თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლებაა ხალხის მსახური და არა ხალხი ხელისუფლების!

 

temuri1თემურ შაშიაშვილი _ “წინ საქართველოს” ლიდერი

ინტერვიუ (სტენოგრამა)

  • ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ხალხის მიერ ნამდვილად არჩეულ და არა სხვა ქვეყნის მიერ არჩევნების გაყალბებით დანიშნულ მარიონეტ ხელისუფლებაზე
  • ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი…
  • განაწყენებულთა, უკმაყოფილოთა, გულმოსულთა ერთობა რევოლუციისაკენ მიმავალი გზაა!
  • ხელისუფალებისა და ოპოზიციის პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას ნგრევა შეუძლია, შენება და ქვეყნის მართვა კი არა.
  • პარადოქსების ქვეყანა ვართ: საკუთარ თავზე და საკუთარ ხელისუფლებაზე დიდი მტერი არც გვყოლია და არც გვყავს!
  • ხელისუფლებაა ხალხის მსახური და არა ხალხი ხელისუფლების!
  • რაც მეტი ფული დაეხადჯება არჩევნებში, მით მეტი კორუფცია იქნება არჩევნების შემდგომ!
  • ვინც ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას, მისი შვილების მომავალს ყიდის ისიც, ვინც ხმას გაყიდის!

კორ: ბატონო თემურ, ოპოზიცია სწორი გზით მიდის?
თ.შ : გააჩნია რომელ ოპოზიციაზე საუბრობთ _ ხალხის თუ
ხელისუფლების, ბუნებრივ თუ ხელოვნურ ოპოზიციაზე?

კორ: გთხოვთ განმარტოთ…
თ.შ: დღევანდელი რეალობა ასეთია:
ხელისუფლება არის საქართველოს და მოაზროვნე ხალხის ოპოზიცია,
ასეთივე ფუნქციას ასრულებს ხელოვნური ოპოზიცია. ქვეყნის და
ხალხის ინტერესებს იცავს ბუნებრივი ოპოზიცია და იგივეა
დღევანდელი ხელისუფლების და ხელოვნური ოპოზიციის ოპოზიცია.

კორ: ვის თვლით ბუნებრივ ოპოზიციად?
თ.შ: ბუნებრივი ოპოზიციისათვის მთავარია ბრძოლა ძლიერი სახელმწიფოსათვის და არა ხელისუფლებისათვის … ბუნებრივი ოპოზიცია და მისი ლიდერები ეყრდნობიან არა განაწყენებულებს, უკმაყოფილოს და გულმოსულებს, არამედ მოაზროვნე ადამიანებს… ბუნებრივ ოპოზიციას მიაჩნია, რომ განაწყენებული, უკმაყოფილო და გულმოსული მოქმედების სუბიექტური მოტივებით და ასეთი ხალხის ერთობა აგრესიულია, დესტრუქციულია. გამოსავალს რევოლუციასა და გადატრიალებაში ეძებს. ამ უკანასკნელთ კი არასდროსც ქვეყნისათვის სიკეთე არ მოუტანიათ. ბუნებრივი ოპოციზია ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვინმეს და რამეს სიძულვილით არ ერთიანდებიან, არ გაუყიდიათ პოლიტიკური თავისუფლება, უცხოეთიდან არც იმართებიან და არც ფინანსდებიან… ეს ის პოლიტიკური ძალებია, რომლებსაც უმეტესწილად თუ ძირითადში გადაკეტილი აქვს გზა ტელევიზიებსა და ხელისუფლებასთან მდგომ , თუ სახელისუფლებო განწყობის საინფორმაციო საშუალებებში… ეს ის ხალხია, რომლებიც “მოქკავშირს”, “აღორძინებას”, “მხედრიონს”, “კმარას”, “თავისუფლების ინსტიტუტს”, “სოროსელებს” და “ანტისოროსელებს” _ ქვეყნის უბედურებად თვლიდნენ და მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ძალებით არის დაკომპლექტებული დღევანდელი ხელისუფლება და ეს არის ქვეყნის დიდი უბედურება… ეს ის პოლიტიკოსები და მოღვაწეები არიან, რომელთაც შეძლება გულში უთანაგრძნობენ ბიზნესმენები, ფულიანები, მაგრამ მათთან ურთიერთობის ეშინიათ, უფრო მეტიც, მათ საზოგადოებრივ ადგილებში შეხვედრისასაც თვალს არიდებენ… ეს ის პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები და მოღვაწეებია, რომელთაც არც ბიუჯეტი უჭამიათ და არც უცხოეთის გრანტები მიუღიათ.

კორ: ძალიან შევიწროვდა წრე, მართლაც, დიდი ძალა უნდოდა იმას, რომ “მოქკავშირის” ეპოქაში _ მოქკავშირელი არ ყოფილიყავი, “ამღორძინებელი”, “მხედრიონელი”, “კმარელი”, “სოროსელი”, “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი არ გამხდარიყავი, ან შევარდნაძე, ან აბაშიძე, ან იოსელიანი არ გექო, სოროსს არ მიყიდოდი, გქონებოდა საშუალება ბიუჯეტი გეჭამა, გრანტები მიგეღო, ქრთამი აგეღო, სიმდიდრე გეგროვებია, მაგრამ არც ერთი არ გაგიკეთებიათ… არ დამონებოდი არც რუსეთს და არც ამერიკას, ან კიდევ რუსეთის გასაღიზიანებლად ამერიკა არ გექო, ან პირიქით, ამერიკის გასაღიზიანებლად _ რუსეთი… არიან კი ასეთი პოლიტიკოსები, ან პოლიტიკური ძალები?
თ.შ: ასეთია “წინ საქართველო” და ამიტომ ვართ მთავარი დარტყმის ობიექტი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისგანაც. ამიტომ არ გვაქვს პრესა და ტელევიზია, განსაკუთრებით სახელისუფლებო და ხელისუფლებისადმი მონურად განწყობილი პრესა და ტელევიზია. განსაკუთრებით ვძულვართ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც “მოქკავშირს”, “აღორძინებას”, “მხედრიონს”, “კმარას”, “სოროსს”, “ანტისოროსს”, “თავისუფლების ინსტიტუტს” ემსახურებოდნენ ან ემსახურებიან… ამას შეიძლება ახსნა ჰქონდეს, მაგრამ გამართლება არა… შევარდნაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მის შემდეგ, თუნდაც მისთვის მიუღებელი, მაგრამ მაინც მოქკავშირლები დარჩენილიყვნენ ხელისუფლების სათავეში _ ეს მის გადარჩენასაც ნიშნავდა… დღეს ჩვენ პირდაპირ თუ ირიბად ყველაზე მეტად შევარდნაძის და აბაშიძის მსახური ჟურნალისტები გვებრძვიან, უკადრებელს კადრულობენ_ რა ეპითეტებით არ გვამკობენ ის ჟურნალისტები, რომელთაც სახლშიც, გარეთაც, სულშიც, გულშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, საწოლშიც კი “მოქკავშირი” და “აღორძინება” ჰქონდა… ჩვენის მხრივ ამ სიტუაციის მოთმენასაც დიდი ძალა უნდა.

კორ: გამოსავალი სად არის?
თ.შ: ერთის მხრივ მოქმედებაში, მეორეს მხრივ, ამ სიტუაციის გარღვევაში.

კორ: უფრო კონკრეტულად…
თ.შ: როცა საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა იქნება, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ის პოლიტიკური ძალები, მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომლებიც დრომ ვერ გატეხა, პარტიულმა ცდუნებამ არ დაიმონა, ფულმა ვერ მოისყიდა, ვინც არც კგბ-ს და არც რომელიმე სხვა ქვეყნის, თუნდაც ამერიკის, დაზვერვამ ვერ გადაიბირა…

კორ: თქვენ გრძნობთ, რომ ხალხში ეს განწყობა ყალიბდება?
თ.შ: საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს. გარეგნულად მშვიდი საქართველო და ქართველი კაცი არც მშვიდობას ნიშნავს, არც მონურ ფსიქოლოგიას და არც შეგუებას შექმნილ ვითარებასთან… მე არ ვიცნობ ქართველ კაცს, საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, გარდა მათი, ვისთვისაც სულ ერთია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ვინც დაბეჩავდა, ვინც არის კერპთაყვანისცემელი, ვინც გახდა სახელმწიფო სამსახურებში არნახულად გაზრდილი ხელფასების მონა, _ რომლის სულში, ვიმეორებ _ სულში სიმშვიდე იყოს. გარეგნულად მშვიდი საქართველო და ქართველი კაცის შინაგანი აფორიაქებულობა არის დიდი მოვლენის ნიშანი. იოანე ოქროპირი ამბობს, უბედურება ის კი არ არის რომ წაიქეცი, არამედ ის, რომ ადგომა არ გინდა. ის, რომ დღეს ქართველი კაცის სულში სიმშვიდე არ არის, რომ ქართულ მიწაზე ყოველი მცხოვრები შინაგანად აფორიაქებულია _ არის იმის ნიშანი, რომ წავიქეცით, მაგრამ არ ვეგუებით _ ადგომა გვინდა და ავდგებით კიდეც. ვინც კარგ დროს ელოდება _ ცუდს ახანგრძლივებს. კარგი დრო _ ფეხზე ადგომით, სულიერებით და საკუთარი მხრებით უნდა მოვიტანოთ. ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, მე ვიცი, რომ მე დიდი წარსულის, მძიმე დღევანდელობის, მაგრამ დიდი მომავლის ქვეყნიდან ვარ.

კორ: გეთანხმებით, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლა დიდი დაძაბულობის, შეიძლება ითქვას, ემოციურად დამძიმებულ მომენტში ხდება. ასეთ დრო კი ხალხი არასდროს არ არის გამარჯვებული. მახსოვს თქვენ ამას პოლიტიკური სიმახინჯე ვუწოდეთ.
თ.შ: სწორს ბრძანებთ. შვიდ ისტორიულ და უკვე ძვალსა და რბილში გამჯდარ სიმახინჯეთაგან, რომელთა პირობებში ქვეყანას მომავალი არ აქვს _ პირველი სწორედ ის არის, რომ საქართველოში მთელი მისი სახელმწიფოებრიობის მალძილზე ხელისუფლების წყარო არასდროს ხალხი არ ყოფილა, ან თუ იყო, მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში. მეოცე საუკუნემდე მას ან გვაროვნული წარმომავლობა განაპირობებდა ან დამპყრობელი განსაზღვრავდა. მეოცე საუკუნემ გვაროვნულში არსებული პოზიტიურიც წაშალა, საერთოდ უკუაგდო ხელისუფლების გონებით მოყვანის შესაძლებლობა და მხოლოდ ემოციით, ქუჩის რევოლუცია _ კონტრევოლუციების, ძალისმიერ მეთოდების, უცხო ქვეყნის ჩარევის და ფულის გაფეტიშების გზა დაამკვიდრა. სიძულვილი იქცა პოლიტიკურ ნიშნულად.

გამსახურდიას წინააღმდეგ სიძულვილით გაერთიანებულებმა მოაწყვეს ამბოხება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებით დამთავრდა. შევარდნაძის სიძულვილმა გააერთიანა გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც სრულიად იმართებოდნენ და მდიდრულად ფინანსდებოდნენ ქვეყნის გარედან და მოხდა ახალი სახელმწიფო გადატრიალება. ორივე შემთხვევაში მოქმედი ხელისუფლების გაყოფით განხორციელდა გადატრიალება. ორივე შემთხვევაში სიძულვილი იყო გამაერთიანებელი.

სიძულვილით მოსული ხელისუფლება სიყვარულის წყარო ვერ იქნება, პირიქით _ აძლიერებს სიძულვილს, ქვეყნის მართვას აგრესიით, დაპირისპირებით, ეროვნული ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლით იწყებს, ამკვიდრებს შიშს, გაუტანლობას, დამსმენობას, ბეზღობას… ასეთი გარემო სიკეთეს ათითოკაცებს და ბოროტებას ერთ მძლავრ სახელისუფლებო პოლიტიკურ მუშტად აერთიანებს, ხალხის ყოფას გაუსაძლის ხდის, აადვილებს მშიერი და დაუძლურებული ხალხის მართვას, ამკვიდრებს კლანურ მმართველობას, რომლის დროსაც მდიდარი კიდვ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი ხდება. ამომრჩეველი სულს ღაფავს და არჩეული კი ფუფუნებაში ცხოვრობს. სიძულვილით გაერთიანებულთა მთავარი საყრდენები, ანუ ის, რასაც ხალხი ადვილად შეჰყავს შეცდომაში.

ეს არის: ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში. პოლიტიკური კორუფცია, სოციალური დემაგოგია, ქვეყანა ცხოვრობს სატელევიზიო აღმშენებლობით.

კორ: თქვენ თვლით, რომ იგივე ხდება დღესაც?
თ.შ: უარესი. ქვეყანა თავზე გვენგრევა, დასკვნები არ კეთდება, პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა უფსკრულისაკენ მიაქანებს საქართველოს, ასეთი მატარებლის მემანქანე სააკაშვილია, ეცილება ოქრუაშვილი და არა მარტო ის. ღირსეული ადამიანები უკვე მიხვდნენ, რომ ეს გაურკვეველი მიმართულების და ორიენტაციის მატარებელია, მიხვდნენ იმას, რომ ეს არის არც ქართული , არც სამშვიდობო და არც საქართველოს გამაერთიანებელი მატარებელი და ჩამოვიდნენ _ მისი მგზავრები აღარ არიან, ქართულ მიწაზე დადგნენ… მატარებელში კერპთაყვანისმცემლები დარჩნენ, რომლებისთვისაც მთავარია კერპი და ვინ იქნება ის სააკაშვილი თუ ოქრუაშვილი, ტერორისტი თუ კორუმპირებული _ მნიშვნელობა არ აქვს _ მთავარია დაიკმაყოფილოს ველური ჟინი _ ჰყავდეს კერპი.

კორ: არ ვიცი ვინ აფასებს თქვენს მსგავსად ასე მწვავედ შექმნილ მდგომარეობას.
თ.შ: არც მაინტერესებს. მე საქართველო მინდა და არა თანამდებობა, მე ქართულ სახელმწიფოში მინდა ცხოვრება და არა არაქართული ცნობიერების ხელისუფლებაში ყოფნა. მე არ მჯერა არც კერპთაყვანისცემელობის და არც იმ თვითმარქვია პოლიტიკოსების, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოხვდნენ ხელისუფლებასა და პარლამენტში. ქვეყანაში დაიწყო ნგრევის გაძლიერების ახალი ეტაპი. ხელისუფლებისადმი სიძულვილით განწყობილი პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები არნახული სისწრაფით ერთიანდებიან და , სამწუხაროდ, ასეთივე სისწრაფით და ისევ სიძულვილზე დაყრდნობით აერთიანებენ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს… ასეთივე აგრესიული, ანტიეროვნული პროცესები მიმდინარეობს ხელისუფლებაში. პროცესი იღებს დრამატულ ხასიათს (გორის მოვლენები, პოლიტიკური დაჭერები, დეპუტატთა შორის ქუჩური ანგარიშწორებები, ხალხის გამოყენება…) რაც საქართველოს კატასტროფის ტოლფასია. ეს არის მწარე რეალობა. ძალიან უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, ძალიან უნდა გინდოდეს ხელისუფლებაში ყოფნა, რომ ან სააკაშვილთან იყო ან ოქრუაშვილთან.

კორ: აშკარაა თქვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გიჭირავთ, სამწუხაროა რომ ამის თქმის საშუალება მხოლოდ გაზეთის ფურცლებზე გაქვთ.
თ.შ: ტელევიზიების თემა ჩემთვის მძიმე გახდა. სათქმელს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი. ვიტყვი იმას, რომ ბლეფია აზრი თავისუფალი ტელევიზიების თაობაზე, ტელევიზიები მათი პატრონების მსახურები არიან, პატრონების იდეოლოგიით და მიზნებით ცხოვრობენ. პატრონის დემოკრატიით გვკვებავენ, მეპატრონის სიმართლის მატარებელნი არიან, ამაზე სხვა დროს.

კორ: თქვენ თქვით, რომ, როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში ხდება ერთმანეთის სიძულვილით კონსოლიდაცია, რომ პოლიტიკური პროცესი დაპირისპირებულთა გამძაფრებით მიდის.
თ.შ: ვთქვი და ვიმეორებ: საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა. ის, რაც ხდება ეს არ არის პოლიტიკური პროცესი განაწყენებულები, უკმაყიფილოები და გულმოსულები პოლიტიკურ პროცესს ვერ შექმნიან, მათ მხოლოდ რევოლუცია _ გადატრიალებების მოწყობა ხელეწიფებათ. დღეს რაც ხდება _ ეს არის ერთი პოლიტიკური ბანდის _ “მოქკავშირის” და მისი გაგრძელება “ნაციონალ-დემოკრატების”, ე.წ “ვარდების რევოლუციის” შემოქმედთა ორი დაჯგუფების _ სააკაშვილ-ოქრუაშვილის და მათზე მიტმასნილთა კლანური დაპირისპირება… ეს არის კლანური ომი გავლენის შენარჩუნება-მოპოვებისათვის. ომი ფულით, ფულის გამო, უფრო დიდი ფულისათვის. ამ ომში საქართველო არსად ჩანს და არც მისი ადვილი არ არის. ამ ომში კარგად ჩანს დამკვეთი, რომელიც დღეს ფიქრობს რევოლუციის მონაპოვრის _ “მოქკავშირ”_“ნაციონალ-დემოკრატების” და მათ მსგავსთა იდეოლოგიის შენარჩუნებაზე.

დააკვირდით ყველაფერს ამბობენ ერთმა ენაზე, განსაკუთრებით ერთი იდეოლოგიის პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები გარდა იმისა, ერთმანეთს ჰკითხონ _ საიდან ფინანსდებიან? ერთმაც და მეორემაც იცის, რომ ერთი ყულაბიდან იკვებებიან. შემთხვევით არ თქვა ბოკერიამ მოცილდით რუსულ ძალებსო. ვისაც ბოკერიამ _ რუსული ძალები უწოდა რუსული რომ არ არის სინამდვილეში ეს თვითონაც კარგად იციან, მაგრამ მთავარი იციან, რომ მისი უფროსის ბანაკს არ ეკუთვნიან და არ აწყობთ მათი გაძლიერება. დააკვირდით ტერმინოლოგიას: ე.წ “ ვარდების რევოლუციის” შემომქმედნი “ერთუჯრედიანებს”, “მდაბიოებს”, “ქურდებს” და “კრიმინალებს” ეძახიან ერთმანეთს… ერთი და იგივე რიტორიკაა: ოქრუაშვილი ფაშისტურად საუბრობს გვარებზე მრავლობითში “ბოკერიები”, “მერაბიშვილები”, ასეთივე ფაშისტური ტერმინოლოგიით პასუხობს ბოკერია _ “შავიშვილები”, “შარტავები , “მელაშვილები”… შევარდნაძემ ვერ შეძლო სამეგრელოს აყოლიება და აჭარას დაეყრდნო და მას ამით შეურაცხყოფა მიაყენა… სააკაშვილმა ვერ შეძლო აჭარელთა გულის მოგება _ სამეგრელოს ეყრდნობა და ამით მას შეურაცხყოფას აყენებს. სწორედ ამის გამო, ერთდროულად ორი მიტინგი _ თბილისში ე.წ “ვარდების რევოლუციის” ერთი განაყოფის, სამეგრელოში ხელისუფლების, ანუ ე.წ “ვარდების რევოლუციის” მეორე განაყოფის. ისევ თამაში ხალხის განწყობაზე, ხალხის გაჭირვებაზე. ისევ დაპირებები, ისევ ხალხის და რეგიონების ერთმენეთთან დაპირისპირება. ისევ კერპთაყვანისმცემელთა დაყოფა ორ ჯგუფად: სააკისტებად და ოქუისტებად. თუ ეს ასე გაგრძელდა და ხალხი იმას ვერ მიხვდა, რომ ეს არის ბრძოლა არა საქართველოსთვის, არამედ ქვეყანაში “ვარდების რევოლუციის” იდეოლოგიისა და მისი მთავარი იდეოლოგის გავლენის გაძლიერებისათვის _ კვლავ ყალბი ბრძოლით, მივიღებთ იმაზე უარესს, რაც მოჩვენებითმა “ვარდების რევოლუცია” მოგვცა.

ვიყავი და ვრჩები იმის მომხრედ, რომ საქართველო უნდა განთავისუფლდეს ამ არაქართული სისტემისაგან და მისი იდეოლოგიისაგან. სააკაშვილიც , ოქრუაშვილიც ისე, როგორც შევარდნაძე ამ არაქართული სისტემისა და იდეოლოგიის, ქვეყნის გარედან მართვადი პერსონები არიან მათ ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებთან ერთად.

კორ: თქვენ თვლით, რომ ედუარდ შევარდნაძემ მოიყვანა ეს ხელისუფლება?
თ.შ: მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ედუარდ შევარდნაძემ გაწირა ქვეყანა, გაწირა პოლიტიკოსთა დიდი ჯგუფი და მათ შორის მეც. გადაარჩინა “მოქკავშირი” _ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, ბარამიძე, მაჭავარიანი, ნოღაიდელი, გოგორიშვილი, გაბაშვილი და მათი მსგავსნი. ისინი ქვეყნის სათავეში მოიყვანა. დღეს ამ ხელისუფლებას არ აწყობს საუბარი არც “მოქკავშირის” დამანგრეველ იდეოლოგიაზე, არც “მოქკავშირის” მიერ შექმნილ კორუფციულ სისტემაზე, არც “მოქკავშირის” კორუფციაზე. იჭერს პიროვნებებს, ვინც ყიდულობდა უკანონობას, მაგრამ ამ უკანონობას “მოქკავშირი” ყიდიდა და საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერს და გაასამართლებს?…

კორ: თქვენ ამტკიცებდით რომ “ვარდების რევოლუცია” არ მომხდარა?
თ.შ: ჯერ ერთი, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო არა “ვარდების რევოლუცია”, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შევარდნაძე-სააკაშვილ-სოროს-მაილსის შეთქმულება. მეორეც, მე კი არ ვამტკიცებ, დრო ადასტურებს, რომ საქართველოში მოხდა არა “ვარდების რევოლუცია”, არამედ პოლიტიკურად, პრაქტიკულად, მკვდარი “მოქკავშირის” გაცოცხლება და შიდა გადატრიალებით მისი ხელმეორედ დაბადება უკვე “ნაცმოძრაობის” სახელით. დრომ დაადასტურა, რომ “მოქკავშირს” ერთადერთი გზა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში დარჩენისათვის _ სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა _ სხვა შემთხვევაში იგი წასული იყო ქართული პოლიტიკური არენიდან ბუნებრივი გზით _ არჩევნებით. იმ გაყალბებულად აღიარებულ და დღემდე შეუსწავლელ ორი ნოემბრის არჩევნებშიც კი “მოქკავშირმა” სულ სადღაც 23 პროცენტი მიიღო და ერთ წელიწადში შევარდნაძეც ბუნებრივად მიდიოდა პრეზიდენტობიდან, რად უნდოდა მას ჩამოგდება თუ არა იმის გაცნობიერება, რომ შევარდნაძის შემდეგ ვერც “მოქკავშირელი” და ვერც “ამღორძინებელი” პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ეს იყო ე.წ რევოლუციის მიზეზიც, უფრო სწორედ შეთქმულების… სამწუხაროდ შევარდნაძის 30 წლიანი მმართველობით დაღლილი და მისადმი სიძულვილით სავსე ხალხი წამოეგო ამ ინტრიგას… ჯერ შევარდნაძის სიყვარულს და მერე მის სიძულვილს შევწირეთ სახელმწიფო ინტერესი და საქართველო.
დრომ დაადასტურა ისიც, რომ შოთა რუსთაველი, როგორც პოლიტიკოსიც გენიოსი ყოფილა, გავიხსენოთ და გავიაზროთ მისი ნათქვამი:
“ყვავი რომ ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.”
ვფიქრობ, სათქმელი ვთქვი…

კორ: მწვავედ საუბრობთ… მოკლედ როგორ შეგიძლიათ დაახასიათოდ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა?
თ.შ: კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, როცა ქვეყნის დაჩოქება და დამონება უნდათ, უპირველესად ამშევენ და აუძლურებენ, რადგან ასეთ ქვეყანაში ადვილია სიკეთის გათითოკაცება, ბოროტების ერთ მუშტად შეკვრა, ხალხის სახელით ხალხისვე წინააღმდეგ მოქმედება. ეს მოხდა საქართველოში, მოხდა ორ ეტაპად. შევარდნაძის ეპოქაში _ დამშევა და დაუძლურება, სააკაშვილის ეპოქაში _ დამშეული და დაუძლურებული ხალხის გაჩუმებით _ ქვეყნის ნგრევა.

კორ: რას ნიშნავს ქვეყნის ნგრევა?
თ.შ: ენის, მამულის და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლას… ქართული
ცნობიერების დანაწევრებას. დააკვირდით რა უქნეს უმთავრეს ეროვნულ ინტერესებს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს, უნივერსიტეტებს საერთოდ… მწერალთა კავშირს, შემოქმედებით კავშირებს საერთოდ… მეცნიერებათა აკადემიას, სამეცნიერო ინსტიტუტებს საერთოდ…

● გაიყიდა მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც, ძირითადში,
ვიმეორებ, ძირითადში არა საქართველოს მოქალაქეებზე… ქართული
მეწარმეები კი ტოვებენ ქვეყანას…
● ქვეყანას შემოესივნენ რელიგიური სექტები, უტევენ მართმადიდებლობას…
● დაინგრა განათლების სისტემა… დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში განათლების რაფორმა სოროსის პროგრამით ხორციელდება.
● მოკლეს სტუდენტური მოძრაობა, ძირითადში ფულით… მოკვდა პროფკავშირული მოძრაობა, პროფკავშირებს ხელისუფლება მართავდა ძირითადში, დღეს კი მთლიანად …
● ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი და მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი გახდა. ქონებრივი სხვაობა მდიდრებსა და აღარიბებს შორის 100-ს გადაცდა _ ასეთი დიდი სხვაობა აფრიკის ქვეყნებშიც კი არ არის და დემოკრატიულ ქვეყნებში კი 5-7-ს არ ცდება. პენსიონერის პენსიას, მასწავლებლის და საერთოდ ინტელიგენციის ხელფასს 30-40-ჯერ აჭარბებს რიგითი “ჩინოვნიკის” და 300-400 ზოგიერთ შემთხვევაში 500-ჯერ უმაღლესი რანგის ხელისუფალთა შემოსავალი.
● საქართველოს ბიუჯეტი ეს არის არა სამეწარმეო საქმიანობის, არამედ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულის ჯამი, ანუ ცოდვიანი ფული…

კორ: მძიმე სურათი დახატეთ…
თ.შ: _ რეალობა უფრო მძიმეა, ვიდრე მე ვთქვი და, საერთოდ, ვიდრე ეს ადამიანის ენას შეუძლია გამოხატოს… გაჭირვების დიდი ცოდვა ტრიალებს ხალხში, ოჯახებში… ხალხი დეპრესიის ადგილი გახდა… მძიმე რამეს გეტყვით, მკითხველმა განსაჯოს: შევარდნაძის დროს “მოქკავშირი” ხალხს თვლიდა, უფრო სწორად, ექცეოდა, როგორც მონებს. ეს შეურაცხმყოფილი იყო და სოროსის ფულთან ერთად ამან გამოიყვანა ხალხი ქუჩაში… დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი, საქართველოში მცხოვრები და ქვეყნის გარეთ გასულიც _ ცხოვრობს როგორც მონა და ეს სამწუხაროდ, მის თავმოყვარეობას არ ლახავს, ასეთ მდგომარეობაში შეურაცხმყოფელად არ თვლის თავს. 90-იან წლებში ეროვნული ბრძოლით გაამაყებული ხალხი _ 15 წელიწადში იქცა ლუკმა-პურისათვის შოვნაში დათრგუნულად და დაბეჩავებულად… მის თვალწინ კვდება საქართველო, ქართული სული, ქართული კულტურა, ყველაფერი იყიდება და გაუნათლებელი, მაგრამ ფულიანი ჩინელების, არაბების, ყაზახების, თურქების(ამ ქვეყნებიდან განათლებულები მაინც ჩამოსულიყვნენ) და მათ უკან მდგომი, ასევე გაუნათლებელი ქართველი “ფულის ტომრების” ხელში გადადის… რელიგიურმა სექტებმა შეიწირა მშიერი ხალხი და ამაზე არ ვრეაგირებთ… ვიღაცამ გამონაცვალი მანქანა იყიდა, ვიღაცას ყოველთვიური საჩუქარი დაუნიშნეს, უდიდესმა ნაწილმა შიმშილს პურით და წყლით დააღწია და ეს საკმარისი გახდა (მძიმე რამეს ვამბობ) 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობით გაამაყებული ხალხის გასაჩუმებლად. ჩემი დასკვნა ასეთია: უბედურება ის კი არ არის, როცა ხელისუფლება გთვლის მონად, არამედ, როცა თვითონ ვეგუებით მონურ ყოფას, პრაქტიკულად თვითონ თვლი თავს მონად.

კორ: _ ისევ წინა ანალიზს დავუბრუნდეთ, გამოდის, რომ თქვენ ხართ პრივატიზაციის წინააღმდეგი, მხარს არ უჭერთ რელიგიურ სექტებს, არ მოგწონთ ფულიანები, ეჭვის ქვეშ აყენებთ სტუდენტურ მოძრაობას, მართვადს უწოდებთ პროფკავშირებს.
თ.შ: ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე, ან მხოლოდ მე ვიყო ამ აზრზე… ერთი კაცის შეცდომა ქვეყანას არ დაანგრევს… მოდით მოკლედ შევეხოთ თქვენს კითხვაში დასმულ საკითხებს:
პირველი: მე პრივატიზაციის წინააღმდეგი კი არა იმის წინააღმდეგი ვარ, რომ მთელი ქვეყნის სიმდიდრეს 10-15 ადამიანი იგდებს ხელში… ყველაფერი პროვატიზებული ჯართად, ქვეყნის სიმდიდრის შემქმნელი ხალხი კი უმუშევრად და მათხოვრად იქცა… აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მთელ ქართულ სიმდიდრეს რამდენიმე ქართველთან ერთად რუსეთის, თურქეთის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამსახურები, ამ ქვეყნების ჩინოვნიკი ბიზნესმენები ყიდულობენ… პრივატიზაცია მაშინ, როცა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს ფული არ აქვს _ ეს რა მასშტაბის დანაშაულია 10-15 წლის შემდგომ გავიგებთ… ამაზე უარესი საქართველოსთვის შაჰაბაზს არ გაუკეთებია. შაჰაბაზიც, აღამაჰმად ხანიც და საერთოდ ყველა დამპყრობელი ჩვენი მიწა-წყლის ხელში ჩასაგდებად და ქართველთა მონად, მსახურად გადაქცევისათვის მოდიოდა. დღეს აკეთებს და არ სჭირდება ომი, არც თოფი და დამბაჩა, არც ტანკი _ ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ არაქართული სულისკვეთების. სწორედ იგი მიართმევს მთელ ქართულ სიმდიდრეს, მხოლოდ ერთი პირობით, რომ ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარონ.
მეორე: მდიდარსა და ფულიანის თაობაზე…
ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა იგი წესიერი, ზნეობრივი და მოაზროვნე კაცის ხელშია. ჩვენი ქვეყნის მდიდართა სიმდიდრე ეს არის სხვათა ძარცვა-გლეჯის, ასიათასობით ადამიანის გაღატაკების შედეგი. არ შეიძლება მდიდარი იყო მაშინ, როცა ღარიბია და გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი, მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი… როცა შიმშილობს მასწავლებელი, ბავშვს ბავშვობა აღარ აქვს, მოხუცის სიცოცხლე გამწარებულია, გაწამებულია ხიზანი, მიტოვებულია შრომის უუნარო, მიუსაფარი… როცა არ აფასებენ ნიჭიერს, კაი კაცს, პატიოსნებას, არ აფასებენ ძლიერს… როცა ყველაზე მეტად იმ ხალხს გაუჭირდა, ვინც წესიერად და პატიოსნად იცხოვრა…
დღეს ბიზნესმენებიც, “ფულის ტომრებიც” კარგად შეერწყნენ ხელისუფლებას, მისი ნაწილი გახდნენ, უფრო მეტიც ისინი კარნახობენ თამაშის წესებს… ბისნესმენი, რომელიც აფინანსებს არა დემოკრატიას, არამედ ძალადობას, იმ ხელისუფლებას, რომელიც ძალადობით ტკბება _ ქვეყნის უბედურებაა, ქვეყანაში სიბნელის დამამკვიდრებელია.
მესამე: რელიგიური სექტების თაობაზე…
ჯერ ერთი, მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში სექტებს არავითარი მხარდაჭერა არ აქვს და განსხვავებით საქართველოსაგან, ასეთ ქვეყნებში სექტებს ებრძვის ხალხიც და ხელისუფლებაც…
მეორეც, მე პატივს ვცემ რწმენის თავისუფლებას, იმას, რომ ადამიანმა თვითონ აირჩიოს იყოს თუ არა მორწმუნე და რომელი რელიგია იქადაგოს, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრებით ვიქნები იმ სექტების თუ რელიგიური მიმდინარეობების წინააღმდეგი, რომელნიც დამშეული და დაუძლურებული ხალხის რელიგიურ გადაბარებას აწარმოებს ფულის, საკვების თუ სხვა სახის ქრთამის საფასურად. საქართველოში ეს ხდება დღეს და სირცხვილია, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ოჯახები დავტოვოთ ამ ცოდვიანი ფულით და საკვები პროდუქტებით მოვაჭრე სექტების პირისპირ…
მეოთხე: სტუდენტობის, პროფკავშირების და, საერთოდ არასამთავრობო სექტორის თაობაზე.
საქართველოში წარსულში არასდროს სტუდენტობა ხელისუფლების მსახური არ ყოფილა, წარსულში იგი ვერავინ ვერ მოისყიდა. სტუდენტობა ქვეყანას ცხოვრების ქართულ წესს კარნახობდა _ 1978 წლის 14 აპრილს სწორედ სტუდენტობამ აიძულა მოსკოვიც, საქართველოს ხელისუფლებაც და ქართული ენა სახელმწიფო ერთად აღიარებინა… სტუდენტობა იყო ეროვნული მოძრაობის საყრდენი, მთავარი ძალა… სტუდენტობამ შეძლო მთელი ქართველი ხალხის ეროვნული მუხტით გაერთიანება, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოჰყვა. დღეს სრულიად საპირისპირო პროცესია _ სახელისუფლებო ფულისა და უცხოური გრანტების ირგვლივ სხვადასხვა, ვითომდა არასამთავრობო ჯგუფებად შემოკრებილები _ ხელისუფლების თითით იმართებიან… და კიდევ ერთი, სწორედ რომ, განმასხვავებელი ნიშანი: სტუდენტობა, ახალგაზრდობა იცავდა ენას, ქართულ ღირსებას, ქართულ ეკლესიას, იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ ხელისუფლებაში არ წასულა, თანამდებობები არ მიუღია, დროთა კავშირი არ დაურღვევია _ თავის დროს ელოდებოდა, სტუდენტთა დღევენდელი თაობის დიდი ნაწილი _ უცხოეთიდან შემოსულ ფულზე გაიყიდა, სოროსს და სოროსელ მთავრობას მიეყიდა, გრანტიჭამია გახდა, ებრძვის ქართულს და ხელისუფლებაში მიძვრება, წინა თაობებს უპირისპირდება _ დროთა კავშირს არღვევს.
თუ ოდესმე იყო საჭირო პროფკავშირები, დღეს განსაკუთრებულად… დღეს მათ ქვეყნის გადარჩენის დიდი ტვირთი შეუძლიათ იტვირთონ… ვიმეორებ შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ, რატომ? ხელისუფალების მონად იქცნენ, იმათ მონებად იქცნენ, ვისაც ქვეყნიდან ჯართად გააქვს სამუშაო ადგილები, ვისაც ქვეყნის გარეთ ნედლეულის გატანით და ქვეყანაში კვების პროდუქტების, საყოფაცხოვრებო საქონლის შემოტანით _ ქვეყნისათვის ტოტალური უმაშევრობა მოაქვს.

ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე ქვეყანაში ხელისუფალება ქვეყნის გარედან მართვად და ფინანსირებად არასამთავრობო ორგანიზაციების აეღოთ ხელში და ასეთივე პრინციპებზე მომქმედი არასამთავრობო სექტორი გაებატონებინათ. ეს საქართველოში მოხდა _ ხელისუფალება “კმარამ”, “თავისუფლების ინსტიტუტმა”, სოროსის ფონდის თანმშრომლებმა და მისგან ფინანსირებადმა ე.წ არასამთავრობოებმა აიღეს და გარეთაც ყველაფერი მათ ხელშია. თრაგედიია, როცა ხალხი, ქვეყანა, მოაზროვნე ადამიანები ეგუებიან იმას, რომ უპირველეს ეროვნულ ტაძრებს _ უნივერსიტეტებს, მთავარ საინფორმაციო საშუალებებს _ ტელევიზიებს, სამინისტროებს, რეგიონებს, თბილისს და მთლიანად საქართველოს სათავეში სოროსელები უდგანან.
მოკლედ გაგეცით პასუხი. შეგიძლიათ ჩემი პოზიცია ყველაფერში არ გაიზიაროთ, მაგრამ ძნელია ძირითად შეფასებებს არ დაეთანხმოთ.

კორ: ისევ პირველ კითხვას დავუბრუნდეთ. პოლიტიკური სიტუაცია გამძაფრდა. ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას პოლიტიკურ პარტიათა აბსლუტური უმრავლესობის გაერთიანება და ხალხმრავალი მიტინგები მოჰყვა. სად მიგვიყვანს ყოველივე ეს და რით ამართლებთ “წინ საქართველოს” პასიურობას ამ პროცესში?
თ.შ: ჩვენი “პასიურობა” სწორედ იმასთან არის დაკავშირებული, სადაც ამ პროცესს მივყავართ.

კორ: სად მივყავართ?
თ.შ: ახალ უბედურებასთან. 2003 წლის 2 ნოემბერს, სწორედ პარლამენტის არჩევნების დღეს, ქუთაისის ერთერთ საარჩევნო უბანში ხმის მიცემის დროს ოცდაათამდე ჟურნალისტს კითხვაზე : რას მოგვიტანს ეს არჩევნები _ ერთი სიტყვით ვუპასუხე: _ “უბედურებას”. Aამ ფრაზამ ყველა გაზეთი და ტელევიზია მოიარა. ჩვენ დიდი ხანია უბედურებისაკენ მივდივართ. სიკეთე არ მოაქვს ქუჩაში შეერთებულ ძალებს, სიძულვილის ნიადაგზე შექმნილ პოლიტიკურ აჯაბსანდალს.

კორ: გამოდის თქვენ ხელისუფლებას უჭერთ მხარს.
თ.შ: მწარედ ცდებით. მე იმის წინააღმდეგი ვარ რომ, ეს ხელისუფლება შეცვალოს იმავე იდეოლოგიის სხვა პოლიტიკურმა ძალამ. მე იმის წინააღმდეგი ვარ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური ძალა ქვეყნის გარედან, მით უფრო _ ოპოზიციაც და პოზიციაც ერთი უცხოური ცენტრიდან იმართებოდეს. “წინ საქართველომ” ჯერ კიდევ 2005 წლის დასაწყისში დაინახა ეს სერიოზული საშიშროება და ასეთი განცხადება გააკეთა: ქვეყნის პოლიტიკურ რუკაზე სერიოზული ცვლილებები ხდება და თუ ხალხი კარგად ვერ გაერკვა, ოპოზიციაც და პოზიციაც სოროსული აღმოჩნდება. ვწუხვარ, რომ საქართველოსათვის და არაერთი პოლიტიკური ძალისათვის მთავარი გახდა ამ ხელისუფლების გადაგდება და არა ის, რომ ხელისუფალების სათავეში ქართული განწყობის ძალები მოვიდნენ. ეს საშინელებაა.
მე ამ ხელისუფალების წინააღმდეგ გამოვდიოდი მაშინ, როცა დღეს ამ ხელისუფალების წინააღმდეგ განწყობილ პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობა “ნაცმოძრაობის” წევრი იყო, სააკაშვილს, რომ აღმერთებდა, სიკეთის მქმნელს და აღმშენებელს ეძახდა და მე, როგორც ოპოზიციონერს _ უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა. მახსოვს აჭარის მთავარი რესპუბლიკელი ბატონი დუმბაძე სააკაშვილისთვის რომ თავი მოეწონებინა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწინაურებულ კაცზე პრეზიდენტს უთხრა: საპრეზიდენტო არჩევნებში თემურ შაშიაშვილს უჭერდა მხარსო. ეხლა გახდა ამ ხალხისთვის სააკაშვილი სატანა, ბოროტი და დამანგრეველი?
ასეთმა პლიტიკურმა ძალებმა და პოლიტიკოსებმა დაამოკლეს მანძილი კეთილსა და ბოროტს, აღმშენებელსა და დამანგრეველს, ღმერთსა და სატანას შორის.
უკიდურესობები შეფასებებში ეს არასერიოზული და არშემდგარი პოლიტიკოსების ნამდვილი სახეა. საქართველოს პოლიტური სივრცე ამ ტიპის პოლიტიკოსებმა და ამ მომაკვდინებელმა სენმა _ პოლიტიკურმა უკიდურესობებმა დაიჭირა. ასეთია თვით სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მეგობრების სახე, ზნეობა, მორალი. გუშინ, როცა “მოქკავშირელი” და მისი ლიდერი იყავი, მარწმუნებდი, რომ ქვეყანა “ქაოსიდან _ სტაბილურობისაკენ” მიგყავდა _ ამ ლოზუნგით მოიგე 1996 წელს საპარლამენტო არჩევნები და ერთ მილიონ სამუშაო ადგილის დამპირდი… შემდეგ მითხარი, რომ ეხლა მთავარია “სტაბილურობიდან _ კეთილდღეობისაკენ” _ ამ ლოზუნგით მოიგე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და სამოთხეში ცხოვრებას დამპირდი… 2003 წელს მითხარი, რომ ერთი მილიონი ქვეყნის გარეთ გავიდა საცხოვრებლად და ნაცვლად სამოთხისა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთო. Aმის გამო რევოლუციას აწყობთ, შევარდნაძეს ემიჯნები, საკუთარ თავს ახალ პოლიტიკურ ძალას უწოდებ , თითქოს შენ არ იყავი ამ 7-8 წლის მანძილზე უბედურების პარტიის _ “მოქკავშირის” არც დამფუძნებელი და არც “მოქკავშირის” ლიდერი, არც პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარე, არც შევარდნაძის მთავრობის მინისტრი.

ასეთი მატყუარა, არასერიოზული გაუწონასწორებელი, ქვეყნისათვის საშიში კაცია ქვეყნის სათავეში და ძირითადში ასეთივე პლიტიკური აჯაბსანდალი ებრძვის. ასე ქართული საქმე არ გაკეთდება. ვიმეორებ ჩემთვის მთავარი არც სააკაშვილის ჩამოგდება, არც ხელისუფალებაში მისვლაა, მთავარი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა _ ამას კი ქუჩაში სიძულვილით შეერთებული პოლიტიკური აჯაბსანდალი ვერ შეძლებს, მით უფრო მაშინ, როცა ამ პოლიტიკურ აჯაბსანდალს სოროსული განწყობის ძალა მართავს. სერიოზული პოლიტიკოსისათვის მთავარი მომენტის და სიტუაციის მიერ შექმნილ “ყალბ გმირებთან” ერთად გამარჯვება კი არ უნდა იყოს, არამედ იმ პოლიტიკურ ძალასთან და პოლიტიკოსებთან, რომლებსაც ქვეყნის მართვა შეუძლიათ. პირდაპირ გეტყვით ოპოზიციონერობა თუ ოპოზიციონერის თამაში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ ქვეყნის მართვა შეგიძლია. დღეს პოლიტიკით დაკავებულ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ნგრევა შეუძლია, მაგრამ შენება და ქვეყნის მართვა კი არა. ქვეყნის მართვისთვის პოლიტიკოსობა არ არის საკმარისი, სახელმწიფო მოღვაწე, სახელმწიფო კაცი უნდა იყო.

კორ: ხალხმა როგორ უნდა გაარკვიოს ვინ არის საქმის გამკეთებელი და ვინ არა, ვინ ამშენებელი და ვინ დამანგრეველი?
თ.შ: ქვეყნის ნგრევა დაიწყო მაშინ, როცა პოლიტიკური საქმიანობა, საქმის კეთება სატელევიზიო გამოსვლებმა შეცვალეს. პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობას, რომელთა ლიდერები მუდმივად ტელევიზიებში არიან _ პარტიაში 20, 30, დიდი-დიდი 100 კაცი ჰყავს. არარსებული პარტიები გახდნენ პოპულარულნი მათი ლიდერების სატელევიზიო გამოსვლებით. ამერიკის პრეზიდენტი გუბერნატორის გარდა სხვა პრაქტიკულად ვერ ხდება არა იმიტომ, რომ ამერიკაში უკეთესი არ იძებნება, არამედ იმის გამო რომ ამერიკელი ამომრჩეველი მხოლოდ იმ ადამიანს ენდობა და უჭერს მხარს, ვინც პრაქტიკულ საქმეში ნახა.
დააკვირდით, დღემდე საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა კორუფციის წინააღმდეგ. სოციალური კეთილდღეობის, მართმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის, ეროვნული ინტერესების დაცვის, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საარჩევნო ლოზუნგებით მოდის ხელისუფლებაში და ყველას წასვლა, გადაგდება თუ ჩამოგდება _ კორუმპირებულობის, ხალხის დამშევის, ეკლესიების ნგრევის, ეროვნულისადმი უპატივცემულობის, რუსეთთან ფარული კავშირის გამო ხდება.
გავიხსენოთ, დავფიქრდეთ, დასკვნა გავაკეთოთ იმის გამო, რომ საქართველოში ყველა ხელისუფალება მოდის თავისუფლების ლოზუნგით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელისუფალებაში მისი ყოფნის პერიოდში _
აძლიერებს _ სკამისუფლებას, ამკვიდრებს _ ფულისუფლებას, ასამარებს
_ თავისუფლებას.
მითხარით თუ არასწორი ვარ და თუ ყველაფერი ასეა, არ დავფიქრდეთ არჩევნების დროს მაინც?

კორ: თქვენ რუსეთი ახსენეთ, მართლაც, დამაფიქრებელია ის, რომ საქართველოს ხელისუფალება ლანძღავს, ქვეყნის მთლიან სიმდიდრეს კი მათ უგდებს ხელში.
თ.შ: 2002 წლის დეკემბერში იტალიის ქალაქ ვენეციაში ევროპის რეგიონთა ასამბლეის სხდომა ჩატარდა. იგი ჩემთვის ბევრი რამის გამო გახდა განსაკუთრებული : ამირჩიეს ევროპის რეგიონთა ასამბლეის ბიუროს წევრად, მოვახდინე პრეზენტაცია იმერეთის ვებგვერდის, რომელიც გაეროს დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა და ერთ-ერთი პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, შევხვდი ჩემს პეტერბურგელ მეგობარს, რომელიც მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვის მერი იყო და ხელი მოვაწერეთ განზრახულებათა ოქმს ქუთაისისა და კიშინოვის დაძმობილების თაობაზე (სამწუხაროდ ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიდა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო)… ყველაზე მთავარი ის გაკვეთილი იყო, რომელიც ვენეციის შეკრებამ მომცა. ერთ-ერთ შეხვერდაზე თავის მოწონება რუსეთის კრიტიკით მოვინდომე. გამოსვლის დამთავრებისთანავე სიტყვა აიღო იტალიის ერთ-ერთი რეგიონის ხელმძღვენელმა, რომელსაც კარგად ვიცნობდი. პირველივე წინადადებით გამანადგურა: “მე თქვენ გაცილებით სერიოზული პოლიტიკოსი მგონიხართ, ვიდრე ეს შტაბეჭდილება თქვენმა დღევანდელმა გამოსვლამ დატოვაო” და გააგრძელა “აღარ გეყოთ რუსეთის ლანძღვით ყალბი ავტორიტეტის მოპოვება და თქვენი ყალბი ავტორიტეტია მთავარი, თუ საქართველოს ინტერესიო”. უხმოდ ვისმენდი ამ შეფასებებს იტალიელი კოლეგისაგან, რომელიც იტალიის პრემიერ მინისტრის _ სილვიო ბერლუსკონის პარტიის წევრი იყო. სიტყვა იმით დაასრულა, რამაც, მართლაც სერიოზულად დამაფიქრა. მან თქვა, რომ რუსეთთან ევროპის ოთხი სახელმწიფოა განსაკუთრებულად კეთილი განწყობით: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი.Oოთხივეს ომი აქვს წაგებული რუსეთთანო, მაგრამ ოთხივემ კარგად ვიცით, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური და კეთილგანწყობილი ურთიერთობა უნდა გვქონდესო.
ეს ჩემთვის, მერთლაც, დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა, რომელმაც ასევე დიდი დასკვნის გაკეთების საშუალება მომცა: რუსეთს საქართველოსათვის მისი მთელი ისტორიის მანძილზე არასდროს შეუსრულებია ისეთი დამანგრეველი როლი, როგორსაც დრეს ასრულებს. Dდღეს რუსეთის ლანძღვით საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან და შემდგომ ხელისუფლებას ინარჩუნებენ ანტიქართული ძალები, შუბლსქელი პოლიტიკოსები. ისეთი შტაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთის იმპერიული ძალები მიხვდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ საჭირო არ არის არც ომი, არც ტანკი, იარაღი საერთოდ. საკმარისია მუდმივად შექმნას ისეთი სიტუაცია, როცა საქართველოში მომქმედი პოლიტიკური ძალების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მუდმივი თემა იქნება რუსეთის ლანძღვა-გინება. სამწუხარო ის არის, რომ რუსული იმპერიული ძალები კი მიხვდნენ როგორ გაანადგურონ შიგნიდან საქართველო, მაგრამ ქართველი ხალხი ვერ მიხვდა (პატიებას ვითხოვ ასეთი პირდაპირობისათვის), რომ რუსეთის ლანძღვით რუსული საქმე კეთდება _ საქართველოს ხელისუფლებაში ანტიქართული ძალები მოდიან. ჩვენ ვერ მივხვდით იმას, რომ არც რუსეთის გინებაა ქართული და არც რუსეთის ქება. თუ ისტორიას გავიხსენებთ, რა უბედურებაც თურქებმა, სპარსელებმა, არაბებმა დაგვმართეს უარესი რა უნდა იყოს და დღევანდელი ხელისუფლება ამ ქვეყნებს ყველაზე დიდ მეგობრებად თვლის და რაც შაჰ-აბასმა, თემურ-ლენგმა და სხვებმა იარაღით ვერ გააკეთეს, ვერ დაეპატრონენ ქართულ მიწა-წყალს და სიმდიდრეს, ქართველი ხალხი მონებად ვერ აქციეს _ დღეს ამის გარეშე, სიცილ-სახსარში მთელს ჩვენს სიმდიდრეს სწორედ ეს ხალხი იგდებს ხელში და ქართველები კი მათი მსახურები ვხდებით. ჩვენ, მართლაც, პარადოქსების ქვეყანა ვართ და საკუთარ თავზე და საკუთარ ხელისუფლებაზე დიდი მტერი არც გვყოლია და არც გვყავს.

კორ: საგულისხმო დასკვნები გააკეთეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უნდა გადავწყვიტოთ რუსეთთან დგომა სჯობს, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან? ნატოში, ევროკავშირში, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენა?
თ.შ: დღეს თუ სიტყვა ნეიტრალური ახსენე და ისაუბრე საქართველოს ნეიტრალური სტატუსის თაობაზე, უკვე პრორუსულ პოლიტიკოსს შეგარქმევს ხელისუფლება, ოპოზიციის სოროსული ნაწილი. ჩვენი წინაპრების ოცნება იყო საქართველოს ნეიტრალიტეტი. ამის თაობაზე არაერთ დიდ ქართველს გამოუთქვამს მოსაზრება. ამ პოზიციაზე იყვნენ ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის და გაბრიელ ეპისკოპოსით დაწყებული, ზვიად გამსახურდიათი, აკაკი ბაქრაძით, ნიკო ჭავჭავაძით დამთავრებული. ამ იდეას ძირშივე რუსეთი კლავდა. სწორედ დასავლეთის მხარდაჭერამ გატეხა რუსეთის ეს კატეგორიული პოზიცია და დღეს, როცა ჩვენი წინაპრების ეს ოცნება რეალობად იქცა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაპირობად _ ამ დროს საქართველოს ხელისუფალება თამაშობს სხვის თამაშს, იცავს სხვის პოლიტიკურ ინტერესს ქართული ინტერესის საწინააღმდეგოდ. საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა სიტუაციამ _ ომმა ერაყში და ავღანეთში, ირანის ატომურმა ამბიციამ, ომმა ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის, თურქეთში მიმდინარე პროცესებმა, აბრეშუმის გზის იდეამ და ამ იდეის რეალიზაციის დაწყებამ, ნავთობ და გაზსადენებმა _ გააძლიერეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა. დღეს ჩვენ გაცილებით ვჭირდებით ნატოს, ვიდრე ჩვენ იგი. ისეთი განწყობა მაქვს, რომ მთელი ქვეყანა წინააღმდეგი რომ წავიდეს მაინც შეგვიყვანენ ნატოსა და ევროკავშირში. საქმე შესვლა- არშესვლაზე კი არა იმაზეა, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს ერთ მთავარ საგარეო კოზირს: მათხოვარივით ვიხვეწებით შესვლას, თუ პირობას ვაყენებთ საქართველოს ერთიანობის ყზრუნველყოფის თაობაზე? მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს მიეცა უდიდესი შანსი დიდი პროგრესული ნახტომის გაკეთების და სწორედ ამ დროს არ ჰყავს მას ნამდვილად ეროვნული სულისკვეთების ხელისუფალება.
ამ ხელისუფალებამ მოახდინა “ნატოს” და ევროკავშირის დისკრედიტაცია. საქართველოში “ნატო” და ევროკავშირი ხელისუფალების მიერ დასტურად არის გამოყენებული, რომ ხელისუფლებაა კარგი და წარმატებული…
მუდმივად საბჭოთა, რუსული ჯარის საქართველოში ყოფნის წინააღმდეგი ვიყავი. Aამის დასტურად საკმარისია სამი რამ გითხრათ: 1. 1990 წლის დასაწყისში, როგორც ქუთაისის ქალაქის საბჭოს თავჯდომარემ _ ქალაქის თავმა _ მივიღე უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ავკრძალე ქუთაისიდან საბჭოთა ჯარში გაწვევა; 2. 1990 წელშივე დავიწყე მოძრაობა _ ქუთაისი საბჭოთა ჯარის გარეშე და პირველი ნაწილების გაყვანაც ვაიძულე ამიერკავკასიის რუსულ სარდლობას. 1993 წლის ბოლოს უკვე ქუთაისის ყველა სამხედრო ნაწილი საქართველოს ჯარის მფლობელობაში გადავეცი… 3. 1995 წლის დასაწყისში, როგორც კი გავხდი იმერეთის გუბერნატორი ამავე წლის ბოლოს იმერეთში აღარ იყო არც ერთი რუსი ჯარისკაცი… მე ფაქტების ენით ვსაუბრობ… ფაქტია ისიც, რომ ერთ-ერთი პირველი ქართველი ვიყავი, ვინც 1994 წელში პენტაგონი დაათველიერა, ჰქონდა შეხვედრა “ნატოს” მაღალ ჩინებთან, რომელთაც სადილი გამიმართეს. მაშინაც დავადასტურე ჩემი პოზიცია “ნატოსთან” საქართველოს ურთიერთობის აუცილებლობის თაობაზე. ვიმეორებ, ეს ჩემი პოზიცია იყო და არა სხვისი ნაკარნახევი, ან სხვისი დავალებით გაცხადებული, როგორც ამას დღეს პოლიტიკოსთა უმრავლესობა აკეთებს, მაგრამ ამით არც არასდროს თავი მომიწონებია და ეს არც რაღაც მოვლენად არ ჩამითვლია. “ნატოსთან” ურთიერთობა ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნისათვის ბუნებრივი პროცესია. მახსოვს ედუარდ შევარდნაძე მისი პრეზიდენტობის ყოველი წლის, ხაზს ვუსვამ, ყოველი წლის განცხადებაში, საახალწლო გამოსვლაში ამბობდა რომ საქართველოს საგარეო პლიტიკური და სტრატეგიული კურსი უცვლელია _ აღნიშნული კურსის არსი კი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გახლავთო.
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც თვლის რომ საქართველო მისგან იწყება, როგორც აღმოჩენას ისე გვახლის თვალში “ნატოს” და ევროკავშირს. მე კი ის მიკვირს, რატომ ამდენი ხანია არ ვართ, როგორც ერთის, ასევე მეორეს წევრი, თუმცა არც შვეიცარიის, ავსტრიის, ფინეთის _ სკანდინავიის ქვეყნების მაგალითს ვივიწყებ. ევროპის ყველაზე წარმატებული ქვეყნები ნეიტრალური სტატუსის ქვეყნებია. არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ “ნატოს” წევრებია საბერძნეთიც, თურქეთიც და რა ომი აქვთ ერთმანეთში კვიპროსის გამო.
კიდევ ერთი, სამარცხვინო და დამამცირებელი იყო ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტისა და სხვა მაღალი ჩინების მიერ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის გამო… ეს ხელისუფლება ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც ღირსებადაკარგულ ქვეყანას… უფორ მეტიც პარლამენტის თავჯდომარემ, კირკიტაძემ, და სხვებმა ჭკუის სწავლება დაუწყეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც ერვოპული თვალსაზრისი ჩამოაყალიბა “ნატოში” საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით. იმის გახსენება კი არ გვინდა რატომ მაინცდამაინც “ნატოს” გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს დაამთხვია ფრანგმა მინისტრმა მისი განცხადება. უპირველესად იმის გამო, რომ ბატონმა სააკაშვილმა, როგორც ჩვევია, კიდევ ერთხელ მოგვატყუა და არასწორად გადმოგვცა საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია, რომ ბატონი სარკოზი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაერთიანებას. ჯერ ერთი, საფრანგეთი დღეს არ არის “ნატოს” წევრი და ცხადია მხარსაც ვერ დაუჭერს, მეორეც, არ შეიძლება პრეზიდენტის ყოველი გამოსვლა რუსეთთან აპირისპირებდე იმ ქვეყნებს, რომელთა პრეზიდენტების პოზიციასაც ასე უსირცხვილოდ იგი ახმოვანებს…

კორ: პრეზიდენტ სააკაშვილის ტყუილებზე უკვე არა მარტო საქართველოში საუბრობენ, ეს ცუდია…
თ.შ: მატყუარა პრეზიდენტზე უარესი ქვეყნის ავტორიტეტისათვის ძნელი წარმოსადგენია… ვთქვათ, პრეზიდენტს ჯერა საკუთარი ტყუილების და ცდილობს სხვაც დააჯეროს… ადამიანი, რომელსაც საკუთარი ტყუილების ჯერა _ უბედურია, მისგან სიკეთე არ იქნება, მაგრამ თუ იგი, ეს ადამიანი, საქართველოს პრეზიდენტია, მაშინ უბედურია ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ის არის.
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა”… “რადგან თავია სიცრუე ყველაფერი უბედობისა…” _ ასეთ სიბრძნეზე გვზრდის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ისტორია… თუU კარგად გავაანალიზებთ ბიბლიას და წმიდა მამების ცხოვრებას, ჩვენ ერთ დიდ დასკვნას გავაკეთებთ: კაცობრიობის სულიერ ენთროპიას სიცრუე წარმოადგენს…

კორ: ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს ასამბლეაზე და მის მიერ ქვეყნის წარმატებების დასტურად ბიზნეს-რეიტინგში საქართველოს ოცეულში შეყვანა საერთაშორისო საფინანსო ორგანოების მიერ.
თ.შ: შემაძრწუნა გაეროს ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტის მთელმა გამოსვლამ. იგი აშკარად შეშინებული ჩანდა ქვეყანაში მის მიმართ დაწყებული პროცესებით და, ვფიქრობ, თავს კონტროლს საერთოდ ვეღარ უწევდა _ უაზროდ ლაპარაკობდა წამრატებებზე… სინამდვილეში ეს იყო თავისმართლება , რომ იგი ტერორისტი არ არის. სწორედ ამ დროს თქვა ის, რაც მომავალში შეფასდება, როგორც სახელმწიფო ტერორი. სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს მის აღტაცებულ საუბარს ბიზნეს-რეიტინგში საქართველოს ოცეულში შეყვანის თაობაზე. მოდით ვიკითხოთ, რა კრიტეიუმებით არჩევენ გამარჯვებულებს და რას ნიშნავს აქ წინა რიგებში ყოფნა? პასუხი ერთია: აქ პირველობს ქვეყანა, რომელიც აადვილებს ქვეყანაში პრივეტიზაციას, სხვა ქვეყნის ფულის შემოსვლას, სხვა ქვეყნის ფულით ქვეყანაში ქონების ყიდვას. ე.ი პირველობენ ის ქვეყნები, რომლებიც სხვაზე მეტად გაადვილებენ თავისი ქვეყნის სიმდიდრის გაყიდვის პროცედურას საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. ეს ტრაგედია არ არის? ეს არ არის ტერორიზმი საკუთარი ქვეყნის წინაშე? ეს იგივეა, რომ ქვეყანა ბავშვთა სიკვდილიანობის ან პროსტიტუციის მიხედვით პირველობდეს. მაშინ, როცა ყოველი თავმოყვარე ქვეყანა და თავმოყვარე ხელისუფლება ათასგვარ შეზღუდვებს აკეთებს, საერთაშორისო ნორმებსაც კი არღვევს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნის ფული არ გააფეტიშოს ქვეყნის საფინანსო ბაზარზე და მისი ქვეყნის სიმდიდრე სხვას არ ჩაუგდოს ხელში და წინასწარ ეგუება ბიზნეს-რეიტინგში ბოლო ადგილზე ყოფნას _ ჩვენ ყოველივე ამის საწინააღმდეგოთი ვამაყობთ. ჩვენ კი არ გადავიწიეთ წინ, არამედ ევროკავშირის ქვეყნებმა, ამერიკამ, ჩინეთმა და აზიის სხვა ქვეყნებმა გადაიწიეს უკან იმ ხელოვნური შეზღუდვების გამო, რომლებიც მათ დააწესეს უკანასკნელ პერიოდში, რომ თავიანთი ქვეყნები დაიცვან ჩინეთის, რუსეთის, არაბული ქვეყნების ინვესტიციებისაგან. ანუ იმ ქვეყნების ინვესტიციებისაგან, რომლებიც ძირითადში ყიდულობენ საქართველოს ძირითად სიმდიდრეს.
დარწმუნებული ვარ, ამას ასევე აფასებენ ის საფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც ოცეულში შევყავართ, მაგრამ ისინი თავის საქმეს აკეთებენ და თუ ჩვენ ვერ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ეკონომიკური ანექსიისაგან, ეკონომიკური დამპყრობლებისაგან, სხვები ვერ დაგვიცავენ…

კორ: საზღვერგარეთის ქვეყნების დამოკიდებულებას, გეთანხმებით, რომ გაფრთხილება უნდა…
თ.შ: საზღვერგარეთის ქვეყნების კეთილი განწყობა ჩვენ ჰაერივით გვჭირდება, მაგრამ მისი საფუძველი უნდა იყოს ჩვენი სწორი საგარეო ორიენტირი და არა პრეზიდენტის მხრივ გამუდმებით იმის ძახება, რომ ჩვენ პირველები ვართ, ყველას ვჯობივართ, ან კიდევ არა პრეზიდენტის გამუდმებით უცხოეთში ყოფნა, რომელსაც უკუ შედეგი უფრო მოაქვს, რადგან პოლიტიკაში შეხვედრები გაცილებით მეტად აცილებს, ვიდრე აახლოებს, მით უფრო, როცა ამ ვიზიტების არასერიოზული და გაუწონასწორებელი პრეზიდენტი აკეთებს, რომელსაც ზურგზე ხელის დარტყმა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტზე თუ მისი ოჯახის წევრზე უტაქტო შემოხვევა და მსგავსი არადიპლომატიური მეთოდები ჰგონია პოლიტიკა…

არავითარ შედეგს არც ჩვენ და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მოგვცემს პრეზიდენტის კურსი ითამაშოს ერთი ქვეყნის _ ამერიკის თამაში, დაუპირისპირდეს იმ ქვეყნებს, რომელთა მიმართაც ამერიკის სიმპათია არ გააჩნია (ვთქვათ რუსეთი) და მცდელობა ყველა ქვეყანა დავაპირისპიროთ რუსეთთან… ეს უპერსპექტივო კურსია, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსოფლიო გიგანტთან საქართველოს გამო არავინ არ დაპირისპირდება, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და, როგორც ვთქვი, საქართველოს ამოცანა იმაში კი არ არის, რომ ინტერესთა დაპირისპირების წინ წამოწევით იაროს, არამედ სწორედ იმაში, რომ ქართულ ინტერესზე მოვახდინოთ სხვა ქვეყნების ინტერესების ზედდება.
პირველი _ ავანტიურაა, მეორე _ პოლიტიკა, მართლაც, ქართული და მომავლის პოლიტიკა.
განწირულია ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოსადმი სხვა ქვეყნების საზომი პრეზიდენტია. ასე ფიქრობდა ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც გაცილებით დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ შეცდა ამაში. მარტივი მაგალითებით განვამტკიცებ ნათქვამს. მართლაც ძნელია მოიძებნოს მეორე ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიოს უდიდეს პოლიტიკოსთა ისეთი შეფასებები დაიმსახურა, როგორც შევარდნაძემ. მას ახალი მსოფლიოს არქიტექტორიც უწოდეს, ცივი ომის დამთავრებაც, ბერლინის კედლის დანგრევაც მის სახელს უკავშირდება.
2003 წლის დასაწყისში შევარდნაძისადმი გამოგზავნილ წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ბუში საოცარ შეფასებას აძლევს საქართველოს ნატოსთან ურთიერთობას, “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამას პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ტერორიზმის წინააღმდეგ, პირდება უდიდეს მხარდაჭერას და შევარდნაძის მიმართაც გამოხატავს წარმოუდგენლად მაღალ შეფასებას: “თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი დემოკრატიულ საქართველოს”. შემიძლია გავიხსენო 2003 წლის უამრავი მსგავსი განწყობის წერილი შევარდნაძისადმი. “სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს მეგობარი საქართველოს წარმატებებს, რომლებსაც მან მიაღწია თქვენი აღმატებულობის მეთაურობით“ _ წერს თურქეთის პრეზიდენტი, “თუ დღეს საქართველოში დემოკრატიული სული სუფევს, უწინარესად თქვენი დიდი ძალისხმევის ნაყოფია” _ წერენ ევროპელი ლიდერები, “თქვენმა შორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ მოგვცა საშუალება უცხოელ ბიზნესმენებს, რომ დღეს ესოდენ წარმატებით ვიმოღვაწოთ საქართველოში” _ წერენ უცხოელი ბიზნესმენები… ყველაფერი ეს 2003 წელში ხდება… ე.წ “ვარდების რევოლუციის” შემდგომ იგივე ბუში იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ იყო და ათას ისეთს, რომლითაც გადახაზავს ყველა მის ძველ შეფასებას…
ევროპისათვის, აშშ-სთვის, უცხოეთისთვის საერთოდ უპირველესია საქართველო, რომლის გამოც ცემენ პატივს მის პრეზიდენტს და ხელისუფლებას და არა პრიქით… თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვისაც საქართველოში ხელისუფალება მოჰყავს (ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაც არის და მომყვანის სირცხვილიც) გარკვეულად სუბიექტური დამოკიდებულება აქვს ხელისუფალებისადმი. Dდღეს აშშ, ჩემის აზრით, უდიდეს შეცდომას უშვებს, რადგან არ უნდა იმის აღიარება, რომ სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” საქართველოს ხელისუფალებაში მოყვანით შეცდომა დაუშვა, საქართველოსაც შეურაცხყოფა მიაყენა და ამერიკისადმი ქართველი ხალხის განწყობაც რადიკალურად შეცვალა უარყოფითისაკენ. კიდევ დიდი შეცდომა იქნება ამ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ამერიკის ხელისუფლების დღევანდელი განწყობით მოქმედება მომავალში…

კორ: რეალობას ვერ წავუვალთ: მდგომარეობა უაღრესად დაძაბულია, ჩიხურია. სად არის თქვენის აზრით გამოსავალი?
თ.შ: იგივე პასუხს გაგცემთ, რასაც 3 წელზე მეტია ვსაუბრობ. გამოსავალი ახალ პოლიტიკურ პროცესშია.Eეს არის საპარლამენტო არჩევნები, ნამდვილად დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა, ნამდვილად მიუკერძოებელი საარჩევნო კამისიები _ უმჯობესია პარიტეტულ პრინციპებზე, მოძრაობის დაწყება ამ ფორმის პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებისათვის, არჩევნებამდე შეთანხმება კანონ-პროექტზე “ოპოზიციის შესახებ” და მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაუქმებაზე.

კორ: როგორ დავიწყოთ საპარლამენტო არჩევნები, როცა არსებობს პარლამენტი და მისი უფლება მომდევნო წლის შემოდგომამდა გახანგრძლივებული?
თ.შ: ცხადია, რომ ეს პარლამენტი პოლიტიკური სიმახინჯეა, ის რომ არ ვთქვათ, რომ უკანონოა. 2 ნოემბერს გასდის ვადა მაჟორიტარებს; ისინი ხალხმა ოთხი წლის ვადით აირჩია. ვისაც ღირსება აქვს ორ ნოემბერს უნდა დატოვოს პარლამენტი. თუ ეს არ მოხდა, ორი ნოემბრის აქცია მანამ არ უნდა დასრულდეს, სანამ პრეზიდენტი არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ამ პარლამენტისათვის ვადის გაგრძელების თაობეზე. მომდევნო წლის გაზაფხელზე უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩვენები და პარალელურად რეფერენდუმი საპრეზიდენტო ინსტიტუტის ამ ფორმით ფუნქციონირების ანუ, პირველ ეტაპზე, საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის თაობაზე.

კორ: თქვენ თვლით, რომ ეს საკმარისია იმისთვის რომ, კრიზისი ამოიწუროს?
თ.შ: არა. კრიზისი მაშინ ამოიწურება, როცა ქვეყნის სათავეში არ იქნებიან სიძულვილით გაერთიანებული, ქვეყნის გარედან მართვადი და გარედან ფინანსირებადი, ფულიანთა ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები.
ზოგად კონტურებში კარგად გვესმის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ჯანსაღი სახელისუფლებო სისტემის შექმნა მხოლოდ პროფესიონალებსა და წესიერ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი. ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ხელისუფლებაა მისი მსახური და არა იგი ხელისუფლების… როცა ხალხი ემოციით კი არა, გონებით, სხვა ქვეყნების ჩარევისა და კარნახის გარეშე აირჩევს ხელისუფლებას… როცა ქვეყანას “ქუჩის პრეზიდენტი”, “ქუჩის პოლიტიკოსები” და მოღალატეები არ ეყოლებიან მმართველებად…… როცა თითოეული ადამიანი საკუთარ თავს დაარწმუნებს იმაში, რომ ვინც საარჩევნო ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც ხმას ყიდის…… ქვეყანა კრიზისიდან გამოვა მაშინ, როცა თითოეული ადამიანი საკუთარ თავს დაარწმნუბეს იმაშიც, რომ რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებში, მით მეტი კორუფცია იქნება არჩევნების შემდგომ ქვეყანაში…… რომ რაც მეტს დახარჯავ ადამიანი დეპუტატობისათვის, მით მეტს მოიპარავს, როგორც დეპუტატი……ქვეყანა კრიზისიდან გამოვა მაშინ, როცა ხალხი აირჩევს, ხმას მისცემს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იცნობს, უნახავს პრაქტიკულ საქმეში, დარწმუნებულია მის წესიერებაში… როცა დარწმუნებულია, რომ მათი არჩევანის მთავარი ფუნქცია არა ხალხზე უფროსობა და ბატონობა, არამედ ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და, უპირველესად ადამიანის ბუნებითი უფლებების (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება) დაცვა იქნება…… ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მეთაურები საქართველოს ხელისუფლებაში მათი ერთგული ხალხის გაყვანაზე კი არ იფიქრებენ, როგორც ეს დღეს არის, არამედ ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, რადაგან პროგრესი საქართველოში დემოკრატიის გარეშე წარმოუდგენელია და მხოლოდ დემოკრატიულ საქართველოში იქნება მათი ინტერესებიც დაცული, რადგან მხოლოდ დემოკრატიული ბუნების ხელისუფალსა და ხელისუფლებას შეუძლია საქართველო არ აქციოს დიდი ქვეყნების ინეტერსთა დაჯახების არენად, როგორც ეს დღეს ხდება…… ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა გათითოკაცებული სიკეთე ერთ მუშტად შეიკვრება და დაამრცხებს – დღეს ერთ პოლიტიკურ მუშტად შეკრულ ბოროტებას.

დღეს უპირველესი და უმთავრესი ჩვენი მტერი არის შიში, ქვეყანაში დამკვიდრებული შიშის ატმოსფერო, შეშინებული ადამიანი. შიში ყველა გრძნობათაგან ყველაზე უღირსი გრძნობაა. შიში მხოლოდ მაშინ შეიქმს სიყვარულს, როცა იგი ღმრთისაა. ვაი იმ ქვეყანას, სადაც შიში ხელისუფლებისადმი მორჩილებას ან ხელისუფლებისადმი სიყვარულს (თუნდაც მოჩვენებითს) ნიშნავს – ეს უკვე მონური ფსიქოლოგიაა.…ასეთი “სიყვარული” კერპთაყვანისმცემლების, დაბეჩავებული ადამიანის, დამბეზღებლისა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტთა ხვედრია. ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით მძლავრობს დიქტატორი, ასეთი ადამიანები არიან დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმის საყრდენი. ისე როგორც უამრავ ქართველს, მე არ მინდა ჩემს შვილს ლაჩარი მამა ყავდეს. მე მირჩევნია დიქტატორული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დავეცე თავისუფლებისათვის, ვიდრე შევეგუო დიტქატორულ ხელისუფლებას, ძალადობას, შიშის ატმოსფეროს.
ადამიანი თავისუფლებისათვის გაათავისუფლა ღმერთმა და თავისუფლება ეს არის შიშის დაძლევა, შიშზე მორევა. ნამდვილ ქართულ სახელმწიფოს: თავისუფალს, დემოკრატიულს, მართლმადიდებლურს, ტოლერანტულს – მხოლოდ თავისუფალი ადამიანები შექმნიან.

მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ იმ შანსის გამოყენება, რომელიც დრომ, მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ მისცა საქართველოს – გააკეთოს დიდ გარღვევა კრიზისის დაძლევის, ხალხის ყოფის გაკეთილშობილების თვალსაზრისით, შეასრულოს დიდი როლი მსოფლიო პოლიტიკაში.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა მდგომარეობამ, ისრაელის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, ერაყში, ავღანეთში, ირანში, პალესტინაში, დღეს უკვე თურქეთშიც მიმდინარე პროცესებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა, აბრეშუმის გზამ – ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული როლი მიანიჭა. ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი დღეს არის უდიდესი. ჩვენ გაცილებით ვჭირდებით ნატოს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება იგი……ჩვენ გაცილებით ვჭირდებით ევროკავშირს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება იგი. ნატოში და ევროკავშირში ჩვენი დაჩქარებული შესვლა ეს არის დროის მოთხოვნა და არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება. სამწუხარო ის არის, რომ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანას არნახულად ჭირდება ეროვნული ხელისუფლება, არ ყავს ასეთი ხელისუფლება.

სწორედ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ ეროვნული განწყობის ხელისუფლების არჩევა. სწორედ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის მართვის ჯანსაღი სისტემის ფორმირება, ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა – პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, ადამიანის შესაძლებლობათა რეალიზაციის თვალსაზირისითაც და ისეთი სისტემის დამკვიდრება, როცა ქვეყანას მართავენ არა პოლიტიკოსები, არამედ სამოქალაქო ინსტიტუტები, სახელმწიფო კაცები და სახელმწიიფო მოღვაწეები. სწორედ ასეთი სისტემას შეუძლია აგვაცილოს რევოლუციაც, ფაშიზმიც და გამოგვიყვანოს კრიზისიდან.

მხოლოდ ჯანსაღი სახელისუფლებო სისტემა შეცვლის მდგომარეობას ქვეყანაში!

ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ხალხის მიერ არჩეულ და არა
სხვა ქვეყნის მიერ დანიშნულ მარიონეტ ხელისუფლებაზე.

2 -5 ოქტომბერი 2007 წელი, ქუთაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *