(news.ge)”სავარაუდოდ, გაზაფხულზე მოსალოდნელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს”

“თეთრების” ლიდერს, თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსი ქვეყნის მთლიანობისთვის საფრთხისშემცველია.
“გადაწყვეტილია კავკასიის არევა. სხვაგვარად დასავლეთი ვერ ახერხებს რუსეთის დაშლას. მე ნაკლებად მადარდებს რუსეთის ბედი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი. ვხედავ, რომ ამ პროცესებს შესაძლოა საქართველო შეეწიროს. “რესპუბლიკელები” საქართველოში და მთელი რიგი პოლიტიკური ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში პრაქტიკულად ერთი სცენარით წარმართავენ პოლიტიკურ პროცესებს. დაღესტანი უკვე დაიყო ოთხ ნაწილად, მსგავსი მზადდება საქართველოშიც”,- აცხადებს თემურ შაშიაშვილი, –
შაშიაშვილი აღნიშნულს, საქართველოში ომის მუხტის შემოგდებად აფასებს,- “რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შევწირეთ საქართველო. რაც სჭირდებოდა რუსეთმა უკვე მიიღო და იმაზე მეტიც… დღეს ჩვენი მთავარი მტერი უნდა ვეძიოთ არა ქვეყნის გარეთ, დღეს ქვეყნის მთავარი მტერია გარედან ფინანსირებადი პოლიტიკური ძალები, სწორედ ისინი ანგრევენ ქვეყანას”.
“დღევანდელი კანონი თვითმმართველობის შესახებ ჯერ კიდევ “მოქკავშირის” დროს დაიწერა. მაშინ მე, როგორც იმერეთის გუბერნატორი, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ამ კანონის მიღების და სწორედ ამ მიზეზით გავემგზავრე თბილისში, რათა ყველაფერი ადგილზე გამერკვია, მაშინ ავარია მომიწყვეს… კანონი მაშინ ჩავარდა. მოგვიანებით „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს იყო ამ კანონის მიღების მცდელობა და ვერ მოხერხდა, დღეს რესპუბლიკელები ცდილობენ კანონის მიღებას.. ბატონი ღარიბაშვილი ძალიან სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებისთვის არის განწყობილი, მაგრამ ეჭვი მეპარება, მას ან პარლამენტის, ან პრეზიდენტის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს,“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერის თქმით, ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ სავარაუდოდ გაზაფხულზე მოსალოდნელია ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შესაძლოა პარლამენტი დაკომპლექტდეს ქართული განწყობის პოლიტიკური ძალებით.
“მინდა აღვნიშნო, რომ ქართული განწყობა სულაც არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოში რუსეთის განწყობა პრორუსულმა ძალებმა დაღუპეს. ხოლო ამერიკული განწყობა სააკაშვილის დაუფიქრებელმა და პროვოკაციულმა პოლიტიკამ აზარალა“,- ამბობს შაშიაშვილი.



