თემურ შაშიაშვილი: გუბერნატორმა პრეზიდენტს სასამართლო პროცესი მოვუგე.

დემოკრატიის ქვეყნებში კონკურენციის, სააქართველოში კი კლანურობის კანონი მოქმედებს.

 

პრეზიდენტი სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ სააკაშვილის წინააღმდეგ.

საქართველოში ყველაფერთან ერთად ეკონომიკაც პოლიტიზებულია და პოლიტიზებულია იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა ცივილურ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის გონებას შეუძლია. დემოკრატიის ქვეყნებში კონკურენციის, სააქართველოში კი კლანურობის კანონი მოქმედებს. მეწარმე, რომელიც ფეხქვეშ არ გაერთხმება პრეზიდენტს, მმართველ ჯგუფს – დაღუპულია, მეწარმე – მონა კი წარმატებული. 2003 წლის ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომ მისმა ავტორებმა 50-ზე მეტი წარმატებული მეწარმე – 100 000-ზე მეტი დასაქმებულით მიწასთან გაასწორეს მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტის და ,,ნაციონალების” დაკრულზე არ იცეკვეს.

ბოლო წლის რამდენიმე მაგალითი.

ქიბარ ხალვაშის ბიზნესი მიწასთან გაასწორეს… გოჩა ძასოხოვს, კაცს რომელსაც სააკაშვილი გმირს ეძახდა, ყველაფერი წაართვეს, მისი ბიზნესი გაანადგურეს… ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი აღარ არის – საქართველოში მისი ბიზნესი მოსპეს. ყველაფერი ეს პიროვნული დამოკიდებულების გამო ხდება – პრეზიდენტს ასე სურს.

ებრძვიან ეროვნულ კაცსა და მეწარმეს გოგი თოფაძეს – ყვავის პრეზიდენტის მეგობრის დავით ბეჟუაშვილის ბიზნესი.

ბენზინის ბიზნესის ყველა ქართული წარმომადგენელი განადგურებულია – ყვავის ,,ვისოლი”, რომელსაც პრეზიდენტის ძმა პატრონობს.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აკეთებს იმას, რასაც ებრძვოდა იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი. პრეზიდენტი სააკაშვილი ეროვნულს უწოდებს იმას, რასაც ანტიეროვნულს ეძახდა მინისტრი სააკაშვილი. ამ უკანასკნელის მაგალითია გადაწყვეტილება სომხეთისათვის გოდერძის უღელტეხილით შავ ზღვაზე გასასვლელი გზის მშენებლობის თაობაზე. პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს მომავლის გზას ეძახის იმას, რასაც ,,მოქ-კავშირელი” მინისტრი სააკაშვილი საქართველოსათვის ასლან აბაშიძის ღალატად თვლიდა. ეს ცალკე განხილვის საგანია. ამის შესახებ სხვა დროს… ამჯერად კი ქუთაისის საავტომობილო ქარხანასთან დაკავშირებულ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მინისტრ სააკაშვილის დიამეტრულად საწინააღმდეგო ორ პოზიციას შევეხები.

2001 წლის 14 იანვარს, ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, პირადად ჩემს მიერ მოწვეულ პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს წარვუდგინე ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ბაზაზე ინდუსტრიული ზონის (მაღალი ტექნოლოგიების პარკი) შექმნის პროგრამა. იგი ეყრდნობოდა ევროპის გამოდცდილებას, რომელიც პირადად შევისწავლე სპეციალსტებთან ერთად. ქარხანაში ჩამოსულები დაეთანხმნენ ჩვენს პროგრამას, მას ,,ქვეყნის გადარჩენის პროგრამაც” კი უწოდეს (ვთხოვ გაზეთებსა და ტელევიზიებს ამოიღონ არქივიდან ამ პერიოდში გამოქვეყნებლი მასალები, გადაცემული სიუჟეტები…).

თბილისში დაბრუნებულმა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს კატეგორიული მოთხოვნით გადაწყვეტილება შეცვალა, გადაწყვეტილება შეცვალა შევარდნაძემაც – დაეთანხმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ამოფარებულ ,,მოქ-კავშირის” მართველ გუნდს და ბრძანებულებით ქარხანა აუქციონზე გაიტანა. ,,მოქ-კავშირის” მმართველი გუნდის (დღევანდელი ,,ნაც-მოძრაობის” მართველი გუნდი) დახმარებით იგი სახელმწიფო ქურდებმა და ე.წ. ,,კანონიერმა ქურდებმა” იყიდეს.

ბრძოლა არ შევწყვიტე. სარჩელი შევიტანე სასამართლოში პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულების გაუქმების მიზნით. გუბერნატორმა პრეზიდენტს სასამართლო პროცესი მოვუგე – ქუთაისის საავტომობილო ქარხანა სახელმწიფოს დაუბრუნდა.

ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომ უკვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა საავტომობილო ქარხანა, მართლაც, ქვეყნის დიდი სიმდიდრე, სადაც 100 მილონზე მეტი დოლარის ჯართი დევს, რამდენიმე ათას დოლარად საკუთრებაში გადაუფორმა მის მეგობარ დავით ბეჟუაშვილს. კიდევ უფრო მეტი, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო პირის – დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას აცხადებს ინდუსტრიულ ზონად – განსაკუთრებული საგადასახადო შეაღავათებით. რასაც 8 წლის წინ მინისტრმა სააკაშვილმა მხარი არ დაუჭირა – დღეს იგივეს პრეზიდენტი სააკაშვილი უსირცხვილოდ ქვეყნის გადარჩენას ეძახის. პრეზიდენტის განცხადებით აქ შემოდის ეგვიპტური კომპანია, რომელიც რამდენიმე მილიარდს ჩადებს ინდუსტრიულ ზონაში. მილიარდებს ,,დებს” კომპანია , რომელსაც ეგვიპტეში არავინ იცნობს, რომლის წლიური მოგება 100000 დოლარის ფარგლებშია. ცივილურმა მსოფლიომ მსგავსი ფაქტი არც იცის და ვერც დაიჯერებს რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ფაქტია, ხელისუფლება ქვეყანას ტოტალურ ტყუილებში აცხოვრებს.

ამ დღეებში სააკაშვილი საუბრობს ცემენტის ქარხნებზე, იყო კასპის ცემენტის ქარხანაში. ცემენტის ბიზნესი ბეჟუაშვილს ეკუთვნის და ქარხნებიც მუშაობენ იმის გამო, რომ მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხებით შენდება ავტობანი. დიდი ანალიზი არ არის საჭირო იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხები დიდ ფინანსურ სიმძიმედ ედება საქართველოს, ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს, დღეს კი ამ ფულებით სააკაშვილის მეგობრები და კლანი მდიდრდება და ძლიერდება.

საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის რომქვეყნის საგარეო ვალი კატასტროფულად იზრდება. ექსპერთა აზრით 2 წელიწადში 5.5 მილიარდი დოლარით გაიზარდა – იყო 1.8, გახდა 7.3. ეს ციფრები გასაიდუმლოებულია, მაგრამ სახელმეიფო სტატისტიკის მონაცემებიც კი განგაშს უნდა იწვევდეს. სახელმწიფო სტატისტიკით საგარეო ვალი 1 წელიწადში 1 მილიარდით გაიზარდა და 2.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მართლაც, კატასტროფაა და განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არა თუ აცნობიერებს ამას, არამედ საგარეო ვალებით დაგებული გზების გამო აქებს პრეზიდენტს. ვიმეორებ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ამ დღეებში ნაქები ცემენტის ქარხნები საგარეო ვალებით მუშაობენ და ამდიდრებენ სააკაშვილსა და მის კლანს.

პირადად ჩემთვის კასპის ქარხანაში სააკაშვილის სტუმრობა ერთი რამითაც არის მნიშვნელოვანი. თავის დროზე ყველა ეჭვქვეშ აყენებდა ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჩეხი ბიზნესმენების სახელით ჭიათურმანგანუმში შემოსული გუნდის უკან ბეჟუაშვილი და სააკაშვილი იდგნენ. დღეს კასპის ცემენტის ქარხანას და ჭიათურმანგანუმსაც იგივე გუნდი ხელმძღვანელობს დირექტორების ჩათვლით. ესეც ცალკე საუბრის თემაა… თუმცა ყველაფერს ნათელი მოეფინება თუ ტელევიზიის პირველი არხი არქივიდან ამოიღებს ინგა გრიგოლიასთან ჩემი და იუსტიციის მინისტრ სააკაშვილის უმძიმესი შეხვედრის ამსახველ მასალას რომელიც ასეთი სიტყვებით დავამთავრე: ,,საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრენის ხელში”. ეს 2001 წლის გაზაფხულზე მოხდა. სამწუხაროდ, ბევრის გახსენება არც სააკაშვილს და არც მის მხართდამჭერთ აღარ სურს.

უზნოებას, როგორც ჩანს, საზღვარი არა აქვს. საქართველოში ბიზნესი სააკაშვილის კლანის ხელშია. მარტო მისი მეგობარი პარლამენტარი ბეჟუაშვილი ქართული ბიზნესის ყველაზე დიდ და მთავარ სეგმენტს ფლობს დაწყებული ოქროს, მარგანეცის, ნახშირის საბადოებით და დამთავრებული საავტომობილო, ცემენტის, ნავთობის, სატელევიზიო და სხვა მრავალი ბიზნესით. ეს მაშინ , როცა საქართველოს კანონმდებლობა პარლამენტარს ბიზნესში მონაწილეობას უკრძალავს.

დადგება დრო და ქართველი ხალხი დეტალურად გაიგებს იმ უბედურების შესახებ, რაც არაქართული ცნობიერების სააკაშვილის კლანმა მოუტანა საქართველოს ეკონომიკას და მთლიანად საქართველოს.

და ბოლოს.
მძიმე ფაქტები მოვიყვანე. მსგავსი ფაქტი უამრავია. თუ ვინმესთვის ეს ფაქტები საკამათოა მზად ვარ მათთან საჯარო კამათისათვის. და თუ ეს ყველაფერი სწორია, მაშინ როგორ შეიძლება ასეთი კაცი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი?

30 აპრილი 2009 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *