ერთი ბანკირის გამდიდრების ისტორია – ირაკლი გილაური

gilauriქართველი ბანკირების ხელფასებზე ლეგენდები დადის. ზუსტად არავინ იცის, კომერციული ბანკების მაღალი რანგის მენეჯერებს რამდენი აქვთ წლიური გასამრჯელო, რადგან ეს თემა საკრედიტო ინსტიტუტების მიერ მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

დასავლეთში კომერციული ბანკისა თუ სხვა მსხვილი კერძო კომპანიის მენეჯერები, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ღიად აცხადებენ, თუ რა რაოდენობის ხელფასს მიიღებენ წლიურად. მიუხედავად იმისა, რომ JP_Morgan-ს; Bank of America-ს; Citigroup-ს; GM-ს თუ სხვებს, კანონი არ ავალდებულებს მენეჯერების ანაზღაურების გასაჯაროებას, მსგავსი ინფორმაციის დამალვას არც ცდილობენ.

რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში. ბანკები საკუთარი მენეჯერების ხელფასებს არსად აქვეყნებენ, დაინტერესების შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ბანკი კერძო სტრუქტურაა და  მენეჯერების წლიური ანაზღაურება კონფიდენციალური ინფორმაციაა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ კერძო ფირმა, თუნდაც ეს ბანკი იყოს, რომელსაც თავი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად მიაჩნია, მსგავს ინფორმაციას არ უნდა მალავდეს.

ვინაიდან ყველა ბანკი მაქსიმალურად ცდილობს გაასაიდუმლოოს ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება, გვიწევს მხოლოდ ”საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორზე – ირაკლი გილაურზე ვისაუბროთ, ვინაიდან მისი ანაზღაურების შესახებ რამოდენიმე ფაქტია ცნობილი. აღნიშნული მონაცემების საჯაროობა ”საქართველოს ბანკის” შემთხვევაში, სხვა ბანკებისგან განსხვავებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყოფნითაა განპირობებული.<!–:–><!–more–><!–:ka–>

2008 წელს ირაკლი გილაურს ბანკიდან 2 ტიპის შემოსავალი ჰქონდა  – 2008 წლის ხელფასი და 2007 წლის ბონუსი.

2008 წლის ხელფასმა 823,650 ლარი შეადგინა, ხოლო 2007 წლის ბონუსმა – 1,371,044 ლარი, სულ 2008 წელს ირაკლი გილაურმა 2,194,694 ლარი მიიღო.სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ენუქიძემ კი 2,141,623 ლარი. გამოდის, რომ 2008 წელს გილაურის ყოველთვიური შემოსავალი (ხელფასი და ბონუსი ერთად) თვეში საშუალოდ 182 ათას ლარს შეადგენდა, რაც დღეში 6 000 ლარზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს “საქართველოს ბანკის” მოგებამ (რის მიხედვითაც 2008 წელს გილაურმა ბონუსები მიიღო) 45,7 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად გილაურის ბონუსი მოგების ზუსტად 3%-ს შეადგენდა.

2011 წელს ”საქართველოს ბანკმა” ისტორიაში რეკორდული 135,7 მილიონი ლარის მოგება მიიღო.  თუ დავუშვებთ რომ 2012 წელს გილაურს იგივე ხელფასი ჰქონდა რაც 2008-ში, ხოლო ბონუსის ანაზღაურების სისტემა იგივეა, მაშინ გამოვა რომ გილაურის შემოსავალი 2012-ში ხელფასის სახით ისევ 823,650 ლარია, ხოლო 2011 წლის ბონუსი 4,071,131 ლარი იყო. საერთო ჯამში გილაურის 2012 წლის შემოსავალი 4,894,781 ლარს შეადგენს, რაც დღეში 13 000 ლარზე მეტია.

ირაკლი გილაურის ბონუსებზე ინფორმაცია მიმდინარე წელს გახდა ცნობილი, როდესაც ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა მის ხელთ არსებული 356 000 აქციიდან, 150 ათასი 3,8 მილიონ ლარად გაყიდა, ხოლო 206 ათასი კვლავ მის საკუთრებაში რჩება.

”საქართველოს ბანკის” წარმომადგენელის თქმით, ბანკის მენეჯმენტი ბონუსებს ნაღდი ფულის სახით არ იღებს. მისი თქმით, ბანკში დიდი ხანია დანერგილია დასავლური სტანდარტების პრაქტიკა, რომლის თანახმადაც მენეჯმენტი ბონუსს მხოლოდ აქციების სახით ღებულობს.

ირაკლი გილაურის საკუთრებაში 2012 წლის ივნისამდე ბონუსის სახით მიღებული 356 000 აქცია იყო. თუ 1 აქციის ფასად 10 ფუნტ სტერლინგს ვიანგარიშებთ (27.10.2012-ისთვის ”საქართველოს ბანკის” 1 აქციის ფასი 10.90 ფუნტი სტერლინგია გამოდის, რომ გილაურის საკუთრებაში 9,434 მილიონი ლარის (27.11.2012-ის ვალუტის კურსით ღირებულების აქცია იყო, რომელიც ბანკში მუშაობისას ბონუსის სახით მიიღო. შეგახსენებთ, რომ ირაკლი გილაური ”საქართველოს ბანკში” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობს, შესაბამისად, წელიწადში საშუალოდ 1 800 000 ლარს იღებს ბონუსის სახით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 356 000 აქცია, ეს ის რაოდენობაა, რაც 2012 წლის ივნისამდე იყო მის საკუთრებაში და არ იგულისხმება სხვადასხვა დროს უკვე რეალიზებული აქციები.

საყურადღებო ინფორმაცია:

ქვეყანაში 1,6 მლნ. დასაქმებულია, ”შავი სია”-ში კი 400,000-მდე ადამიანი – ყოველი მეოთხე დასაქმებული ”გადამგდები” და ან კრედიტის გადახდისუუნაროა.

2012 წელს, 2008 წელთან შედარებით ბანკების მიერ ქონების დასაკუთრების (წართმევის) მაჩვენებელი 37-ჯერ გაიზარდა;

დღეისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს ”მოვალეთა რეესტრში ” 73 658 ოჯახი ირიცხება, რომლებიც ქონების დაკარგვასა და გამოსახლებას ელოდება;

ბანკებმა 2011 წელს უპრეცედენტო მოგება ნახეს – 323 მლნ ლარი.

”საქართველოს ბანკი” ბაზრის ლიდერია როგორც მოგების მაჩვენებლის მიხედვით, ასევე დასაკუთრებულ ქონებაში.

2008 წელს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის 1 დღის შემოსავალი 6 000 ლარია.

2012 წელს ირაკლი გილაურის 1 დღის სავარაუდო შემოსავალი 13 410 ლარია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ირაკლი გილაურის მაგალითზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ 2008 წლის ლონდონის საფონდო ბირჟის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის სახით, მისი ხელფასის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არსებობს. სავარაუდოდ სხვა ბანკებშიც, მაღალი რგოლის მენეჯმენტს ანალოგიური შემოსავლები აქვთ – ცხადია, ბანკის მოგებიდან და ბაზრის წილიდან გამომდინარე.

ბოლო წლებში ბანკების მოგება და ”შავ სიაში” მოხვედრილი, ანუ კრედიტის გადახდისუუნარო პირთა რიცხვი თითქმის პროპორციულად იზრდება. 2007-2011 წლებში ბანკების მოგება 3-ჯერ არის გაზრდილი, ეს იმ ფონზე, როცა 2008-2010 წლებში ”შავ სიაში“ მოხვერდილ ადამიანთა რიცხვი 2-ჯერ გაიზარდა.

1. როგორ მოახერხეს ბანკებმა რეკორდული მოგების მიღება მაშინ, როცა მათი კლიენტების 25% ”შავ სიაშია”, ანუ კრედიტის გადახდისუუნაროა?

2. რა გახდა 3 წელიწადში ”შავ სიაში” 400 000 კაცზე მეტის მოხვედრის მიზეზი? ეს იყო მოსახლეობის მიერ მასიურად კრედიტის ვერ ან/და არ გადახდის გამო, თუ ბანკების მიერ წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია, რათა ”შავ სიაში” მოხვედრილი კლიენტების ხარჯზე დამატებითი შემოსავალები მიეღოთ?

2012 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, ბანკებმა მსესხებლებისგან ჯარიმების სახით 27 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღეს, ეს მაშინ, როცა ამავე პერიოდში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 205,9 მილიონი ლარი შეადგინა. ანუ, ჯარიმები ბანკების მოგების 12,7%–ს შეადგენს.

1. რა წარმოადგენს ბანკის ძირითადი შემოსავლის წყაროს – გაცემულ კრედიტებისგან მიღებული ფინანსური სარგებელი, როგორც სხვა ქვეყნებშია მიღებული, თუ კლიენტებისთვის მაქსიმალურად მაღალი ჯარიმების დაკისრება იმისათვის, რომ ბანკმა როგორმე თავი დააღწიოს ზარალზე მუშაობას?

2. საინტერესოა ბანკს, რომელიც მოგების 20%-ს ან კიდევ უფრო მეტს კლიენტებისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან იღებს, რა უფრო აწყობს – მომხმარებელმა პირნათლად გადაიხადოს სესხი, დაფარვის გრაფიკის თანახმად, ყოველგვარი გადაცილებების გარეშე თუ პირმა კრედიტი ვერ გადაიხადოს, ან გადახდის გრაფიკი დაარღვიოს, რაც საკრედიტო ინსტიტუტს საშუალებას მისცემს მას პირგასამტეხლოები და ჯარიმები დააკისროს?

2007-2012 წლებში ბანკების მიერ მსესხებლებისთვის წართმეული უძრავი და მოძრავი ქონების რიცხვი დრამატულად გაიზარდა. 2012 წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების (“ლიბერთი ბანკის” გამოკლებით) ბალანსებზე 116,2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება აღირიცხებოდა. თუ ამ მაჩვენებელს ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, 4 წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 37-ჯერ მეტი ღირებულების ქონებაა ჩამორთმეული.

1. ”საქართველოს ბანკის” წმინდა მოგება, ბოლო 4 წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა, იგივე პერიოდში ბანკის მიერ კლიენტებისთვის ჩამორთმეული ქონების რაოდენობა 80-ჯერ გაიზარდა.

2. ”თიბისი” ბანკის წმინდა მოგება, ბოლო 4 წელიწადში 1,6-ჯერ გაიზარდა, იგივე პერიოდში ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის ჩამორთმეული ქონების რაოდენობა 16-ჯერ გაიზარდა.

საინტერესოა, რა კავშირშია უბინაო ოჯახების რაოდენობის ზრდა ბანკების მოგების ზრდასთან? ამასთან, ბანკების მიერ რეკორდული მოგების მიღება მოსახლეობისთვის ჩამორთმეული ქონების ხარჯზე ხომ არ მოხდა? ფაქტია, რომ ბოლო წლებში ბანკები რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევენ, როგორც მოგებების ისე კლიენტებისთვის ჩამორთმეული ქონებების რაოდენობით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *