„თეთრების პოზიცია: „ასეთ ქვეყანას არც პრეზიდენტი სჭირდება და არც პარლამენტი

 

224008_146438458758212_6848026_n

მძაფრად, მაგრამ საერთო შეფასებით, საინტერესოდ დაიწყო პარტია „თეთრებში“ პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის დამამთავრებელი ეტაპი. იგი ოთხ დღეს გაგრძელდება და ხუთშაბათს პარტიის პოლიტიკურმა საბჭო სრული კონსესუსით მიიღებს გადაწყვეტილებას.

პროფესორ მერაბ ჯიბლაძის წინადადებით პირველი დღე დაეთმო ქვეყნის სტატუსის გარკვევას:

„ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ქვეყანა ვართ, მერე, როგორი გვინდა ვიყოთ და შესაბამისად, ვეძებოთ პრეზიდენტიც და პარლამენტიც. თუ ისეთი გვინდა ვიყოთ, როგორიც დღეს ვართ, ასეთ ქვეყანას არც პრეზიდენტი სჭირდება, არც პარლამენტი. ვიმართებით გარედან  და პირდაპირ ვთქვათ: ეს არის 21 საუკუნის ტიპიური კოლონიური ქვეყანა. როცა ბატონი რასმუსენი უფლებას აძლევს თავის თავს,  თქვას ის, რაც თქვა… როცა ესტონეთის პრეზიდენტი თომას ილვესი თავს უფლებას აძლევს თქვას ის, რაც  გუშინ პრესაში დაიბეჭდა… როცა ამერიკელ კონგრესმენებს მაკკეინს, ლიბერმანს, ლუგარს და მათ მსგავსებს აქვთ იმის უფლება, რასაც ამბობენ და ჩვენ ამას წყნარად ვითმენთ და თავს ვიმართლებთ, აბა სხვას რას ჰქვია კოლონია?

გავიხსენოთ, „მოქალაქეთა კავშირმა“ და მისმა გენერალურმა მდივანმა, რომელიც  დღეს საქართველოს პრეზიდენტია, ყველაფერი გააკეთეს რომ საქართველოს მიეღო  ყველაზე მძიმე სტატუსი – განვითარებადი ქვეყნის სტატუსი. ეს იყო და რჩება დღესაც ყველა უბედურებათა სათავედ. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც ეგუება განვითარებადი ქვეყნის სტატუსს. ხალხს გვგონია, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, ხელისუფლება თვლის, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა, ჩვენი „პოლიტიკური მეგობრები“ თავისი ქმედებებით გვეუბნებიან, რომ ვართ ნეოკოლონიური ქვეყანა.“

ბატონი მერაბ ჯიბლაძის ამ მწვავე შეფასებას ყველა დაეთანხმა და მის მთლიან საუბარს დღევანდელი საქართველოს მწარე რეალობის დამადასტურებელი სურათი უწოდა.

განათლების მეცნიერენათა აკადემიის აკადემიკოსმა, საავტორო სკოლის დირექტორმა, ინესა იამანიძემ დანაშაულებრივი და ანტიქართული უწოდა ე.წ. კოჰაბიტაციას, იმ პროცესებს, რომლებიც განათლებაში დიდი ხანია დაწყებულია და წარმატებით გრძელდება პარტია „რესპუბლიკელების“ ძალისხმევით. მან გულისწყვეტა გამოთქვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომლისგანაც ის სრულიად სხვას ელოდა და რეალურად კი მოვიღეთ ის, რაც ქართული სახელმწიფოს ძლიერების წისქვილზე არ ასხამს წყალს.

პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა გია სიხარულიძემ გააგრძელა რა გამომსვლელთა შეხვედრები, თქვა: „შავიზღვისპირეთში პრემიერ მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარალმენტო ოპოზიციის ლიდერის შეხვედრის შედეგი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების პროცესის ჩაკეტვა ორ პარტიას შორის. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმცირესობის ბოიკოტის მოხსნის სანაცვლოდ ცალკეულ პირთა მიმართ სამართლებრივი დევნის შეჩერება გახლავთ პოლიტიკური გარიგება, რომელიც თავისი შინაარსით ატარებს დანაშაულებრივ ხასიათს, ვინაიდან არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, სადაც მთლიანად იგნორირებულია საგამოძიებო და ძალოვანი ორგანოების, სასამართლო სტრუქტურის სამართალდამცავი  ქმედებები“.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ბატონი სიმონ შარაძე შეფასებებს მთლიანობაში დაეთანხმა, მაგრამ პარტიას შესთავაზა ფრთხილად ვიყოთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეფასებებში, რადგან მისი კრიტიკა იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების აღდგენას.

პარტიის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ ხასიამ და სარევიზიო საბჭოს წევრმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ავთანდილ ბარამაშვილმა გაიზიარეს გამომსვლელების  მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს გამოცდილი პოლიტიკოსი.

სხდომას გერმანიიდან ჩაერთო პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი,  გერმანიაში მცხოვრები პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, შალვა წიკლაური, და პარტიის ინგუშ მეგობარი, ინგუშთა კონგრესის თავმჯდომარე პროფესორი ბეკოვი. მათ გაიზიარეს სხდომაზე გამომსვლელთა მოსაზრებები. “ძლიერი, სუვერენული საქართველო ძლიერი კავკასიის ღერძია, – განაცხადა პარტიის  ინგუშმა მეგობარმა, – ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს  ძლიერი, დაბალანსებული პოლიტიკოსი” .

პოლიტიკური საბჭოს წევრებმა უარყოფითი შეფასება მისცეს დახურული შეხვედრების პრაქტიკას. ამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეხვედრა არის  მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილის გაგრძელება -ემსახურება ცალკეული პოლიტიკური ძალების გავლენის გაძლიერებას უფრო მეტად, ვიდრე საქვეყნო საქმეების გადაწყვეტას.

პარტიის თავმჯდომარემ, თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა:“ ასე მძაფრად ვსაუბრობთ არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა, ვინც ქვეყნის ბედზეა დაფიქრებული. მინდა ვიფიქრო, რომ ხალხის ეს მძაფრი განწყობა ესმის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ კოალიციას, თუმცა ვეჭვობ,რადგან მოქმედებებში ეს არ ჩანს. კატასტროფულად მძიმეა მდგომარეობა ქალაქებსა და რაიონებში, გაწბილებული და გულდათუთქული საუბრები მიდის ოჯახებში, თანამოაზრეთა მცირერიცხოვან შეკრებებზეც. ასეთ დროს ვეფეროთ ვინმეს – ეს ღალატია. მხოლოდ მეგობარი და ქვეყნის მოჭირისუფლე გაუბედავს დღეს ბატონ ბიძინას იმ სიმართლის თქმას, რაც რეალურად ხდება. აშკარაა, რომ ბატონ ბიძინას მართლის მთქმელები არ უყვარს, შევარდნაძისა და სააკაშვილის თითქმის ყველა ფარისეველი მის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ჩვენ ასეთები ვერ გავხდებით. სისუფთავე პირად ცხოვრებაშიც, ადამიანებთან ურთიერთობაშიც და ქვეყნისადმი დამოკიდებულებაშიც – ეს იყო და რჩება „თეთრების“ ცხოვრებისა და მოღვაწეობის წესად. არჩევნებისადმი დამოკიდებულება საუცხოოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენს განცხადებაში:

„ჩვენ ვფიქრობთ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც არც მორჩილი იქნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და არც მასთან დაპირისპირებული, მაგრამ ამავე დროს, და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულია, რომ მისი პროგრამის გამოკვეთილი ნაწილი იყოს იმ პოტენციალის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც რეალურად გააჩნია დღევანდელ პრემიერს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს და, რომლის რეალიზაციის საშუალება მას არ აქვს ჩასაფრებული სააკაშვილის საპრეზიდენტო ვერტიკალის  და მისი პარტიის  -„ნაციონალური მოძრაობის“ და პირდაპირ ვთქვათ, იმ გუნდის პირობებში, რომელსაც ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ჰქვია რომელიც ეჭვი მეპარება, რომ განწყობით დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდია.“

„თეთრების“ პოლიტიკურმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს განწყობა. ითქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ამერიკაშიც, ევროპაშიც, მეზობლებშიც, რუსეთშიც ბევრი მეგობარი ჰყავს და მთავარი მეგობარი ამ ქვეყნების ხალხია და არა ათასი გზებით სააკაშვილის მიერ მის მხარდამჭერად ქცეული პოლიტიკოსები, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში ისეთივე ავტორიტეტი აქვთ, როგორიც სააკაშვილს საქართველოში.

დასკვნის სახით ითქვა, რომ ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის კლასიკური ნეოკოლონიალური ქვეყანა, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ იყოს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ამ გზაზე ხსნა იწყება იმით, რომ ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა ხელისუფლება საერთოდ, რომელიც გარედან არ მოიმართება. ამის მიღწევა მხოლოდ მძლავრი ეროვნული მოძრაობით არის შესაძლებელი.

დღეს სწორედ 21-ე საუკუნის შესაბამისი ჭეშმარიტი, არა მოჩვენებითი, არა ფსევდო -ეროვნული მოძრაობის დროა საქართველოში (რითაც დღეს ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა სპეკულირებს)  და დავდგეთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, იმ ხალხთან ერთად, ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს და განწყობილია ბრძოლისათვის. საპრეზიდენტო არჩევნებმა ეს უნდა დაადასტუროს.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

09.07.2013წ

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *