თემურ შაშიაშვილი: როგორც ჩანს, ამ და ბევრი სხვისათვის ეროვნული იდეა, სამართლიანობა და ელემენტარული წესიერება სკამით მთავრდება.

თამარ კინწურაშვილმა,თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის რანგში ჯერ კიდევ 2005 წელს, კურიოზული უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩემთან დაკავშირებით. მე კი, ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სააკაშვილის პირველ პოლიტიკურ სასამართლო განჩინებას ვუწოდებ.

აქვე გამოვხატავ მადლიერებას ქალბატონი თამარის მიმართ იმ შეფასებებისათვის, რომელიც მან გააკეთა თავის ნაშრომში: „მართლმსაჯულების ლოგიკა სიტყვის თავისუფლება და ქართული სასამართლო პრაქტიკა“ (თავისუფლება № 3 (39), მარტი, 2005). თუმცა შემდგომ ყველაფერი ეს დაივიწყა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მუშაობის პერიოდში. ალბათ მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სრული იზოლაცია გაუკეთა სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ, სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში.

სამწუხაროდ, ეს ნაშრომი ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, რის გამოც სინანულს გამოვთქვამ, რადგან რასაც ქალბატონი თამარი ასაბუთებს მთელი ათი წელი შევწირე და სწორედ „თავისუფლების ინსტიტუტის“ პოლიტიკური ხელისუფლების გამო ვერ შევძელი სამართლებრივად მისი დადასტურება.

ქალბატონ თამარ კინწურაშვილის ნაშრომიდან პირდაპირ თუ ირიბად, აშკარად ჩანს ის, რასაც ვამტკიცებდი: ფეროშენადნობთა ქარხნის, ჭიათურმანგანუმისა და სილიკომანგანუმის უკან იდგა (არც დღეს დაუკარგავს ეს გავლენა) მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახი (განსაკუთრებით ბიძა თემურ ალასანია), მეგობრები – ძმები ბეჟუაშვილების, მერაბ სამადაშვილის და ბევრი სხვის (მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის) სახით. ამაში ყველა დარწმუნდებით, ვინც წაიკითხავთ ქალბატონი კინწურაშვილის ნაშრომს.

მე კი ვაგრძელებ ბრძოლას სიბნელით მოცული პირდაპირ ვიტყვი, ამ პოლიტიკური ტერორის ხალხის სამსჯავროზე გამოსატანად.
დღეს ჩემთვის უკვე ვარაუდი აღარ არის ორი საეჭვო ავტოავარიის ერთი წლის განმავლობაში (2000 წლის აპრილსა და 2001 წლის თებერვალში) იმის შემდგომ, რაც ვამხილე მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახისა და მისი გუნდის დამანგრეველი ინტერესები ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ღერძთან –ჭიათურა -ტყიბული-ზესტაფონი დაკავშირებით და განსაკუთრებით მას შემდგომ, როცა ვთქვი, რომ მონაწილეობას მივიღებდი საპრეზიდენტო არჩევნებში

ყველაფერი ამის შესახებ შემდგომში. ეხლა კი რამდენიმე დაზუსტება:

1. სათაურში ვამბობ, რომ ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი პოლიტიკური სასამართლო განჩინება. თქვენ თვითონ განსაჯეთ: მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია შედგა 2004 წლის 20 იანვარს, ხოლო 2004 წლის 20 თებერვალს, ანუ ინაუგურაციიდან ერთი თვის შემდგომ სასამართლო ცვლის მის მიერვე ორი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას და ცვლის რადიკალურად. უფრო მეტიც, არა მარტო ბათილად ცნობს სასამართლო გადაწყვეტილებას ჩემს მიერ 1 338 000 აშშ დოლარის მოგების თაობაზე, არამედ მავალდებულებს სასამართლო ბაჟის გადახდას (5 000 ლარი), გადაუხდელობის გამო მიყადაღებს პირად ბიბლიოთეკას, როიალს და ჭაღს… იწყებს კომისიების შექმნას ქუთაისსა და იმერეთში ხელმძღვანელობის პერიოდის შესწავლის მიზნით. მიზანი იყო ჩემი დაპატიმრება. ამას პირად საუბრებში მეუბნებოდნენ კიდეც.

2. ქალბატონი თამარი თვლის, რომ სასამართლომ ბუნდოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ქალბატონმა თამარმა არ იცის, რომ ბაჟის გადახდა მე დამეკისრა და დღემდე ეს დოკუმენტი ძალაშია აღსრულების ბიუროში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც სასამართლო ინსტანციებს, ასევე სააღსრულებო ბიუროს მივმართე ამ სულელური გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება რომ სულელური იყო, ამას ქალბატონი თამარიც კარგად ასაბუთებს.

3. ქალბატონ თამარს უკვირს, რატომ დაეკისრა სასამართლოს მიერ ასეთი დიდი თანხის გადახდა ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს. გათვლა მარტივია, ქალბატონო თამარ, მათ დაწერეს რომ მე ვფლობდი ფეროშენადნობთა ქარხნის გარკვეულ პროცენტს. ჩემი პასუხი იყო, თუ ეს სწორია, თქვენ გითმობთ ამ წილს და თუ თქვენ ტყუიხართ, ეს პროცენტი რა ღირებულებასაც შეადგენს, ის თანხა გადაიხადეთ…
დიახ, გადაიხადეთ და არა გადამიხადეთ.

სასამართლოში დევს ჩემი განცხადება,სადაც ვწერდი, რომ მოგებული თანხის ერთ თეთრსაც არ გამოვიყენებდი პირადი ინტერესებისთვის, რომ ამ თანხით დავასრულებდი ბაგრატის ტაძარს (წაიკითხეთ და კარგად ნახავთ ამ ჩანაწერს) და ამას სჭირდებოდა 1 მილიონ დოლარამდე, რომელიც შემდგომ 30-40-ჯერ გაზარდა მიხეილ სააკაშვილმა (დასკვნა თქვენთვის მომინდია, კორუფცია დგას ამის უკან, თუ ასე გაძვირდა 7-8 წლის განმავლობაში მშენებლობა საქართველოში)… დარჩენილ თანხას სრულად ვუნაწილებდი ზესტაფონისა და იმერეთის მასწავლებლებს, კულტურის მოღვაწეებს, სპორტსმენებს, გაჭირვებულ ადამიანებს (კიდევ მეტს ამოიკითხავთ ჩემს განცხადებაში).

კარგი იქნება, თუ ამ საქმით დღეს დაინტერესდება ადვოკატთა ასოციაცია, დაინტერესდებიან ჟურნალისტები. ბევრ კარგ დასკვნას გავაკეთებთ მომავლის საქართველოსათვის და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვნახავთ, რა სიბინძურეს წარმოადგენდა სააკაშვილი საქართველოსათვის. დავრწმუნდებით იმაში, თუ რატომ გახდა იძულებული დაეტოვებინა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი წესიერ კაცს და საერთაშორისო ავტორიტეტის იურისტს, ბატონ ლადო ჭანტურიას.

4. ქალბატონი თამარ კინწურაშვილს და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს პატივისცემით მინდა ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თანამდებობები მეჭირა, ვიყავი ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ფაქტი, არ არის ერთი მოსამართლე, არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ოდესმე დავრეკე სასამართლოში , შევხვდი მოსამართლეს თუ სასამართლოს რომელიმე დონის თავმჯდომარეს, რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას დაგიდასტურებთ ყველა მოსამართლე, ვისაც კი უმუშავია ქუთაისსა და იმერეთში ჩემი თანამდებობებზე ყოფნის დროს, დაგიდასტურებთ სწორედ თქვენს მიერ – „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დანიშნული სასამართლოს თავმჯდომარეები.

უფრო მეტიც, მოსამართლეს, რომელმაც 2002 წელს ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა ეს საკითხი, არც ვიცნობდი, დაახლოებით ნახევარი წლის წინ შევხვდი პირველად და პირდაპირ ვუთხარი, რომ სამარცხვინო იყო სასამართლოსა და მისი საქციელი თვით სასამართლოს ავტორიტეტისათვის.

5. სამწუხაროა, რომ პოლიტიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა და პოლიტიკოსთა უმეტესი ნაწილიც ნაშრომებს წერენ და ანალიზებს აკეთებენ უცხოეთიდან ფულის მოზიდვისათვის და არა ქვეყანაში რეალური მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლისათვის. ასეთი მძიმე შეფასებების გამკეთებელ ქალბატონ თამარ კინწურაშვილს ერთხელაც კი არ მოსვლია აზრად , რომ ტელევიზიის დირექტორის პოსტზე მისი ყოფნის პერიოდში დიდი განხილვის საგნად ექცია ეს ფაქტი…

სააკაშვილის ხელისუფლების 99 პროცენტი „თავისუფლების ინსტიტუტმა“ დააკომპლექტა და ყველა დუმდა ამ და უამრავ სხვა ფაქტთან დაკავშირებით. როცა მე და უამრავი გაწამებული ვიყავით სასამართლოს მიერ, დუმდნენ რესპუბლიკელები და უამრავი ისინი, ვინც დღეს „ქართული ოცნების“ დიდ ფიგურებს წარმოადგენენ, უფრო მეტიც, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებაში ნანაობდნენ, მერე ივანიშვილის, დღეს კი, ღარიბაშვილის.

როგორც ჩანს, ამ და ბევრი სხვისათვის ეროვნული იდეა, სამართლიანობა და ელემენტარული წესიერება სკამით მთავრდება.

იხ. თამარ კინწურაშვილი: თანამედროვე ქართული სასამართლოების პრაქტიკაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი კურიოზული გადაწყვეტილება, როგორიც ქუთაისის საოლქო სასამართლომ თეიმურაზ შაშიაშვილის მიმართ გამოიტანა

იხ. თემურ შაშიაშვილის ვიდეოინტერვიუ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *