მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

sasamartloსაქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარეს
ბატონ გიორგი პაპუაშვილს

ბატონო გიორგი,

გიდასტურებთ პატივისცემას და პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული 34 ორგანიზაციის (სია თან ერთვის) სახელით მოგმართავთ ამ წერილით და ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის თარიღთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლიდან დღემდე შევიდა 143–ზე მეტი კონსტიტუციური ცვლილება, რომელთაგანაც 32 უნდა ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის თვეში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

კონსტიტუციაში ასეთი რაოდენობის ცვლილებების შეტანა არ ახსოვს არც ერთი ქვეყნის ისტორიას. ამ ცვლილებების ანალიზის საფუძველზე ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ის მიმართულია ერთი პირის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელში მთელი ძალაუფლების უზურპაციისაკენ.

2013 წლის ოქტომბრის თვიდან, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს უფლებები მნიშვნელოვნად ეზღუდება პრემიერის სასარგებლოდ. ამგვარად, შედგენილი საქართველოს კონსტიტუცია თვითვე ღაღადებს მიხეილ სააკაშვილის ზრახვებს, ანუ გზას პუტინიზაციისაკენ; კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ნათლად დასტურდება მიხეილ სააკაშვილის მიზანი: 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება და 2013 წლის ოქტომბრის თვიდან მისი პრემიერ-მინისტრობა. ამ იმედით მან კონსტიტუციის საშუალებით მომავალი პრეზიდენტის ძალაუფლება შეასუსტა.

მიხეილ სააკაშვილის დიქტატით შექმნილმა კონსტიტუციამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა: კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაწერილია, რომ “ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ სამართლებლივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.” პრეამბულაში ჩადებული დოქტრინა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის უძირითადეს პრინციპებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია ის, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია საერთოდ არ იცნობს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში კი პრეზიდენტის ინსტიტუტი ინსტიტუციონალურადაა დაშვებული და პრეზიდენტს განუსაზღვრელი უფლებები აქვს მინიჭებული

პარადოქსული და კოლიზიურია საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტები. პირველ პუნქტში ვკითხულობთ: “საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭის ყრით ხუთი წლის ვადით.” მე-9 პუნქტში კი ვკითხულობთ: “პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა”.

საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია 2008 წლის 5 იანვარს ხუთი წლის ვადით. მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო მის მიერ ფიცის დადების თანავე ანუ 2008 წლის 20 იანვარს და იწურება 2013 წლის 20 იანვარს. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით “საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.” მიხეილ სააკაშვილს ხალხმა (ამომრჩევლებმა) პირდაპირ მიანიჭა საპრეზიდენტო უფლებამოსილება ხუთი წლის ვადით. არავის არა აქვს უფლება, მათშორის არც პარლამენტს, პრეზიდენტს გაუგრძელოს უფლებამოსილება.

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტით, როგორც მივუთითეთ, “პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა”. აღნიშნული ცვლილება საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ისე, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარებულა. რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა მიითვისა ხალხის ექსკლუზიური უფლება და პრეზიდენტს პრეზიდენტობის ვადა ფაქტობრივად გაუგრძელა ცხრა თვემდე, რაც კონსტიტუციის მე-5 მუხლისა და 70-ე მუხლის პირველი ნაწილის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე თუკი მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს და განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ეს ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას, რომლითაც “არავის არ აქვს უფლება მიითვისოს, ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება”.

დღეისათვის ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს გააგრძელოს საქართველოს პრეზიდენტობა 2013 წლის 20 იანვრის შემდეგაც. ამით ის ქვეყანას უთუოდ საკონსტიტუციო ჩიხში შეიყვანს. ჩვენი აზრით, ერთადერთი გამოსავალია ის, რომ 2013 წლის 20 იანვრამდე პრეზიდენტი ნებაყოფლობით გადადგეს, ან სხვა გზით ვადამდე შეწყდეს მისი სპრეზიდენტო უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. თუკი ეს არ მოხდება და მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, მაშინ 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ საქართველოს აღარ ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და შეიქმნება სრული საკონსტიტუციო ვაკუმი და გაუგებრობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოგმართავთ და გთხოვთ, განგვიმარტოთ: ხომ არაგვაქვს საქმე თავისი შინაარსით კონსტიტუციის გამოყენების იშვიათ ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასთან. ან ხომ არ გვექნება საქმე 2013 წლის 20 იანვრის შემდეგ (თუკი მიხეილ სააკაშვილი კვლავ გააგრძელებს პრეზიდენტობას) საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით მის მიერ დადებული ფიცის დარღვევასთან: რომ ის დაიცავს კონსტიტუციას, კეთილსინდისიერად აღასრულებს პრეზიდენტობის მოვალეობას და ა.შ. რაც იმასაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია ისარგებლოს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით და მისი უფლებამოსილების პერიოდში იზრუნოს კონსტიტუციაში არსებული ისეთი წინააღმდეგობის, ორაზროვნებისა და გაურკვევლობის აღმოფხვრაზე, რომელიც ქვეყანას აქცევს საკონსტიტუციო და სამოქალაქო კრიზისში. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სრული სამოქალაქო არეულობა.

საქართველოს კონსტიტუცია უგვანოდ არის დასახიჩრებული. მასში ძირეული მუხლები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და, რაც მთავარია, ხალხის ნების გამოხატვის საშუალება ამ დოკუმენტით შეუძლებელია.

ჩვენ, მემორანდუმით გაერთიანებული ორგანიზაციები ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერის სახელით ვიბრძვით არა კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, არამედ დემოკრატიული პრინციპებისთვის და იმისთვის რომ ქვეყანას ავაცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, რომლისკენაც დღეს ქვეყანა მიჰყავს პრეზიდენტად წოდებულ პიროვნებას.

ჩვენ, მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებს გადაწყვეტილი გვაქვს ხელმოწერების შეგროვება გავაგრძელოთ 5 იანვრამდე. 4 იანვარს კი ვიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან. ამით ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას დემოკრატიული პრინციპებისადმი, ვადასტურებთ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადა სრულდება 2013 წლის იანვარში და ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულებას. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელია კონსტიტიცურადაც და ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარეც: თუ გავაანალიზებთ პრეზიდენტის ბოლო ქმედებებს, მის გამოსვლებს და კომენტარებს გაკეთებულს უცხოეთსა და ქვეყნის შიგნით, აშკარაა, რომ მან დაკარგა რეალობის შეგრძნება და უუნარო გახდა ქვეყნის მართვის თვალსაზრისით. სწორედ მის უუნარობას, მმართველობის აშკარად არადემოკრატიულ სტილს, ძალაუფლებისადმი მის პათოლოგიურ სწრაფვას ქვეყანა სამოქალაქო არეულობისაკენ მიჰყავს.

ბატონო გიორგი,

დარწმუნებული ვართ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან და ჩვენს მიერ დასმული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, თქვენ შეძლებთ 2013 წლის 4 იანვრამდე უპასუხოთ ჩვენს თხოვნას – გააკეთებთ საკონსტიტუციო განმარტებას პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით.

“გაერთიანების მემორანდუმში” წარმოდგენილი ორგანიზაციების სახელით:

რეზო ჩხეიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება”, კინო რეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მიხეილ ანდღულაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი – პოლიტიკური პარტია ,,თეთრები’’-ს თავმჯდომარე

გიზო შარვაშიძე – აფხაზეთში განსავითარებელი ჰუმანიტარული პროგრამების ფონდის თავმჯდომარე

ერდინადნდ ლორთქიფანიძე – ,,ქართულ-ოსური მისიის’’თანათავმჯდომარე

ნიაზ ბოლქვაძე – აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე

ელგუჯა ბურდული – არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

24 დეკემბერი, 2012 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *