…სიამაყე და სირცხვილი …
ამ დღეებში (25 მარტს) სამ ლეგენდარულ ფეხბურთელთან ერთად ვიყავი. ვიწრო წრეში, მამა-პაპისეულ ფუძეზე მანუჩარ მაჩაიძე საკუთარ დაბადების დღეს და პირველი შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდა.
მართლაც, დიდი ეროვნული სიმდიდრეა, როცა გყავს მანუჩარ მაჩაიძე, რეზო ძოძუაშვილი, ლევან
ნოდია. რაც მეტი დრო გადიოდა და რაც მეტს ვუსმენდი მათ, მით მეტად ძლიერდებოდა ჩემში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ: სიამაყე ამ ხალხის გამო და სირცხვილი მათი დაუფასებლობით… სირცხვილი იმის გამო, რომ გყავდეს ლეგენდარული ფეხბურთელები და „ცირკაჩი“ იყოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე. ამ უკანასკნელზე სხვა დროს.
დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს ნანახი მანუჩარ მაჩაიძის მხატვრული ტილოები. ყველა სურათი ერთად რომ ვნახე, მოვიხიბლე და როგორც ქართველი კიდევ უფრო ამაყი გავხდი. მაგრამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, როცა გავეცანი მანუჩარ მაჩაიძის ბროშურას: „ერი და თანამედროვეობა“ . ეს არის ქვეყნის მოჭირნახულე კაცის, ეროვნული მოღვაწის და ამავე დროს პლანეტარული აზროვნების კაცის კვლევა, რომელიც დიდი ფილოსოფოსის, ჰეგელის ფილოსოფიას ეყრდნობა და მისი, მართლაც უნიკალური ანალიზით მთავრდება.
ძალიან მინდა, რომ ბევრმა წაიკითხოს მეცნიერებათა დოქტორის, კაცობისა და ფეხბურთის რაინდის, ეროვნული კაცის, მანუჩარ მაჩაიძის კვლევა – „ერი და თანამედროვეობა“.
ძალიან მინდა, საქართველოს ყოველი მოქალაქე ჩაუღრმავდეს ჰეგელის შეფასებებს, რომელსაც ბატონი მანუჩარის წიგნიდან აქვე გთავაზობთ.



