მე მესმის თქვენი, მაგრამ მინდა ჩემიც გაიგოთ.

უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ჩემმა შვილმა არ თქვას, ლაჩარი მამა მყავდაო და იამაყოს ჩემით, იცხოვროს ბედნიერებით სავსე სამშობლოში

ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის, ქალბატონი ლუარა ნიჟარაძის სტატუსის, ასევე იმ ადამიანების საპასუხოდ, ვინც იზიარებს ქალბატონი ლუარას პათოსს და მსგავსი შინაარსის წერილებით პრაქტიკულად ყოველდღიურად მოგვმართავს, თემურ შაშიაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა .

“უდიდესი მადლიერების გრძნობით, მივმართავ სტატუსის ავტორს, ქალბატონ ლუარა ნიჟარაძეს და ყველას, ვისაც ჩემ მიმართ ასეთი დადებითი განწყობა შეექმნა.

მე მესმის თქვენი, მაგრამ მინდა ჩემიც გაიგოთ. მესმის, რომ თქვენი ეს განწყობა ჰაერიდან არ მოსულა. მოისმინეთ მოსაზრებები, დაინახეთ მდგომარეობა ხალხში, დაინახეთ ხალხის რეალური განწყობა ჩემს მიმართ, მოისმინეთ ხალხის მოსაზრებები ჩემდამი და ჩემი შეხედულებებისადმი.

მესმის ისიც, რომ ჩვენ იმ არჩევნებმა სხვა რეალობა დაგვანახა,ვიდრე ამას ხელისუფალნი გრძნობენ, ვიდრე ამაზე ტელევიზიები საუბრობენ,ვიდრე ეს იციან ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა. ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ ხალხის შემაძრწუნებელი მდგომარეობა და ხელისუფალთა შემაშინებელი თვითკმაყოფილება, ოპოზიციის დამთრგუნველი გაბოროტება, ინტელიგენციის მომაკვდინებელი გამყიდველობა, და . ამ  ყველაფრით ე.წ.მეგობართა ბოროტი კმაყოფილება

ჩვენ ვნახეთ, რა საშინელებაა, ხმის გამყიდველი ადამიანი, უფრო ზუსტად, ის გარემო, რომელიც მას აიძულებს, ხმა გაყიდოს. ჩვენ ვნახეთ, რა ვერაგია ხმის მყიდველი, რომელსაც აწყობს დამშეული და დაუძლურებული ხალხი, რომელთა დიდი ნაწილისგან ყიდულობს ხმებს,, რომ შემდეგ სამშობლო გაგვიყიდოს.

ჩვენ ყველამ, მაგრამ განსაკუთრებით მე, ვნახე შეშინებული, კიდევ უარესი -შეშინებული, მოთამაშე და გამყიდველი  „ახლობლები“ და ვნახეთ ერთგული „შორეულები“ და უცნობები. ვნახეთ, რომ პირველნი განაგებენ და სურთ, მორჩილებაში მოიყვანონ მეორენი.

ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ არა არჩევნები, არამედ ძალმომრეობა, ძირითადად, ფულით. ჩვენ. ყველამ ერთად ვნახეთ საშინელება, როცა ხალხის განწყობა და არჩევნების შედეგები აბსოლუტურად შეუთავსებელია, არა მარტო დღევანდელ, არამედ ყოფილ ხელისუფლებასთან მიმართებაში.

ყველაფერი ეს არის ის, რისიც უნდა ეშინოდეს ყოველ მოაზროვნე ქართველს, ჩვენი ქვეყნის შვილს და ნამდვილ მეგობარს.

თქვენ და საქართველოში ბევრი, ამ შიშმა გამორჩეულ მებრძოლად გაქციათ. ეს არის სწორედ მორალურობა დღეს, რაც თქვენ ჩემდამი კეთილად განგაწყობთ და არცთუ იშვიათად, გადაჭარბებულად მაფასებთ და მინდა ჩემ ამ პოზიციას გაგებით შეხვდეთ, ვინაიდან შეიძლება, ბევრმა ვერც თქვენ და ვერც მე გამიგონ.

ერთი, რისი იმედიც მაქვს, დარწმუნებული ვარ, თქვენც – ეს დროა.

დრო დაადასტურებს, რომ ქვეყანაში გამეფებულ სიყალბეს, პოლიტიკურ მაფიას,მხოლოდ მორალური ადამიანები თუ დაამარცხებენ და ის პოლიტიკოსები,რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან, სამშობლოსთვის ბრძოლაში შეუძლიათ თავგანწირვა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ კიდეც.

ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ. მე სხვა ცხოვრება არ მქონია და არც მექნება- ჩემგან ღალატი არ იქნება იამაყებს ყველა იმ ერთობით, რომელსაც „მორალურ ერთობა“ ჰქვია და ,რომელიც გააერთიანა მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შექმნილმა ქვეყნის განვითარების პროგრამამ-“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და გელათში, მეფეთ-მეფის მიერ შექმნილი მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, 8 თებერვალს, დავითობას მიღებულმა პროგრამამ– “ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”.

ასეთ განწყობით და მომავლის ხედვით შექმნილი პროგრამული დოკუმენტებით დავიწყეთ გელათში “ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი”, რომელსაც 26 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ,გავაგრძელებთ პარიზის ლევილის ქართველთა მამულში და შედგომ, 40 ქვეყნის 85 ქალაქში ჩატარების შემდეგ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არჩეულ დელეგატთა მონაწილეობით, დავასრულებთ მომავალი წლის შემოდგომაზე, ეროვნული ყრილობით – მომავლის საქართველოს პროგრამის დამტკიცებით,სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ არჩევით.

გეთანხმებით, დარწმუნებული ვარ, ეს არის ქვეყანაზე შეყვარებული, მოაზროვნე ადამიანების განწყობაც – მოქმედების დროა.

სწორედ მორალურ ადამიანებს შეეძლოთ ასეთ რთულ სიტუაციაში ხელისუფლებების მიმართ ასეთი სიძულვილის ეპოქაში, მოქმედების მთავარ ორიენტირად ექციათ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი... პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში გამაერთიანებლად ექციათ ბიბლიური მცნება: მთავარში ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული. მოქმედების ორიენტირად ექციათ დემოკრატიის საფუძველთა საფუძველი: „ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს მორალი და ზნეობა“

ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ქვეყნის მომავალი არც ქუჩასთან, არც ქუჩის პოლიტიკოსებთან, არც ქუჩის მიერ შექმნილ ბელადებთან და არც მილიარდერებთან, მით უფრო ხალხის გაღარიბება-გაღატაკებით გამდიდრებულებთანაა დაკავშირებული… არც „ნაცმოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“… არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ბიძინა ივანიშვილთან ,.. რომ ქვეყნის მომავალი არა გარედან მართვად, არამედ, ქვეყნის და ხალხის მსახურ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული.

ტრაგედია იმაშია, რომ ეს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ესმის, მაგრამ ამ ნაწილის აბსოლუტური უმრავლესობა შეუძლებლად მიიჩნევს ამის მიღწევას. ეს ხელებჩამოშვებულობა და უიმედობა აძლიერებს მორალური ადამიანების პასუხისმგებლობას, რომ ხალხში არსებული ეს დამანგრეველი განწყობა შეიცვალოს და ხალხის ენერგიამ ჯანსაღი მიმართულება მიიღოს.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ პირველ ეტაპზე მთავარია არა მომაბეზრებელი და პრაქტიკულად, ანტიქართული შეძახილი ერთობის თაობაზე, არამედ მორალურ ადამიანთა ერთობის შექმნა და შიშველი ხელებით ხელისუფლებებისა და პოლიტიკოსების მიერ, ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით, ელიტარული კორუფციით წართმეული საქართველოს დაბრუნება.

ეს არის საღვთო ბრძოლა. სწორედ ამიტომ ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, როცა ჩვენი პროგრამა მოისმინა:

რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს!“

უკეთესად ვერ იტყვი. მთავარია, ეს გაცნობიერდეს ხალხში და გაცნობიერდეს ხელისუფლებაში. ამიტომ დღეს განსაკუთრებულად საჭიროა მორალური ადამიანების ერთობა და მათი გაბედული მოქმედება.

მეც, თქვენც და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც ხედავს, რომ ქვეყანას შიგნითაც და გარეთაც, არც მორალური ადამიანების, არც რწმენის ადამიანების, არც მოაზროვნე ადამიანების და პროფესიონალების დეფიციტი აქვს. ქვეყანაში დღეს ჯერ კიდევ არ სჭირს მეცნიერული ხედვა და მეცნიერული აზროვნება. რომ არ არის იმის პრობლემა, ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ გეოგრაფიული, ბუნებრივი, ადამიანური რესურსების და ინტელექტის ქვეყანაში ასე სამარცხვინოდ არ ვცხოვრობდეთ.

მწამს და მჯერა, რომ ეს საერთო აზრია, რომ ასე ფიქრობს ამ ქვეყნის ყოველი ნამდვილი შვილი მიუხედავადებისა და სარწმუნოებრივი საკუთრებისა. ეს არის ქვეყნის სიძლიერე: იმის დასტური, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ ბრწყინვალე მომავლის ქვეყანაში ვცხოვრობთ… რომ დღეს უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ჩემმა შვილმა არ თქვას, ლაჩარი მამა, მშობლები, წინაპრები  მყავდაო… იამაყოს ჩემით, თითოეული ჩვენთაგანით, იცხოვროს ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

ეს განწყობაა წიგნად გამოცემულ, მეცნიერთა მიერ შემუშავებულ ქვეყნის განვითარების კონცეფციაში: “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, გელათში მიღებულ პროგრამლ დოკუმენტებში:”ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ”…  ამ განწყობას გვიძლიერებს ამ წიგნში შეტანილი ილია ჭავჭავაძის “დავით აღმაშენებელი”, აკაკი წერეთლისთამარ მეფე”, სიტყვა, რომელიც თამარ მეფემ მეფედ კურთხევის დროს თქვა და რომლის მასშტაბს და სიღრმეს ანალოგიც არ აქვს მსოფლიო ისტორიაში.

ამ განწყობით ვაგრძელებთ დისკუსიას მეცნიერთა და ყველა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, სწორედ მთავარ საკითხზე: “ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება”. ეს განწყობა იქნება ჩემს ყოველი ოთხშაბათის 16 საათის ფეისბუქკონფერენციის წამყვანი და წარმმართველი, რომლის მუშაობაშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ვფიქრობ, ყველაფერი ეს ამ კონფერენციის სათაურშივე სჩანს: “ფიქრი ამოძრავებული მომავალია – გვეშველება?” “გვეშველება!”- ჩვენ ასე ვფიქრობთ.

დისკუსიაც და ფეისბუქკონფერენციაც 11 აპრილიდან საზოგადოებრივი პროექტის:”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის ოფისში იქნება (ბოჭორიშვილის ქ.37ა)

მე მხიბლავს და ძალას მაძლევს “მორალური გუნდი” , რომელიც დღითიდღე იზრდება რიცხობრვად და ძლიერდება მოქმედების შინაარსით და ეს გულანთებული თანამემამულეები არიანქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, რომელთა სიძლიერე სუფთა, შშველი ხელები და ქვეყნისთვის ბრძოლის ჟინია. სწორედ ეს ხალხი თვლის, რომ : დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის ტოლფასია, გადარჩენა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობაშია ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის!

 

იხ.: ლუარა ნიჟარაძე: მხარი დავუჭიროთ ისეთ გამოცდილ, მაღალი პოლიტიკური კულტურის პოლიტიკოსს როგორიც თეიმურაზ შაშიაშვილია

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *