(ასავალ-დასავალი)თეიმურაზ შაშიაშვილი: ეს რეფორმა, უპირველესად, სტუდენტების წინააღმდეგ არის მიმართული!

 

IMG_9295თემურ შაშიაშვილის ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა 2006 წელს, როცა “ნაცმოძრაობა” ძალაუფლებისა და პიპულარობის პიკზე იყო. ..

გასულ კვირაში გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ დასტამბა, ჩვენი აზრით, ფრიად საგულისხმო ინტერვიუ იმერეთის ექს-გუბერნატორთან, რომელმაც ერთგვარად შეაჯამა გასული წლების წინ ჩამოყალიბებული დოქტრინა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური აღმავლობისათვის. და აი, უნივერსიტეტის პროფესორთან „წინ საქართველოს“, „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა“ და „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გაზეთმა ინტერვიუ ჩამოართვა ბატონ თეიმურაზ შაშიშვილს, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ.

– ბატონო თემურ, გთხოვთ გაგვაცნოთ თქვენი მოსაზრება უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობასა და, საერთოდ, საერთოდ რეფორმასთან დაკავშირებით.

– პოზიცია ისეთივეა, როგორიც გვქონდა ორი წლის წინათ: ეს არის რეფორმა საქართველოსა და ქართველობის წინააღმდეგ. ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებულია „თავისუფალი აზრის დარბაზებისთვის“ გასული წლის 20 ივნისს წარმოდგენილ მოხსენებაში. მაშინ ჩვენმა პოზიციამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა ვერც სამეცნიერო წრეებში და ვერც პოლიტიკურ ძალებში. არადა, დადგა დრო, როცა პოლიტიკოსები უნდა ემსახურონ მეცნიერებას, კულტურას, ხელოვნებას, განათლებას. რაც მთავარია, დადგა დრო, მეცნიერებმა, მეცნიერებაზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ხალხმა სწორედ ასეთებს – მოაზროვნე ადამინებს და არა პოპულისტებს, სოციალურ დემაგოგებს, ძალაუფლების მოყვარულთ, ფულის ტომრებსა და გაუნათლებელ მდიდართ დაუჭიროს მხარი.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ შეძლო უმთავრესი – ხალხის და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, პოლიტიკური ძალების, პოლიტიკოსების დაპირისპირება… მეცნიერთა, ქართველ მოღვაწეთა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გათიშვა, მეორე მხრივ, თავისი განწყობის ოპოზიციური ძალების შექმნა. უკვე ხალხიც კი ხვდება, რა მზაკვრულ თამაშს თამაშობს ხელისუფლება. არც ის ხელისუფალია გულწრფელი, ვინც საჯარო გამოსვლებით საუბრობს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზირებაზე, არც ის მეცნიერი, ვინც ცდილობს, იგნორირება გაუკეთოს პოლიტიკურ ძალებს, გაურბის პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას. უნივერსიტეტს ებრძვის მმართველო პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ძალა, რომელიც უნივერსიტეტს, განათლების სისტემას ასეთ დროს გვერდით არ დაუდგება, არც ქართულია და არც გონიერი.

უბედურებაა, როცა უნივერსიტეტის გადარჩენის ეროვნულ საქმეში მონაწილეობისა გეშინია, გეშინია, არ დაკარგო პოლიტიკური ვტორიტეტი, პროცესებს შორიდან უყურებ და კარგ დროს ელოდები. ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს!

– და მინც როგორ აფასებთ ამ რეფორმას?

– როგორც სიცრუეზე ჭეშმარიტების გაცვლას.

– ვისგან?

– ხელისუფლებისა და არაგულწრფელი პოლიტიკოსებისაგან.

– გთხოვთ, დააკონკრეტოთ, რას ნიშნავს სიცრუეზე ჭეშმარიტების გაცვლა?

– სიცრუეა ხელისუფლების მტკიცება, რომ მეცნიერებათა აკადემიას, უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტებს, პროფესურას, მასწავლებლობას, სტუდენტობას არ სურთ რეფორმა.

სიცრუეა ხელისუფლების მტკიცება, რომ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს არ სურთ და ეშინიათ კონკურსების.

სიცრუეა ხელისუფლების მტკიცება, რომ რეფორმა კეთდება სტუდენტებისთვის და პროფერორ-მასწავლებლები ფიქრობენ არა მათზე, არამედ საკუთარი თავის გადარჩენაზე.

სიცრუეა ხელისუფლების მტკიცება, რომ ეს არის ბრძოლა კორუფციასა და კორუმპირებულთა წინააღმდეგ.

– ჭეშმარიტება რაღაა?

– ჭეშარიტებაა, რომ ქართულ სამეცნიერო ინტელიგენციას, პროფესურას, მასწავლებლობას, სტუდენტობას, ქართულს საზოგადოებას ზოგადად მიაჩნიათ, რომ განათლებაში გაცილებით რადიკალური რეფორმაა საჭირო, მაგრამ ქართული, უზნაძისეული და არა სოროსული, კოსმოპოლიტიური, უცხვირპირო.

ჭეშმარიტებაა, რომ ქართველ მეცნიერებს, მასწავლებლებს კი არ ეშინიათ კონკურსის, არამედ დღევანდელ ხელისუფლებას და მის მხარდამჭერთ ეშინიათ ქართული ცნობიერების მქონე მეცნიერების და სწორედ ამიტომ ცდილობენ მათ დაჩოქებას, მორალურ განადგურებას.

ჭეშმარიტებაა, რომ ეს არის არა მხოლოდ ქართული მეცნიერების, პროფესურის, არამედ სწორედ და უპირველესად სტუდენტობის, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ მიმართული რეფორმა. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ხელისუფლების ეს მზაკვრული განაჩენი ჯერ ვერ არის გაცნობიერებული ქართული საზოგადოებისა და სტუდენტობის გარკვეული ნაწილის მიერ.

და კიდევ ერთი:

ჭეშმარიტებაა, რომ მსგავსი კორუფცია არასდროს ყოფილა სასწავლო პროგრამების, სამეცნიერო გრანტების, მისაღები გამოცდების, კონკურსების, საერთოდ, სწავლის პროცესში. მოსახლეობას, მართლაც, აღარ შეუძლია ამდენი ფულის ხარჯვა – ბავშვების მომზადებით დაწყებული, დიპლომით, მისაღები გამოცდებით და უსწავლელობის დაფინენსებით დამთავრებული.

– თქვენ თქვით, რომ ეს რეფორმა არა პროფესორ-მასწავლებლების, არამედ, უპირველესად, სტუდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული. გთხოვთ, დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ ამაში?

– ორ ციფრს გეტყვით: საქართველოს 2006 წლის ბიუჯეტით წლის განმავლობაში ორასკაციანი პარლამენტი მიიღებს 30 მილიონამდე ლარს, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 20 ათასზე მეტი სტუდენტი და 1500-მდე თანამშრომელია – ჯამში 20 მილიონამდე (10 მილიონით ნაკლებს, ვიდრე პარლამენტი), ხოლო უშუალოდ ბიუჯეტის მხოლოდ 6 მილიონს (5-ჯერ ნაკლებს, ვიდრე პარლამენტი). ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ უნივერსიტეტის დაფინანსება ბიუჯეტიდან ფაქტიურად მცირდება, მაშინ როცა ხელისუფლება ბიუჯეტის 5-ჯერ ზრდაზე (რაც ტყუილია) საუბრობს. ერთი ხაზგასმაც, უნივერსიტეტს დაფინანსება არ ეზრდება, ხელისუფლების შენახვა კი 5-6-ჯერ გაძვირდა.

დავაკვირდეთ, ერთ დეპუტატზე წლის განმავლობაში 150 ათასი ლარი იხარჯება, მაშინ როცა ერთ სტუდენტზე ჯამში 900 ლარი, უშუალოდ ბიუჯეტიდან 300 ლარი.

დანაშაულია არებული კურსი – არა დაფინანსების გაზრდა, არამედ შემცირების ხარჯზე სტუდენტებზე გაწეული ხარჯის გაზრდა. მსოფლიო მიდის საყოველთაო განათლებისაკენ, ამის საუკეთესო მაგალითს იაპონია იძლევა, ჩვენ კი საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობთ.

კიდევ ერთი მაგალითი, ერთი შეხედვით დაუჯერებელი, მაგრამ რეალური. უმაღელესი სასწავლებლების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხები, სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის თანხა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ მათი არსებობის, საქმიანობისა და სწავლისთვის პირდაპირი და ირიბი საბიუჯეტო გადასახადები, სულ მცირე, 5-ჯერ მეტია, ვიდრე ხელისუფლება ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე. თუ გავითვალისწინებთ სტუდენტთები სახელმძღვანელოების გამოცემისა და სასწავლო ინვენტარის დამზადებითა და შეძენით ბიუჯეტში შეტანილ თანხებს, გამოვა, რომ სახელმწიფო სტუდენტის არსებობის გამო 7-8-ჯერ მეტ თანხას იღებს ბიუჯეტში, ვიდრე ხარჯავს მასზე. როგორც ჩანს, რეფორმის ვექტორი არა სტუდენტისაკენაა მიმართული, არამედ მისი არსებობის გამო ბიუჯეტში შენატანების ზრდისაკენ. ამას მსოფლიოში ანალოგი არა აქვს.

– წარმოუდგენელ რამეს ამბობთ…

– ეს კიდევ რა არის. ხელისუფლება პრაქტიკულად მალავს, რისგან შედგება ბიუჯეტი, რომელ დარგსა და მიმართულებაზე რა თანხა იხარჯება. ეს რომ მეცნიერთა მიერ ანალიზდებოდეს და მათ მიერ იგეგმებოდეს – ხალხს ექნებოდა სწორი ინფორმაცია… დღევანდელი ბიუჯეტითაც კი 2-3-ჯერ მეტი რამ გაკეთდებოდა ქვეყანაში და ბიუჯეტი დაიხარჯებოდა არა როგორც პრეზიდენტის, მინისტრის ან ქალაქის მერის საკუთრება, არამედ როგორც ქართველი ხალხის ფული და დაიხარჯებოდა არა ხელისუფალთა გამდიდრებისა და განდიდებისათვის, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ ქვეყნის ძლიერებისათვის.

დღეს კორუფციის მასშტაბები იზრდება, იგი დაკავშირებულია გზების მშენებლობასთნ, სახურავებთნ, სადარბაზოებთან, ლიფტებთან, ფასადებთან. ბიუჯეტიდან დაფინანსება იზრდება იმ სფეროში, სადაც კორუფციული ფული ტრიალებს, სტუდენტებს დაფინანების გაზრდით კი იგვე მოცულობით ფულის შოვნა უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა, ამ საქმესაც აშკარად აკლია გამჭვირვალობა – საუბარია გასული წლის 19 მილიონიდან 9 მილიონის დაკარგვაზე, თუ უმისამართოდ დახარჯვაზე. ოთხი დღის წინათ საერთასორისო ორგანიზაციებმა საქართველოში კორუფციასთან დაკავშიებით მართლაც შემაძრწუნებელი მასალა გამოაქვეყნეს. ხელისუფლება სხვადასხვა ხმაურიანი აქციებით ფარავს ყოველივე ამას… მსოფლიო ჩემპიონატიც ეხმარებათ ამაში და ფანკლუბების (ნამდვილ გულშემატკივართა შეურაცხყოფაა და სტუდენტობისაც) ტექნოლოგია.

კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე მზაკვრული. რეფორმის ცენტრის გადატანა კონკურსებზე – ეს არის უზნეობის ყველაზე დიდი მაგალითი და ყველაზე უკეთ ახასიათებს ხელისუფლებას. ხალხი ფიქრობს, პროფესორ-მასწავლებლებს ეშინიათ კონკურსების იმიტომ, რომ სუსტები არიანო… სტუდენტი ფიქრობს, ხელისუფლება ჩემთვის უკეთესი ლექტორის შერჩევაზე ზრუნავსო. ყველაფერი კი პირიქითაა, ხოლო ხალხისა და სტუდენტთა გამწყობა აძლიერებს ხელისუფლების ბრძოლას უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მით უფრო, რომ პირველ ეტაპზე სტუდენტობას, ერთი შეხედვით, თბილად ექცევიან, არ ამწვავებენ გამოცდებს და ეს ხდება იმისთვის, რომ არ მოხდეს სტუდენტობის შეერთება პროფესორ-მასწავლებლებთა აქციებთან.

– მართლაც, რატომ არის ასეთი შიში ამ კონკურსების მიმართ?

– საერთოდ, კონკურსი ტარდება ვაკანტურ თანამდებობაზე. თანამდებობაზე მყოფთ კი ატესტაცია უტარდებათ. ჩვენთან დაუჯერებელი რამ ხდება: 4-5 და მეტ შტატს, რომლებიც დღეს ცოცხალ ადამინებს და უმეტესწილად აღიარებულ მეცნიერებს უჭირავთ, აერთიანებენ და ასე ქმნიან ერთ ვაკანტურ თანამდებობას, რომლის დაკავებისათვის უნდა დააპირისპირონ ერთმანეთთან არა უბრალოდ ცნობილი მეცნიერები, არამედ მეგობრები და ცხოვრების წესით ქართველები. როცა ერთ კათედაზე გყავს ისეთი პროფესორები, როგორბიც არიან გრივერ ფარულავა, რეზი თვარაძე, რეზო სირაძე – მართლაც უნიკალური მეცნიერები, წესიერების საზომად რომ შეგიძლია გამოიყენო – ამ ხალხს ერთმანეთს აპირისპირებენ, აპირისპირებენ მათ მიერ აღზრდილ სტუდენტებთან. ან კიდევ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის სპეციალისტებზე, ანუ დარგებში, რომელთაც უდიდესი ტრადიციები აქვთ და რომლებშიც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები მოღვაწეობენ, შტატები 4-5-ჯერ მცირდება და, არ გაგიკვირდეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო განხრით შტატები რამდენჯერმე იზრდება. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ არ გვინდა ზუსტი მეცნიერებები, რადგან ავადმყოფები ვართ და სამკურნალონი?

– მძიმე მინიშნებები გააკეთეთ…

– ჩვენი ტრაგედია არის ის, რომ 15 წელიწადია, საქართველოში პოლიტიკური ხელისუფლება არ შეცვლილა, არ შეცვლილა ქვეყნის მართვის პოლიტიკური ფილოსოფია… იყო და არის ორი სხავადასხვა სახელს სოციალურ დემაგოგიაზე ორიენტირებული ერთი პოლიტიკური ძალა. მეამაყება, რომ არასოდეს მათთან არ ვყოფილვარ, მუდმივად დაპირისპირებულნი ვიყავით, რომ ბატონმა ე.შევარდნაძემ საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება ამ არაქართული ანატომიის პოლიტიკური ძალის იდეოლოგიის და ლიდერთა ჯგუფის შექმნით მოუტანა. მათ საკუთარი თავი ისე ლამაზად შეფუთეს და ერთი სასაქონლო სახე მისცეს, რომ ხალხი, რომელიც შევარდნაძით დადგა ფეხზე, გაძლიერდა პოლიტიკაში, ჩემგან იცავდა შევარდნაძეს, პრეზიდენტის ასეთი კრიტიკა არ შეიძლებაო – დღეს ხალხის თვალში (სამწუხაროდ, ჯერ კიდევ) აღიქმებიან როგორც მტრები (ეს კი ხალხს უხარია), და ისინი, ვინც მართლა გაგვწირა შევარდნაძემ – როგორც მისი მეგობრები.

ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ვითმენთ ხელისუფლებას, რომლმაც დაარღვია კონსტიტუცია, ხალხს და ქავეყანას არ წარუდგინა ქვეყნის განვითარების პროგრამა და ატარებს რეფორმებს. ეს კი, მართლაც სრული ნონსენსია… ვითმენთ ხელისუფლებას, რომელსაც ერთი პროგრამაც არ გააჩნია, გარდა მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების და ჯანდაცვის და სხვცა დარგების ნგრევისა, მათვის ქართული სულის ჩამოცილებისა. ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვცხოვრობთ არა თავისუფალ, არა დემოკრატიულ, არა დამოუკდებელ, არამედ ფულისუფლების ქვეყანაში. საქართველო დღეს ეს არის გაუნათლებელ მდიდართა და ინტელექტუალ ღარიბთა ქვეყანა.

ვიდრე ქვეყანაში გამდიდრების საყრდენი ინტელექტი და განათლება არ იქნება, ვიდრე სიმდიდრის წყარო ინტელექტი და განათლება არ იქნება – ქვეყანა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ეს უკანასკნელი კი მაშინ მოხდება, როცა ქვეყანა მეცნიერებაზე, მეცნიერულ აზრზე, მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით განვითარდება.

ხელისუფლება, უნივერსიტეტის რექტორატი ყველაზე მწვავე შეფასებას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში პოლიტიკური ძალების ჩართვას აძლევენ. ასე ფიქრობს ზოგიერთი მეცნიერიც. მათ გაღიზიანება აშკარად ეტყობათ.

– ეს პოზიცია მაშინაც გაუგებარი იქნებოდა, ხელისუფლება მრავალპარტიული რომ იყოს. ბოლშევიზმის დროსაც არ ყოფილა ხელისუფლება ისეთი ერთპარტიული, როგორიც ახლა. პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, ყველა მინისტრი, გუბერნატორი, გამგებელი და მერი „ნაციონალი“ რომ არის, ეს ერთი დიდი უბედურებაა. მსოფლიო პრაქტიკამ მსგავსი არ იცის… უკვე ყველა დაწესებულების, უცხოეთის ჰუმანიტარულ დახმარებებზე და გრანტებზე მომუშავე ყველა ორგანიზაცია, ყველა სპორტული ფედერაცია ბადმინტონის ფედერაციის ცათვლით – ნაციონალების ხელშია, მედიის უპირველესი საშუალებები (იშვიათი გამონაკლისის გარდა – ბედნიერებაა, რომ ასეთი ჯერ კიდევ არსებობს) მათი გავლენის ქვეშაა, სამარცხვინოდ დაიმორჩილეს სტუდენტობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, მათი ლიდერები. ეს ყოველივე ფულით კეთდება. ამას ემსახურება ე.წ. პატრიოტული ბანაკებიც და ფან-კლუბებიც.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ხელისუფლება მუშაობს, ყველა ოჯახის უფროსი „ნაციონალი“ იყოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყველა ოჯახის უფროსად „ნაციონალი“ დანიშნოს. საბედნიეროდ, ჯერ ვერ შეძლეს მოაზროვნე ადამინების, შემოქმედებითი კავშირების სათავისოდ მოდრეკა. თუმცა, გარკვეულ რღვევას მათ რიგებშიც მიაღწიეს, ცხადია, ისევ ფულის წყალობით. კარგი ანეკდოტიც გამოჩნდა და იგი ქართული სიამაყის დამადასტურებელია: „ერთ ქართველს ჰკითხეს, თქვენ „ნაციონალი“ ხართო? მან კი უპასუხა – „პანასონიკიო“.

ერთი, რისიც ამ ხელისუფლებას ეშინია, ეს არის პოლიტიკური ძალებისა და ხალხის ერთობა. ამიტომ მუშაობს გათითოკაცებაზე. კაცობრიობის ისტორიამ იცის მხოლოდ ერთი გამოცდილება – ძლიერია ის ქვეყანა, სადაც ხალხი მართავს ხელისუფლებას და სუსტია, სადაც ხელისუფლება მართავს ხალხს. ვფიქრობ სათქმელი ვთქვი. შეფასებას მკითხველი გააკეთებს.

– დაბოლოს, როგორ აფასებთ უნივერსიტეტში პატრულის მისვლას და პოლიციის ძალით შენობიდან პროფესორ-მასწავლებლების გამოყვანას?

– ეს არის ხელისუფლების ავტოპორტრეტი. რამდენიმე დღის წინათ ჰოლანდიაში ერთმა მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა რიგით მოქალაქეს და ეს დანარჩენი მინისტრებისთვის გახდა გადადგომის საფუძველი. მათთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ასეთი მინისტრის გვერდით ჯდომა. მე მერაბიშვილი იმდენად არ მღელვებს, რადგანაც ვიცი, ვინც არის და მისგან სხვას არც ველოდები. უფრო დიდი უბედურებაა საქართველოსთვის, რომ არცერთ სხვა მინისტრს არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა ვანო მერაბიშვილის ქმედების გამო. აქედან გამომდინარე,

ჩემთვის ყველა მინისტრი ვანო მერაბიშვილია!

მათ არ ეთაკილებათ იმ კაცის გვერდით ჯდომა, ვინც საქართველოში „სიკვდილის ბრიგადები“ შექმნა, ვისმა თავზეხელაღებულობამ იმსხევრპლა სანდრო გირგვლიანი და მრავალი სხვა ადამიანი, გააუბედურა საქართველოში არაერთი ოჯახი, ვინც არბევს მიტინგებს, ვისაც საქართველოს განათლების უპირველეს ტაძარში დამსჯელი რაზმები შეჰყავს, ვიცი უბადრუკობისა და აშკარა არაპროფესიონალიზმის გამო უკიდურესად იძაბება მდგომარეობა აფხაზებთან და ოსებთან, ვისთვისაც ძალიან ადვილია გადაწყვეტილების მიღება ეკლესიის კარების შენგრევის, ეკლესიის დარბევის და ეკლესიაში იარაღის გამოყენების თაობაზე.

საქართველო უნდა დაფიქრდეს იმ პრეზიდენტსა და პარლამენტზე, რომელთაც ეამაყებათ ასეთი მინისტრი!

“ასავალ-დასავალი” 2006 წლის 10-16 ივლისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *