(geotimes.ge ) გოჩა ძასოხოვი: თუ ყველა გავერთიანდებით და გავაკეთებთ იმას რაც ხელგვეწიფება, ვფიქრობ, ქვეყანას გადავარჩენთ.

 

gzასობით წართმეული ქონება და დასჯილი ბიზნესმენი, მოღალატეებად შერაცხული, დახოცილი ადამიანები – ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დაგვიტოვა ქართველობას.

ყველასათვის სამაგალითოდ კი პრეზიდენტმა ოსებისა და ქართველების ერთგვარ ძმობის სიმბოლოდ აღიარებული გოჩა ძასოხოვი დასაჯა. მას პრეზიდენტმა ჯერ დიდების გვირგვინი დაადგა, შემდეგ კი, როცა ძასოხოვი მის პოლიტიკურ ავანტიურაში არ ჩაება მტრად და ოკუპანტის მხარდამჭერად გამოაცხადა

„ ქართველ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტი“ გოჩა ძასოხოვი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა, მას ქონებაც წაართვეს და იმიჯიც სახალხოდ შეულახეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ სიმართლემ გაიმარჯვა და მალე დადგება ის სანატრელი წუთები, როცა მშობლიურ მიწა-წყალს დაუბრუნდება.

როდის აპირებს საქართველოში დაბრუნებას, რაში ხედავს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ოსეთის საქართველოსკენ მობრუნების გასაღებს და რა როლს შეასრულებს მოძმე ერებს შორის ურთიერთობების დარეგულირებაში ამაზე თავად გოჩა ძასოხოვი ექსკლუზიურად geotimes..ge-სთან საუბრობს.

-ბატონო გოჩა, შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, საქართველო – რუსეთს შორის ურთიერთობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს, რა როლს ასრულებს და რას გეგმავს თქვენი ასამბლეა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად?

– პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას, ჩემო კარგო ქართველებო, რაც შეეხება „საქართველოს ხალხთა ასამბლეას“, მან პატარა როლი არ ითამაშა იმ ვაკუუმში, რომელიც 2008 წლის მოვლენების შემდეგ შეიქმნა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ომის შემდეგ ასამბლეამ შეძლო, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ხალხებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილიყო. ამ მიზნით, დელეგაციების ჩამოსვლა ხდებოდა რუსეთშიც და საქართველოშიც, რათა მტკივნეულ საკითხებზე გველაპარაკა, ზიზღის ენაზე უარი გვეთქვა იმ ქართველებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან და ცხოვრობენ რუსეთში, უყვართ საქართველო, აკავშირებთ მათ ნათესაური ურთიერთობები, ხელოვნება, სპორტი. „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“, დღევანდელი გადასახედიდან, ყველა იმ ღონისძიებებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ვინც ჩართული იყო ხალხთა შორის დიალოგში, არ შეასრულა პატარა როლი, ამაზე მე კი არა, ბევრი საუბრობს. მათ შორის ყველაზე დიდი ღონისძიება ჩატარდა სოჩაში, სადაც 3000 დელეგატი შეიკრიბა საქართველოს და რუსეთის მხრიდან.

ასევე, ერთ რამედ ღირს ის, რომ როდესაც დახურული იყო საზღვრები და ჩრდილოეთ კავკასიიდან ვერ ხერხდებოდა საქართველოში ჩამოსვლა, ამ ასამბლეის დამსახურებით ნეიტრალურ ზონაში გაჩნდა ბარელიეფი შოთა რუსთაველის სიტყვებისა,“ ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამაც გახსნა ჩრდილოეთ კავკასიის მოქალაქეებისთვის საზღვარი.

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ შუამდგომლობით, საქართველოს ციხეები დატოვა რამდენიმე ათეულმა ოსეთის მოქალაქემ. ის რომ დღესდღეობით არის სტაბილური და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის, ამაშიც ჩვენს ასამბლეას პატარა როლი არ უთამაშია. რუსეთის ფედერაციაში რომ ლტოლვილები ლეგალურად არიან ამაშიც ჩვენმა ორგანიზაციამ დიდი დახმარება გაუწია მათ.

ასევე ყოველწლიურად ვახდენდით იმ ადამიანების დაჯილდოებას, რომლებმაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შეიტანეს დიდი წვლილი, ეს ადამიანები დღეს რუსეთის ყველა დონის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ამ ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

ამიტომ უმჯობესია აწმყოსა და მომავალზე ვისაუბროთ. დღესდღეობით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ- რუსულ ურთიერთობებს გაუჩნდა საშუალება და გადავიდა სულ სხვა ასპექტში. ვფიქრობ, რეალური შედეგებიც მოჰყვა ამას უკვე, მხედველობაში მაქვს ქართული პროდუქციის დაბრუნება, რუსულ ბაზარზე. ასევე ხელოვნების მუშაკთა, სპორტის წარმომადგენელთა უკვე დაუბრკოლებლი ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში. რუსეთიდან წამოსული ის მესიჯები საქართველოს მიმართ, რომელიც ყოველდღიურად აისახება ღონისძიებებისა და დადებითი პროექტების სახით.

ასევე „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ძირითადი ოფისი, რომელიც იყო ჟენევის კონცეფციით დარეგისტრირებული მოსკოვში, რეგისტრაციის პროცესშია საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხუთი წლის თავზე გავაკეთებთ დიდ, შემაჯამებელ კონგრესს, დავსახავთ ახალ გეგმებს ქართულ-რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

-იქნებ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ?

-ეს იქნება ძირითადად დაკავშირებული ეკონომიკურ – ჰუმანიტარულ პროექტებთან და ხალხებს შორის სახალხო დიპლომატიის გაძლიერებასთან. პირველი ღონისძიება იქნება ქართველი ემიგრაციის გაერთიანება ათენში. ოლიმპოს მთაზე გავმართავთ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასამბლეასთან კავშირში მყოფი 25-27 ქვეყანაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც ბედის უკუღმართობამ გადახვეწა სხვადასხვა ქვეყნებში. ეს იქნება ოქტომბრის თვეში.

და საქართველოში დაბრუნებას როდისთვის აპირებთ?

-საქართველოდან არასდროს წავსულვარ, დღესაც მანდ ვარ, სულით, გულით, ვირტუალურად. ახალ ხელისუფლებას ისეთნაირად მიჰყავს პოლიტიკა, რომ მალე მარტო მე კი არა, ყველას ეღირსება დაბრუნება და თავისი სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეების გაკეთება. მე ალბათ არჩევნებს დაველოდები, რათა აღსრულდეს ქართველი ხალხის ოცნება და მოშორდეს „ავი და ვერანი“ ჩვენს ქვეყანას. „დიდოსტატის მარჯვენაში“, რომ არის ხომ გახსოვთ – “იქნებ წალეკოს ეს სიცუდე და წუმწუმელა, რომელიც ქვეყანას ამახინჯებს და ავერაგებს.“ (იცინის) ამის შემდეგ ჩამოვალ აბა სად წავალ.

-ბატონო გოჩა, გარდა ასამბლეის გეგმებისა, რის გაკეთებას აპირებთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ? თქვენ გქონდათ ხილის გადამმუშავებელი წარმოება, ასევე სხვა მსხვილი ბიზნესები, გააგრძელებთ ისევ აქტიურობას ამ კუთხით?

– რაჭველები იძახიან – პური უნდა აცხოს მეპურემო, ძალიან მართალი ნათქვამია, ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. დღესდღეობით საქართველოში სოფლიდან დაწყებული, ქალაქით დამთავრებული გადაქცეულია პოლიტიკოსად, იმას კი არ ფიქრობენ, რომ ყველამ რომ აკეთოს ის საქმე , რაც ხელეწიფება, ქვეყნისათვის ეს იქნება უფრო დიდი პატრიოტიზმი, უფრო დიდი პროფესიონალიზმი და გულიანი მიდგომა. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის მიმართულება, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ახალ ხელისუფლებასაც პრიორიტეტულად მიაჩნია სოფლის მეურნეობაში, ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობა. ამ თვალსაზრისით და იმ გამოცდილებით რაც მე გამაჩნია, ასევე იმ მონაპოვარით, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით ჩამომიყალიბდა ამ წლების განმავლობაში, ვფიქრობ ქვეყნისათვის ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ.

უკვე დაგეგმილი მაქვს, როგორ უნდა განხორციელდეს, რომელ რაიონებში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, ეს ლიტონი სიტყვები არაა, ეს ობიექტური ჭეშმარიტებაა. შემიძლია შევქნა ისეთი წარმოება , რომელიც ამიერკავკასიაში იქნება სანიმუშო. საქართველოში ხილის გადამუშავებას აქვს სერიოზული პოტენციალი. იმედი მაქვს მომავალში ხელისუფლება იგნორირებას არ გაუკეთებს ადამიანების სურვილს და შესაძლებლობას, ქვეყანას გამოადგნენ.

-ბატონო გოჩა, თქვენ ახსენეთ, რომ დიდი პროექტების განსახორციელებლად, აუცილებელია ხელისუფლების მხარდაჭერა, ახალ ხელისუფლებასთან თუ გქონიათ რაიმე კონტაქტი და კონკრეტული წინადადებები? თავის დროზე თქვენ სარგებლობდით წინა ხელისუფლების მხარდაჭერით და შემდეგ რაც მოხდა ყველამ ერთად ვნახეთ…

-მე ჯერ ველოდები საპრეზიდენტო არჩევნებს, საბოლოოდ როცა გათავისუფლდება სააკაშვილისგან საქართველო, მერე უკვე ღიად მივმართავ ახალ ხელისუფლებას, რომ ის რასაც ვამბობ, ჩამოყალიბებული სახით, პროექტად, ყველანაირი გათვლით შევთავაზო და მჯერა, რომ ამას ექნება მხარდაჭერა.

-საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებთ წართმეული ქარხნების დასაბრუნებლად? წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის გაკეთება თავიდან მოგიწევთ, რომელშიც თავის დროზე მილიონობით ინვესტიცია გქონდათ ჩადებული…

– ჩემ ბიზნესში საქართველოში 2008 წლამდე 150 მილიონი ევროს კაპიტალიზაცია მქონდა განხორციელებული. საერთაშორისო აუდიტის დასკვნით, მაგრამ ეს ყველაფერი დავტოვე, როდესაც ჩინეთის ოლიმპიადიდან საქართველოში აღარ დავბრუნდი. მაშინ ერთი წამით წარბი არ შემიხრია, რადგან ვთვლიდი და ვთვლი, რომ მართალი დავრჩი ჩემ თავთან, შვილებთან, სამეგობროსთან და საქართველოს საღად მოაზროვნე საზოგადოებასთან. ის რომ ყველაფერი ეს დაბრუნდება, დადგება იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც უნდა იყოს, ეს არის აქსიომა. უბრალოდ გული რაზე მწყდება იცი?! 5 წლის განმავლობაში 3 ჰაიტეკის დონეზე შემართული საწარმო – „გურჯაანი“, „ქობულეთი“ და „აგარის ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომბინატი“ ვერც კი აამუშავეს. „ ქობულეთში“ 700 ტ კონცენტრატი დღესაც საწყობებში აწყვია. 700 ტ – ეს დაახლოებით 2 მილიონი ლარია, რომელიც ერთი რეგიონის პენსიონერებს მაინც მოხმარდებოდა, აი ასეთი მავნებლობები ჰქონდა წინა ხელისუფლებას ჩადენილი.

მე არ მესირცხვილება არც მათთან განვლილი დღეების, არც მათთან თანამშრომლობის, მაგრამ როდესაც მათ დაიწყეს თავის ერზე, ქვეყანაზე ძალადობა, მაშინ ჩვენი გზები გაიყარა. მე მორწმუნე ადამიანი ვარ, ქრისტიანი, სიკვდილს არავის არ ვუსურვებ, ღმერთმა შეუნდოთ და მეც შევუნდე. მაგრამ მოვა დრო და ჩავხედავ მიშიკოს თვალებში…

– ბატონო გოჩა, წინა ხელისუფლებამ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში ქვეყანა კიდე უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანა, რა გამოსავალს ხედავთ აქედან გამოსასვლელად?

-ერთადერთი რაც დღეს ჩვენს მეზობლებთან, დაკარგულ ძმებთან, ოსებთან და აფხაზებთან აღგვიდგენს ჩამტვრეულ ხიდებს, ეს იქნება ეკონომიკური პროექტები. პოლიტიკური გასაღები დევს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებში. თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ მიმზიდველი აფხაზეთისთვის, ოსეთისთვის, მეზობელი რუსეთისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით აღდგეს რამდენიმე საერთაშორისო პროექტი, ეს იქნება ნავთობის, ენერგეტიკის მიმართულებით, კავშირგაბმულობის მიმართულებით, დამერწმუნეთ, რომ პოლიტიკური საკითხები შემდეგ იმდენად ადვილად მოსაგვარებელი იქნება გაკვირვებულები დავრჩებით.

– დიდ პროექტებში კონკრეტულად რას გულისხმობთ? ასევე საინტერესოა დაბრუნების შემდეგ, ჩაერთვებით თუ არა თანაინვესტირების ფონდის საქმიანობაში, რომელიც პრემიერმინისტრ ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა?

-აუცილებლად ვაპირებ ამ ფონდთან თანამშრომლობას. გეტყვით რა კუთხითაც, ყოველთვის გვესმის, რომ ჩვენ ვართ ევროპა-აზიის კორიდორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ნავთობის ტრანზიტზე აქცენტის გაკეთება არასწორია. ყურადღება უნდა უნდა მიექცეს ისეთ მიმართულებებს და სტრატეგიულ პროდუქტებს, როგორიცაა მარცვლეული, შაქარი და შაქრის შემცველები. ამ მიმართულებით მე წამოწყებული მაქვს მუშაობა და ვაპირებ ბოლომდე მიყვანას, ვფიქრობ ეს საინვესტიციო ფონდი, რომელიც თქვენ ახსენეთ ამ პროექტითაც დაინტერესდება და ჩემთან ერთად განახორციელებს ამ დიდ სტრატეგიულ საქმეს.

ის კონტინენტები რომლების ამ პროდუქციას აწარმოებენ უნდა მოიხმარდნენ აზიის ქვეყნებში მოსახვედრად შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთს. ჩემი იდეა იყო, რომ გაკეთებულიყო მარცვლეულის კორიდორი, ფოთის და ბათუმის პორტებში კეთდებოდა ტერმინალები და ქვეყანაში გარდამავალი ნაშთის სახით, ჩვენ გვექნებოდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ტ. მარცვლეული, ასევე ნახევარი მილიონი ტონა შაქარი. რომელიც იქნებოდა მიბმული საერთაშორისო ბირჟების ინდექსაციებთან და ქვეყანაში ფაქტიურად მოსპობილი იყო ამ ორი უმნიშვნელოვანესი პროდუქტის დეფიციტი.

დიდი პროექტებზე როცა ვსაუბრობ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა იმპერიამ „გაზპრომმა“ ჩადო დიდი ფული და სერიოზული გაზსადენი მოიყვანა ცხინვალამდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესდღეობით კომპანიისთვის ეს ფინანსურად მომგებიანია. ეს პროექტი, რომელიც დაჯდა დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდე, მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ საქართველოს ტერიტორიის გავლით მიებმება თურქეთში მიმავალ გაზსადენს. ის რომ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დღეს ფუნქციონირებს „ზარამაგის“ ჰიდროელექტროსადგური, არც ეს არ არის ფინანსურად გამართლებული, თუკი მისგან გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხვდება თურქეთში და სამხრეთ ევროპაში, საქართველო მიიღებს გამტარის სარგებელს. ასე რომ ის პროექტები, რომელიც მე ჩამოვთვალე, არის ჩვენი პოლიტიკური პრობლემების ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტის წინაპირობა. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ, არ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს ულტიმატუმების ენით, არ უნდა ვუთხრათ, რომ თუ ჩვენ რამდენიმე მილიონ ბოთლს შემოვიტანთ , შემდგომ ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმს, რომ საქართველოს ხალხმა გადაწყვიტოს ნატოს გავლით მივალთ ევროკავშირამდე თუ პირიქით. ასეთი ულტიმატუმები არ უნდა არსებობდეს.

– ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროსტრუქტურებში გაწევრიანება ახსენეთ, თქვენი თვალით დანახული რეალობა როგორია, შეძლებს საქართველო სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანებას?

– ვფიქრობ, არ უნდა მიისწრაფოდეს ჩვენი ქვეყანა იმ ორგანიზაციაში გაერთიანებას, რომლის პოლიტიკური მომავალიც რატომღაც ბუნდოვანია. საქართველომ, რომელიც თავის ისტორიას და თვითმყოფადობას ათასწლეულებია ინარჩუნებს, სულ სხვა გზა უნდა აირჩიოს. ჩემი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე წელი კი არა, არამედ ,მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, რომ უნდა გვქონდეს საერთაშორისო სტატუსი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სახით. მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცე დღეს მომწიფებულია, რომ ამ ევრო-აზიურ გასაყარზე იყოს პლათფორმა, ადგილი პოლიტიკური ან ეკონომიკური ურთიერთობის გასარჩევად. ამას ყველანაირი მონაცემებით საქართველო აკმაყოფილებს. იმის გარდა რომ ეს შეიძლება ჩვენ გვინდოდეს და ამის გადაწყვეტაში ვხედავდეთ პრობლემას, ეს პრობლემაც არ იქნება. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მოთამაშეები აშშ და რუსეთი, ამ იდეას, თუ ეს იქნება პოლიტიკურად სწორად წარმოჩენილი და დამყარებული ქართველი ხალხის ნებას, დაგვიჭერენ მხარს. გვქონდეს ნეიტრალიტეტი და წარმოვადგენდეთ ევრო-აზიის ეკონომიკურ – პოლიტიკური არბიტრის ფუნქციას, ამ ორი ქვეყნისთვისაც კარგია. რუსეთის ფედერაციას დღეს ყველაზე დიდი საშიშროება რაც შეიძლება საქართველოსგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში დაემუქროს არის საომარი მოქმედებები. ამიტომ რუსეთი პირველი იტყვის თანხმობას, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნეიტრალური კონფედერაციული მოწყობა, რადგან ამ შემთხვევაში პოლიტიკური და საომარი მოქმედებები არ დაემუქრებათ.

-საქართველოს მომავალ მოწყობაზე საუბრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რუსეთმა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში ხელის შეშლა არ გააგრძელოს, თქვენ პირადად ხართ ადამიანი, რომლისთვისაც ოსები და ქართველები ერთნაირად ახლობლები არიან, როგორ უნდა მოვახერხოთ იგივე ოსებთან, აფხაზებთან დაღვრილი სისხლის შემდეგ დაახლოება?

-ამას მოდით უფრო კონკრეტული ურთიერთობის ჭრილში გადავიტან – მე და მალხაზ გულაშვილი ერთ ჭერქვეშ 2 წელი ვმუშაობდით, ბევრჯერ „გვიჯაჯღანია“ ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენი ჩხუბი ყოველთვის იყო წამიერი, ჩვენი შერიგების, ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში ერთმანეთისთვის ცუდი არ დაგვიძახია. ასეა ზოგადადაც, სანამ ქართველები და ოსები, ერთმანეთს არ მივმართავთ ისე, როგორებიც ვართ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სანამ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არ ჩამოყალიბდება, მიმართვა: ჩვენო ოსებო, თქვენთან გვინდა ძმობა, სიყვარული, და სანამ იქნება ტერმინები ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სამაჩაბლო და ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ის რომ დღეს ჩვენი ურთიერთობების ყველაზე დიდი გასაღები დევს რუსეთში ეს ცხადია, აღვნიშნე კიდეც, როცა რუსეთი დარწმუნდება რომ საქართველოდან არ აქვს სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხე, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენას და თანაარსებობას, რაღაც პოლიტიკური კონფიგურაციით მხარს დაუჭერს. ეს სიტყვები არ არის ლიტონი, ჩვენი ისტორიული წარსული გვაძლევს ამის ოპტიმიზმს, რომ სამომავლოდ ჩვენ შევრიგდებით და ჩვენი ძმობა განმტკიცდება ლამაზ კონფიგურაციაში, ევრო-აზიური სივრცის ფარგლებში.

_თუმცა დღევანდელი, რეალობა სხვაა, საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად ურთიერთობები დაელაგებინა რუსეთთან, მივიღეთ ახალი მავთულხლართებით შემოსაზღვრული ე.წ.საზღვარი…

– თვალი რომ გავუსწოროთ რეალობას, ფაქტია, სამხრეთ ოსეთი აშენებს თავის სახელმწიფოებრიობას, დღესდღეობით ეს აღიარა სამმა თუ ხუთმა ქვეყანამ. აღარ დავიწყებ საუბარს თუ რა მოხდა 2008 წელს და როგორ დავკარგეთ ტერიტორიები. ეს ყველამ ვიცით. ერთი შეკითხვა მინდა დავსვა, მოვიდა ახალი ხელისუფლება, არჩევნებამდე ყველა ამბობდა რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენ ოს და აფხაზ ძმებსო, მაგრამ როდესმე გამოვიდა ვინმე ოფიციალური პირი მას შემდეგ და ეს გააკეთა? ჯერ კიდევ 2009 წელში, როცა იარები მოუშუშებელი იყო ორ ხალხს შორის, მალხაზ გულაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩამოვიდა რუსეთში, გამოვიდა დარბაზში, სადაც ომში დაღუპული ბიჭების მშობლები ისხდნენ და თქვა, რომ ნანობდა ამ საშინელი ტრაგედიის გამო , მის მსგავსად ბევრმა ადამიანმა გააკეთა ეს, მაგრამ ოფიციალური მხარისგან ეს არასდროს გაკეთებულა. გასაგებია, რომ პოლიტიკურად, ისტორიულად ეს ტერიტორია ჩვენ, საქართველოს გვეკუთვნის, მაგრამ იქნებ ჩვენ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები.

– გასაგებია ბატონო გოჩა, მაგრამ მავთულხლართებს ხომ რუსი სამხედროები ავლებენ და არა ოსები?

-კიდევ და კიდევ ვიძახი, რომ თუ ჩვენ ერთმანეთს დაველაპარაკებით არა ულტიმატუმებით ყველაფერი კარგად დამთავრდება. აი მაგალითად ჩვენი პატრიარქი ბრძანდებოდა რუსეთში, ვუყურებდი როგორი საკითხი წამოჭრა. ეს ხალხი ლაპარაკობს ქრისტიანულ ერთსულოვნებაზე, რწმენაზე, მაგრამ მეორე წუთში როდესაც ტოვებენ მოლაპარაკების მაგიდას, თავს იჩენს ისევ და ისევ ვაჭრობა, ულტიმატუმების ენა, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ვართ ღირსეული ქრისტიანები და თუ არ ვთვალთმაქცობთ, თუ არ ვფარისევლობთ, რუსეთის მხრიდანაც და საქართველოს მხრიდანაც პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ერთმანეთისკენ სვლა ყველანაირი პოლიტიკური ულტიმატუმების გარეშე და მე დარწმუნებული ვარ, ის მავთუხლართებს ისევე აიღებენ, როგორც ავლებენ. ბერლინის კედელი დაინგრა ბოლოსდაბოლოს. გასაგებია, რომ ბერლინის კედელი ერთ ხალხს ორ ნაწილად ყოფდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოსი ვარ, საქართველოში გავიზარდე და ეს ჩემი ქვეყანაა, ამიტომ ვფიქრობ რომ ჩემს გახლეჩას და ჩემისთანა კიდევ ასიათასის ვერავინ მოახერხებს.

– პატრიარქის ვიზიტი ახსენეთ, ამაზე იქნებ უფრო დეტალურად გვესაუბროთ, პირადადაც შეხვდით უწმინდესს?

-კი, მე პატრიარქს რუსეთის ხელისუფალთან შეხვედრამდე შევხვდი და მადლობა გადაუხადე იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომლის მეშვეობითაც ათეულობით ოსი ადამიანი გათავისუფლდა საქართველოს ციხეებიდან . სხვათაშორის მისი წვლილის შედეგია სწორედ, რომ ოსური მხრიდანაც წამოვიდა ანალოგიური გამოძახილი. დღესდღეობით თუ ვინმეს იჭერენ ცხინვალში 5 დღის განმავლობაში ათავისუფლებენ.

პატრიარქმა ჩემთან საუბრისას ახსენა, რომ ძირითადი საკითხები რომელიც იქნებოდა განხილული რუსეთის ხელისუფლებასთან, ეს იქნებოდა აფხაზეთისა და ოსეთის ეკლესიების საზღვრების მონახაზი. რათა საქართველოს ავტოკეფალია დარჩენილიყო იმ საზღვრებში, რომელშიც დღესდღეობით აღიარებს რუსეთის და ასევე მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენმა პატრიარქმა მიაღწია გამარჯვებას და ეს მას დაუდასტურეს. მეორე უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ჰუმანიტარული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას მომავალში, ეს არის ლტოლვილების დაბრუნების საკითხი. მათ დაბრუნებას, სადაც რა რეჟიმი უნდა იყოს ვერ შეუშლის ხელს. იმას, რომ ხალხმა თავის სახლები ნახოს, ეს იქნება, სოხუმი, ახალგორი თუ სხვა ამას ვერავინ აღუდგება წინ. მოვა დრო და აუცილებლად გავალთ ფსოუზე…

-თუმცა პატრიარქის განცხადებას დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოჰყვა გარკვეული პროტესტი, ითქვა, რომ ეკლესია საგარეო ურთიერთობებში არ უნდა ერეოდეს…

– როდესაც ქვეყანას ხელთ არ ეწიფება და არ შეუძლია დაამყაროს ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან, აქ არა მარტო უნდა ჩაერიოს, არამედ ინიციატივა უნდა აიღოს სულიერებამ. მითუმეტეს რომ, რუსი და ქართველი ხალხი საუკუნეებია ერთ ხატებზე ლოცულობს. ეკლესიის როლი პოლიტიკაში ყოველთვის დიდი იყო მსოფლიო ისტორიის მანძილზე და ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ის ადამიანები, კი ვინც ამას ეწინააღმდეგება, ალბათ ასრულებენ შეკვეთას და მათთვის არათუ ქრისტიანული ფასეულობებია მნიშვნელოვანი, მათ საერთოდ არაფერი აქვთ ზნეობრივი და დაკავებული არიან უაზრო ავანტიურებით.

– ბატონო გოჩა, უკვე ცხრა თვე გავიდა ხელისუფლების ცვლილებიდან, რა შედეგებს ხედავთ და რას ელოდებით სამომავლოდ?

– ეს არ არის ისეთი დიდი დრო, რომ ყველაფერი გამოასწორო, რაც 9 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო ადრეული წლებიდან თავდაყირა იდგა და ნადგურდებოდა შეუძლებელია მყისიერად მოგვარდეს. კარგი ის გაკეთდა, რომ ახლა მე და თქვენ სკაიპში შიშის გარეშე ვსაუბრობთ, რასაც ვფიქრობთ იმაზე ვმსჯელობთ თავისუფლად. კარგი მოხდა ის, რომ აბსურდული ბრალდების გამო დაკავებული ბევრი ადამიანი ციხეებიდან გათავისუფლდა, მათ შორის თავად მალხაზიც, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ ჰყავდათ გამომწყვდეული გისოსებს მიღმა

მაგრამ ფაქტია, ივანიშვილს ხელისუფლებაში, როგორც „ტროას ცხენი“ ბევრი პოლიტიკური ხასა შეჰყვა. ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების მერე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები რომ ჩასატარებელია, ესეც ფაქტია. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს არჩევნები და ეს გარდაუვალია. რადგან ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს და დაღვინდეს, მაჭარი ღვინოდ. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს შესწევს ამ ყველაფრის უნარი. ერთმა პიროვნებამ თქვა და მინდა გავიმეორო – ჭკვიანი როდესაც ხედავს მიზანს, ცდილობს მიზანს მოახვედროს თავის ისარი, ხოლო ბრძენი არ დაუშვებს იმას, რომ სამიზნედ გაიხადოს ცხოვრება. მე მინდა, რომ ამ ბრძენი კაცის ამპლუაში მევლინებოდეს და მესახებოდეს ჩვენი დღევანდელი ხელისუფალი. ჩვენ კიდევ ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, მარტო რას იზამს პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გააკეთებს ნოეს კიდობანს, ვერ ჩასხავს საქართველოს და ვერ გადაარჩენს. მაგრამ მიმაჩნია რომ ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ამ პოლიტიკურ ორომტრიალში, არ დატოვებს მოსახლეობას. ჩემი აზრით, როცა უკვე გარკვეული იქნება ქვეყნის კურსი, მხოლოდ მაშინ დატოვებს ის ხელისუფლებას. მანამდე კი თუ ყველა გავერთიანდებით მიზნობრივად, მსოფლმხედველობით და გავაკეთებთ იმას რაც ხელგვეწიფება, ვფიქრობ, ქვეყანას გადავარჩენთ.

 

მალხაზ გულაშვილი, მაკა დეკანოსიძე geotimes.ge

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *