(ჯეონიუსი) „თეთრები“ პრეზიდენტობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ

პოლიტიკური პარტია „თეთრებში“დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის დასკვნითი ეტაპი. იგი ოთხ დღეს გაგრძელდება და პარტიის პოლიტიკური საბჭო რამდენიმე დღეში სრული კონსესუსით მიიღებს გადაწყვეტილებას.

როგორც „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, პოლიტსაბჭოს შეკრებაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების განხილვას. მისივე თქმით, შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარება მოითხოვს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს გამოცდილი პოლიტიკოსი და წერტილი უნდა დაესვას ქვეყანაში ბელადომანიას და დანიშნული პოლიტიკოსების ეპოქას, რაც არის დამღუპველი პრაქტიკა.

„თეთრებს“ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სტაგნაციის ერთ–ერთი მიზეზი განვითარებადი ქვეყნის სტატუსია, რაც მოქალაქეთა კავშირისა და მისი გენერალური მდივნის, მიხეილ სააკაშვილის დიდი ძალისხმევით მიენიჭა საქართველოს, რასაც სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც ეგუება.

სხდომაზე დანაშაულებრივი და ანტიქართულად შეფასდა ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესი, დიდი გულისწყვეტა გამოითქვა, რომ ხალხს 1 ოქტომბერს სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა და სამწუხაროდ, იმედგაცრუება სულ უფრო იზრდება მოსახლეობაში.

პარტიის თავმჯდომარის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ იყოს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

„ამ გზაზე სვლა კი იწყება იმით, რომ ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა ხელისუფლება საერთოდ, რომელიც გარედან არ მოიმართება. ამის მიღწევა მხოლოდ მძლავრი, 21-ე საუკუნის შესაბამისი ჭეშმარიტი, არა მოჩვენებითი, არა ფსევდო -ეროვნული მოძრაობით არის შესაძლებელი. დროა საქართველოში დავდგეთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, იმ ხალხთან ერთად, ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს და განწყობილია ბრძოლისათვის. საპრეზიდენტო არჩევნებმა ეს უნდა დაადასტუროს“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *