„პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“ (კონცეფცია)

 

ცხოვრების წიგნი

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს წევრ-მეცნიერთა ინიციატივა

 

 მოსაზრება ასეთი წიგნის შექმნის თაობაზე საზოგადოებრივ მოძრაობა „წინ საქართველოში“ დაიბადა 2005 წლის დასაწყისში

ცნობილმა მოღვაწემ, ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანმა, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, გელათის აკადემიის პრეზიდენტმა, მართლაც დიდმა ქართველმა მიხეილ ქურდიანმა, ამ იდეით აღტაცებულმა, იგი პროგრამულ განაცხადად აქცია და გამოაქვეყნა კიდეც 2005 წლის ივლისში.

რაც დრო გადის, ასეთი წიგნის, უფრო სწორად, ასეთი ფუნდამენტური კვლევის აუცილებლობა კიდევ მეტად იზრდება და მისი გამოცემის აუცილებლობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

ჩვენ,  ვთვლით, რომ დღეს, როცა საქართველოში დიდი პოლიტიკური ომია, რომელსაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჰქვია: “ყველა – ყველას წინააღმდეგ”, როცა ვისაც რა უნდა იმას ამბობს ნებისმიერ სხვაზე – განმკითხავი კი არ ჩანს… როცა, როგორც დიდი ილია ამბობდა: “გულჭუჭყიანთა”, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელთათვისაც დასმენა ჩვეულებრივ ამბად იქცა – პოლიტიკაში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა… როცა ქართული პოლიტიკიდან გონება გაიდევნა და ჭორმა სიმართლე გადაფარა, როცა ტყუილზე და ჭორზე აგებულ ხელისუფლებას აწყობს, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსი გასვაროს, ყველა კორუმპირებული იყოს, ყველას მაფიოზი და ჭორიკანა ერქვას – ანუ ყველა ისეთი იყოს, როგორიც თავად არის., როგორიც არის დღევანდელი პრეზიდენტი – ასეთი წიგნის შექმნას, მართლაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავლისათვის

სამწუხაროდ, მიხეილ ქურდიანი დღეს ცოცხალი არ არის. მისი ღვაწლის შეფასება იყო საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს გადაწყვეტილება,  მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, ცნობილი სასულიერო და საერო მოღვაწეთა გვერდით ბატონი მიხეილ დაკრძალვის შესახებ.

ახალი პოლიტიკური ძალის, „თეთრი მოძრაობის“ („თეთრები“) გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის“ კონცეფციას განხილვისა და განსჯისათვის.

 

კონკრეტულად წიგნთან დაკავშირებით

თანამედროვე საზოგადოების პრობლემა შერჩევითი სიბრმავის, სიყრუისა და ყოვლისმიმტევებლობის გარდა გულმავიწყობაცაა.. პოლიტიკოსებს პირადი სიმპათია – ანტიპათიიის მიხედვით უვიწყებენ წარსულის შეცდომებსა თუ ცოდვებს.

ჩვენ ფართო საზოგადოებრიობაზე ვლაპარაკობთ, თორემ თავად, პირდაპირ ვთქვათ, პოლიტიკოსთა უმრავლესობა და მათი თანაპარტიელები ორმაგი სტანდარტებითა და დემაგოგიით ცდილობენ საკუთარი ლიდერების პერმანენტული უზნეობის გამართლებას თუ დაფარვას, ან დავიწყების ბურუსში გახვევას – ეს უწესობა, სამწუხაროდ, მათი ცხოვრების წესია და პასუხი მხოლოდ დამარცხების შემთხვევაში მოეთხოვებათ.

სწორედ ფართო საზოგადოებრიობის ზნეობის გადასარჩენად, მისთვის თავის გასამართლებელი ვირეშმაკური, ამაზრზენი და უპასუხისმგებლო ფრაზის: – „ეს არაფერი არ ვიცოდი, თორემ მხარს როგორ დავუჭერდიო“ გამოყენების შანსის მოსასპობად ჩვენ გადავწყვიტეთ შევადგინოთ და გამოვცეთ წიგნი

ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში

(რჩეული პოლიტიკური ბიოგრაფიები ფაქტებითა და ციტატებით)

ამ წიგნში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებული პოლიტიკოსების ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია. როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი და მათი დოკუმენტირებული გამონათქვამები სახელმწიფოსათვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.

ერმა, თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება უნდა, თავის ფავორიტებზე დოკუმენტირებული სიმართლე უნდა იცოდეს. უნდა ახსოვდეს, ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისათვის საბედისწერო მომენტებში, ვინ ვის უჭერდა მხარს, ვის, ან რის სამსახურში იდგა, რას აძლევდა ხმას, როგორ აფასებდა სხვების საქციელს, რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, როგორ იცვლიდა კანსა და პრინციპს, რა გზით შოულობდა ფულს, მართლდება თუ არა მათ მიერ საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიისათვის საფუძვლად დადებული მითოლოგიები და ა.შ.

ასეთი წიგნის შედგენაზე აკადემიკოს მიხეილ ქურდიანთან ერთად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ვფიქრობდით, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა დაგვარწმუნა არა მხოლოდ მის აქტუალურობაში, არამედ მის სასიცოცხლო აუცილებლობაში.

ადამიანი პოლიტიკოსობაზე რომ თანხმდება, ის უკვე მხად არის შინაგანად თუ სრული სიცრუის არა, ყოველ შემთხვევაში ნახევარი სიმართლის სათქმელად და გასამართლებლად მაინც.

ჩვენს თვალწინ მოხდა ცოდვამრავალი შევარდნაძის ფავორიტების მიერ შევარდნაძის დამხობა და შემდეგ სწორედ ისინი ემიჯნებოდნენ მას და მის პოლიტიკას, ვინც ამ პოლიტიკის იდეოლოგები და „მოქკავშირის“ შემოქმედნი იყვნენ – ვინც შევარდნაძის ხელდასმით ხდებოდა მოქკავშირის გენერალური მდივანი, პარლამენტარი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და ა.შ. და ა.შ.

იგივე ხდება დღესაც: სააკაშვილის შემქმნელები ყველაზე მეტად ებრძვიან სააკაშვილს და სააკაშვილის მიერ შექმნილები ყველაზე მეტად ემიჯნებიან სააკაშვილს.

აბსურდის თეატრი, სხვა რა შეიძლება ეწოდოს ამას.

ჩვენს თვალწინ პატიოსნებას იჩემებდა და იჩემებს და სხვას მოუწოდებდა და მოუწოდებს პატიოსნებისკენ კაცი, რომელმაც იუსტიციის მინისტრობის დროს თავის მოადგილედ დანიშნა განათლებით ბიოლოგი მეგობარი ქალი და მას პენიტენციალური სისტემის კურატორობა ჩააბარა და როდესაც ეს ქალბატონი იმისათვის, იმის გამო, რომ მკვლელობისათვის ძებნილი საკუთარი ძმა მის სახლში, მისივე თანდასწრებით დაიჭირეს, იძულებული გახდა გადადგომაზე დაეწერა განცხადება. მინისტრმა ის სამსახურიდან არ გაათავისუფლა, რადგან მისი კლანის წევრი იყო. ის, ვინც სამართალი, ზნეობა და საზოგადოებრივი ჯერ კიდევ მინისტრობის დროს დაიკიდა ფეხზე. რატომ გაუწევდა ყოველივე ამას ანგარიშს პრეზიდენტის რანგში ყოფნისას?

ან კიდევ ერთი ჩვენი დროებისათვის ჩვეულებად ქცეული მაგალითი: „მხედრიონელი“ და ჯაბა იოსელიანის მეხოტბე – „ ამღორძინებელ“ – მოქკავშირელი“ გახდა. ასლან აბაშიძეს მონურად ემსახურა, ლოიალური იყო ედუარდ შევარდნაძის მიმართ, არ დაიკლო ბადრი პატარკაციშვილის თანადგომა და ფინანსები, მოქკავშირელ მიხეილთანაც კარგად იყო და პრეზიდენტ მიხეილთანაც, ივანიშვილთან მისასვლელ გზებსაც ეძებს. ასეთი კაცი ჭკუას გვასწავლის, პრეზიდენტობაზე ფიქრობს.

როდემდე, ხალხო  როდემდე უნდა ვითმინოთ ასეთი პოლიტიკოსების პარპაში, როდემდე უნდა ვითმინოთ ასეთთა თავაშვებულება, როდემდე უნდა ვუყუროთ ასეთების ხელში ქვეყნის ნგრევას.

არავის არ უნდა ეგონოს, რომ კანონზე მაღლა შეუძლია დადგომა, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი დანაშაულებრივი საქციელის დავიწყებისა.

დავაფიქსიროთ ყველაფერი და მომავალ თაობებს დავუტოვოთ ტრადიციად ახალი წიგნის შექმნა – დაე, პოლიტიკოსები ძრწოდნენ იმის შიშით, რომ მათი ყოველი ანგარებიანი და არასწორი ნაბიჯი იქნება საჯაროდ გამოაშკარავებული, მხილებული..

შეცდომის დაშვების უფლება ადამიანს არჩევანის უფლებასთან ერთად უფლისაგან აქვს მინიჭებული. პოლტიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ თანაგრძნობას იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც ინანიებს ცოდვებსა და შეცდომებს და არა ის, ვინც თავის მართლებას ცდილობს. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არავისი მსაჯულები არ ვართ, არავის განვიკითხავთ, ჩვენ მხოლოდ ყველაფერს აღვნუსხავთ, კარგსაც და ცუდსაც, მონანიებულსაც და მოსანანიებელსაც, რადგან „არა არს რა დაფარული, რაც არ გაცხადდება“

შემფასებლად და მსაჯულად მათ ხალხი და ისტორია ეყოლებათ. ყველა პოლიტიკოსი, ჩვენი მათდამი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად – ამ წიგნში მართლად, როგორც სარკეში უნდა აისახოს, თორემ თუ ვინმეს რაიმე შეენდო, ამ წიგნს მკითხველი აღარ ენდობა.

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც სიმართლისა და ჭეშარიტების მსახურება ჯერ კიდევ ფასეულობას წარმოადგენს, ვინც ცხოვრობს პრინციპით: „მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად“ … უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებს, საინფორმაციო ბაზათა მფლობელებს – გახდნენ ამ წიგნის თანაავტორები, ამოუდგნენ მხარში ამ იდეას – ვითანამშრომლოთ, მოვიძიოთ საჭირო ფოტოები და დოკუმენტები, რათა ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოში უზნეო და უპრინციპო პოლიტიკოსმა მთელი ერის მოტყუება, ქვეყნისთვის თვალებში ნაცრის შეყრა – ჩვენ ვთქვათ დოკუმენტირებული სიმართლე, ვთქვათ ისე დასაბუთებულად, რომ მათი ფანატებისა და მანიაკების გარდა ყველასთვის ცხადი და სანდო იყოს, რასაც ვიტყვით.

ჩვენ, პარტია „თეთრებთან“ დაკავშირებული ვართ, ამიტომაც მივმართავთ სხვა პარტიების წევრ მეცნიერებს, მოაზროვნე ადამიანებს: მოდით, პარიტეტულ საფუძველზე, ყველა პარტიიდან თანაბარი წარმომადგენლობის საფუძველზე შევქმნათ ჯგუფი, რომელიც დიდ სამსახურს გაუწევს ქვეყანაში მოაზროვნე ადამიანების დამკვიდრებას, პოლიტიკაში გონის დაბრუნებას, ქვეყნის მართვაში მეცნიერული მეთოდების შემოტანას, პოლიტიკურ წრეებში ინოვაციური აზროვნების დამკვიდრებას, ქვეყნის მოსახლეობისათვის პოლიტიკოსთა თაობაზე მართალი სიტყვის მიტანას, პოლიტიკური თამაშების სივრციდან სიცრუის განდევნას.

ეჭვი არ გვეპარება, ყველა პარტიაში მოიძებნება კეთილსინდისიერ მეცნიერთა ისეთი ოდენობა, რომ ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, სადაც საერთო ენაზე ვისაუბრებთ სრულიად განხვავებული იდეოლოგიური შეხედულებების, მაგრამ მეცნიერული კეთილსინდისიერების მქონე ადამიანები.

ჩვენ ერთი და იმავდროს მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა, ჩვენს თავზე ყველაზე უსიამო მისია უნდა ავიღოთ: მხოლოდ სიმართლე ვუთხრათ ადამიანებს, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს ის, როგორც სამშობლოსთვის, ასევე პირადად ჩვენთვისაც.

 

მერაბ ჯიბლაძე – ფიზიკა–მათემატიკურ  მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ჰამლეტ მელაძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი

რობერტ ბაბლიძე -საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,  ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ინესა იამანიძე     – საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.

ზაურ კალანდია – პოეტი

ზურაბ ბარათაშვილი – ექიმი, მედიცინის ეროვნული აკადემიის წევრი

 

გაცხადდა „პრაიმ-თაიმის“ პრეს-კლუბში

2013 წლის 23 ივლისს

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *