პოზიცია ლიეჟის ე.წ.“ ქართველთა მსოფლიო კრების“ შემდეგ და „რომის საქართველოს მომავლის ფორუმის“ წინ

აი, რატომ არ მომცეს სიტყვა ლიეჟში და რატომ არ უნდათ, რომ ჩავიდე რომში!

 

 

  • სოციალური დემაგოგია:,ანუ ვიყავი ხელისუფლებაში – არ შევასრულე, ამირჩიე და შევასრულებ!. 
  • კიდევ და კუდევ  გვატყუებენ: ეს არის დღევანდელი და წინა ხელისუფლებებიც.
  • უწიფარნი ბოროტდებიან ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების დაკარგვითაც.

 ნუ ვირჩევთ და ნუ ვემსახურებით უღირსებს!

 

დაფიქრების, გაანალიზებისა და დასკვნებისთვის წარმოგიდგენთ ჯერ კიდევ 2007-2009 წლებში მეცნიერთა მონაწილეობით  შექმნილ ორ დოკუმენტს: „ღირსების ულტიმატუმი“ და  „ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“ პროგრამულ პუნქტებს.

პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ: ღირსება არ აქვს ხელისუფლებას-ყოფილს,თუ დღევანდელს, რომელიც ,,ღირსების ულტიმატუმი ელემენტარულ მოთხოვნებს არ ასრულებსღირსება არ აქვს პოლიტიკოსს, რომელიც ემიგრანტებს, გაჭირვებულ ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. არც იმას,ვინც ასეთების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, თუ ხელისუფლებაში შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ორთავე დოკუმენტი  2009 წელს  გაეგზავნა პრეზიდენტ სააკაშვილს ასეთი წამძღვარებით:

ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ.

მაშინაც ვწერდი და დღესაც ვიმეორებ, რომ უზნეობაა, იყო ქვყეყნის პირველი პირი და მოსახლეობას ვერ უკმაყოფილებდე „ელემენტარულ მოთხოვნებს“, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა უწოდა  „ღირსების ულტიმატუმში“ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს.

გაპრემიერებისთანავე ეს დოკუმენტები დაეგზავნათ ბატონებს:
ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი ღარიბაშვილს
გიორგი კვირიკაშვილ

ამ დოკუმენტებს, პრაქტიკულად ყოველ წელს ვაქვეყნებდით პრესაში.

შედეგი ნულის ტოლია!

ვის სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხალხის ელემენტარულ მოთხოვნებს არ, თუ ვერ ასრულებს და რატომ ვითმენთ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ და კონსტიტუციაზე მაღლა?

გაბოროტების ტოლფასია, როცა არ შეასრულე ის, რასაც „ელემენტარული“ უწოდე და დღეს იგივეს პროგრამად სთავაზობდე ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. გაბოროტების ტოლფასია, იყო ხელისუფლებაში დღეს და იმავდროულად იყო თვითკმაყოფილი,  არ გქონდეს „ღირსების ულტიმატუმის“ ეს მოთხოვნები შესრულებული. გასაგებია, რომ ასეთ პიროვნებებს არ აწყობთ ჩემთან ერთად დგომა ხალხის წინ, ცოცხალი დისკუსია ხალხის წინ და პირდაპირ ეთერში. თუნდაც იმის გამო, რომ რეგიონის ხელმძღვანელის რანგშიც კი,  როცა „მოქკავშირი“ და მისი ე.წ. რეფორმატორული გუნდი ხელს მიშლიდნენ, ამ მოთხოვნების დიდ ნაწილს მაშინაც კი ვასრულებდი. როგორც კი შევძელი, მასწავლებლის ხელფასი ქუთაისში რამდენჯერმე მეტი იყო, ვიდრე მთელ საქართველოში, როცა მასწავლებელი, როგორც მინიმუმ, ერთი ლარით მეტს იღებდა, ვიდრე მე, როგორც ქალაქის მერი და ჩემი ხელფასი კი,  რამდენჯერმე მეტი იყო, ვიდრე პრეზიდენტის… როგორც კი შევძელი სტუდენტთა სწავლების დაფინანსება, როგორც კი შევძელი, უნივერსიტეტყის პროფესორ-მასწავლებლები მინიმუმ, 10-ჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ ქუთაისში, ვიდრე თბილისში და სხვაგან, მთელს რესპუბლიკაში და ამის გამო, მთელი მაღალი რანგის პროფესურა ქუთაისისკენ დაიძრა, მაშინვე პარლამენტის ტრიბუნიდან დაიწყო შეტევა, რომ თითქოს მე მასწავლებელთა და სტუდენტთა რევოლუციას ვიწყებდი ქუთაისიდან.

გასაგებია, რომ ასეთ პიროვნებებს არ აწყობთ ჩემთან ერთად დგომა ხალხის წინ, და ცოცხალი დისკუსია პირდაპირ ეთერში,   რადგან მე ვამტკიცებ, რომ იმ ფულით, რომელიც დღეს არის ბიუჯეტში ( ეს, ძირითადად

ქვეყნის მიერ აღებული სესხები და ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულია), მინიმუმ ხუთჯერ მეტი რამის გაკეთება შეიძლება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში. ვამბობ იმას, რომ ელიტური კორუფცია სჭამს ქვეყანას, ვცხოვრობთ სიყალბეში და ქვეყანაში მძლავრობს პოლიტიკური მაფია, რომლის წევრებიც არიან ოლიგარქები, პარტიიდან პარტიაში მომთაბარე პოლიტიკოსები, ხელისუფლების მომღერალი ინტელიგენცია.

კონკრეტული მაგალითების მოტანის გაგრძელება შემიძლია. ვფიქრობ, რაც ვთქვი, საკმარისია. და ვთქვი არა იმიტომ, რომ გაკეთებულით ვიტრაბახო, მაშინაც კი მეტის გაკეთება შეიძლებოდა და მეც შემეძლო!  არამედ ვთქვი იმიტომ, რომ შეუძლებლის შეძლებაა შესაძლებელი, თუ პროფესიონალი და ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება იქნება ქვეყნის სათავეში, ხელისუფლება, რომლის მართვის სტილი იქნება მეცნიერული, დაეყრდნობა მეცნიერებას და მეცნიერთა მიერ შედგენილ პროგრამებს.

ყველაფერი ეს  ვთქვი იმიტომ, რომ დავფიქრდეთ: ნუ ვირჩევთ და ნუ ვემსახურებით უღირსებს! დავფიქრდეთ: ის რაც დღეს ხდება ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, იქნებ ეს არის ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ!

ქვეყნის გადარჩენა შეუძლიათ მორალურ ადამიანებს, მორალურ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც მზად არიან თავშეწირვისთვის. პოლიტიკოსი დღეს არის ის, ვინც სიცოცხლის ფასად არის მზად ქვეყნისა და ხალხისთვის. მორალური ადამიანების ერთობამ უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბელადების, ფულის ძალაუფლების, ოლიგარქების გარეშე შეძლებს  უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლას. ეს იქნება ქვეყნის გადარჩენა შიშველი ხელებით. როგორც იტყვიან, „შიშველი ხელი ხელსა, მადლი ღმერთსა“

ამის წამკითხავი ვიდრე იფიქრებს, თემურ შაშიაშვილი ხომ არ აჭარბებსო“ გთხოვთ, ნახოთ რა მოთხოვნები იყო ჩამოყალიბებული „ღირსების ულტიმატუმში“ (რომელიც წარმოდგენილია თავდაპირველი სახით, ანუ იმ ფორმით, რომელიც გადაეცა პრეზიდენტ სააკაშვილს) და რას ვითხოვდით ემიგრანტებთან დაკავშირებით.

დასკვნა თქვენთვის მომინდვია

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი

გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

 

„ღირსების ულტიმატუმი“

 

1.–  მომავალი წლის  პირველი იანვრიდან  საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს.

  • პენსია ;
  • მინიმალური ხელფასი;
  • ლტოლვილთა შემწეობა;
  • უმუშევართა შემწეობა;
  • სტიპენდია

ხოლო საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული  პრინციპების საფუძველზე ;

  1. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და  სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური  ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;
  2. მოხდეს პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება
  3. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აუცილებელ მოთხოვნებად განისაზღვროს:
  • განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული დაფინანსება.
  • სტუდენტის მიერ სწავლისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სწავლის ღირებულების 10%-.
  • უზრუნველყოფილი იქნას საბავშვო ბაღების სრული სახელმწიფო დაფინანსება კონტინგენტის ლიმიტირების გარეშე .
  • მოსახლეობის სრული და საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა.
  • სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 10%- ის გამოყოფა.
  • მცირე ბიზნესისა და დასაქმების პროგრამებისათვის საქართველოს ბიუჯეტის 10% – ის გამოყოფა
  1. აღიარებული იქნას საკუთრების ხელშეუხებლობა. მოხდეს წართმეული ქონების უპირობოდ დაბრუნება.
  2. საზოგადოებრივი ტელევიზია დაუბრუნდეს საზოგადოებას.  
  3. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ლიცენზიების გაცემა და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია .
  4. ყოველთვიურად გამოქვეყნდეს ყველა დონის (სახელმწიფომხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა, წყაროები და სრული ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ
  5. ექსპერტთა მონაწილეობით (პარიტეტულ პრინციპებზე) შესწავლილი იქნას : პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე,   სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო მომსახურებაზე, საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე დაწესებული ფასების საფუძვლიანობა. (ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, რომ ზრდა ხელოვნურია დარეალური კონკურენციისა და რეალურად მოქმედი ანტიმონოპოლური სამსახურის პირობებში შეიძლება ფასების განახევრება).
  6. გაანალიზდეს კომერციულ ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით
  7. გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები. სახელმწიფომ ევროპული გამოცდილებით უზრუნველყოს იაფი კრედიტის პრობლემის გადაწყვეტა
  8. გამოქვეყნდეს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიების შედეგები.
  9. შეიქმნას (პარიტეტულ პრინციპებზე) გახმაურებულქუჩის მკვლელობათასაქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია
  10. თანამდებობიდან იქნ გადაყენებული და მიცემული პასუხისგებაში ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც დაკავშირებულია ქუჩის მკვლელობებთან.
  11. თანამდებობიდან იქნას გადაყენებული ყველა ის პირი, რომლიც მონაწილეობდა ეკლესიების ნგრევასა და მრევლის დარბევაში(მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა). 
  12. გაიხსნას და საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის : პრეზიდენტისა, პრემიერმინისტრისა, მინისტრებისა, გუბერნატორებისა, მერებისა და გამგებლებისა
  13. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერებული იქნას 2004 წლის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოქმედება.
  14. გამოქვეყნდეს სუკის აგენტების სიები.
  15. საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმწყობისათვის დაიხარჯა 50 000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში). 
  16. გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).
  17. გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში
  18. გამოქვეყნდეს 1992 წლიდან მიღებული უცხოური დახმარებების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.
  19. გაანალიზდეს მეწარმეთაიურიდიული და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები და შედეგები გამოქვეყნდეს პრესაში
  20. ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.
  21. პრეზიდენტმა შეასრულოს მისი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით განსაზღვრის თაობაზე და აღადგინოს ყველა ის შეღავათი, რომლებიც გაპრეზიდენტების შემდგომ გააუქმა და ამის თაობაზე არ ჰქონია გამოცხადებული წინასაარჩევნო პერიოდში

 

„ემიგრანტთა განწყობა  – გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“  – ხუთი ძირითადი პუნქტი

 პირველი – მიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ეს სამოქალაქო უფლებები, სრულფასოვანი მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება. მათ არა მხოლოდ იმ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც კონსტიტუციით თითქოს გარანტირებულია, არამედ ევროპული ქვეყნების მსგავსად უნდა მიეცეთ  უფლება მაჟორიტარი დეპუტატები აირჩიონ იგივე წესით, რა წესითაც ისინი აირჩევიან სამშობლოში.

მეორე –ვინაიდან არც ქართველს, არც აფხაზს, არასდროს არ ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი. ამიტომაც, მიუხედავად დროებითი ტერიტორიული პრობლემებისა, ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ. საჭიროა ამან თავისი ასახვა ჰპოვოს ქვეყნის უმაღლეს კანონში – საქართველოს კონსტიტუციაში;

მესამე– საქართველოს მოქალაქის  მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა, ვინაიდან ქართველი, სადაც უნდა იყოს, ყველგან ქართველად რჩება; ვინაიდან, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილი… აქედან გამომდინარე, საჭიროა უმოკლეს ხანში პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების დამუშავება და მიღება.

მეოთხე საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მის მოქალაქეებს იგივე უფლებები ჰქონდეთ უცხოეთში,რა უფლებებიც გააჩნიათ  უცხოელებს  საქართველოში.

მეხუთე  – შეიქმნას „ სამშობლოში თანამემამულეთა დაბრუნების   ფონდი „, რომელიც მოხმარდება არა ერთეულთა პირობების გაუმჯობესებას, როგორც ეს ათწლეულის მანძილზე ხდებოდა, არამედ უმუშევართა დასაქმებას, ქართულ ეკონომიკაში დასავლური გამოცდილების შემოტანას ისევ ქართველთა მიერ, უცხოელი მეგობრების გონებისა და მატერიალური სახსრების გამოყენებას საქართველოს საკეთილდღეოდ, ქართველ ერსა და ევროპელთა შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ნამდვილი სახალხო დიპლომატიის  განვითარებას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ტრადიციული ურთიერთობების აღდგენასთან.

გამოქვეყნებულია გაზეთ “საქართველოოს რესპუბლიკის” #42 (1.03.2019)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *