რეზო ბალანჩივაძე: როგორი უნდა იყოს მომავლის პარლამენტი?!

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტისადმი მკვეთრად უარყოფითია. უარყოფითია იმიტომ, რომ იგი ვერ გამოხატავს ჩვენი ხალხის ინტერესებს, მის მისწრაფებებსა და სურვილებს. და თუ კითხვაზე: „გვეშველება რამე?!“ გვინდა დადებითი პასუხი გავცეთ /სხვა შემთხვევაში ჩვენს ლაპარაკსაც არავითარი აზრი არა აქვს/, მაშინ დღევანდელი პარლამენტი უნდა შეიცვალოს უფრო მაღალი ინტელექტის, მაღალი ზნეობისა და ავტორიტეტის მქონე ახალი პარლამენტით, რომელსაც მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა „პიროვნებათა პარლამენტი“უწოდა. იდეა ამგვარი პარლამენტის თაობაზე გამოთქმულია წიგნებში „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ და „ახალი განზომილება“. ორივე ეს წიგნი მომზადებულია ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის ინიციატივითა და თაოსნობით, ცნობილ მეცნიერთა რეკომენდაციებსა და დასკვნებზე დაყრდნობით.
მანამ, სანამ განვმარტავდე – როგორი უნდა იყოს ეს „პიროვნებათა პარლამენტი“, ის უნდა ვთქვა, რატომ არ არის დღევანდელი პარლამენტი მისაღები ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისათვის და რატომ უნდა შეიცვალოს იგი სხვაგვარი პარლამენტით /ცხადია, არჩევნების გზით/.
მიღებული მწარე გამოცდილება გვკარნახობს, რომ მომავალ პარლამენტში მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ბიზნესმენთა რაოდენობა,რადგან მათ, სამწუხაროდ, პარლამენტი საკუთარი ბიზნესის „დასაკრიშად“ და მეტი სიმდიდრის მოსახვეჭად გამოიყენეს.
მომავალ პარლმენტში არ და ვერ უნდა მოხვდნენ ადამიანები, რომელთა სიმდიდრე და ქონება გაცილებით მეტია, ვიდრე მათ ამის საშუალებას საკუთარი ხელფასი აძლევთ
მომავალ პარლამენტში არ და ვერ უნდა მოხვდნენ ისინი, რომლებიც თავად მიძვრებიან პარლამეტში და საამისოდ ყველა უზნეობაზე მიდიან, უამრავ ფულს იხდიან იმისთვის, რომ პარლამენტარად გახდომის შემთხვევაში ათმაგად ამოიღონ „დანაკარგი“.
მომავალ პარლამენტში არ და ვერ უნდა მოხვდნენ ადამინები, რომელთა სახელები და გაკეთებული საქმეები უცნობია საზოგადოებისათვის და პირიქით, უნდა მოხვდნენ ისინი, რომელთაც ხალხისთვის ბევრი სასარგებლო საქმე აქვთ გაკეთებული.
მომავალი პარლამენტი, უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებით, რომელთათვისაც პარლამენტში გატარებული წლები გაცდენა უფრო იქნება, ვიდრე სიამოვნება, მაგრამ იგი ამ „მსხვერპლზე“ უნდა წავიდეს, ერთგვარი „ხარკი“ გაიღოს თავისი ქვეყნისა და ხალხისათვის.
დღეს ასეთი ხალხი არსებითად მეცნიერებაში, კულტურაში, განათლებასა და ხელოვნებაში არის საძიებელი. დიახ, ამომრჩევლებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ინტელექტუალებზე- ღვაწლმოსილ ადამიანებზე, ცნობილ მეცნიერებზე, პედაგოგებზე, კულტურისადა ხელოვნების თვალსაჩინო წარმომდგენლებზე.
ჩვენში ფართოდაა გავრცელებული გამოთქმა: „პოლიტიკა ბინძური საქმეაო“.შესაბამისად, პატიოსანი ადამიანი ცდილობს შორს დაიჭიროს თავი პარლამენტისაგან. ჩემი აზრით, ამგვარი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, შეცდომაა. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკა კი არაა თავისთავად ბინძური, არამედ ბინძური ადამიანების პოლიტიკაში შესვლაა, პოლიტიკას რომ უტეხს სახელს.
სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილის საზრუნავი მხოლოდ საკუთარი „მე“-ა და პირადი კეთილდღეობა და არა ქვეყანა და ხალხი.
.ასე რომ არ იყოს,მაშინ ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა ერთ პატარა ქვეყანაში ასობით პარტიის არსებობა.
მოდით, კარგად გავიაზროთ – რას ნიშნავს ამდენი პარტიის არსებობა?!
წესით, ყოველი პარტიის მიზანი უნდა იყოს ქვეყნის აღმშენებლობა და ხალხის კეთილდღეობა,
თუ მიზანი ერთია, მაშინ ამ ერთი მიზნის მისაღწევად რაღა საჭიროა ამდენი პარტია?! თუ მიზანი ერთია, მაშინ სრულიად გაუგებარია, ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება პარტიებს შორის.
კარგი მაგალითი წარსულიდან:
ქართლის ბედთან დაკავშირებიღ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ერეკლე მეფესა და სოლომონ ლიონიძეს, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლიდათ უდიდესი პატივისცემა გამოეხატათ ერთმანეთისადმი.
დამერწმუნეთ: იქ, სადაც ასეთი ქიშპი და მტრობაა, სადაც ამდენი ურთიერთსიძულვილია, ცხადია, იქ არც სამშობლოს სიყვარულია და არც კეთილი მიზნები.
ღირსეული პიროვნებები ასე არ იქცევიან! ისინი არც პარტიებს იცვლიან წარამარა და არც პოზიციას.
.სწორედ ამიტომ ღირსეულმა პიროვნებებმა, მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანებმა უნდა შექმნან მომავლის პარლამენტი,
რაც შეეხება ავტორიტეტს, ბრძოლა მის წინააღმდეგ არანორმალური ფსიქიკის სააკაშვილმა დაიწყო ასაკობრივი გრადაციის შემოღებით. მან 40 წელს გადაცილებული ადამიანები ჩასარეცხად გაწირა და სამსახურებიდანაც უაპელაციოდ გამოყარა.
ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლამ დაამხო და დააქცია ქართული მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მიწვდნენ ჩვენი სულიერი მამის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ავტორიტეტსაც. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება.ამის მოთმენა ეროვნული ღირსების შელახვის ტოლფასია.
დადგა დრო, რომ ქართველი ერი გამოფხიზლდეს. ხმა ამოიღოს და დადგეს თავისი ქვეყნისა და ხალხის, თავისი მეობის, თავისი ქრისტიანობის დაცვის სადარაჯოზე. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ისეთი თავმოყვარე, ღირსებით სავსე, ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ სიცოხლე გაეწირათ საუთარი ქვეყნისთვის. საქართველოს დღესაც ჰყავს ასეთი შვილი თუნდაც ვაჟა გაფრინდაშვილის სახით. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას საქართველო. ოღონდ მათ მოძიება, მიგნება, აღმოჩენა სჭირდება და მერე ქვეყნის პარლამენტში ან მთავრობასა და ხელისუფლებაში გადანაწილება. ხალხმა უნდა იწამოს, რომ ამ გაუსაძლის ვითარებაშიც კი ვიპოვოთ გამოსავალი. ჯერ კიდევ არის ხსნა, ამიტომ მივმართავ ჩვენს ხალხს, ჩვენ გულიან, თბილ, კეთილღიმილიან ხალხს, ახლა ღიმილსაც რომ გადაეჩვია. გააქტიურდით! ირწმუნეთ, რომ მხოლოდ ხალხშია ძალა. ხალხს შეუძლია ღირსეული პიროვნებების საშუალებით მართოს ქვეყანა, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, შეძლებთ იცხოვროთ სხვა საქართველოში. ღიმილიან, ხალისიან, კეთილი და მართალი ადამიანებით დასახლებულ საქართველოში. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რუსთაველის ქვეყანა, ლექსი ვეფხვისა და მოყმის ქვეყანა და ქართველი ხალხი ღირსია ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდეს და არა შიზოიდებისა და პარანოიკების ქვეყანაში., ხან ცოცხებს რომ აფრიალებენ და ხანაც ბოქლომებით ებრძვიან მთავრობას!
დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ მომავალ პარლამენტში თითოეული ჩვენგანის აქტიურობითა და ძალისხმევით, მოვლენ პატიოსანი, გონიერი, ზნეობრივი, უზადო რეპუტაციის მქონე, მაღალი კვალიფიკაციის ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული ცნობიერების, ეროვნული ღირსებისა და სიამაყის მქონე ადამიანები, ნდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. მხოლოდ ამ იმედით, ამ რწმენით, ამ განწყობით, ამ სულისკვეთებით შევძლებთ არსებული ვითარების დაძლევას, წინსვლას, გაერთიანებას, გაძლიერებას. და ჩვენ უცილობლად გავიმარჯვებთ ნაციონალური ბანდის უზნეობასთან და უპატიოსნობასთან ბრძოლაში.
ჩვენთან არს ღმერთი!
პროფ.რევაზ ბალანჩივაძე
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოს


