უფლის ცეხი – “კულტურული კოჰაბიტაცია”
წინასაარჩევნოდ გორის საარჩევნო ოლქში “ქართულ ოცნებას” ვეხმარებოდი. ზოგან(მერეთში) გვცემეს, ზოგანაც (კარალეთში) ქვები დაგვიშინეს თავში, მაგრამ ლაპარაკითყველგან გველაპარაკებოდნენ – ნუ, ლანძღვა-გინებას მაინც არავინ გვამადლიდა.
სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო 68-ე საარჩევნო უბანზე, რომელშიც უფლისციხე და ქვახვრელის ნაწილი შედიოდა – ადამიანები ისე გამირბოდნენ, როგორცგაურბოდნენ დასაწვავად გამზადებული ებრაელები ყველაზე მურტალი ხასიათისესესელს სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში.
როგორც იქნა, გადავაგორეთ არჩევნები და ხალხიც ალაპარაკდა. თითქმის ყველამ ამოიდგა ენა: ზოგმა – პოლიცია გვაშინებდაო, ზოგმა – სოცმუშაკები დახმარების მოხსნით გვემუქრებოდნენო, ზოგმა კიდევ – სამსახურიდან გაყრას გვპირდებოდნენ გამგებელ-დირექტორებიო. გორის ოლქის 108 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ ერთი – უფლისციხე-ქვახვრელის საარჩევნო უბანი (სადაც წარმატებით დავმარცხდით) დუმდა. ბევრი ვეცადე, მაგრამ დამლაპარაკებელი ვერც არჩევნების შემდეგ ვიპოვნე. ბოლოს, ქვახვრელის გასასვლელში შემთხვევით ერთ საკმაოდ შელახულ მამაკაცს გადავაწყდი, რომელსაც შორიდან ეტყობოდა, რომ გულით უნდოდა იმავე მდგომარეობაში ჩავარდნა, როგორშიც წუხელ იყო. გავაჩერე მანქანა და შევთავაზე, დალევა მინდა, ეს ჩემი მძღოლი არ სვამს და წამო, ერთად დავლიოთ-მეთქი…
რა ძალა ჰქონია ამ მადლიან ქართულ ღვინოს! რა წამება, რის ცოცხი ან ელექტროშოკი… ეს ჩვენი ქვახვრელელი სულიკო ნახევარ საათში მალჩიშ-პლოხიშივით ალაპარაკდა და წვრილად ჩაგვიკაკლა, რომ აქაურები დადუმებულ-დაშინებული ჰყოლია უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველს(!) ზურაბ სადაღაშვილს, რომელიც “უფლისციხის ტუპიკის” (მოგეხსენებათ, უფლისციხე ჩიხია) პატარა ნერონი და დიდი ნაციონალი ყოფილა.
მოკლედ, დავთვერით… ვინაიდან არჩევნები, მათ შორის, გორშიც მოგებული გვქონდა, ეს ამბავი დავივიწყე და რადგან ახალი ხელისუფლებისგან არც სამსახურს ველოდი და არც გადიდებულ პენსიას (ჩემი ასაკის კაცი მხოლოდ სამსახურისთვის ვყოფილვარ, თურმე, “ბებერი”, თორემ პენსიისთვის ჯერ კიდევ სულ ბალღი ვარ), დაპირებული სამართლიანობის აღდგენის მოლოდინის რეჟიმში გადავედი.
ამ ამბიდან ერთი თვის თავზე დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ბიზნესმენი შემხვდა. გამახსენდა, რომ უფლისციხელი იყო და ვკითხე, ზურაბ სადაღაშვილს თუ იცნობ-მეთქი?
– როგორ არ ვიცნობ… არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, ჩემს ნათესავს ჩამოგიყვან უფლისციხიდან და ის მოგიყვება ყველაფერსო, – მითხრა ნაცნობმა. ასე გავიცანი უფლისციხის კომპლექსის ექსკურსიამძღოლი, ისტორიკოსი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, ორი უცხო ენის მცოდნე და “ღირსების ორდენის” კავალერი უფლისციხელი გიგუცა თათრიშვილი. აი, მისი მონაყოლი:
“1981 წელს ზურაბის მამა, ქვახვრელის კოლმეურნეობის თავმჯდომარე კარლო სადაღაშვილი თავმჯდომარეობიდან მოხსნეს და ნაკრძალის დირექტორად დანიშნეს. მაშინ დიდძალი ხალხი დადიოდა ექსკურსიებზე. ჰოდა, ამ ჩვენმა კარლომ უფლისციხე საკუთარ ცეხად აქცია. წლების განმავლობაში არავინ იცოდა, რამდენი ბილეთი იყიდებოდა, რა შედიოდა ბიუჯეტში და რა – მის ჯიბეში. ოთხ მთავრობას გაუძლო კარლომ – 24 წელიწადი (ექვსი ამერიკული საპრეზიდენტო ვადა!) ხრავდა იქაურობას და 2005 წელს ოქრუაშვილის “განბაჟუიწე” მიშა ქარელს თავისთან ყარაულად გაფორმებული საკუთარი შვილი – ზურაბა დაანიშნინა დირექტორად (ეტყობა, ზურაბამ თავისი რუსულით მოხიბლა ქარელი!). ახლა, ამან გააგრძელა მამის დაწყებული საქმე: საკუთარი 400 სული ცხვარი ჰყავს გაშვებული ნაკრძალში, არადა, ეს ცხვარი ისეთი მამაძაღლი ვინმეა, ბალახი რომ შემოაკლდება, ფლოქვით თხრის ყველაფერს ბალახის ძებნაში და აოხრებს იქაურობას. წლების წინ ბიძინა ივანიშვილის ფულით გაკეთებული რესტავრაციიდან მორჩენილი ნაგავი დღემდე იქ უყრია და არ გააქვს. ახალი გალავანი გაუკეთეს ძეგლს და უჟანგავი ფოლადის მრავალტონიანი ძველი ღობე ჯართში ჩააბარა და ის ფული შეჭამა. არადა, იმ ჯართის ფულით ტერიტორიის დღემდე შემოუღობავი ნაწილის შემოღობვაც შეიძლებოდა. სამი კოტეჯი იდგა, სადაც მთავრობამ ლტოლვილების შესახლება გადაწყვიტა, რისთვისაც გაარემონტა და ლოგინიან-ტელევიზორიან-მაცივრიანად დააკომპლექტა, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრა. ის კოტეჯებიც საბოზეთად აქცია მმართველმა და ერთიანად გაანადგურა. “ლევი” ბილეთები აქვს და საღამოს ხუთი საათის მერე, სალარო რომ იხურება, თავად ყიდის იმ ბილეთებს. დღეს რა თანხაც შედის ბიუჯეტში, სულ მცირე, ათჯერ მეტი უნდა შედიოდეს. მთელი ოჯახი ხომ ნაკრძალში დაასაქმა. ახლა პრემიებს როგორ ანაწილებს?! ყველამ იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ ნაციონალებში იყო შემძვრალი და ყველაფერი გასდიოდა. ახლა კიდევ თავისი შვილის, ისევ კარლოს დანიშვნას ჩალიჩობს დირექტორად. ეტყობა, ამ მთავრობაშიც ჰყავს “კრიშა”. ჰოდა, მერე ისიც ხომ ზურაბას დაარქმევს შვილს და გიორგი მახარაშვილის არ იყოს, იქნება უფლის ცეხში სადაღაშვილების დინასტია – კარლო, ზურაბა, კარლო, ზურაბა, კარლო, ზურაბა…”
მართალი გითხრათ, თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ გიგუცამ დოკუმენტებიც დამიწყო წინ. აი, ეს დოკუმენტები სათანადო კომენტარებით: უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის საშტატო განრიგი: 1. სადაღაშვილი ზურაბი – უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი; 2. ნადირაშვილი მარინე – ექსკურსიამძღოლი (მმართველის ცოლი); 3. სადაღაშვილი კარლო – მონიტორის სამსახური (მმართველის შვილი); 4. ჯანეზაშვილი კახა (დროებით) – ექსკურსიამძღოლი (მმართველის დისშვილი); 5. ნასყიდაშვილი დინა – კურატორი (მმართველის რძალი – დისშვილის ცოლი)…. და კიდევ ათი შორეული ნათესავი და არანათესავი თანამშრომელი.
ზ. სადაღაშვილის ხელმოწერილ მოხსენებით ბარათში ეროვნული სააგენტოს გენდირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის სახელზე წერია: ბატონო ნიკა, მოგახსენებთ, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებზე გამოყოფილი ფულადი პრემია 5600 ლარი გადანაწილდეს შემდეგნაირად: 1. სადაღაშვილი ზურა, მმართველი – 4200 ლარი; 2. ნადირაშვილი მარინა, ფონდის მცველი – 200 ლარი; 3. მირუაშვილი მარეხი, მოლარე – 200 ლარი; 4. მირუაშვილი ნუკრი, ექსკურსიამძღოლი – 200 ლარი; 5. თათრიშვილი გიგუცა, ექსკურსიამძღოლი – 200 ლარი; 6. ჭონიაშვილი მარინე, დამლაგებელი – 200 ლარი; 7. ადუაშვილი ანერი, დამლაგებელი – 200 ლარი; 8. ზაქარაშვილი ინგა, მეცნიერთანამშრომელი – 200 ლარი.
აქ სასაცილომდე განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ ზურაბ სადაღაშვილი პირდაპირ უთითებსთავის ხელმძღვანელს ნიკა ვაჩეიშვილს, თუ როგორ უნდა გაანაწილოს ვაჩეიშვილმა პრემია და, როგორც ირკვევა (ვინაიდან მსგავსი დოკუმენტი არაერთია და აგერ მიდევს), ამ მოთხოვნას (თუ მითითებას?!) ისიც ზედმიწევნით ასრულებს და, ამასთან, არ უჩნდება კითხვა, კაბინეტში ჯდომით ამისთანა რა საქმეს აკეთებს მმართველი, რომ ძირითადი სამუშაოს შემსრულებელ ექსკურსიამძღოლებზე 21-ჯერ(!) მეტ პრემიას იღებს?!
ახლა, ბილეთებზე: ეს (1) გახლავთ ოფიციალური ბილეთები, რომლებსაც ფასი სტამბურად აწერია და რომლებიც, ძირითადად, სამუშაო საათებში იყიდება. ეს კი (2) ისეთივე ბილეთია (ოღონდ “ლევი”), რომელსაც ფასი საერთოდ არ აწერია და რომელიც ზურაბ სადაღაშვილმა სალაროს დაკეტვის შემდეგ, საღამოს ექვსის ნახევარზე ხუთ-ხუთ ლარად მიჰყიდა ინგლისურად მოტიკტიკე და “პად ფირმუ” კანარის ჩიტებივით ჭრელ სამოსში გამოწყობილ გოგო-ბიჭებს, რომლებიც პირადად მე ჩავიყვანე უფლის ცეხში ამ ამბის გადასამოწმებლად.
ეს კიდევ 2007 წლით დათარიღებული, ალბათ, დიდი ხნის ჩამოწერილი და ამ კონკრეტული მიზნისთვის სეიფში საგულდაგულოდ გადანახული საერთოდ უნომრო და მხოლოდ ზ. სადაღაშვილის პირადი ბეჭედდარტყმული 15 ლარიანი (ცოტა ხნის წინათ სულ სხვანაირი – ჩვეულებრივ პრინტერზე ამობეჭდილი ბილეთები 30 ლარი ღირდა) ბილეთია, რომელსაც ექსკურსიამძღოლის მომსახურებისთვის ყიდულობენ მსურველები და რომელიც თეორიულადაც არ ექვემდებარება რაიმე აღრიცხვასა და კონტროლს.
ახლა, არავინ მითხრას, აქამდე სად იყავი და რატომ არ სთქვიო! ვთქვი, ბატონო, როგორ არ ვთქვი. ნოემბრის თვეში ვიყავი ჩემს დიდი ხნის ნაცნობთან, ნიკა ვაჩეიშვილის მოადგილესთან ქალბატონ ინა ავალიანთან, რომელსაც სამსახურებრივად ევალება ამ სფეროს კურირება.
– ეს ყველაფერი ვიცი, – მითხრა ქალბატონმა ინამ, – ნაახალწლევს კონკურს გამოვაცხადებთ და, იმედია, მაგას მაქედან მოვაცილებთ.
ნაახალწლევს სადაღაშვილი არა, მაგრამ ვაჩეიშვილი კი მოხსნეს. იანვრის ბოლოს, სააგენტოს ახალი გენდირექტორის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში კვლავ მივადექი ინას. აგერ, ახალი გენდირექტორი დაგვინიშნეს, გაერკვევა სიტუაციაში და ამ დღეებში გამოვაცხადებთ კონკურს, კვლავ დამაიმედა ქალბატონმა ინამ. კიდევ თვენახევრის შემდეგ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ მარინა მიზანდარს გავუგზავნე თითქმის ასეთივე წერილი, მაგრამ ვერც მან მოიცალა ამ საქმისთვის – ეტყობა, კოჰაბიტირებდა, ან ელოდებოდა, ოშკის დღეში როდის ჩავარდებოდა უფლისციხის კომპლექსი, რომ მერე “ენერგიული ზომები” მიეღო.
12 აპრილს კულტურის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიას მივადექი, ეს ყველაფერი მოვუყევი, დოკუმენტები და “ლევი” ბილეთები დავუტოვე და თან ვთხოვე, მთლად მე ნუ მენდობით და თავად გადაამოწმეთ-მეთქი. ამასთან, ჩემი მეგობარი ბიზნესმენის სიტყვებიც გადავეცი – მაგ ქურდს თუ მოაცილებენ მაქედან, ჩემი ფულით მივხედავ მაგ კომპლექსს და ორ-სამ თვეში წალკოტს დავამსგავსებო.
გაოგნებული მინისტრი მტკიცედ დამპირდა, ერთი კვირა მაცალე, 19 აპრილს ლონდონიდან დავბრუნდები და ნახავ, რასაც ვიზამო!
ვაცალე…
უფალი სადაღაშვილების ცეხი დღესაც (უკვე ოცდამეცამეტე წელი!) შეუჩერებლად გუგუნებს, დღესაც ყიდის შთამომავლობითი მმართველი “ლევ” ბილეთებს, დღესაც აძოვებს საკუთარ ცხვრის ფარას ნაკრძალში და ქართული ისტორიული ძეგლი დღესაც იფარება ახალი არქეოლოგიური (ცურცლის) ფენით. მოკლედ, როგორც ჩანს, მისი უმმართველესობა ზურაბ-ნერონ სადაღაშვილი კულტურის სამინისტროსთან სრულ კოჰაბიტაციაშია.
რას იზამ, კულტურულმა კოჰაბიტაციამ, თურმე, ცურცლიც იცის…
* * *
წესი მაქვს ასეთი, ვიდრე წერილს გამოვაქვეყნებ, ვისზეც ვწერ, იმას ვაკითხებ ხოლმე –რაიმე პრეტენზია ხომ არ აქვს. წერილის წაკითვის შემდეგ, ჩვეულებისამებრ,მპასუხობენ, რომ მიღებულია “ესა და ეს” ზომები და, მეტწილად, მდგომარეობისგამოსწორების გამო წერილის გამოქვეყნება აზრს კარგავს, რაც ძალზე მახარებს ხოლმე.მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ადეკვატურ და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებთანმაქვს საქმე. სამაგიეროდ, არის შემთხვევები, როცა მავანნი პასუხს თხზავენ,რისთვისაც, პიონერის არ იყოს, მუდამ მზად ვარ! განსაკუთრებით კი მაშინ ვხალისობ,როცა ვინმეს ხელი წაუცდება და თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდაო,მომწერს!
დაახლოებით მსგავსი რამ მომწერა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, როცა გასაცნობად გავუგზავნე წერილი, რომელშიც საუბარი იყო იმ დარღვევებსა და უსაქციელობაზე, რასაც ადგილი ჰქონია უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, რომელიც ბოლო 33 წელიწადია (რვა საპარლამენტო ვადა!) სადაღაშვილების კლანმა (ჯერ კოლმეურნეობის თავმჯდომარეობიდან გაგდებულმა მამამ – კარლომ და შემდეგ გამმართველებულმა ყარაულმა და ცნობილმა ნაციონალმა შვილმა – ზურაბმა) საკუთარ ცეხად აქცია.
ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი, მშრალად მოვიყვან ციტატებს ჩემი წერილიდან და სამინისტროს პასუხიდან.
მე მომყავს დოკუმენტი, სადაც უფლისციხის კომპლექსის მმართველი ზურაბ სადაღაშვილი პირდაპირ უთითებს თავის ხელმძღვანელს ნიკა ვაჩეიშვილს, თუ როგორ უნდა გაანაწილოს ვაჩეიშვილმა პრემია და, ამ დოკუმენტის მიხედვით, მას (მმართველს) კაბინეტში ჯდომაში 21-ჯერ(!) მეტი პრემია (4200 ლარი) ეკუთვნის, ვიდრე ძირითადი სამუშაოს შემსრულებელ ექსკურსიამძღოლებს (200 ლარი).
ამის პასუხად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი მენეჯერი ინა ავალიანი, რომელსაც მხარს უმაგრებს მთავარი კოორდინატორი თეა ონიანი სააგენტოს გენერალური დირექტორის მერაბ ბოჭოიძის სახელზე დაწერილ მოხსენებით ბარათში (რომელიც მეც გადმომიგზავნეს) წერენ, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ სადაღაშვილი 2010 წლის 17 ივლისის მოხსენებითი ბარათით ითხოვდა საკუთარ თავზე პრემიის გაცემას 4 200 ლარის ოდენობით, სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული იქნა სხვა სახის გადაწყვეტილება და ზ. სადაღაშვილის პრემია ივლისის თვეში განისაზღვრა 1 500 ლარის ოდენობით (იხ. დანართი).”
კი ბატონო, ვიხილოთ დანართი: ამ დანართში (დანართი #7) სადაღაშვილის პრემია მართლაც 1500 ლარია (არა 21-ჯერ, არამედ “მხოლოდ” 15-ჯერ მეტი, ვიდრე ექსკურსიამძღოლების), ოღონდ ეს დოკუმენტი დათარიღებულია 2009 წლის 17 აგვისტოთი). ანუ, ამ ორი ქალბატონის მტკიცებით, ზურაბ სადაღაშვილს მოთხოვნილი პრემია შეუმცირდა… 11 თვით ადრე, ვიდრე იგი 4200-ლარიან პრემიას მოითხოვდა(!). მოკლედ, რამსები აერიათ ქალბატონებს!
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ სამინისტროდან გადმოგზავნილ დოკუმენტებში არის საპრემიო თანხის გამოყოფაზე კიდევ ერთი მოთხოვნა (დანართები 9 და 10), რომლითაც ზურაბ სადაღაშვილი თავისთვის 38-ჯერ(!) დიდ პრემიას (1927 ლარს) ითხოვს, ვიდრე ექსკურსიამძღოლებისთვის (50 ლარი).
სააკაშვილის დროინდელი მინისტრების და ჩინოვნიკების გაუმაძღრობის ამბავი საზოგადოებას შესანიშნავად მოეხსენება, მაგრამ ზურაბ სადაღაშვილის გარდა არც ერთს არ გაუბედავს თავისთვის ძირითადი სამუშაოს შემსრულებელზე 38-ჯერ დიდი პრემიის გამოწერა!
მეტიც, ეროვნული სააგენტოს გენდირექტორის 2009 წლის 6 აპრილის #82 ბრძანებაზე დაყრდნობით (სადაც წერია: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მმართველებმა სააგენტოს ხელმძღვანელობას პერიოდულად წარუდგინონ თანამშრომელთა სია მათი მატერიალური წახალისების მიზნით”), 2009 წლის 28 აპრილს (ბრძანების გამოცემიდან 22 დღეში!) მმართველი ზურაბ სადაღაშვილი სააგენტოში წარადგენს “წასახალისებელი თანამშრომლების სიას”(დანართი 11), რომელშიც წერია: მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალს შემოტანილი აქვს 2161,36 ლარი. ამასთან, თქვენი ბრძანების შესაბამისად გთხოვთ, 648,4 ლარი (ამ ბრძანებით პრემირებისთვის განკუთვნილი 30 პროცენტი – გ.შ.) მატერიალური წახალისების მიზნით გადაურიცხოთ უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველს ზურაბ სადაღაშვილს(!).
რას იტყვით, ხომ მაგარი “სიაა”?! შაურიც ვერ გაიმეტა მმართველმა სხვა თანამშრომლებისთვის! ყვავს გააგდებინებს ხანდახან კაცი კაკალს, სადაღაშვილს ვერა! დაახლოებით მსგავსი “პრემირების” გამო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ მოკვლეული მასალები პროკურატურას გადასცა, აქ კი ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.
მე ვწერ, რომ საღამოს ხუთი საათის – სალარო დახურვის შემდეგ ზ. სადაღაშვილი თავად ყიდის “ლევ” ბილეთებს და რომ მსგავსი ბილეთები, რომელსაც ფასი საერთოდ არ ეწერა, ზურაბ სადაღაშვილმა სალაროს დაკეტვის შემდეგ, საღამოს ექვსის ნახევარზე ხუთ-ხუთ ლარად მიჰყიდა ინგლისურად მოტიკტიკე და “პად ფირმუ” კანარის ჩიტებივით ჭრელ სამოსში გამოწყობილ გოგო-ბიჭებს, რომლებიც პირადად მე ჩავიყვანე უფლის ცეხში ამ ამბის გადასამოწმებლად (ანუ, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა ამის მოწმე!).
ქალბატონები ავალიანი და ონიანი კი 19 მარტსა და 25 აპრილს სამუშაო საათებში სალაროს “მოულოდნელ” შემოწმებას ატარებენ და ბოჭოიძეს ახსენებენ, სალაროში ყველაფერი წესრიგშიაო (დანართები 3 და 4)! კაცო, სად წაიკითხეს ჩემს წერილში, რომ სალაროშია დარღვევები? მოკლედ, “მაიტა ნასოსია”, რა!
კარგი, ბატონო, მათი ნებაა, როცა მოესურვებათ, მაშინ ჩაატარონ სალაროს “მოულოდნელი” შემოწმება, მაგრამ სალაროს “მოულოდნელად” შემმოწმებლებმა ხომ უნდა იცოდნენ, რომ სალაროში არსებული ნაღდი თანხის ოდენობა უნდა ემთხვევოდეს სალარო აპარატის მიერ ამორტყმული ჩეკების თანხას და სხვა არაფერს? სად არის სალარო აპარატიდან ამორტყმული ე.წ. “Z”, რომლის გარეშე ეს გაუგებარი და აბდაუბდა აქტები მხოლოდ ფარატინა ქაღალდებია?
ამას გარდა, ეს ტანდემი წერს: “რაც შეეხება ბილეთის მეორე ფორმას, რომელიც დაბეჭდილია 2007 წელს (მაშინ როდესაც მუზეუმ-ნაკრძალი, ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს), ჩვენი ინფორმაციით იგი გამოიყენება არასარეალიზაციოდ, არამედ მხოლოდ, ჩატარებული საექსკურსიო მომსახურეობის შიდა აღრიცხვიანობისათვის. ამასთან, ვინაიდან აღნიშნულ ბილეთზე ფიქსირდება გიგუცა თათრიშვილის ხელმოწერა, მის მიერ დარღვევის ფაქტის წერილობით დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს შესაბამისი ზომები.”
საინტერესოა, სად უნახავთ ქალბატონებს ინასა და თეას, რომ “არასარეალიზაციოდ” და “შიდა აღრიცხვიანობისათვის” განკუთვნილ დოკუმენტს ფასი ეწეროს? თავად თუ “არ იციან”, მე ავუხსნი, რომ ამ ბილეთს 15 ლარად ექსკურსანტები ყიდულობენ სალაროში. ქალბატონებს რომ თათრიშვილის ხელმოწერა ჰგონიათ, სინამდვილეში ეს არის მოლარის ხელით დაწერილი იმ ექსკურსიამძღოლის სახელი, რომელსაც უნდა მიადგნენ ექსკურსანტები, გადასცენ ექსკურსიის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ეს “მკაცრი აღრიცხვის” “ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი” (“ჩგდ”) და მოსთხოვონ ექსკურსიის ჩატარება. ხომ არ აჯობებდა, პირდაპირ სალარო აპარატის მიერ ამორტყმული 15-ლარიანი ჩეკის მეორე მხარეს დაეწერა მოლარეს ექსკურსიამძღოლის სახელი? რა თქმა უნდა, აჯობებდა, მაგრამ სალარო აპარატის ამორტყმული ჩეკით მაქინაციები არ გამოდის, მსგავსი “შიდა აღრიცხვიანობისათვის” განკუთვნილი ბილეთებით კი, მიდი, მოვდივარ!
იქნებ, ის ახსნან, ქალბატონებმა, საერთოდ რა საჭიროა ძვირადღირებული მუყაოს პრიალა ქაღალდზე ერთი ლარის ღირებულების(!) ფერადი ბილეთების ბეჭდვა და ამაზე ფულის ხარჯვა, როცა სალაროში დგას სალარო აპარატი, რომლის ჩეკი გინდა შესვლის და გინდა ექსკურსიის ღირებულების გადახდის უტყუარ დოკუმენტს წარმოადგენს?
სხვათა შორის, როდესაც მე ბატონ მინისტრს ანალოგიური (ოღონდ 30-ლარიანი) ბილეთი ვაჩვენე (და დავუტოვე), მას ეჭვიც არ შეპარვია, რომ ეს არის ფულის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და, ეს რა არის, ამას ხომ მეც დავბეჭდავ პრინტერზეო, აღშფოთდა!
მე ვწერ, რომ სადაღაშვილმა მთელი სანათესაო (ცოლი, შვილი, დისშვილი, რძალი) დაასაქმა თავისთან, ეს ქალბატონები კი შეფს ახსენებენ, ღია კონკურსი იყო გამოცხადებული და მეტი ნათესავი აღარ ჰყავდა სადაღაშვილს, თორემ არც იმათ ვეტყოდით უარსო. დავიჯერო, ბოჭოიძემ არ იცის სააკაშვილის დროინდელი “ღია” კონკურსების ამბავი? ან ასე ალალად და კანონიერად თუ იყო დანიშნული მმართველი, რაღაზე მატყუებდა ქალბატონი ავალიანი, აგერ, ახლა, სულ მალე შვიდივე მუზეუმ-ნაკრძალისთვის გამოვაცხადებთ საერთო კონკურსს, რადგან გვინდა კვალიფიცირებული კადრები (შესაძლოა, თბილისიდან) მოვიზიდოთო?
შემდეგ ქალბატონები თავის მოხსენებით ბარათში წერენ: “აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე სააგენტოს მიერ, მუზეუმ-ნაკრძალის მმართველს მიეცა მითითებები, რომელიც გულისხმობდა ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას (მშდასუფთავება)… აღნიშნული მითითებების შემდგომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუზეუმ-ნაკრძალში არსებული ვითარება.”
აი, ეს (და მრავალი სხვა) ფოტო “მშდასუფთავებული” ძეგლის მიმდებარედ მას შემდეგ არის გადაღებული, რაც, როგორც მოხსენებითი ბარათიდან შევიტყვე, ტერიტორია “მშდასუფთავებულია” და “მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუზეუმ-ნაკრძალში არსებული ვითარება.”
სამაგიეროდ, ვითომც არ წაუკითხავთ ან მე არ დამეწეროს, ავალიან-ონიანის ტანდემი არაფერს ამბობს იმაზე, თუ სად გაქრა ახალთახალი ლოგინები, ტელევიზორები და მაცივრები, რომლებითაც მთავრობამ დააკომპლექტა ლტოლვილებისთვის სპეციალურად გარემონტებული სამი კოტეჯი და მერე, რატომღაც, გადაიფიქრა. ვინ ან რატომ ააოხრა ის კოტეჯები? ან, იქნებ, მადლი ქნან და წარმოადგინონ უჟანგავი ფოლადის მრავალტონიანი ძველი ღობის ჯართში ჩაბარებისა და მიღებული თანხის გახარჯვის დამადასტურებელი საბუღალტრო დოკუმენტაცია. თუმცა, რა “დოკუმენტებიც” წარმოადგინეს ხომ სულ ისეთი იყო, ქვას რომ გახეთქდა!
ისე, კაცმა რომ სთქვას, ასე შესანიშნავად თუ იყო სააგენტოში საქმე, ნიკა ვაჩეიშვილი რაღაზე მოხსნეს? დავიჯერო, ავალიანზე და ონიანზე ცუდი გვარი ჰქონდა და იმიტომ?
შეხვედრისას მინისტრს ვთხოვე, მთლად მე ნუ მენდობი, სანდო პირებს გადაამოწმებინე და მერე დავილაპარაკოთ-მეთქი. ჰოდა, სწორედ მინისტრის “სანდო პირები” – ქალბატონები ავალიანი და ონიანი ასე ამთავრებენ თავის მოხსენებით ბარათს: “სააგენტოში უტყუარი ფაქტობრივი მასალის (ფოტო და/ან ვიდეო) წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.”
შევახსენებ ქალბატონებს, რომ შს მინისტრს თავისი პირველი მოადგილის მოსახსნელად და დასაკავებლად არც ფოტო დასჭირვებია და არც ვიდეომასალა. დასაბუთებული ეჭვი, საღიაზრი, ლოგიკა და ერთი ადამიანის ჩვენება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ამხელათანამდებობის პირის დასაკავებლად, მაგრამ კულტურის სამინისტროში, როგორც ჩანს, საღი აზრიც მაგრად კოჭლობს და ლოგიკაც. ამიტომ იძულებული ვარ ვაუწყო პატივცემულ ქალბატონებს, რომ ფოტო-ვიდეომასალამდე რომ მივა საქმე, მათი დახმარების და ჩარევის გარეშე დაიჭერენ სადაღაშვილსაც და იმასაც, ვინც მას წლების მანძილზე მფარველობდა და მატროსოვივით ეფარებოდა. ნუ ექნება ვინმეს იმის იმედი, რომ სადაღაშვილი ნამუსს შეუნახავს და ყვირილაში ფეროს მარგანეცით მოწამლული ღლავივით არ დააღებს პირს!
გურამ შამანიდი
ჟურნალისტური კვლევის ცენტრი



