კაცები რთულ პერიოდებშიც ღირსებას არ კარგავენ – კაცებად რჩებიან და ღირსებით ცხოვრების მაგალითს გვიტოვებენ!

დიდი კაცის, ჩემთვის სამაგალითო კაცის –როსტომ გველესიანის ეს სურათი მისმა ძმისშვილმა, ემიგრანტმა, ნინო გველესიანმა გამომიგზავნა იმ შეფასებებთან ერთად, რომელსაც, როგორც ჩანს, ბატონი როსტომი საოჯახო წრეში აკეთებდა ჩემთან დაკავშირებით, ბევრი ადრეც მსმენია მისი უბრწყინვალესი მეუღლის, ქალბატონი მერის და შვილების ქეთევანისა და დიმიტრისგან. ეს არც მიკვირს. ეს ოჯახი მადლიერებითაა სავსე ,სამწუხაროდ, ეს დღევანდელ საქართველოში დიდი დეფიციტია.  მაგრამ დღეს ჩემთვის იმის გამოქვეყნება კი არაა მთავარი, რაც ბატონმა როსტომმა ჩემზე თქვა, არამედ მე ვთქვა ჩემი სათქმელი, ანუ ის რაც მევალება,რომ ვთქვა!

როსტომ დიმიტრის ძე გველესიანი -ეს სახელი ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, მხოლოდ სიკეთესთან და სიკეთით გამარჯვებასთან არის დაკავშირებული.

იძულებითი დაბრუნება მოუწია ქუთაისში სოხუმის სუბტრობიკულ ინსტიტუტთან ერთად.მეცნიერების დოქტორი და პროფესორი, მის კოლეგებთან ერთად ღირსებით იდგა მამულისთვის, ერთიანობისთვის, სოხუმის უნივერსიტეტისთვის, მომავლის საქართველოსთვის! კაცი იყო, კაცი -მეცნიერი და მამულიშვილი, მეგობრობით და სიყვარულით სავსე.

სოხუმელმა უნივერსიტეტელებმა ქუთაისს გული აჩვენეს და ქუთაისმაც იგივეთი უპასუხა.უნიკალური შენობა,უნიკალურ ადგილზე..დღეს ბევრს დაუჯერებლად ეჩვენება, მაგრამ განსხვავება არ იყო ქუთაისის და სოხუმის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისადმი ქალაქის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაში. მაშინ,როცა საქართველოს მასშტაბით ხელფასები 10-15 დოლარის შესაბამისი კუპონი და ლარი იყო, ჩვენ დამატებით აკადემიკოსს 130 , დოქტორსა და პროფესორს 100 დოლარის შესაბამისს ვუმატებდით.. ყველაზე დაბალი დანამატი, რომელიც უხარისხო დოცენტს ჰქონდა, 2-3 ჯერ აღემატებოდა რესპუბლიკურ სახელფასო მაჩვენებელს. ყველაფერი ეს მაშინ,როცა ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთ თეთრს არ ვიღებდით.

ჩვენ შევძელით აფხაზეთის ყველა ორგანიზაციის გადარჩენა ქუთაისში.მიხარია,რომ ბევრი მათგანი ხელმძღვანელთა დიდი მონდომებით,აგრძელებს მუშაობას.

აფხაზეთის ტრაგედიით ჩვენ უფალმა დიდი განსაცდელი მოგვიწყო და დღეს როცა ვაანალიზებ ქუთაისის,იმერეთის იმ წლებს,ასე მგონია,რომ იმ პერიოდში ჩვენ ის განსაცდელს ისე გავუძელით, რომ ღირსება არ დაგვიკარგავს.

ეს ერთად შევძელით,ქალაქმა და აფხაზეთიდან იძულებით ჩვენთან ჩამოსულებმა.დღესაც დიდი პატივისცემით ვიხსენებ იმ რთულ,მაგრამ კაცურ და იმედიან საუბრებს,რომლებიც იმჟამინდელ რექტორთან,უბრწყინვალეს პიროვნებასა და მეცნიერთან ვახტანგ ფრუიძესთან(1994 წლის 27 სექტემბერს,ჯვართამაღლების დღეს წავიდა ჩვენგან),შემდგომ რექტორთან,ასევე გამორჩეულ კაცთან და მამულიშვილთან,გურამ კილასონიასთან, როსტომ გველესიანთან,ვალოდია ხაბეიშვილთან ,თამაზ ცანავასთან, ავთანდილ ბერეჩიკიძესთან,ზურაბ ჩანტლაძესთან, გივი დოლიძესთან , რენე ჭაბუკიანთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, დევნილებთან,მათ დიდ მოამაგე -ალუ გამახარიასთან ერთად გვქონდა. ბატონმა ალუმ, მის გუნდთან ერთად,როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა, შეუძლებელი შეძლო იმ პერიოდში..

ბევრთან ერთად,მახსენდება აფხაზეთის დღეების მოწყობა,როცა ქალაქში ქართული, აფხაზური სიმღერები ისმოდა,აფხაზი და ქარველი მხატვრების გამოფენები იყო,ფილმების ჩვენება…ეს კეთილგანწყობის დიდი დღესასწაული იყო..

ჩვენი მეგობრობა უნივერსიტეტთან,დევნილებთან,აფხაზეთის მთავრობასთან,უმაღლეს საბჭოსთან გრძელდება დღესაც…აფხაზეთის კულტურის ცენტრის ხშირი სტუმარი ვარ. ვახტანგ ყოლბაიამ, სვეტლანა ქეცბამ ,დიმა ჯაიანმა, გურამ კალანდიამ უდიდესი საქმე გააკეთეს ამ ცენტრის შექმნით.ამ დღეებში დიდი პატივისცემით მიულოცე,ღირსეულ კაცსა და მეცნიერს,ჩემს უფროს მეგობარს,პროფესორ შოთა ხეცურიანს საიუბილეო თარიღი..

თავის დროზე ჩვენ დაგვთრგუნა სოხუმის უნივერსიტეტის ქუთაისის უნივერსიტეტზე მიერთებამ. ეს მომავალში გასასწორებელია,მაგრამ მიხარია,რომ დღეს გაერთიანებული უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი -სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და საინტერესო პიროვნებაა…

დღეს ბატონი როსტომი,ბატონი ვახტანგი,ბატონი გურამი,ბატონი ვალოდია,ქალბატონი ჟანა,ბატონი ზურაბი, ბატონი გივი...  ბევრი,ძალიან ბევრი,ზეციურ საქართველოშია.

დიდება მათ სახელებს!
მადლობა მათ იმ რთული წლების თანადგომისთვის.წელი არ გავა,რომ რამდენჯერმე არ მოვიდრიკო მუხლი მათ საფლავებთან.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ როსტომს,რომლის სახელმა და სურათმა, ეს მძიმე წლები კი არა კეთილი ადამიანები გამახსენა!გამახსენა ისიც,როგორი სიყვარულით წავიკითხე გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში,მუშად მისულმა,ივანე პაპასკირისЖенская честь”, ,ბეჭდვის პროცესში.

ვოცნებობ იმაზე,რომ შთამომავლობას ამ კაცობისა და მამულიშვილობის ამსახველი ,დოკუმენტურ მასალებზე აგებული  ფილმი დარჩეს! ფილმი, რომელიც შეაერთებს ზეციურ და მიწიერ საქართველოს და ჩვენ აფხაზი და ოსი ძმების ერთად ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე მეტ სისწრაფეს და ძალას მოგვცემს

ეს ჩვენზე, ცოცხლებზეა დამოკიდებული!

კიდევ ერთი და ჩემი მთავარი სათქმელი მადლიერებასთან ერთად.
რაც დრო გადის მით მეტად ვრწმუნდები,რომ საქართველოში საქართველოა გადასარჩენი, ქართველში -ქართველი, აფხაზში-აფხაზი,ოსში – ოსია გადასარჩენი , რომ რაც მეტად მივანდობთ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებს აფხაზეთიდან დევნილებს,აფხაზეთის სახელისუფლებო,სამეცნიერო და შემოქმედებით წრეებს მით მეტად მოიგებს საქმე.ამაში წლების ანალიზიც მარწმუნებს,ის შეხვედრაც,რომელიც ცოტა ხნის წინ მქონდა თბილისიში, აფხაზეთის უნივერსიტეტში, საუბარი,რომელიც რექტორის, მართლაც გამორჩეულად მოაზროვნე კაცის ,ზურაბ ხონელიძისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან მოვისმინე.. ის შეხვედრა და საუბარი,რომელიც რამდენიმე თვის წინ მქონდა ევროპაში ოთხ აფხაზთან.ეს კარგი და იმედიანი ისტორიაა:

მაგიდასთან შვიდნი ვიჯექით: ოთხი აფხაზი და სამი ქართველი.თამადობა მთხოვეს.შიშით დავიწყე.ვთქვი მე,როგორც ერთი ქართველი, თემურ შაშიაშვილი,ვინანიებ ყველაფერ იმას,რაც მოხდა,მიუხედავად იმისა,მადევს თუ არა რამე ბრალი.. და ასე მგონია,ვიდრე ყოველი ქართველი და ყოველი აფხაზი არ მოვძებნით ძალას საკუთარ თავში და არ მოვინანიებთ,არც ერთს ამას უფალი არ გვაპატიებს -თქო.

სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს იგივე აფხაზებმაც და ქართველებმაც. მეტიც,ერთმა აფხაზმა ყველაზე იმედიანი რამ თქვა:“თუ ამ მდგომარეობაში შეიძლება იყო ბედნიერი,ჩვენ ვართ-დრომ დაადასტურა,რომ ჟიული შარტავას მკვლელობაში აფხაზის ხელი არ ურევია!”

უნიკალური პიზიცია,მართლაც, იმედიანი – დღეს ჩვენ ბევრ რამესთან ერთად,ჟიული შარტავა გვაერთიანებს.

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ ქართველებმა და აფხაზებმა,ქართველებმა და ოსებმა სხვის გარეშე უნდა შევძლოთ ურთიერთობა…დავამთავროთ საუბარი იმაზე,რომ ჩვენი ბედი მოსკოვსა და ვაშინგტონში წყდება….პირდაპირ და დარწმუნებით ვამბობ :საქართველიში წყდება, საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების სწორ საშინაო და საგარეო პოლიტიკაა ამის გარანტი, ის პარლამენტია გარანტი, რომელც არ მიიღებს ისეთ კანონებს, რომლებიც მიუღებელია, ზოგადად კავკასიისთვის,ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის!

მე ასე მწამს და ასე მჯერა.ასე ფიქრობდა ბატონი როსტომი,ასე ფიქრობდნენ ყველანი, ვისზეც ზემოთ ვისაუბრე,ასე ფიქრობს ყველა რეალურად მოაზროვნე ქართველი,აფხაზი და ოსი.

ნამდვილ ქართველს,ნამდვილ აფხაზს,ნამდვილ ოსს არც ერთმანეთთან ურთიერთობის და არც იმის გაცნობიერების პრობლემა გვაქვს, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენ არ გვაქვს მომავალი !

მადლობა ბატონო როსტომ ყველაფრისთვის! უფალმა დაგიმკვიდროს ზეციური სასუფეველი!

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *