თემურ შაშიაშვილი ჯიბით დედის სურათს ატარებს
ჯიბით დედის ფოტოს ატარებს და აკადემიკოს მაგალი თოდუას ხელნაწერს. სადაც მისი გვარის ისტორიაა აღწერილი, მე-15 საუკუნის საბუთის ერთ-ერთ ქვეთავში წინაპრის, ნასყიდელა შაშიაშვილის შესახებ ცნობები უპოვია, რომელზეც მკვლევარი განუმარტავს:“თქვენი წინაპარი მდიდარი კაცი ყოფილა. ცხრა ცხენის ტვირთი და კიდევ ნახევარი ხატისა ემართა წელიწადში. თქვენი სალოცავი ხონის წმ. გიორგისა ყოფილა. თქვენ ხონის ხატისკაცები ხართ…“
2009 წელს დაფუძნებული „მოძრაობა თეთრების“ და შემდგომ „თეთრებად“ ჩამოყალიბებული პარტიის თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, ამაყობს იმით, რომ დაცვა არასოდეს არ ჰყოლია, მათ შორის აფხაზეთის ომის დროს. თემურ შაშიაშვილმა თავის ცხოვრებისა და ბიოგრაფიაზე საუბრისას მრავალი საინტერესო დეტალი გაიხსენა, რომლის ნაწილს ჟურნალი „რეიტინგის“ მკითხველს ვთავაზობთ…
წინაპრები და ოჯახი
ჩემი ბიოგრაფია არის გელათიდან ბაგრატამდე. ალბათ ბევრი, ვინც ამ სიტყვებს წაიკითხავს, იფიქრებს, რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ძალიან მარტივად აგიხსნით: 5 წლის ვიყავი, როცა საბავშვო ბაღიდან ბავშვები გელათში ავყავდით, ხელით ვეხებოდით დავით აღმაშენებლის საფლავს. გელათის მონასტრის ირგვილვ მდებარე სახლებში ვცხოვრობდით, ორმოცამდე ბავშვი მთელს დღეებს მის ეზოში ვატარებდით…
მაშინ, ბავშვობისას, ჩემთვის ჭეშმარიტება იყო ის, რასაც ხელით ვეხებოდი და 2003 წელს, როცა ბაგრატის ტაძრის 1000 წლისთავი აღვნიშნეთ ჩემთვის ჭეშმარიტება იყო ის, რასაც გონებით ვწვდებოდი. გელათში ხელისშეხებიდან – დღეს გონებით წვდომამდე ეს არის ჩემი ბიოგრაფია.
ქუთაისის ბაკისუბანში ვცხოვრობდით, სადაც ყველა მოსახლე მისდევდა სოფლის მეურნეობას. დედა შუშანა სალდაძე და მამა გივი შაშიაშვილი იქიდან იყვნენ. ბავშვობაში ვიყავი შეჩვეული ყველაფერს, რაც სოფლის მეურნეობას უკავშირდებოდა. სამი ჰექტარი მიწა გვქონდა და მას ჩვენი ოჯახი ამუშავებდა. დედა ერთი წლის წინ გარდაიცვალა. როცა ცოცხალი იყო, მისი ფოტო ჯიბით დამოქნდა და ეს ყველა ჩემმა მეგობარმა იცის. სუფრაზე, რა თქმა უნდა წინაპრების და მშობლების სადღეგრძელოს ვსვამ, მაგრამ დედის სადღეგრძელო ცალკე ითქმის და განსაკუთრებულია. საოცრად კარგი დედა მყავდა და მის გარდაცვალებას ძალიან განვიცდი, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იცოცხლებდა, რადგან მის გვარში ყველა ასე იყო,მაგრამ 2004 წელს ჩვენს სახლთან აფეთქება მოხდა, ის გარეთ იყო და იმდენად შეშინდა, რომ მას შემდეგ ლოგინად ჩავარდა. მაშინ ეს აბაშიძეს დაბრალდა,თითქოს მან გამოაგზავნა ხალხი. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი და მეც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი. შინ რომელ საათზეც უნდა მივსულიყავი, დედა ფხიზლად მელოდებოდა და არ მახსოვს შემთხვევა, ასე რომ არ ყოფილიყო. საოცრად განიოცდიდა, როცა არ ვჭამდი. სიჩქარის გამო გარეთ გასაუთოებუელი შარვლით რომ გავსულიყავი, მისთვის ეს ტრაგედია იქნებოდა და მგონი ასეთი რამ არც მომხდარა. განებივრებული ვიყავი სკოლის მხრივაც, საოცრად კარგი მასწავლებლები მყავდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი დამრიგებელი, ლუბა ვაჭრიძე, რომელსაც ისეთივე ხასიათი და მოთხოვნები ჰქონდა, როგორც დედას. ის ბავშვებს საოცარ წესრიგს გვაჩვევდა, გვიმოწმებდა, სუფთა გვქონდა თუ არა ფრჩხილები. აუცილებლად უნდა გვცმოდა გაწმენდილი ფეხსაცმელი, გაუთოებული ფორმა, სუფთა საყელო…დღესაც, როცა კლასელები ვიკრიბებით, საოცრად ლამაზად და კოხტად გამოიყურება ყველა. ეს პეწი მან მოგვცა…
ბაკისუბნის სასაფლაოზე მისი, დანარჩენი მასწავლებლების და ჩვენგან წასული მეგობრების საფლავებზე წელიწადში ორჯერ მივდივარ, მათ შორის მაია ჩიბურდანიძის ძმის საფლავზე. ის ჩემთან ერთად სწავლობდა და მახსოვდა მაიასთან სკოლის ფანჯრის რაფაზე ნათამაშევი ჭადრაკი.
რაც შეეხებას დედმამისშვილებს, მყავს უფროსი ძმა და უმცროსი და. ჩემი და ამერიკაშია, ხოლო ძმა ქუთაისში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა. ქუთაისში გამსახურდიას მე-5 შესახვევში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, ჩემი ორი ძმისშვილი და როცა ყველანი ვიკრიბებით მამაპაპისეულ სახლში 20-22 ადამიანი ვიყრით თავს. ის სახლი 1961 წელს აშენდა და მახსოვს ყველა ის ადამიანი, რომლებიც მშენებლობაზე ისე პატიოსნად მუშაობდა, რომ სახლი დღესაც ძველებურად დგას.
… ქუთაისის 27-ე სკოლა დავამთავრე. წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. ისევე, როგორც პოლიტექნიკურ და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს ტექნიკურ სასწაველბელში. კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს და კალათბურთხს, ჩოგბურთს, ვჭიდაობდი კიდეც. ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდული ნაკრების წევრიც ვიყავი, მუმდივად 3 ნომერი და ამის გამო ხშირად მურთაზს მეძახდნენ და სიხარულით ვამბობდი მურთაზ ხურცილავა ვარ -მეთქი. ალბათ ამდენი ტაში არავისთვის მაქვს დაკრული, რამდენიც მისთვის და საერთოდ, ჩვენი ფეხბურთელების და კალათბურთელებისთვის.
არც დედის, არც მამის მხრიდან გვარში არავინ ყოფილა პარტიის წევრი და არც რაიმე თანამდებობა ჰქონიათ,მაგრამ თუ უბანში ლხინის სუფრა იშლებოდა, თამადა ან მამაჩემი იყო, ან ბიძაჩემი. ბიძაჩემს შვილი არ ჰყავდა და რადგან ოჯახში ორი ძმა ვიყავით, უნდოდა მე ვეშვილებინე, მაგრამ ჩემები არ თმობდნენ. კონსტანტინე ყარაჩოხელი კაცი იყო, „ზიმით“ დადიოდა, ბავშვებს ჩაგვსხამდა და დაგვატარებდა, მერე ამოიღებდა ფულს და გვასაჩუქრებდა, თუ ბევრნი ვიყავით, ათ-ათ მანეთს გვირიგებდა. თუ მარტო მე მნახავდა, ას მანეთს მჩუქნიდა. ბიძაჩემი 1984 წელსგარდაიცვალა და გვარში ასეთი მწუხრი არ მახსოვს. ვგავარ ასევე დედის მხრიდან მეორე ბიძას, გრიგოლს, რომელიც საოცრად გულიანი კაცი იყო. მე ამ ადამიანების ტრადიციებზე ვარ გაზრდილი. ისინი ჩემთვის ავტორიტეტები იყვნენ…
სკოლიდან მოყოლებული, უმაღლესით დამტავრებული, ვიყავი რაზმეულის საბჭოს თავმჯდომარე და სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. სკოლაში მასწავლებლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა კონფლიქტის მიზეზი მარტო ის ხდებოდა, როცა კლასი „შატალოზე“ მიდიოდა, მეც მივყვებოდი და ამის გამო მსაყვედურობდნენ.
ჟურნალისტიკაზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ საამისოდ საჭირო იყო მუშაობის სამწლიანი სტაჟი და ამიტომ დავიწყე ქუთაისის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში მუშაობა, სადაც არაჩვეულებრივი მწიგნობარი კაცი, დავით მანდარია მუშაობდა. მაშინ 16 წლის ვიყავი, ზაფხულში მუშაობა დილის 7 საათზე იწყებოდა. ჩემი სახლიდან სტამბამდე ორი -სამი კილომეტრი იყო და ფეხით დავდიოდი. იმ პერიოდში გამოიცა ივანე პაპასკირის „ქალის ღირსება“ და ბალზაკის „გამქრალი ოცნებანი“და პირველი ხელფასით სწორედ ეს წიგნები შევიძინე. საოცრად მდიდარი ბიბლიოთეკა მაქვს და მეამაყება, რომ ის პირადად ჩემი შექმნილია. დაახლოებით 30 ათასი წიგნი მაქვს.
… ჩვენს ოჯახში ყოველთვის აღნიშნავდნენ ახალკვირის დღესასწაულს, ანუ აღდგომის შემდგომი კვირა დღეს. ქუთაისიდან და თბილისიდან ჩვენთან ნათლია-ნათესავები იკრიბებოდნენ . ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ჩვენთან იყო მამიდის ქმარი, სანდრო ჭოღოშვილი და ქუთაისის ვაჭრობის სამმართველოს უფროსი, გვარად ჯიბლაძე. როგორც ჩანს, მან მამა გაიცნო, გაესაუბრა და რამდენიმე დღეში მამა მაღაზიის დირექტორად დანიშნეს. მაშინ VI-VII კლასში ვიყავი და ჩვენს ოჯახში პირველი კონფლიქტი მოხდა. სახლიდან წავედი და პროტესტის ნიშნად ბიძასთან, ოთარ შალიკაშვილთან გადავსახლდი. მიმაჩნდა, რომ ჩვენი ოჯახის წარმომადგენელს მაღაზიაში არ უნდა ემუშავა. უფრო სწორად, მამა ვერ წარმომედგინა იმ მაღაზიაში, ის იყო საზოგადოებისათვის მიღებული პიროვნება და იმ სფეროში, სადაც მოხვდა, ურთიერთობები ფულით გვარდებოდა. ჩვენი ოჯახი ოდითგანვე წესიერებით იყო გამორჩეული. ჩვენი ერთ-ერთი წინაპარი ეკლესიაში გალობდა, დანარჩენები მიწასთან მუშაობდნენ, ამიტომ მუდამ ვამბობდი, რომ ვაჭრობა ჩვენი საქმე არ იყო და ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. დღეს შეიცვალა ვაჭრობისადმი დამოკიდებულება, მაგრამ მე დღემდე ასე ვფიქრობ და მით უმეტეს მაშინ ჩემი კატეგორიულობა აუცილებელი იყო. საბოლოო ჯამში ყველაფერი დალაგდა და ყველაფერი ისე დასრულდა, რომ მამა იმ სფეროდან წამოვიდა.
… 1970 წელს სხვადასხვა არჩევით თანამდებობაზე ვიმყოფებოდი. პატარა ბიჭი მივედი კომკავშირის საქალაქო კომიტეტში, მაშინ როცა შევარდნაძე გახდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მაშინვე ჟიული შარტავა არჩეულ იქნა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად. მე მას გარეგნულად არ ვიცნობდი. კვირა იყო, მეშახტეთა დღე. დილით მივედი სამსახურში და ერთ-ერთ ოთახში, სადაც დავჯექი ჟიული შემოვიდა. მაგიდაზე გადაშლილი მედო „ქართლის ცხოვრება“ და ქართველი პოეტების წიგნი. მან წიგნებს დახედა და გამესაუბრა. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და ბოლოს გავიგე, რომ ჟიული შარტავა ყოფილა. იმ მცირეხნიანი შეხვედის მერე მან თვალი დამადგა და იმდენად კეთილად განეწყო, რომ თუ სადმე რაიმე ადგილი გათავისუფლდებოდა, ყველგან ჩემს კანდიდატურას ასახელებდა და წარმადგენდა…
კომკავშირის ქალაქკომის პირველ მდივნად მუშაობის დროს, პიონერთა ბანაკის ნაცვლად, პროფილური ბანაკები შევქმენი და ქალაქში 18 ასეთი ბანაკი გვქონდა. შემდგომში იმერეთის გუბერნატორობის პერიოდშიც გავხსენი მსგავსი ბანაკები; მარტვილში, ვანში, ხონში. ეს ყველაფერი იმდენად კარგად წავიდა, რომ სულ ცხრა თვე გამაჩერეს კომკავშირის ქალაქკომის პირველ მდივნად… 1974 წელს ჟიული შარტავას რეკომენდაციით დავინიშნე კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ. მოგვიანებით მისივე ინიციატივით ამირჩიეს ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად და ვიყავი საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე. მინდა აქვე გითხრათ, რომ ჟიული შარტავას თაობა იყო ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა თაობა. მაშინ ეროვნულუ საქმეები კეთდებოდა და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არისდ. თავად კი საოცრად წესიერი კაცი გახლდათ. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: 1978 წელი იყო, სენაკში ჟიულის სიდედრი გარდაიცვალა. აეროპორტის უფროსმა დამირეკა და გაკვირვებულმა მითხრა, რომ დღეა ქუთაისში ჟიული შარტავა ჩამოდის და არ ვხვდებიო. გაკვირვებული იყო, რადგან კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი ჩადიოდა და მისი არდახვედრა შეუძლებელი იყო. გავიკითხე და გავიგე, რომ თურმე ჟიულის სიდედრი ჰყავდა გარდაცვლილი და ამ ფაქტს არ ახმაურებდა – არ სურდა, ხალი პანაშვიდზე სიარულით შეეწუხებინა. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ თბილისიდან ქუთაისში მიფრინავდა, აეროპორტში მანქანა ხვდებოდა, რომელსაც ის სენაკში მიჰყავდა. პანაშვიდს დაესწრებოდა და ისევ თბილისში ბრუნდებოდა. დილას ჟიული სამსახურში ცხადდებოდა და იმავე საღამოს კვლავ ქუთაისში მიფრინავდა. ეს იყო ძალიან წესიერი და სუფთა პიტროვნება და მისი თაობის 90% ასეთი იყო… ვალდებული ვარ ვთქვა, რომ დღეს იმ თაობიდან ბევრი ადამიანი ცოცხალი რომ იყოს, მათ შორის ჟიული შარტავა და მამუკა ასლანიკაშვილი, ქვეყნის ბედი სხვანაირად წარიმართებოდა…
იმერეთის გუბერნატორი
… 1989-1990 წლებში ჩემი აღმასკომის კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქუთაისიდა საბჭოთა ჯარში არავინ წასულიყო… არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ ეს ფაქტია… ლენინის ძეგლების ჩამოყრა რომ დაიწყო, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქუთაისში არსებული ორი ძეგლიდან ერთ-ერთი მოგვეხსნა. ეს რომ ეროვნულ მოძრაობაში გაიგეს, მისმა რამდენიმე წარმომადგენელმა, რომელსაც არ დავასახელებ, შეიცხადა, როგორ, გვასწრებენ და ამ გზით ავტორიტეტის მოპოვებს სურთო. მივარდნენ, ძეგლები ჩამოაგდეს და დაამსხვრიეს. ამის შემდეგ მივხვდი, რომ იმ ადამიანებს არ აწყობდათ, რომ ხელისუფლებაში ვინმე ეროვნული პოზიციის მატარებელი ყოფილიყო. 90-იან წლებში შეიქმნა ქალაქის საბჭო და ამირჩიეს ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993-1996 წლებში ვიყავი ქუთაისის პირველი მერი, 1995-2003 წლებში – იმერეთის პირველი გუბერნატორი. ჩემი ქალაქის მერობის დროს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარეს. 21-27 სექტემბრის „ღვთისმშობლობიან-ჯვართამაღლების“ პერიოდის აღნიშვნა პირველად 1990 წელს, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში დავიწყეთ და ამავე დროს გაიხსნა გელათის აკადემია. პატრიარქმა თავის სამადლობელ სიტყვაში აღნიშნა, რომ გელათის აკადემიის გახსნის ინიციატორი და მთავარი მოთავე ქალაქის ხელმძღვანელი, ანუ მე ვიყავი. იმავე დროს ქუთაისში გაიხსნა კონსერვატორია და ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა…
… 1993 წლის 21 სექტემბერს დარეკეს ვაჟა ლორთქიფანიძემ და ჟიული შარტავამ და სოხუმში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ მიამბეს. აუცილებელი იყო იქ ქუთაისიდან დამატებით ძალები ჩასულიყო. 23-ში 300-მდე კაცი სოხუმის დასაცავად ვიყავით მზად. გენერალ დავით ნაირაშვილს ვაჟა ლორთქიფანიძემ დაურეკა და უთხრა, რომ ყველა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც სოხუმის მიმართულებით მიფრინავდა, ან იქიდან ბრუნდებოდა. ჩვენს თვითმფრინავსაც იგივე ბედი ელოდა. მაშინ მე ქალაქის მერი ვიყავი და ბევრმა მითხრა, იქნებ თვითმფრინავში არ ჩავმჯდარიყავი, მაგრამ უარი ვთქვი, მხოლოდ ბიჭები რომ გამგზავრებულიყვნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ჩემს ცხოვრებას და გვარს დავასახიჩრებდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილება და ამით ვამაყობ. მაშინ მე მივედი მეუფე კალისტრატესთან და სიტუაცია განვუმარტე. ახლა მასზე გული მწყდება, ბევრ რამეზე გულნატკენი ვარ, მაგრამ მაშინ ვოიამაყე, რომ მეუფე კალისტრატემ მაშინ ჩვენთან ერთად წამოსვლა გადაწყვიტა, თვითმფრინავში ვისხედით და ის რამდენიმე წუთი, რაც ფრენას დასჭირდა, მხოლოდ მე და მეუფემ ვიცოდით, რომ თვითმფრინავს 99პროცენტით ჩამოგდება ემუქრებოდა. მოხდა ისე, რომ უვნებლად ჩავფრინდით. საკუთარი თვალით ვნახე, რომ რამდენიმე დღის მშიერმა ადამიანებმა , მეუფე კალისტრატეს დანახვისას რომელსაც პური და სანთლები ეკავა, როგორ გამოართვეს მას არა პური, არამედ სანთლები. იქ საოცარი აღტკინება დაგვხვდა და ის ღამე რამდენიმე გენო კალანდიას ოჯახში გავათიეთ. მეომრები სხვადასხვასახლში გადანაწილდნენ. ქუთაისიდან ჩაყვანილმა 300 კაცმა 27 სექტემბრამდე გავახანგრძლივეთ სოხუმის დაცვა. ერთ-ერთ დღეს, სანამ ჟიული შარტავას უბედურება შეემთხვეოდა, მასთან კაბინეტში ავედი. ფეხზე მეძინებოდა და მან თავის მოსასვენებელ ოთახში შემიყვანა, დაისვენეო. ხის ტახტი და მუთაქა იყო. ვერაფრით ვერ მოვისვენე და წამოვდექი. გვერდით ოთახში , სადაც მეუფე კალისტრატეს წინ ჟიუკი შარტავა იდგა და ამბობდა:“ უფალო, მე წამიყვანე და საქართველო გადაარჩინეო“. მას მეუფე აწყნარებდა და მერე ისე, რომ ჟიული შარტავას არ გაეგო ისე თქვა ამას უფალი სამ დღეში წაიყვანსო. ზუსტად ასე მოხდა, ამ ამბიდან მესამე დღეს უფალმა ჟიული შარტავა წაიყვანა.
სოხუმიდან უკან დაბრუნება რომ გადავწყვიტეთ, რომ იქ ისევ ჩავსულიყავით და რამენაირად დასახმარებელი გზა გამოგვეძებნა, ჩვენი გამოფრენის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ შევარდნაძე და შარტავაც. ჟიული მაინც დავარწმუნეთ და მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, იმ დღის მერე აღარც მინახავს. დღესაც თვალწინ მიდგას დამსვიდობების სცენა. ჟიულიმ კალმები და „ფლომასტერი“ გვაჩუქა, რომელსაც მაშინ სოხუმში აწარმოებდნენ. წამოსვლისას საკათედრო ტაძარში ავედიტ. ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარი მეუფე დანიელი იყო. მეუფე კალისტრატესა და შემდგომში მეუფე დანიელის წირვის აღვლენის შემდეგ თვითმფრინავთან მივედით. 4 საათი იყო და იმ დროს თბილისიდან ჩამოფრინდა თვითმფრინავი, რომელიც დაჯდა თუ არა, ჩვენს თვალწინ ააფეთქეს. აეროპორტში ლევან თედიაშვილი იდგა და თავის შვილს უთხრა, აფეთქებულ თვითმფრინავთან მისულიყო – მიდი, იქნებ ვინმეს გადარჩენა შეძლოო. გადადგა ბიჭმა რამდენიმე ნაბიჯი და ლევან თედიაშვილის შვილი მამის თვალწინ მოკლეს. იქ იყო დიმა ჯაიანი, ვახტანგ ყოლბაია და ყველა ჩვენი წამოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი იტო, მაგრამ მაინც წამოვედით და ჩვენი თვითმფრინავი ღამის 5-ის 13 წუთზე აფრინდა. იმ პილოტს გამბედაობისთვის ქება ეკუთვნის. თვითმფრინავი სიბნელეში ისე ააფრინა და ისე ატარა ნახევარ საათზე მეტი, რომ შუქი არ აუნთია. სახიფათო ზონიდან რომ გამივედით, განათება მხოლოდ მაშინ ჩართო. თვითმფრინავში ვისხედით მეუფე კალისტრატე, ფრიდონ ინჯია, ჟურნალისტი ნანა კუხელაშვილი, მისი ოპერატორი და ლევან თედიაშვილი შვილის ცხედრით. ქუთაისში რომ დავფრინდით, ლევანმა მთხოვა მომხდარი ტრაგედის შესახებ მისი მეუღლისთვის მე მეცნობებინა. ცუდად გავხდი, ეს ვერ შევძელი და ამის გაკეთება ვაჟა ლორთქიფანძეს ვთხოვე, რომელსაც თბილისში დავურეკე და ლევან თედიაშვილის თხოვნა გადავაბარე.
აი, რა აქვს ამ ხალხს გადატანილი და მსგავსი დამოკიდებულება, რაც მათ მიმართ არის, არ შეიძლება! ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ეს არის ბიოგრაფია. ჩვენ შეგვეძლო ამერიკაში და სხვა ქვეყანაში ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ იქ ვიდექით, სადაც საჭირო იყო და სადაც საქართველოს სჭირდებოდა. ჩემს ცხოვრებაში კიდევ იყო რამდენიმე საბედისწერო მომენტი. მათ შორის ის, როცა ორჯერ დავიდექი წინ თბილისისკენ წსმოსულ ტანკებს. ეს ჯერ 1993 წელს და მეორედ 1998 წლია 19 ოქტომბერს მოხდა. ვიქნებოდი მეცნიერებაში თუ ბიზნესში, ვიქნებოდი ასევე თასვშეწირული. ვარ პოლიტიკაში და ვიცი, რომ დღეს ვარ თავგანწირული პოლიტიკოსი. დღეს ისეთი პოლიტიკოსების დროა, რომელთაც ქვეყნისთვის თავის შეწირვა შეუძლიათ, შეიძლებსა ასეთები ხალხში მეტ-ნაკლები სიყვარულით სარგებლობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი არც ხელისუფლებაში მოსწონთ და არც ოპოზიციაში…
ანა კალანდაძე