგი. სამწუხაროდ, ასეთები, უმეტესწილად, უცხოეთიდან ჩამოსული და ხალხისთვის უცნობი პოლიტიკოსები უფრო პოპულარულები ხდებიან საკუთარი თავხედობით, “ჩამოსულობით”, “უცხოობით”, “უცნობობით” და, რაც მთავარია, ტელევიზიების მხარდაჭერით. ყოველი ასეთი შემთხვევა ბუმერანგივით უბრუნდება ხალხს და ქვეყანას. გავიხსენოთ, რომ უცხოეთიდან – რუსეთის, დასავლეთისა და ქართული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე; უცხოეთიდან, სომხურ-ამერიკული ლობისტურ ფირმა “პეტერსონ – ბელქნაფის” დიდი ძალისხმევით, ედუარდ შევარდნაძისა და ზურაბ ჟვანიას მხადაჭერით კი – მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკოსს, მართლაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბრძენკაცად მოაქვს თავი, თითოეული თვლის, რომ არის “აბსოლუტური ჭეშმარიტების” საზომი, თითოეული თვლის, რომ “ჭეშმარიტება _ ეს მე ვარ თვითონ”, არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა, ეს მისია უფლისგან აქვს დაკისრებული და “მომადლებული”. როგორც ვთქვი, ამ სენით, მეტნაკლებად, ყველა პოლიტიკოსი ვართ დაავადებული, მაგრამ მთელი სისავსით, როგორც ამას ყოველი დღე ადასტურებს, მმართველი პოლიტიკური ძალა, პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობა”, მისი ლიდერები. მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ მეგობრებს ბრძენკაცებად მოაქვთ თავი, სინამდვილეში კი, სამწუხაროდ, შლეგები აღმოჩნდნენ. სააკაშვილის პოლიტიკური სახე, მისი ნამდვილი ბუნება კარგად გამოჩნდა მის სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ იუშენკოსთან. “ხალხს მოენატრა სისასტიკე” – ეს მისი სიტყვებია. ამ სიტყვებით შეურაცყოფილია საკუთარი ღირსების მქონე ყოველი პიროვნება, მთელი საქართველო, უკრაინა და, ალბათ, განსაკუთრებულად შეურაცხყოფილად თავს სააკაშვილის უცხოელი მხარდამჭერები უნდა გრძნობდნენ. სისატიკე ყოველთვის ითვლებოდა უგულობისა და სისუსტის გამოხატულებად. ხალხს სისასტიკე კი არა, თავისუფლება, რეალური დემოკრატია და ღირსეული, ადამიანური ცხოვრება მოენატრა.
ბატონი სააკაშვილი არც საკუთარ პოლიტიკურ პარტიაში და არც მის გარეთ, არც მეცნიერებთან, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან, არც მოსახლეობასთან და საერთოდ არც არავისთან საჭიროდ არ თვლის დიალოგს. შთაბეჭდილება რჩება, რომ იგი (განსხვავებით მისი “ოპოზიციონერობის” პერიოდისგან), როგორც პრეზიდენტი, კამათის უუნაროა. აშკარაა მისი შიში განსხვავებული აზროვნების ადამიანების მიმართ. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრებზე. ჩემი აზრით, პრეზიდენტი დღეს გაცილებით უფრო თავხედურად იქცევა, ვიდრე ადრე: გამოსვლისთანავე ტოვებს პარლამენტს, ყოველი შეხვედრიდან სიტყვის დამთავრებისთანავე გარბის, აღარ უსმენს ხალხს და აღარც მათი ესმის. ყოველ ინტერვიუს საკუთარ რეზიდენციაში აძლევს მისთვის სანდო ტელეარხებს; ქუჩიდან პრეზიდენტად მოსულს, არნახულად ეშინია ქუჩისა და გადაადგილდება უდიდესი დაცვის რკალში… მიტინგის ადგილად ტაძრები და ეკლესია აქცია, სადაც არავინ შეეკამათება და არავინ მისცემს შეკითხვას, ასევე სამთავრობო სხდომებსა და მიტინგებს ტყე-პარკებში ატარებს, საკუთარი გარემოცვისა და ტელევიზიების თანხლებით. უარესიც, ზოგჯერ რამდენიმე ტელევიზია ერთდროულად გადაცემს მის პირად შეხვედრებს მინისტრებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო კაბინეტში, და იმას, თუ როგორ აძლევს შენიშვნებსა და დავალებებს მათ. ასეთ სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ეს უკვე სარკაზმია, აბსურდის თეატრის სპექტაკლი.
პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობის” ლიდერები ვერ იტანენ მოაზროვნეს, მათზე მეტი საქმის გამკეთებელს, მოახდინეს ქვეყნის მართვის ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადასული ცენტრალიზაცია… არავის, გარდა პრეზიდენტისა, ფარული პოლიტიკური კომიტეტისა და მათი უცხოელი მბრძანებლებისა – არავითარი ფუნქცია არ გააჩნია. არავითარი ფუნქცია არ გააჩნია – არც ხალხს, არც მმართველ პოლიტიკურ ძალას და არც პოლიტიკურ ოპოზიციას, არც სამოქალაქო ინსტიტუტებს, არც სასამართლოს, არც მთავრობას, არც პროფკავშირებს, არც სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, არც რეგიონების, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს და საკრებულოებს. მედიის ძალიან მცირე ნაწილი თუ გადაურჩა დაკვეთების გარეშე მუშაობას.
ქვეყანაში სისტემური კრიზისია. მართვის სისტემაა ავადმყოფი და, შესაბამისად, იკრებს ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს.
ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოძებნო მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ასეთი მასშტაბით მდიდრდება არჩეული და ღარიბდება ამომრჩეველი…. სადაც ხალხი თავად გახდა თავისი მსახურის მსახური.
ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოძებნო მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ყველაფერი იყიდება: მიწაც, მიწის ზემოთ და მიწაში არსებულიც და სადაც ქვეყნის მთელი სიმდიდრე უცხოელებისა და მათ უკან მდგომი 15-20 სახელისუფლებო წამომადგენლის ხელში გადადის.
ძნელია, მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც 20 – იანი წლების ბოლშევიზმის მსგავსად, ყველა სახელისუფლებო პოსტი – ბადმინტონის ფედერაციის თავმჯდომარით დაწყებული და ქვეყნის პრეზიდენტით დამთავრებული, ერთი პოლიტიკური ძალის წევრებს ეკავოთ.
ძნელია მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ე.წ რევოლუცია გარედან მმართვადმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახდინეს, რომელთაც ასეული მილიონობით, რამდენიმე მილიარდი თანხა მიიღეს და არა ქვეყანას, არამედ ქვეყნის ნგრევას, ხალხის მოსყიდვასა და რევოლუციის გათამაშებას, საკუთარი ოჯახების მოწყობას მოახმარეს და სახელმწიფო თანამდებობებიც სრულად დაიკავეს.
ძნელია მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც მომქმედ ხელისუფლებას რომელიმე სხვა ქვეყნის კონკრეტული პიროვნება, მით უფრო მაქინატორი სოროსი უნიშნავდეს ხელფასს… ქვეყანა, სადაც მთავარ პოსტებზე _ პრეზიდენტის, პრემიერ_მინისტრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, კულტურისა და სპორტის, განათლების, ეკონომიკის და არაერთი სხვა მინისტრის, თბილისის მერის და უამრავ სხვა წამყვან პოსტებზე სოროსელები იყვნენ… სოროსელები მართავენ პარლამენტს(ბოკერია, თარგამაძე, ნადირაძე, გოგორიშვილი), კიდევ უფრო სამარცხვინო და დამანგრეველია ის, რომ ქვეყანას უმთავრეს უნივერსიტეტის რექტორადაც და საზოგადოებრივი სატელევიზიო მაუწყებლობის თავჯდომარედაც სოროსელი ჰყავს, რომ სოროსელები ანგრევენ მწერალთა, მხატვართა, თეატრის მოღვაწეთა, კომპოზიტორთა, ჟურნალისტთა და სხვა შემოქმედებით კავშირებს და ქმნიან სოროსული იდეოლოგიის გაერთიანებებს, ქვეყნის დაღუპვის ტოლფასია, რომ სოროსელები იგდებენ ხელში განათლების მთელ სისტემას, კულტურის მართვის სადავეებს, სამეცნიერო დაწესებულებებს… მართლაც ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ასე მძლავრობს მთელ მსოფლიოში ყოველგვარი ეროვნულის, ტრადიციულის, ქრისტიანობისა და უპირველესად მართლმადიდებლობის მტრად აღიარებული სოროსული იდეოლოგია.
ძნელია მოძებნო ქვეყანა, ვენესუელასა და საქართველოს გარდა, რომელთა პრეზიდენტები _ ჩავესი და სააკაშვილი ასე ახერხებენ საკუთარი ქვეყნების სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახებისა, და ამით, საკუთარი ქვეყნების ინტერესთა განადგურების არენად ქცევას. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია სიკეთე რომელიმე სხვა ქვეყნის არც ქებას, არც მის ფეხქვეშ გაგებას. საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია რუსეთის დიქტატით 70 წლიან ცხოვრებას. არც ამერიკის პრეზიდენტ ბუშის “ჭკუით” ცხოვრებას მოაქვს სიკეთე. ქართული არც რუსეთის ქებაა და არც რუსეთის ლანძღვა… ქართული არც ამერიკის ფეხქვეშ გაგებაა და არც ამერიკასთან დაპირისპირება. ქართულია ყველა ქვეყანასთან მეგობრობა ქართული ინტერესით და საერთაშორისო პრინციპების პატივისცემით.
ძნელია მოიძებნოს საქართველოს მსგავსი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები ასე საჯაროდ ლანძღავენ ერთმანეთს და ფარულად ასე მეგობრობდნენ ერთმანეთთან, სადაც ასე უყვარდეთ ფარისეველი, დამსმენი, ცრუ, ფლიდი და ინტრიგანი, სადაც ასე არ უყვარდეთ განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, სადაც სიცრუე და ორპირობა ითვლება ერთგულებად და სიმართლე _ სისულელედ, სადაც სიმართლე სიცრუედ და სიცრუე კი ლამის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად საღდებოდეს… სადაც უცხოელ ექსპერტთა დახმარებით შედგენილი ფიარის პროგრამის მეშვეობით – ყალბი ეროვნული პათოსი ასე ცხადდებოდეს ეროვნულად, დემოკრატიის თამაში – დემოკრატიად, პოლიტიკური კორუფცია – წესიერებად, სოციალური დემაგოგია – ხალხზე ზრუნვად… სადაც უცხოელ ექსპერტთა დახმარებით შედგენილი ფიარის პროგრამა ასე ემსახურებოდეს მმართველ პოლიტიკურ ძალას, ასე ებრძოდეს და ამარცხებდეს ხალხსა და ქვეყანას.
საქართველო, მისი ხელისუფლების წყალობით, ერთადერთია, რომელსაც ჯარის ახალი ნაწილები შეჰყავს ერაყში, მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთით, იტალიით დაწყებული და უკრაინით დამთავრებული _ ყველას გამოჰყავს… საქართველო ერთადერთია, რომლის მთავარი ექსპორტი ჯართი, ხე-ტყე, საერთოდ, ნედლეულია, ხოლო იმპორტი _ საბოლოო პროდუქტი, ძირითადად, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის… საქართველო ერთდერთია, სადაც იმპორტი ექსპორტს ოთხჯერ აჭარბებს… ერთადერთია, რომელიც, როგორც ექსპორტით, ასევე იმპორტით სამუშაო ადგილებს უცხოეთში ქმნის, ხოლო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა სამუშაო ადგილები, ჯართად ნაქცევი, უცხოეთში კაპიკებად გაიტანა…
და კიდევ რამდენიმე შტრიხი, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების გამო, საქართველოს ცივილიზებულ სახელმწიფოებისგან გამოარჩევს.:
ცივილიზებულ მსოლიოში ბიზნესი და ბიზნესმენი აფინანსებენ დემოკრატიას და არა ხელისუფლებას, რადგან იცის, რომ ბიზნესი მხოლოდ დემოკრატიის პირობებში ვითარდება და ბიზნესმენს სახელისუფლებო ზეწოლისაგან დემოკრატიული გარემო იცავს.
საქართველოში ბიზნესი ხელისუფლებას შეეწირა, აფინანსებს დიქტატურას და ძალადობის ხელისუფლებას და ალბათ, მისივე მსხვერპლი გახდება, თუ არ შეცვლის ცხოვრების წესს.
ცივილიზებულ მსოფლიოში პატრიოტობად ითვლება და პატრიოტები არიან ისინი, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან… საქართველოში ესეც შებრუნებულია. პატრიოტობაა და პატრიოტია ის, ვინც ხელისუფლებას ელაქუცება, ემლიქვნელება, ვინც ხელისუფლებას ხალხისგან იცავს.
ცივილიზებულ სამყაროში პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ჯარი ქვეყანას და არა ხელისუფალს ემსახურება. ცივილიზებულ სამყაროში ქუჩა _ ეს არის ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი, საქართველოში კი, ხელისუფლების ძალადობის დემონსტრირების ადგილია… პოლიციამ, ნიღბიანებმა ადამიანები ლამის დაგლიჯონ ხელისუფლების საამებლად და ხელისუფლების დასაცავად…
ცივილიზებულ სამყაროში არჩეული პრეზიდენტი ერთიანობის სიმბოლოა, განსაკუთრებით პატივისცემით ეკიდება როგორც პოლიტიკური ოპოზიციას, ასევე იმ ამომრჩეველს, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა, ვინც ხმა არ მისცა (ამის ხმამაღლა აღიარების არ ეშინიათ დემოკრატიულ სახელმწიფოში), ტოვებს თავის პოლიტიკურ პარტიას და თან ამითაც აერთიანებს ქვეყანას, უფრთხილდება პოლიტიკურ რეპუტაციას, ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს, ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები გაცილებით თავშეკავებულები ხდებიან… საქართველოში არჩევნების მეორე დღესვე იწყება პოლიტიკური შევიწროება, დაჭერები, პოლიტიკურად არასანდოების თანამდებობებიდან გაშვება. პრეზიდენტი, მისი ოჯახი _ მეუღლე, დედა, მამა, მამინაცვალი, ბებია, ბაბუა, ნათესაობა საერთოდ, მეგობრები აწესებენ კონტროლს პოლიტიკურ პროცესებზე, ბიზნესზე, ფულის ნაკადებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე, როგორც საკუთრებას, ისე უყურებენ ქვეყნის ბიუჯეტს, უცხოეთიდან შემოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას, (არიგებენ, როგორც საკუთარს… გადაცემენ პრეზიდენტის ოჯახის ტელევიზიებით), კიდევ უფრო მეტიც, ახდენენ უცხოეთთან თანამშრომლობის მონოპოლიას (ამ საქმეში ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა სხვისი მონაწილეობა გამორიცხულია), საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს ელჩებიც კი უბრალო სტატისტებად და ბიზნესმენეჯერებად აქციეს. კიდევ ერთი, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ პრეზიდენტი არათუ ტოვებს პარტიას, რომ მთელი ქვეყნის პრეზიდენტად იქცეს, არამედ არჩევნების მეორე დღიდან იწყებს ფიქრს პარტიის გავლენის გაძლიერებასა და ახალ არჩევნებზე.
ცივილიზებულ მსოფლიოში _ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი, ფასობს გამოცდილება, პროფესიონალიზმი, განვლილი გზა, პატივისცემით ეკიდებიან საკუთარი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების კადრებს, ხელისუფლება თაობათა ერთიანობაა…
საქართველოში _ ხელისუფლება ასაკია და აზროვნება არაა საჭირო, არც პროფესიონალიზმი , არც გამოცდილება, არავის აინტერესებს შენს მიერ წესიერად განვლილი გზა, მთავარია უმაღლესი განათლება უცხოეთში გქონდეს მიღებული და იცოდე უცხო ენა… ძველ დროში მიღებული მოსკოვის პატრის ლუმუმბას უმაღლესი სასწავლებელი შეცვალა ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტმა, რუსული _ ინგლისურმა. თუ ადრე მოსკოვში 4-5 წლიანი მძიმე სწავლა იყო საჭირო, დღეს მთავარია ვაშინგტონის რამდენიმე თვიანი სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც არაერთი უწიგნურის და გაუნათლებლის კაბინეტში მინახავს კედელზე ჩარჩოში ჩასმული, დღეს გაცილებით მეტს ექნება და აშკარად ჩანს, რომ გაცილებით უწიგნურებს და გაუნათლებლებს.
ცივილიზებულ მსოფლიოში ქვეყნის პრეზიდენტი უმეტეს დროს საკუთარ ქვეყანაში ატარებს, საკუთარ ქვეყანაში ხვდება ახალ წელს და ქვეყნის ტრადიციულ დრესასწაულს , ძირითად დროს ატარებს სამუშაოს მაგიდასთან, მინისტრებთან, მრჩეველებთან, ექსპერტებთან, თანაშემწეებთან მუშაობაში, ხვდება მეცნიერების, კულტურის და ხელოვნების ნებისმიერ მოღვაწეს, ვისაც კი პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ექნება, ხვდება ხალხს, რეგიონების ხელმძღვანელებს, პარლამენტარებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა , პირადად მუშაობს დოკუმენტებზე, განსაკუთრებულად ამზადებს საკუთარ ვიზიტებს, წლის განმავლობაში მათი რაოდენობა არსად არ აღემატება 5-6-ს, ასეთივე რაოდენობით იღებს უცხოეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს, ხელი ეწერება უამრავ ხელშეკრულებას…
საქართველოში სრულიად საპირისპირო სიტუაციაა: პრეზიდენტი წლის მესამედზე მეტს ატარებს უცხოეთში, პრეზიდენტობის პირველ ახალ წელსაც კი უცხოეთში შეხვდა, საერთოდ იშვიათად არის ახალ წელს ქვეყანაში… პრაქტიკულად არ ხვდება მინისტრებს, თანაშემწეებს, სხვა ხელმძღვანელებს… ისე დაამთავრა თავის მოღვაწეობა ბატონმა გიორგი ხაინდრავამ კონფლიქტების მოგვარების უმნიშვნელოვანესი მინისტრის პოსტზე, რომ პირადად არც შეხვედრია პრეზიდენტს, ასეთივე აღმოჩნდა საგარეო საკითხებში პრეზიდენტის სამი მრჩეველის ბედი _ ისინი სამი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ შეხვედრიან პრეზიდენტს, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ყველა ბარელიეფის, სათამაშო მოედნის, საქანელას და შადრევანის გამხსნელი პრეზიდენტი “ვერ იცლის” შეხვედრისთვის აკადემიკოსებთან, მწერლებთან, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან, საერთოდ ხალხის მიღებაზე საუბარი ხომ ზედმეტია… აშკარაა, რომ კაცს არ შეუძლია, როგორც ჩვენში იტყვიან, დამჯდარი მუშაობა, არ აქვს არც დოკუმენტებზე და კაბინეტში მუშაობის, სხვისი საუბრის მოსმენის არც ნებისყოფა და არც კულტურა… ეკლეშიასიც კი წირვის დასრულების დროს მიდის ხალხის დასანახად, ტელევიზიებით გადასაცემად და სიტყვის სათქმელად. პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში ბატონმა სააკაშვილმა ქვეყნებში ვიზიტების თვალსაზრისით რეკორდი დაამყარა, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ იგი გაცილებით მეტჯერ იყო ვიზიტით სხვა ქვეყნებში, ვიდრე ეს გააკეთეს ევროპის, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთად აღებული, 4-5 ჯერ და მეტჯერ იყო ბევრ ქვეყანაში, არც თუ იშვიათად პრეზიდენტის და პარლამენტის თავჯდომარის ვიზიტები კონკრეტულ ქვეყანაში ერთმანეთს ემთხვეოდა. . . ყველა ამ ვიზიტების დროს ხელი მოეწერა იმაზე ნაკლებ დოკუმენტებს, ვიდრე ერთი რომელიმე ქვეყნის სერიოზული პრეზიდენტი აწერს ხელს ერთი ვიზიტის დროს. ეს არის ცინიზმიც, არასერიოზულობაც, ამპარტავნებაც და სიხარბეც…
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შემქმნელებმა მთავარი ძალისხმევა იმას მოახმარეს, რომ ამერიკაში ხელისუფლების სათავეში ვერ მივიდეს ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული, ანუ ამპარტავანი და ხარბი ხელისუფლება. “ვარდების რევოლუციამ” სწორედ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლება მოიყვანა და ამ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოში მხოლოდ მისივე მსგავსის, სწორედ ამპარტავანი და ხარბი ხელისუფლების, მოსვლის შესაძლებლობა დააკანონა.
ისტორიულად ცნობილია, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. აბსოლუტურმა ძალაუფლებამ ქვეყნის ხელისუფლება აბსოლუტურად გარყვნა, მოკლა პოლიტიკური პროცესი და შექმნა ალტერნატივა: ან გზა ფაშიზმისაკენ , ან ახალი რევოლუცია.
ამ დასკვნას შექმნილი ვითარების ანალიზის საფუძველზე ვაკეთებ. მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ ამას ვერ ხედავს, თუნდაც იმის გამო, რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს საწყის ეტაპზე აქვს მიმზიდველობა – დაწყებული საჩვენებელი დაჭერებით, ჯარის და პოლიციის გაძლიერებით, ფასადების შეღებვით, შადრევნების კეთებით, გზების დაგებით, ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით და სოციალური დემაგოგიით დამთავრებული. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ოქტომბრის რევოლუციას რუსეთში, ფაშიზმს – გერმანიასა და იტალიაში, პოლიციურ რეჟიმს – ბელორუსიასა და თურქმენეთში, გზების დაგებას, შადრევნებს, ფასადების შეღებვას – დიქტატორული რეჟიმის თითქმის ყველა ქვეყანაში. გავიხსენოთ გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის “მონანიება”, თუნდაც ის სურათი, როცა შადრევნების ფონზე ემოციურად მოლაპარაკე ვარლამ არავიძე ამბობს: “ჩვენ შევქმნით სამოთხეს ამ ქალაქში”. ეს სიტყვები რეპრესიების წლებში ითქვა. ხალხი სამოთხის მოლოდინით ტკბებოდა, აქებდა და ადიდებდა ბოლშევიკურ მთავრობას და ამ დროს იგივე მთავრობა ციხეებს ავსებდა მოაზროვნე ადამიანებით. ეს სხვისი კი არა, სამწუხაროდ, ჩვენი წარსულია. თუნდაც 70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძისადმი მხარდაჭერა გავიხსენოთ. ისიც ღებავდა, ალამაზებდა თბილისს, გზებს აგებდა, შადრევნებს ხსნიდა, ძველ უბნებს ახალ სიცოცხლეს აძლევდა, თუნდაც იმაში გვარწმუნებდა რომ ებრძოდა კორუფციას, ამყარებდა წესრიგს, ისიც იჭერდა, ქონებას ართმევდა, ციხეებს ავსებდა – “კმაყოფილი” ხალხი ტაშს უკრავდა. ყოველივე ამაზე ეხლა გვეცინება, – თურმე როგორ ვტყუვდებოდით. სამწუხაროდ, წარსულის შეცდომებს მხოლოდ მომავალში ვაღიარებთ და ვგმობთ. დღესაც ასეა: რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე არასეიოზული, გაუწონასწორებელი პიროვნება და, როგორც პრეზიდენტი, ქვეყნისთვის საშიშია – მომავალში ვიტყვით… ვიტყვით, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდი იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი საქართველოს ისტორიაში. დღეს კი ბევრს აღიზიანებს მის მიმართ ნათქვამი ის სიტყვები, რომლებიც მომავლის მიერ იქნება დადსტურებული. პირადად მე (დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად) – ვთვლი რომ სააკაშვილზე და მის გამონათქვამებზე სერიოზული საუბარი უკვე არასერიოზულობაა. სწორედ არასერიოზულობაა იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც აკეთებს იმაზე გაცილებით უარესს, რის წინააღმდეგ ბრძოლითაც მოვიდა ხელისუფლების სათავეში, აკეთებს საპირისპიროს, რაც ხალხს დაპირდა. ჩვენ კი ყველაფერ ამას მონური მორჩილებითა და უთავმოყვარეოდ ვითმენთ.
გავიხსენოთ მისი გამონათქვამები:
ვიდრე პირში სული მიდგას, თურქი – მესხები საქართველოში ვერ დაბრუნდებიან;
ვიდრე პირში სული მიდგას, ელექტრო ენერგიის, გაზის, ტრანსპორტით მგზავრობის ფასი არ მოიმატებს;
ვიდრე პირში სული მიდგას, პურზე და პირველი მოთხოვნილების საქონელზე ფასები არ გაიზრდება;
ჩემს ხელისუფლებაში არ იქნებიან ფუფუნებით მცხოვრებნი.
შემცირდება თანხები პრეზიდენტის დაცვაზე, ვიზიტებზე, პრეზიდენტის ქვეყანაში გადაადგილებაზე… სახელმწიფო ბიუჯატი იქნება გამჭვირვალე, ყოველი თეთრის ხარჯვა ეცნობება მოსახლეობას…
ყველაფერ ამას და უამრავ მსგავსს ბატონი სააკაშვილი გაპრეზიდენტებამდე აცხადებდა… სამწუხაროდ გაპრეზიდენტების შემდგომ ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს. ხელი მოეწერა თურქი მესხების უპირობო დაბრუნებას… ფასები ელექტროენერგიაზე, გაზზე, კომუნალურ მომსახურეობაზე ევროპულზე მაღალია და გაუტოლდა ამერიკულს… პურის წონა თითქმის ორჯერ შემცირდა და ფასი ამდენჯერვე გაიზარდა… ორჯერ გაიზარდა ფასები ხორცზე, პურის ფქვილზე, რძესა და რძის პროდუქტებზე, ბენზინზე… ასეთი მდიდარი მინისტრები ქვეყანას არასდროს არ ჰყოლია… უხეში გაანგარიშებით პრეზიდენტის რეზიდენციების მშენებლობასა და შენახვაზე, დაცვაზე, პრეზიდენტის ქვეყანაში გადაადგილებაზე და უცხოეთის ქვეყნებში მის ვიზიტებზე ასჯერ მეტი თანხა იხარჯება… ბიუჯეტის თითქმის მესამედს გაუშიფრავი ხარჯები შეადგენს.
სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო პრეზიდენტის რწმუნებულის (გუბერნატორის) ინსტიტუტის გაუქმება, ქალაქების მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნები, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებების გაზრდა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა. გაპრეზიდენტების შემდეგ სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილებები მიიღო: მცირე ბიზნესი პრაქტიკულად მოკლა, გააუქმა საკრებულოები სოფლებში, ქალაქების მერების პირდაპირი არჩევნები იქაც კი, სადაც ადრე იყო (ქუთაისი, ფოთი), მოახდინა მთელი ძალაუფლების არნახული ცენტრალიზაცია, სრულიად უუფლებოდ დატოვა ადგილობრივი თვითმართველობა, ნაცვლად დაპირებული გაუქმებისა, დააკანონა გუბერნატორის ინსტიტუტი და მას მისცა ისეთი უფლებები, რომლის ანალოგი მსოფლიომ არ იცის: ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობა, ხაზს ვუსვამ, ზედამხედველობა. მოკლედ რომ ვთქვათ, რის გაუქმებასაც დაპირდა არჩევნებამდე – არჩევნების შემდგომ გააძლიერა და რის გაძლიერებასაც – პრაქტიკულად გააუქმა.
ეს არის დიქტატურა და ეს არის ფაშიზმი!
კიდევ ერთი, ჩემი აზრით, მართლაც, პარადოქსული : ყველას გვახსოვს სააკაშვილის უმწვავესი რეაქცია, როცა “თელასი” ამერიკელებმა რუსულ კომპანიას მიყიდეს. რუსულ კაპიტალს უბედურების კაპიტალი უწოდა და ხალხს დაპირდა საქართველოს გაათავისუფლებდა რუსული ფულისაგან. გაპრეზიდენტების შემდგომ ყველა ძირითადი ენერგეტიკული და ბუნებრივ სიმდიდრესთან დაკავშირებული ობიექტების მეპატრონე რუსული სახელმწიფო, ხაზს ვუსვამ, სახელ,წიფო კომპანიები გახდნენ, თბილისში და საქართველოში მიმდინარე მშენებლობის სულ მცირე 80 პროცენტი რუსეთიდან შემოსულ ფულთანაა დაკავშირებული, რუსეთიდან გამოგზავნილი ფული კიდე უფრო მეტად გახდა მოსახლეობის შიმშილისაგან გადარჩენის საშუალება. უფრო მეტიც, სახელმწიფო ყიდის ყველაფერს, პრეზიდენტი ამას ლიბერალურ პოლიტიკას უწოდებს, უცხოეთში გამოსვლებისას ამით თავს იწონებს და ამ დროს საქართველოში ყველაფერს უცხო ქვეყნების (რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, უკრაინა, არაბული ქვეყნები) სახელმწიფო კომპანიები, პირდაპირ ვთქვათ, სახელმწიფოები ყიდულობენ. გამოდის, რომ თუ ეროვნულ სიმდიდრეს ქართული სახელმწიფო ფლობს – ცუდია, თუ მას- ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს-უცხო სახელმწიფოები ყიდულობენ-კარგი. გამოდის, რომ რაც ანტიეროვნულად ითვლებოდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მასზე რამდენჯერმე უარესი ეროვნულად ითვლება საააკაშვილის მიერ.
ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, როცა მთელი შეგნებით და არნახული მონდომებით ვშლიდი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას იმერეთის ჰესების საფრანგეთის სახელმწიფო კომპანია “ედფ-ზე” მიყიდვის თაობაზე… როცა ვიბრძოდი წინა პარლამენტის დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ “ძევრულჰესის” პრივატიზების წინააღმდეგ… როცა ქუთაისის საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნების გაყიდვის შემდგომ სასმართლოში სარჩელი შემქონდა პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულების გაუქმების მოთხოვნით… როცა ვეწინააღმდეგებოდი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და “ჭიათურ მანგანუმის” რუსეთის კაკებეს გენერალ გენერალოვზე, ნუგზარ შევარდნაძეზე და დეპუტატ დავით ბეჟუაშვილზე მიყიდვას… როცა ვიბრძოდი სააკაშვილ_ოქრუაშვილის ტანდემის მიერ ზესტაფონში რამდენიმე ათეულ მილიონად ღირებული სლიკომანგანუმის საყრელის ნაგავსაყრელად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ… როცა კატეგორიულად მიუღებლად ვთვლიდი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას თურქული ბიზნესის მხარდაჭერის თაობაზე და ვიბრძოდი თურქეთიდან “ფათოღლი” ფქვილის და ქათმის ხორცის შემოტანის წინააღმდეგ… როცა ვეწინააღმდეგებოდი არაბული, საერთოდ არადემოკრატიული და ჩვენგან სრულიად განსხვავებული მენტალიტეტის ქვეყნებიდან ინვესტიციების შემოსვლას…_რომ დადგებოდა დრო, ქვეყანას ეყოლებოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტდა, ამას ხალხი მოითმენდა და დუმილით შეხვდებოდა, მე კი ბევრი რამ სანანებლად გამიხდებოდა. დღეს, როცა მთელი ინვესტიციები სწორედ არადემოკრატიულად აღიარებული და ძირითადში მუსულმანური ქვეყნებიდან შემოდის, იმ ქვეყნებიდან რომელთა ინვესტიციებს, პრაქტიკულად, უარს ეუბნება დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა, როცა მოკლა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა, კვებისა და მსუბუქი მრეწველობა თურქეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან შემოტანილმა პროდუქციამ. . . როცა იგივე ქვეყნების ბიზნესმენები თავიანთივე ქვეყნების ხელისუფალთა ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ყიდულობენ ქართულ მიწას, მიწაში და მიწის ზევით არსებულ ეროვნულ სიმდიდრეს და ყველაფერ ამაში მათ პარტნიორებად პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რამდენიმე არაქართული ცნობიერების “ფულის ტომარა” გვევლინება (უპირველესად დავით ბეჟუაშვილი და ისინი, რომელთაც სააკაშვილი ადრე შევარდნაძის “ფულის ტომრებს” ეძახდა). რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ ქართულ ენერგეტიკულ სივრცეში არ არის ევროპის ერთ_ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული კომპანია “ედფ”, რომ თუ მაინც უნდა შემოსულიყო არაბული ქვეყნების, ირანის, ყაზახეთის, თურქეთის სახელმწიფო ინვესტიციები_შემოსულიყო სწორედ მაშინ _ 7-8 წლის წინ… ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ქვეყნის ხელისუფლება თურქეთთან საზღვრის გახსნას, თავისუფალ ვაჭრობას, თურექეთისათვის აეროპორტების და სხვა ეროვნული სიმდიდრის გადაცემას ჩათვლიდა მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ნუგზარ შევარდნაძისა და მისი ბანდისათვის სასამართლოთი მოგებულ 1,3 მილიონ დოლარს (რომელიც ბაგრატის ტაძარს, იმერეთის განათლებას, კულტურას, მეცნიერებას, მედიცინას, სპორტს, გაჭირვებულთა სახლებს უნდა მოხმარებოდა) _ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სასამართლო წამაგებინებდა, ბაჟის გადასახადს (5000 ლარს) მე დამაკისრებდა და ამის გამო მამა_პაპისეულ სახლში ჭაღს, სამუშაო მაგიდას, წიგნებს, ნახატებს, როიალს (რადგან სხვა არაფერი გამაჩნია) დამიყადაღებდა. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, როცა “მხედრიონის” ხელმძღვენელობას, პირადად ჯაბა იოსელიანს ვუპირისპირდებოდი, “მხედრიონის” ბანდებს ვიჭერდით სამტრედიაში, ქუთაისსა და მთელს იმერეთში, როცა მათგან ამოღებულ ნაძარცვ-ნაქურდალს სამეგრელოს, გურიასა და იმერეთში პატრონებს ვურიგებდით, როცა მერიასთან და ქუთაისის ციხესთან ტანკებით მომდგარ “მხედრიონის” ბანდების წინ ვუდგებოდი, მათი მოთხოვნით ციხიდან ხალხს არ ვათავისუფლებდით (მაშინაც კი, როცა რესპუბლიკის პროკურატურის გადაწყვეტილებები ხელში ეჭირათ, როცა მათ წევრებს ძარცვისთვის ვიჭერდით და არნახული ზეწოლის მიუხედავად არ ვათავისუფლებდით _რომ დადგებოდა დრო, 1993 წელს ძარცვისათვის დაპატიმრებული კენჭაძე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა, პარლამენტართა დაჟინებული მოთხოვნით ჯერ ვადაზე ადრე გამოვიდოდა ციხიდან და ერთ წელიწადში “ნაციონალების” სიით დეპუტატი გახდებოდა, რომ “მხედრიონის” ყველაზე ბინძური ნაწილის წევრები რურუა და მისი მეგობრები ჯაბა იოსელიანზე მეტ თანამდებობებს მიიღებდნენ ხელისუფლებაში და წესიერებაზე დაგვიწყებდნენ მოწოდებებს.
ახლა თუ იმასაც გავიხსენებთ, ვის ეძახდა სააკაშვილი ხელისუფლებაში მისვლამდე “ფულის ტომრებს”, ვის დებდა ბრალს პენსიონერთა და მეანაბრეთა ფულის მითვისებაში და დავინახავთ, რომ ისინი დღეს მისი ახლობლები, საყრდენები და მისგან ნებადართული ყაჩაღები არიან. ან კიდევ, თუ იმას გავიხსენებთ როგორ ებრძოდა სააკაშვილი შევარდნაძის ნათესავების ბიზნესში ყოფნას და მერე ვნახავთ, რომ დღეს სქართველოში არ არის ბიზნესი, რომელშიც პირადად მისი ან მაღალი რანგის ხელისუფალთა ოჯახის წევრები არ იყვნენ _ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ჩვენს თავს, მართლაც, დიდი უბედურება ტრიალებს. მაგრამ ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ხალხი მშვიდად უყურებს ქვეყნის განადგურებას, ქართული ცნობიერების დანაწევრებას, ბრძოლას ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, გრანტებითა და კორუფციული ფულით გათავხედებული ხელისუფლების ძალადობას. სწორედ ეს არის იმის შედეგი, რომ პოლიტიკური პროცესი მოკვდა ქვეყანაში, ხალხი და პოლიტიკოსები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, ქვეყანა, მართლაც, აბსურდის თეატრს დაემსგავსა.
ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე სააკაშვილის შეფასებაში და ის ხალხი იყოს მართალი, ვინც ჩემ პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ მოაზროვნე ადამიანი შეწუხებული არ იყოს შექმნილი მდგომარეობით, არ აწუხებდეს თუნდაც ის, რომ მხარი დაუჭირა არჩევნებში… შეწუხებული არ იყოს თუნდაც იმით, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ტყუილები დაიჯერა და საქართველო აყვავებული და ძლიერი ქვეყანა ჰგონია. რაც შეეხება კერპთაყვანისმცემლებს, მათ აზრი არ შეეცვლებათ და, რაც მეტად აკრიტიკებენ სხვები მიხეილს, მით უფრო მეტად უყვარდებათ იგი. მაგრამ ეს ხომ ავადმყოფობაა.
იქნებ, სიტყვა ფაშიზმი პრეზიდენტის შეფასებასთან მიმართებაში ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენა (ალბათ არა ყველას), მაგრამ ვთხოვ ყველას, მათ შორის მის მიმართ კეთილ განწყობილთაც და საერთოდ ურწმუნო თომებსაც – თავად გააკეთონ ანალიზი, იმისა: ვინ, რა ძალები მართავენ ქვეყანას და როგორია კლასიკური გაგებით დემოკრატიული და დიქტატორული ქვეყანა და, მეორეს მხრივ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტების მიერ შედგენილი ფაშიზმისაკენ სვლის ათპუნქტიანი ინსტრუქციიდან გამომდინარე.
დავიწყოთ მეორეთი. მე ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაწვდით ბრიტანულ პოპულარულ “გარდიანში” გამოქვეყნებულ ამ 10 პუნქტს:
პირველი: შექმენით შიდა და საგარეო მტრის შემაშინებელი სახე;
მეორე: ააშენეთ ციხეები – გულაგის მსგავსი – აუტანელი პირობებით;
მესამე: შექმენით ხალხის შესაშინებლად საკუთარი მოიერიშე ბრიგადები;
მეოთხე: მოახდინეთ მოქალაქეებზე თვალთვალი;
მეხუთე: მოსვენება არ მისცეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
მეექვსე: მოაწყვეთ თვითნებური დაჭერები და გათავისუფლებები;
მეშვიდე: შეაშინეთ ინტელიგენცია, მოაზროვნე ადამიანები;
მერვე: დააწესეთ კონტროლი მედიის საშუალებებზე, განსაკუთრებით ტელევიზიაზე;
მეცხრე: სხვანაირად აზროვნება აქციეთ სამშობლოს ღალატის სინონიმად;
მეათე: მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარეთ თავი.
დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებას, რომელიც ამ პუნქტებს იცავს – ქვეყანა ფაშიზმისაკენ მიჰყავს.
რაც შეეხება იმას, ვინ , რა ძალები მართავენ დღეს ქვეყანას და როგორია კლასიკური გაგებით დემოკრატიული და დიქტატორული ქვეყანა.
ყოველ სახელმწიფოს მართავს იმ ქვეყნის ელიტა. ნუ გვაშინებს ეს სიტყვა. მმართველი ელიტის ხუთი ძირითადი სახეობა არსებობს:
ინტელექტუალური ელიტა,
ეკონომიკური ელიტა,
პლიტიკური ელიტა,
ბიუროკრატიული ელიტა,
სამხედრო ელიტა.
დემოკრატიული ქვეყანა ჰქვია იმ ქვეყანას, სადაც მმართველობა პირველ სამს ეკუთვნის… მომავლის ქვეყანა იმას, სადაც ინტელექტუალურია, ხაზს ვუსვამ, ინტელექტუალურია ეკონომიკური ელიტაც და პოლიტიკური ელიტაც და ასეთი ინტელექტუალური პოლიტიკური და ეკონომიკური ტანდემი მართავს ქვეყანას (სწორედ ისინი ახდენენ სასწაულს იაპონიაში). არსად დემოკრატიული არ ჰქვია ქვეყანას, სადაც მმართველობაში პირველი სამიდან ერთი რომელიმედან ბოლო ორის _ ბიუროკრატიული ელიტისა და სამხედრო ელიტის, თუნდაც, ერთი რომელიმე გაერევა და დიქტატორულია ის ქვეყანა, სადაც ქვეყანას ან ბიუროკრატიული, ან სამხედრო ელიტა და, მით უფრო, თუ ორივეს ტანდემი ერთად მართავს. ეხლა მითხარით ვინ არის ჩვენს ხელისუფლებაში მმართველი ძალა? არა მგონია, რომ ამ მხელისუფლებაზე შეყვარებულმაც და, თუნდაც, კერპთაყვანისმცემლებმაც (თუ მათში ოდნავ მაინც არის სინდისი), თქვან, რომ საქართველოს მართავს ინტელექტუალური ელიტა, ან ეკონომიკური ელიტა, ან პოლიტიკური ელიტა.
საქართველოს დღეს მართავს იატაკქვეშა პოლიტიკური ძალა, პრეზიდენტის აპარატისა და მაღალჩინიანი პოლიციელების, პროკურატურის და სამხედრო ჩინოვნიკების სახით. მართალი გითხრათ, კლასიკური გაგებით ბიუროკრატიული ელიტისა და სამხედრო ელიტის შეურაცხყოფა იქნებოდა, რომ პრეზიდენტის აპარატისათვის ბიუროკრატიული ელიტა და ადმინისტრაციული ორგანოების მაღალჩინოსნებისათვის სამხედრო ელიტა გვეწოდებინა.
არამგონია ვინმესთვის საეჭვო იყოს, რომ დღეს ქვეყნის მმართველი ძალა ეს არის “მოქკავშირის”, “აღორძინების”, “კმარას”, “თავისუფლების ინსტიტუტის”, “მხედრიონის”, პარტიის რაიკომის პირველი მდივნების გასოროსებული შვილები, სხვა ხელისუფლებაში არავინ არ არის. ფაქტია, რომ ჭარბობს სოროსული ძალები (“კმარა”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, რაიკომის მდივნების გასოროსებული შვილები) პრაქტიკულად მათი კარნახით ინიშნებიან, გადაადგილდებიან მაღალ თანამდებობებზე პაიკები, თუნდაც იმის გამო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც სოროსელია _ იყო შევარდნაძის შვილობილი (არ გამოვრიცხავ შეიძლება დარჩა კიდეც) _ გახდა სოროსის. ამ ფაქტს ბატონი სააკაშვილი განსაკუთრებულად გამოიყენებს ამერიკის პრეზიდენტად დემოკრატის არჩევის შემთხვევაში _ სრულიად დაივიწყებს რა ბუშს, რომელსაც დღეს აღმერთებს და საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნებიც ისე გადმოიტანა, რომ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ჩატარდეს.
ვინ არის სოროსი? მსოფლიოში ცნობილი მაქინატორი, თანამედროვეობის ლენინი.
კომუნისტობა არც პარტბილეთია და არც კომუნისტური პარტიის წევრობა. კომუნისტობა კომუნისტური აზროვნებაა. სწორედ ეს არის საშიში, მით უფრო, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე მთავარ ზეგამვლენს თანამედროვეობის ლენინი ჰქვია.
ისე, როგორც თანამედროვე ცივილურ მსოფლიოს და დემოკრატიის მთავარ საშიშროებას სწორედ ის ქვეყნები წარმოადგენენ, რომელთა სახელშიც სიტყვა დემოკრატია მთავარ ადგილს იჭერს _ ჩინეთის სახალხო-დემოკრატიული, კორეის სახალხო-დემოკრატიული, მონღოლეთის სახალხო-დემოკრატიული, კამბოჯის სახალხო-დემოკრატიული_ საქართველოში ისეთივე დემოკრატიაა, როგორიც დემოკრატიულად წოდებულ ამ ქვეყნებში.
ფაშიზმი ის კი არ არის, რომ გვიჭირს, არამედ ის, რომ კანონი ერთთ_მოსახლეობის დიდ ნაწილს_აღარიბებს, ამათხოვრებს, თავმოყვარეობას ულახავს, სისხლს უშრობს და სასაფლაოს გზას უყენებს, ხოლო მეორე_უმცირეს ნაწილს კი ამდიდრებს, ფუფუნებაში აცხოვრებს, ყველაფრის უფლებას აძლევს. ფაშიზმია ის, რომ მოსახლეობის 80 პროცენტს არ აქვს საარსებო მინიმუმი, პენსიონერი საარსებო მინიმუმზე 5_ჯერ და მასწავლებელი 2_3_ჯერ ნაკლებს იღებს და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კი საარსებო მინიმუმზე 20, 30, 40_ჯერ და არცთუ იშვიათად, 50_ჯერ მეტს იღებენ. ფაშიზმია ის, რომ ქვეყნის დამსახურებული ადამიანები, რომელთა მიერ არის შექმნილი ყველაფერი ის, რასაც ასე უმოწყალოდ ყიდის დღევანდელი ხელისუფლება, იღებდეს 38-40 ლარს და ისინი, ვისაც ნგრევის მეტი არაფერი არ მოუტანია და წინა თაობების შექმნილის გაყიდვით არის დაკავებული _ 200, 300, 400-ჯერ და,არც თუ იშვიათად, 500-600-ჯერ მეტს. ფაშიზმია, როცა ღარიბი ქვეყნის მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი ჭარბობს ევროპის სახელმწიფოების და უტოლდება ამერიკის შეერთებული შტატების მინისტრის ხელფასს და ქართველი პენსიონერი კი თვეში იღებს იმდენს, რამდენსაც ამერიკაში საშუალო მუშა ერთ საათში, როცა ქართველი მასწავლებლის თვის ხელფასი ამერიკელი საშუალო მუშის სამი საათის ხელფასის ტოლია… ფაშიზმია, როცა მოსახლეობის 80 პროცენტში გაჭირვების გამო ცოდვის ტირილია და ამ დროს ხელისუფალთა უმრავლესობა _ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ მინისტრი, მთავრობის არა ერთი წევრი და ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენელი _ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში მილიონერები გახდნენ… ფაშიზმია როცა, პრაქტიკულად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც აწყობს რამდენიმე ასეულ კაცს, დანარჩენები განწირულნი არიან.
კიდევ ერთი, ჩემი აზრით, საშინელი სიმპტომის თაობაზე განსჯისა და განხილვისათვის. ჩემს თაობას 20–იანი, 30-იანი და 40-იანი წლების ბოლშევიკები მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში თუ გვინახავს. სააკაშვილს, ბოკერიას, თარგამაძეს, ლომაიას, მერაბიშვილს, რურუას, არველაძეს, უგულავას, ადეიშვილს, გვარამიას, ბურჯანაძეს, ჭიპაშვილს, ნადირაძეს, ნოღაიდელს და ბევრ სხვა დღევანდელ ხელისუფალს რომ აკვირდები, ისმენ მათ ცინიზმით სავსე კაცთმოძულე გამოსვლებს, ფიქრობ, რომ სწორედ ესენი არიან ისინი, ვინც ფილმებში გვინახავს, როგორც 20-იანი წლების ბოლშევიკები. ყოველშემთხვევაში აზროვნების სტილში, გამონათქვამებში, კატეგორიულობაში, ცინიზმში, აგრესიაში განსხვავება არ არის. სწორედ ეს არის დამაფიქრებელი: ხალხი, რომელიც არ ცხოვრობდა ბოლშევიკების ეპოქაში – ბოლშევიკებზე დიდი ბოლშევიკები არიან დღეს.
სააკაშვილი, როგორც 20-იანი წლების ბოლშევიკები, “მტრის ხატის” კატეგორიებით აზროვნებს. ხშირად ამბობს: “მტრები გვყავს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც”, “მტრების ჯინაზე”, “მტრებს უნდა ჩვენი შეხრამუნება”, და ა.შ
ლენინი ინტელიგენციას ГАВНО – ს უწოდებდა, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება – “ჩასარეცხებს”.
ბოლშევიკები მოითხოვდნენ სისასტიკეს მათი მოწინაღმდეგეებისა და განსაკუთრებულად მოაზროვნე ადამიანებისადმი – ზუსტად ასეა დღესაც.
ბოლშევიკები თანამდებობებზე მხოლოდ ბოლშევიკს ნიშნავდნენ, ნაციონალები – მხოლოდ ნაციონალებს;
ბოლშევიკები თანამდებობებზე უმეტეს წილად კომპრომეტირებულ ადამიანებს ნიშნავდნენ… ეს არის “ნაციონალების” “ოქროს წესი”_კომპრომეტირებულთა მართვა ადვილია, ყურმოჭრილი მონები არიან…
ბოლშევიკები ყოველმხრივ ცდილობდნენ პოლიტიკურ პროცესში ინტელიგენციის მონაწილეობის შეძღუდვას, პირველ ეტაპზე ახერხებდნენ კიდეც მათ დარწმუნებას იმაში, რომ პოლიტიკა არ არის ინტელიგენციის საქმე. ეს იყო ყველაზე მზაკვრული “ბოლშევიკური გამოგონება”. “ნაციონალები” ამ “ბოლშევიკური გამოგონების” არნახული ერთგულები არიან დღეს.
ბოლშევიკებმა იცოდნენ, რომ დამშეული ხალხის მართვა ადვილი იყო, რომ ჯერ უნდა დაამშიო, მერე უფასო სასადილოში მიიპატიჟო, ქუჩა გართობის ადგილად აქციო, ანუ “პური და სანახაობა” იყო მათი “ფოჩვიანი კამფეტი”… ბოლშევიკებსაც გაუკვირდებოდათ, თუ როგორი ოსტატობით აკეთებენ ამას 21-ე საუკუნის დასაწყისში “ნაციონალები”…
ლენინს, (ბოლშევიკებს საერთოდ) ხალხისთვის მოსაჩვენებლად უყვარდათ ბავშვებზე საუბარი, ბავშვებში ყოფნა, ბავშვების ხელში აყვანა, “პიონერული ბანაკების შექმნა”, პატრიოტთა ზეიმების მოწყობა… – ამბობდნენ “ყველაფერი საუკეთესო ბავშვებსო”, მაგრამ მხოლოდ ამბობდნენ. ზუსტად იგივე ხდება დღესაც.
ბოლშევიკებს უყვარდათ ქონების ჩამორთმევა, განკულაკება, დაჭერები, ციხეების მშენებლობა. დღევანდელ ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს.
ბოლშევიკები ხალხს სამოთხეს ჰპირდებოდნენ, ასეთივე დაპირებები გვესმის დღესაც. რა სამოთხეც ბოლშევიკებმა შექმნეს – იგივეს შექმნიან დღევანდელი დამპირებლებიც.
ლენინს, ბოლშევიკებს უყვარდათ ხალხში ყოფნა, “ხალხოსნობა”… ამბობდნენ: “ხელმძღვანელის კაბინეტი ხალხშიაო”, საჯარო გამოსვლებში უყვარდათ იმის ხაზგასმა, “ხალხი ბრძენია”, “ხალხი კარგად ხედავს” – რეალობაში კი ხალხს ბრბოდ თვლიდნენ… არნახული სიზუსტით იცავს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამ ბოლშევიკურ “მონაპოვარს” _ ტრიბუნაც კი ქუჩაში, მინდორში, ტყე-პარკებში გაიტანა.
ბოლშევიკები თვლიდნენ, რომ ყველაფერში პირველები იყვნენ და რომ მათგან იწყებოდა ცხოვრების ათვლა…… ამბობდნენ, რომ პირველები იყვნენ ეკონომიკის ზრდის ტემპითაც, ხალხის ცხოვრების ზრდის დონითაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, – წესრიგიც საუკეთესო ჰქონდათ და აშენებდნენ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას. – ასეთ გამონათქვამებშიც სრული თანხვედრაა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან.
ბოლშევიზმის საყრდენი პავლიკ მოროზოვობა იყო. ”ნაციონალი” დამსმენის, ჩამშვების, გამყიდველობის სინონიმი გახდა.
_ ლენინის, სხვადასხვა ქვეყნების კომუნისტთა მიერ შექმნილი კომუნისტური ინტერნაციონალის ჰიმნის სახელწოდება იყო _ “ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა” /наш решительный бой/ როგორც ამბობენ, ლენინს, სხვა კომუნისტურ ბელადებს ამ სახელწოდების არა ერთი სტატია აქვთ გამოქვეყნებული _ მიხეილ სააკაშვილმა თავის წიგნს შევარდნაძის მინისტრობისას მაშინდელი ფინანსთა მინისტრის _ ნოღაიდელის უკანონო დახმარებით გამოცემულ რევოლუციურ წიგნსაც ასე უწოდა _ “გადამწყვეტი ბრძოლა”. როგორც იტყვიან, შემთხვევით არაფერი ხდება. . .
ფაშიზმს, ბოლშევიზმს, საერთოდ ტირანიას, დესპოტიზმს ისტორიულად აქვს ერთი საერთო პრინციპი: “დაყავი და იბატონე”. ჩვენ მძიმე ისტორიის ქვეყანა ვართ, მაგრამ ძნელად თუ წარმოვიდგენთ პერიოდს, როცა ასე დანაწევრებული იყო ხალხი, ასე დანაწევრებული იყო ქართული ცნობიერება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ხალხის დაყოფის, დანაწევრებისა და დაპირისპირებისათვის კონკურსების სისტემაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გამრიცხველიანებაც კი გამოიყენა. კონკურსებით მეგობრები და გამრიცხველიანებით კი მეზობლები დააპირისპირა, მტრებად აქცია, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდა ერთმანეთს. აი ფაშიზმი და მისი იდეოლოგია მოქმედებაში. ფაშიზმის მთავარ იდეოლოგს გებელსსაც კი შეშურდებოდა კონკურსებისა და გამრიცხველიანების სააკაშვილ-ლომაიასებური სისტემა…
ბოლშევიკებსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის მსგავსების დამადასტურებელი მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ნათქვამი საკმარისია იმის დამადასტურებლად, რომ, თუ სწორი დასკვნები არ გავაკეთეთ სწორედ რომ ასეთი ალტერნატივის წინაშე დავდგებით: ფაშიზმი ან რევოლუცია. ფაშიზმიც პოლიტიკური პროცესია და რევოლუციაც, მაგრამ ორთავე არაადამიანური და დამანგრველი.
ფაშიზმს უბედურების მეტი არაფერი მოუტანია. არც რევლოუციას მოუტანია არც ერთი ქვეყნისა და ხალხისთვის სიკეთე და ბედნიერება. ამის მაგალითი საქართველოა. საქართველოში ბედნიერია ( ალბათ დროებით) ხელისუფლებაში მყოფი, უბედურია ხალხი… ჯერჯერობით ბედნიერად თვლის თავს ისიც, ვისთვისაც რევოლუციას უბედურება არ მოუტანია, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით.
მთელი ხალხის, უპირველესად განათლებული და მოაზროვნე ადამიანების დიდი ეროვნული ძალისხმევაა საჭირო, რომ არც რევოლუცია მოხდეს და არც ფაშიზმის გზით ვიაროთ. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია, არადა ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს.
ჩემის აზრით, ქვეყანას ანგრევს, პოლიტიკურ პროცესს კლავს, შეიძლება ითქვას, ისტორიული და უკვე ძვალსა და რბილში გამჯდარი რამდენიმე პოლიტიკური სიმახინჯე, რომელთა არსებობის პირობებში ქვეყანას მომავალი არ აქვს და ამათ უნდა ებრძოლოს ჩვენი ქვეყნის ყველა ჭეშმარიტი მოქალაქე, მამულიშვილი, ჩვენი ქვეყნის ყველა ჭეშმარიტი მეგობარი.
ჩამოვთვლი ზოგიერთ მათგანს:
პირველი: ქვეყანაში ხელისუფლების საკითხს გონება კი არა, სიძულვილზე აღმოცენებული ემოცია წყვეტს;
მეორე: არჩევნებს ხალხი კი არა, ის პოლიტიკური ძალა იგებს:
– რომელიც ხმებს ითვლის;
– რომელსაც უცხოეთის რომელიმე დიდი სახელმწიფო უჭერს მხარს;
– რომელიც ფიარით (პრესით, ტელევიზიით) კარგათ ასაღებს ყალბ ეროვნულ პათოსს ეროვნულობდ, დემოკრატიის თამაშს – დემოკრატიად, პოლიტიკურ კორუფციას – წესიერებად, სოციალურ დემაგოგიას – ხალხზე ზრუნვად;
მესამე: ქვეყანას მართავს არა არჩეული ორგანო და არაარჩეული ხალხი, არამედ ქვეყნის გარედან მართვადი ფარული კომიტეტი – პოლიტიზებული, არჩევნების გაყალბებით გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიმართ მონურად განწყობილი სახელმწიფო აპარატის მეშვეობით;
მეოთხე: ხალხის მიერ არჩეული და ამ უკანასკნელთა მიერ დანიშნული პირველივე დღიდანვე გამდიდრებას იწყებს, ამომრჩეველი – გაღარიბებას. ხალხი თავის მსახურის მსახური გახდა.
მეხუთე: ხელისუფლებასაც და თავისუფლებასაც ფულისუფლება ცვლის… ხელისუფალი და მისი მკვებავი ფულიანი ერთმანეთის მონები ხდებიან, ხალხიც კარგავს თავისუფლებას, ცხოვრების უფლებასაც და ბრბოს ემსგავსება;
მეექვსე: ქვეყანაში წახალისებულია გამყიდველობა, დამსმენობა, ჯაშუშობა… უცხოელებისათვის თავის მოსაწონებლად კარგ ტონად ითვლება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული ტრადიციების ლანძღვა, ყოველგვარი უცხოურის გაფეტიშება, მათ შორის იმ რელიგიური სექტების ქება-დიდება, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში არ აქვთ საქრდენი და საქართველოში ამ საყრდენს გაჭირვებული ადამიანების მოსყიდით იქმნიან;
მეშვიდე: მიდრეკილება ბელადების შექმნის, ბელადებით ცხოვრებისაკენ და ბელადების მსხვრევა. ამ სიმახინჯესთან დავაკავშირებ პოლიტიკაში დარჩენის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და მზაკვრულ ხერხს – ღალატს და მის შენიღბვას შეცდომის აღიარებად: “შევცდი კომუნისტებში” – დარჩა გამსახურდიას ხელისუფლებაში… “შევცდი გამსახურდიაში” დარჩა შევარდნაძის ხელისუფლებაში… “შევცდი შევარდნაძეში” – დარჩა სააკაშვილის ხელისუფლებაში… “შევცდი სააკაშვილში” – აპირებს დარჩეს შემდგომ ხელისუფლებაში. ვარდებით მოსული ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობა ასეთი “შემცდარია”, არც თუ ისე ცოტა – რომელიც ყოველთვის “შეცდა”. პირდაპირ ვთქვათ ესენი არ ცდებიან, ამ მეთოდს შეგნებულად იყენებენ და სწორედ ამით არიან მუდმივად ხელისუფლებაში. ჩემი აზრით ისინი მოღალატე ბუნების ადამიანები არიან – ყველას და ყველაფერს რომ გაწირავენ პირადი კეთილდღეობისათვის. ასეთი ტიპის პოლიტიკოსის კლასიკური მაგალითია თვით სააკაშვილი: გამსახურდიას ქება ლნძღვაში გადაზარდა, შევარდნაძეს მამას ეძახდა _ დაჭირდა, გაწირა; ერთ დღეს ერთდროულად სამ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა – რესპუბლიკურში, ქარტია_91-ში და მოქალაქეთა კავშირში, ჟვანიას უფროს ძმას ეძახდა _ დაჭირდა, სასიკვდილოთ გაწირა, ყოველ შემთხვევაში, არანაირ დაინტერესებას არ ამჟღავნებს ამ საზარელი მკვლელობის გამოძიების მიმართ. დრო ადასტურებს, უკვე მერამდენედ, რომ სააკაშვილი, მოღალატე ბუნების პოლიტიკოსები, კი არ ცდებიან, ცდება ხალხი, რომელიც ასეთ ადამიანებს ირჩევს, ცდება მედია, რომელიც ასეთ ხალხს აფიარებს. მოღალატეების მხარდაჭერა, მართლაც, დიდი პოლიტიკური სიმახინჯეა.
პოლიტიკური სიმახინჯეების ჩამონათვლის გაგრძელებაც დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ერთს განსაკუთრებულად მინდა შევეხო. საქართველოში, სამწუხაროდ, კარგ ტონად ითვლება პარტიების ლანძღვა, პარტიებისაგან გამიჯვნა, ცუდი საუბარი პოლიტიკოსებზე. კიდე უფრო სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით ინტელიგენცია მოიცვა ეგრეთწოდებულ ოპოზიციურ პარტიებთან და ეგრეთწოდებულ ოპოზიციონერებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის შიშმა. ეგრეთწოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ საკითხი არასწორადაა გაგებული: თანამოაზრეს ეძახიან ოპოზიციას და მოწინააღმდეგეს – პოზიციას. სრულიად განსხვავებულია ხელისუფლების და ხალხის ოპოზიცია. ჩემი აზრით ეს ხელისუფლება არის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესბობის ოპოზიცია, ხოლო ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან – არიან ხალხის თანამოაზრენი და მართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიცია. დღეს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა არის ხალხი. ხალხში მეტი უკმაყოფილებაა ამ ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ეს ხელისუფლების ოპოზიციური პარტიების მოქმედებაში ჩანს. ლოგიკურია, რომ ხალხს აქვს სერიოზული პრეტენზიები ამ უკანასკნელთა მიმართ.
ქვეყნის უბედურებაა, როგორც ერთპარტიული ხელისუფლება, ასევე სუსტი პოლიტიკური ოპოზიციაც და პოზიციაც. ჩვენ დავგმეთ 70 წლიანი ერთპარტიული მართველობის ეპოქა, მაგრამ უკანასკნელი 16-17 წელიც ხომ პრაქტიკულად ერთპარტიული იყო. “მოქკავშირი” და მისი მემკვიდრე “ნაცმოძრაობა” კონსტიტუციურ უმრავლესობით იყო და არის პარლამენტში და აბსოლიტური უმრავლესობით (ფაქტიურად 100 პროცენტი) აღმასრულებელ ხელისულებაში. 1992 წლიდან საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლება არ შეცვლილა. ჩავიციკლეთ ერთპარტიულობაზე. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობამ ჯერ არ იცის, თუ რა დიდი პროგრესის მომასწავებელია ხელისუფლების სათავეში პოზიცია – ოპოზიციის მონაცვლეობა. კიდე უფრო ცუდი ის არის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას ხელისუფლების ოპოზიციის სისუსტით ხსნის. ხელისუფლება სარგებლობს ხალხის ამ, ჩემი აზრით, შეცდომით და საუბრობს თავის სიძლიერეზე და ამითაც ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის დამცირებას.
ისტორიულად დადასტურებულია, რომ ან ერთდროულად არის ძლიერი მმართველი პოლიტიკური ძალაც და მისი ოპოზიციაც, ან ერთდროულად სუსტი. პირველი დემოკრატიული ქვეყნებია, მეორე – ტოტალიტარული. რეალური დემოკრატიის ქვეყნებში მმართველი პოლიტიკური ძალისა და მისი ოპოზიციის კონკურენცია აძლიერებს ქვეყანასაც და დემოკრატიულ პროცესსაც. საქართველოში ორთავე სუსტია. საქართველოში მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი, როგორც ხელისუფლებაში მისვლის, ასევე მისი შენარჩუნების არის გინება, დიახ გინება და სიძულვილით გაერთიანება. იგინება ხელისუფლებაც და იგინება პოლიტიკური ოპოზიციაც. ოპოზიციის მიმართ სიძულვილი კრავს ხელისუფლებას და მის მხარდამჭერთ, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი აერთიანებს ოპოზიციასაც და მათ მხარდამჭერებსაც. ყველაფერი ეს კი დიქტატურით ომით და რევოლუციებით მთავრდება… გავიხსენოთ – მეტი ავტორიტეტი ჰქონდა იმას, ვინც მეტად აგინებდა შევარდნაძეს და კიდე უფრო მეტი მათ, ვისაც შევარდანძე შვილებს ეძახდა და ისინი კი პოლიტიკურ მამას ღალატობდნენ.
დრომ დაადასტურა, რომ ეს იყო ფარსი. საჯაროდ ერთმანეთს აგინებდნენ, ფარულად მეგობრობდნენ. დღეს ორთავე: შევარდნაძეც და სააკაშვილიც გამარჯვებულია, დამარცხებულია ხალხი და ნამდვილად ქართული პოლიტიკური ძალები, მაგრამ, ალბათ, დროებით, რადგან ლოგიკა ასეთია: გინებით მოსული – გინებითვე მიდის, სიძულვილით გაერთიანებულთ – ერთმანეთის სიძულვილი შლის. მოძულე კაცი, უკვე ბოროტია, მისგან სიკეთე არ იქნება. სიძულვილის დამარცხება სიძულვილით, ისევ სიძულვილის გამარჯვებას ნიშნავს. დღეს უკვე ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არარაობაა, მისგან სიკეთე არ იქნება, რომ იგი უკვე გაბოროტებულია, იგინება და დამარცხებულია ხალხის თვალში (ყოველშემთხვევაში უმეტესობის), მაგრამ ეს არ უნდა იყოს გზა რევოლუციისაკენ, ხელისუფლების დამხობისაკენ.
1992 წლის შემდგომ პერიოდს მე ვუწოდებდი “პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქას” რადგან გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერები, მთავარი ფიგურები არიან აზროვნებით მეძავები, ყვარყვარეები და იაგოები. ეს არის ეპოქა, როცა დესტრუქცია მოდის გამარჯვებული პოლიტიკური ძალისაგან და მისი პირველი ნიშანი ხელისუფლების სრული მონოპოლიზაციაა. ეს უმძიმესი ავადმყოფობაა_სუსტებისა და მშიშრების ავადმყოფობა.
ასეთია რეალობა. ხელისუფლებას, პრეზიდენტს ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს. ეს დამანგრეველი განწყობა ხალხზეც გადადის. დუმილი ასეთ სიტუაციაში – ღირსების დაკარგვის ტოლფასია.
არავის ღირსებას არ მატებს, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს კი ღირსებას ართმევს დუმილი მაშინ, როცა ქვეყანას მართავს ძალადობით ტკბობის, კორუფციული ფულითა და უცხოური გრანტებით გათავხედებული ხელისუფლება.
ვფიქორბ პოლიტიკური ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს მხოლოდ არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში და დემოკრატიულად ჩატარების, სახელმწიფო მოწყობის შეცვლის, ეროვნული სიმდიდრის გაყიდვისაგან და საქართველოს უცხო ტომების მომათაბარეთაგან შემოსევისაგან დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის, ქვეყანაში კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის იდეით.
პოლიტიკური პროცესის, ანუ ხალხის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის , მედიის თანამშრომლობის მთავარი მიმართულება უნდა იყოს ნამდვილად დემოკრატიული, ნამდვილად ცივილური კონსტიტუციის შექმნა. კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს “უმრავლესობის აქტი”, როგორც ეს დღეს არის, კონსტიტუცია უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის აქტი.
დიდი პროგრესის, დიდ გარდაქმნათა, პირდაპირ ვთქვათ ქვეყნის გადარჩენის ღერძი შეიძლება იყოს “დემკრატიულ ძალთა ეროვნული ასამბლეის შექმნა” და ეროვნული ყრილობის მოწვევა. მან უნდა შეძლოს ქვეყნის მოწყობისა და დემოკრატიული განვითრების სრულიად განსხვავებული მოდელის შექმნა და ამ იდეით ხალხის გაერთიანება. ამის გაკეთება პოლიტიკურ ოპოზიციას არ შეუძლია. ეს მხოლოდ მეცნიერებს, კულტურის, ხელოვნების მოღვაწეებს, ინტელიგენციას და სტუდენტობას შეუძლიათ. მათ ეროვნული განწყობის პარტიებისა და პოლიტიკოსების დიდი მხარდაჭერა ექნებათ.
ვამბობ ეროვნული, საქვეყნო განწყობის პარტიები და პოლიტიკოსები, რადგან ქვეყანა წალეკეს გარედან მართვადმა პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, ხელოვნურმა ოპოზიციამ, რომლის ერთი ნაწილი ხელისუფლების და მეორე ნაწილი ამერიკის, რუსეთის თუ სხვა ქვეყნების საქართველოთი დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ არის შექმნილი. აშკარაა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე სერიოზული ცვლილებები ხდება და თუ ხალხი კარგად ვერ გაერკვა, პოლიტიკური ხელისუფლების მსგავსად პოლიტიკური ოპოზიციაც სოროსული აღმოჩნდება, თუ ეს უკვე არ არის მომხდარი ხელისუფლების, გარედან ფინანსირებადი ტელევიზიებისა და პრესის მიერ.
მთელი მოაზროვნე საზოგადოება უნდა აღდგეს, რომ გაუქმდეს “ვარდების რევოლუციის” შემდგომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, დრაკონული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს დემოკრატიულით, შეიცვალოს საარჩევნო კომისიების შექმნის პრინციპი, გამოვგლიჯოთ ( რადგან ნებით არ დათმობენ) ხელიდან ხელისუფლებას საარჩევნო ურნა, რომ არჩევნებს იგებდეს ხალხი და არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმებს ითვლის. პრინციპული მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების თაობაზე მიღებული მზაკვრული კანონის შეცვლას და როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებას. პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს 2007 წლის 2 ნოემბერს გასდით საკონსტიტუციო ვადა და, ალბათ, არჩევნებიც უნდა ჩატარდეს. დიდი შეცდომა იქნება ხალხის და ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის მხრივ დათანხმება, როგორც არჩევნების გადაწევაზე, ასევე იმის შეფასების გარეშე დატოვებაზე, რომ ქვეყანაში რევოლუცია არჩევნების გაყალბების გამო მოხდა და ვარდების რევოლუციიდან 4 წლის განმავლობაში რეოვულუციურ ხელისუფლებას ხალხისთვის ჯერაც არ უთქვამს რა დარღვევები იყო რამაც რევოლუცია გამოიწვია და ვინ ჩაიდინა დანაშაული. ფაქტი ერთია და უაღრესად სავალალო: ოთხი წლის განმავლობაში ერთი კაციც კი არ არის ამის გამო დასჯილი, პირიქით, ბევრი დაწინაურებულია და, თუ კარგად გავაანალიზებთ იმ დროის ხელისუფლების საარჩევნო სიას, დავრწმუნდებით რა დიდი ღალატია ჩადენილი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ამ ხელისუფლების მიერ წახალისებულია მოღალატეობა.
ალბათ საჭიროა, ვიფიქროთ იმაზეც, რომ აბსოლუტური ძალაუფლების მქომე პრეზიდენტის პოსტი შეიცვალოს თანამედროვე ევროპული მოდელის საპრეზიდენტო, ან კონსტიტუციური მონარქიის და პარლამენტს დაქვემდებარებული ძლიერი სამთავრობო ინსტიტუტით ისე, როგორც ეს არის დღევანდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში – (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ისრაელი)… მართველობის ასეთ ფორმაზე უკვე გადავიდნენ ბალტიის ქვეყნები.
დიდი დემოკრატიული პროცესი დაიწყება, თუ ტელევიზიებს, პრესას თავისი ფავორიტები ან შერისხულები კი არ ეყოლებათ არჩევნებში, არამედ გვაიძულებენ, სწორედ რომ გვაიძულებენ, პოლიტიკოსებს გავმართოთ დიალოგი ერთმანეთთან და არა – ვილაპარაკოთ ერთმანეთზე და საკუთარ თავზე.
პოლიტიკოსებს არ უნდა შეგვეშინდეს ერთმანეთის პირისპირ დგომა და საუბარი, პოლიტიკურ რინგზე, პოლიტიკურ დუელში, ბარიერთან ერთმანეთის გამოწვევა. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური გამოცდილება ასეთია – სწორედ დიალოგში, პოლიტიკურ რინგზე, ბარიერთან და პოლიტიკურ დუელში ჩნდება, ვინ ვინ არის და ხალხსაც ეძლევა სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება.ნაპოლეონი ჯარისკაცებს მოუწოდებდა: “ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი.” სპარტელებს ომში ასე აცილებდნენ: “ფარით ან ფარზე”, ღირსება იყო ფარით დაბრუნებაც და ფარზე დასვენებული დაბრუნებაც. თუ პოლიტიკაში გვინდა ყოფნა, იგი ღირსებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. პოლიტიკოსებმა უნდა ვისწავლოთ – ვიყოთ ხალხის მსახურები, არ ვეუფროსოთ მათ და არ ვაქციოთ ისინი ჩვენს მსახურებად. ხალხს კი არ ამოვეფაროთ, – წინ დავდგეთ და პირველი დარტყმა ჩვენ მივიღოთ. ასეთი რამ ღირსებით სავსე პოლიტიკოსებს შეუძლიათ. ჭეშმარიტი პოლიტიკოსი დამარცხების და გამარჯვების დროსაც ღირსეული უნდა იყოს. პოლიტიკაში ბოდიშის მოხდაც ღირსებაა და შეცდომის აღიარებაც. სულგრძელობა ღირსებაა და მხოლოდ ღირსებით სავსე პოლიტიკოსი არ ბოროტდება.ქვეყანაზე დაფიქრებულმა გონიერმა ადამიანებმა, ჭეშმარიტმა პოლიტიკოსებმა უნდა დავძლიოთ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სიძულვილის განწყობა, ერთმანეთისადმი მტრული თვალებით ყურება, შევძლოთ ერთმანეთთან მისვლაც, საუბარიც და შეთანხმებაც. ქვეყანა მხოლოდ თანხმობით შეიძლება წავიდეს წინ.ვფიქრობ, პოლიტიკოსებს გვეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მეცნიერთა მონაწილეობით, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან, ინტელიგენციასთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან დათათბირებით ხალხს შევთავაზოთ სისტემური კრიზისის დაძლევის კონკრეტული პროგრამა. პოლიტიკური კრიზისის დაძლევა ადვილია და ზოგჯერ მისი შედეგი დემკრატიულ ნახტომსაც ნიშნავს, მაგრამ სისტემური კრიზისის დაძლევა, მართლაც, ურთულესი საქმეა. “წინ საქართველოსათვის”, ჩემი და ჩემი მეგობრებისათვის მთავარია არა საკუთარ რეიტინგზე ფიქრი (ამ ავადმყოფობით არის ავად პრეზიდენტიც და საერთოდ პოლიტიკოსთ აბსოლიტური უმრავლესობა), არამედ ქვეყანაში შექმნილი დრამატული ვითარების გონივრული ანალიზი მეცნიერრებთან, ქვეყანაზე დაფიქრებულ ადამიანებთან, სახელმწიფო კაცებთან ერთად. ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ. სწორედ ამ მიზნით შევქმენით “თავისუფალი აზრის” დარბაზიც. ჩვენ ასსეტ პროგრამას სექტემბერში შევთავაზებთ ხალხსაც, ჩვენ ოპონენტებსაც და მზად ვიქნებით დიდი დისკუსიისათვის.
ზოგად კონტურებში კარგად გვესმის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ჯანსაღი სახელისუფლებო სისტემის შექმნა მხოლოდ პროფესიონალებსა და წესიერ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი. ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ხელისუფლებაა მისი მსახური და არა იგი ხელისუფლების… როცა ხალხი ემოციით კი არა, გონებით, სხვა ქვეყნების ჩარევისა და კარნახის გარეშე აირჩევს ხელისუფლებას… როცა ქვეყანას “ქუჩის პრეზიდენტი”, “ქუჩის პოლიტიკოსები” და მოღალატეები არ ეყოლებიან მმართველებად…… როცა თითოეული ადამიანი საკუთარ თავს დაარწმუნებს იმაში, რომ ვინც საარჩევნო ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც ხმას ყიდის…… ქვეყანა კრიზისიდან გამოვა მაშინ, როცა თითოეული ადამიანი საკუთარ თავს დაარწმნუბეს იმაშიც, რომ რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებში, მით მეტი კორუფცია იქნება არჩევნების შემდგომ ქვეყანაში…… რომ რაც მეტს დახარჯავ ადამიანი დეპუტატობისათვის, მით მეტს მოიპარავს, როგორც დეპუტატი……ქვეყანა კრიზისიდან გამოვა მაშინ, როცა ხალხი აირჩევს, ხმას მისცემს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იცნობს, უნახავს პრაქტიკულ საქმეში, დარწმუნებულია მის წესიერებაში… როცა დარწმუნებულია, რომ მათი არჩევანის მთავარი ფუნქცია არა ხალხზე უფროსობა და ბატონობა, არამედ ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და, უპირველესად ადამიანის ბუნებითი უფლებების (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება) დაცვა იქნება…… ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მეთაურები საქართველოს ხელისუფლებაში მათი ერთგული ხალხის გაყვანაზე კი არ იფიქრებენ, როგორც ეს დღეს არის, არამედ ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, რადაგან პროგრესი საქართველოში დემოკრატიის გარეშე წარმოუდგენელია და მხოლოდ დემოკრატიულ საქართველოში იქნება მათი ინტერესებიც დაცული, რადგან მხოლოდ დემოკრატიული ბუნების ხელისუფალსა და ხელისუფლებას შეუძლია საქართველო არ აქციოს დიდი ქვეყნების ინეტერსთა დაჯახების არენად, როგორც ეს დღეს ხდება……
ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა გათითოკაცებული სიკეთე ერთ მუშტად შეიკვრება და დაამრცხებს – დღეს ერთ პოლიტიკურ მუშტად შეკრულ ბოროტებას.
დღეს უპირველესი და უმთავრესი ჩვენი მტერი არის შიში, ქვეყანაში დამკვიდრებული შიშის ატმოსფერო, შეშინებული ადამიანი. შიში ყველა გრძნობათაგან ყველაზე უღირსი გრძნობაა. შიში მხოლოდ მაშინ შეიქმს სიყვარულს, როცა იგი ღმრთისაა. ვაი იმ ქვეყანას, სადაც შიში ხელისუფლებისადმი მორჩილებას ან ხელისუფლებისადმი სიყვარულს (თუნდაც მოჩვენებითს) – ეს უკვე მონური ფსიქოლოგიაა… ასეთი “სიყვარული” კერპთაყვანისმცემლების, დაბეჩავებული ადამიანის, დამბეზღებლისა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტთა ხვედრია. ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით მძლავრობს დიქტატორი, ასეთი ადამიანები არიან დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმის საყრდენი. ისე როგორც უამრავ ქართველს, მე არ მინდა ჩემს შვილს ლაჩარი მამა ყავდეს. მე მირჩევნია დიქტატორული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დავეცე თავისუფლებისათვის, ვიდრე შევეგუო დიტქატორულ ხელისუფლებას, ძალადობას, შიშის ატმოსფეროს.
ადამიანი თავისუფლებისათვის გაათავისუფლა ღმერთმა და თავისუფლება ეს არის შიშის დაძლევა, შიშზე მორევა. ნამდვილ ქართულ სახელმწიფოს: თავისუფალს, დემოკრატიულს, მართლმადიდებლურს მხოლოდ თავისუფალი ადამიანები შექმნიან.
მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ იმ შანსის გამოყენება, რომელიც დრომ, მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ მისცა საქართველოს – გააკეთოს დიდ გარღვევა კრიზისის დაძლევის, ხალხის ყოფის გაკეთილშობილების თვალსაზრისით, შეასრულოს დიდი როლი მსოფლიო პოლიტიკაში.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა მდგომარეობამ, ისრაელის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, ერაყში, ავღანეთში, ირანში, პალესტინაში, დღეს უკვე თურქეთშიც მიმდინარე პროცესებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა, აბრეშუმის გზამ – ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული როლი მიანიჭა. ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი დღეს არის უდიდესი. ჩვენ გაცილებით ვჭირდებით ნატოს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება იგი……ჩვენ გაცილებით ვჭირდებით ევროკავშირს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება იგი. ნატოში და ევროკავშირში ჩვენი დაჩქარებული შესვლა ეს არის დროის მოთხოვნა და არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება. სამწუხარო ის არის, რომ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანას არნახულად ჭირდება ეროვნული ხელისუფლება, არ ყავს ასეთი ხელისუფლება.
სწორედ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ ეროვნული განწყობის ხელისუფლების არჩევა. სწორედ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის მართვის ჯანსაღი სისტემის ფორმირება, ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა – პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზირისითაც და ისეთი სისტემის დამკვიდრება, როცა ქვეყანას მართავენ არა პოლიტიკოსები, არამედ სამოქალაქო ინსტიტუტები, სახელმწიფო კაცები და სახელმწიიფო მოღვაწეები. სწორედ ასეთი სისტემას შეუძლია აგვაცილოს რევოლუციაც, ფაშიზმიც და გამოგვიყვანოს კრიზისიდან.
მხოლოდ ჯანსაღი სახელისუფლებო სისტემა შეცვლის მდგომარეობას ქვეყანაში!
არავის ღირსებას არ მატებს, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს კი ღირსებას ართმევს დუმილი მაშინ, როცა ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცდა, ბოროტება კი ერთ პოლიტიკურ მუშტად შეიკრა…
დუმილი მაშინ, როცა ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა და მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა. . .
დუმილი მაშინ, როცა იყიდება ყველაფერი _ მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც, ხელისუფალთა სინდისიც. . .
დუმილი მაშინ, როცა ქვეყნის მტელი სიმდიდრე 15-20 კაცის და მათი უცხოელი მეგობრების ხელში გადადის, ხალხი თავისი მსახურის (ხელისუფლების) მსახური გახდა. . .
დუმილი მაშინ, როცა ადამიანის ბუნებითი უფლებებიც (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება) კი ფულის უფლებამ შეცვალა. . . დუმილი მაშინ, როცა ქვეყანას არა ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ ქვეყნის გარედან მართული ფარული კომიტეტი მართავს, რომელმაც საქართველო მსოფლიოს დიდი ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილად აქცია. . .
ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას მოსაგები აქვს “სულიერი დიდგორი”. მოიგებს კიდეც და იქნება ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად.
ისე როგორც უამრავმა ადამიანმა საქართველოში – მე ვიცი, რომ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ უდიდესი მომავლის ქვეყნიდან ვარ.
ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ხალხის მიერ არჩეულ და არა სხვა ქვეყნის მიერ დანიშნულ მარიონეტ ხელისუფლებას.
გვფარავდეს ღმერთი!
12 ივლისი, პეტრე-პავლობა. 2007 წელი