(geonews.ge) თვითმმართველობის ახალი კოდექსი საფრთხის შემცველია ქვეყნის მთლიანობისთვის – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს თვითმმართველობის ახალი კოდექსი ქვეყნის მთლიანობისთვის საფრთხის შემცველად და ომის მუხტის შემოგდებად მიაჩნია. შაშიაშვილი თვლის, რომ გადაწყვეტილია კავკასიის არევა და ამ პროცესებს შესაძლოა საქართველო შეეწიროს.
როგორც შაშიაშვილი აცხადებს, რესპუბლიკელები და მთელი რიგი პოლიტიკური ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში პრაქტიკულად ერთი სცენარით წარმართავენ პოლიტიკურ პროცესებს. დაღესტანი უკვე დაიყო ოთხ ნაწილად, მსგავსი მზადდება საქართველოშიც და გარედან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები ანგრევენ ქვეყანას.
„დღევანდელი კანონი თვითმმართველობის შესახებ ჯერ კიდევ მოქკავშირის დროს დაიწერა. მაშინ მე, როგორც იმერეთის გუბერნატორი, სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი ამ კანონის მიღების და სწორედ ამ მიზეზით გავემგზავრე თბილისში, რათა ყველაფერი ადგილზე გამერკვია, მაშინ ავარია მომიწყვეს… კანონი მაშინ ჩავარდა. მოგვიანებით, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს იყო ამ კანონის მიღების მცდელობა და ვერ მოხერხდა, დღეს რესპუბლიკელები ცდილობენ კანონის მიღებას.. ბატონი ღარიბაშვილი ძალიან სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებისთვის არის განწყობილი, მაგრამ ეჭვი მეპარება, მას ამ პარლამენტის, ან პრეზიდენტის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერის თქმით, ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ სავარაუდოდ გაზაფხულზე მოსალოდნელია ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შესაძლოა პარლამენტი დაკომპლექტდეს ქართული განწყობის პოლიტიკური ძალებით.
„მინდა აღვნიშნო, რომ ქართული განწყობა სულაც არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოში რუსეთის განწყობა პრორუსულმა ძალებმა დაღუპეს. ხოლო ამერიკული განწყობა სააკაშვილის დაუფიქრებელმა და პროვოკაციულმა პოლიტიკამ აზარალა“, აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



