თემურ შაშიაშვილი: ულტიმატუმის ენა შეურაცხმყოფელია

bb

 ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა პრესკონფერენციამ 9970shashiashvili1კიდევ უფრო გამიძლიერა  შეხედულება, იმის თაობაზე, რომ ის დიდი სისწრაფით სცილდება ხალხს, ხალხის პრობლემებს, რომ კატასტროფაა თვითკმაყოფილება მაშინ, როცა ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან, რომ ხალხი სხვას ელოდა და ჯერ კიდევ ელის ბიძინა ივანიშვილისაგან.

როგორც ჩანს, ის სწორ გადაწყვეტილებას იღებს წასვლასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც თავის პრემიერ-მინისტრობის ერთი წლისთავზე ასეთი თვითკმაყოფილია, თვითკრიტიკის ნიშანწყალიც არ აქვს, თვლის,რომ ყველა დანაპირები შეასრულა, უფრო მეტიც , როცა მიაჩნია, რომ თითქმის ყველაფერში  „შეუძლებელი შეძლო, მაქსიმუმი გააკეთა“ (ეს მისი სიტყვებია)  – ის პრემიერ- მინისტრის პოსტიდან უნდა წავიდეს!

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, პირველ ხელისუფალთა და ხალხის აზრი რეალურ მდგომარეობაზე, რადიკალურად განსხვავებულია. ხელისუფალნი უმაღლეს შეფასებას აძლევენ თავიანთ საქმიანობას, ხალხი კი უკიდურესად მძაფრია გაკეთებულის შეფასებაში.სასურველი იქნებოდა, რომ ხელისუფალნი ლაპარაკობდნენ პრობლემებზე და მომავლის გეგმებზე,  ხელისუფალთა გაკეთებულს კი ხალხი ხედავდეს რეალურად და აფასებდეს. გაცვლილია როლები. ხალხი ტკივილით ლაპარაკობს პრობლემებზე, იმედით -მომავლის გეგმებზე, ხელისუფალნი კი თვითკმაყოფილნი არიან  წარსულით, საკუთარი საქმიანობით და გაკეთებულით.

სამარცხვინოა, რომ  ყველა ხელისუფალი ამ 20 წლის განმავლობაში რაც მეტს ლაპარაკობს ნატოზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე, მით მეტად ვცილდებით  ერთსაც და მეორესაც. საქართველო დიდი ხანია მძიმე აზიური განწყობით ცხოვრობს –  საქართველო ახლო აღმოსავლეთის, უპირველესად კი არაბული ქვეყნების, ირანის მოქალაქეთა თავშესაფარ-ნავსაყუდელი გახდა.

როგორც შეურაცხყოფას, ისე აღვიქვამ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოთქმას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისი გამოსვლიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩვენ „ნაციონალების“ საქართველოდან გაძევებას ვითხოვთ. აბსოლუტურად უადგილოა მისი გამოთქმები: „რა ვქნათ, ჩვენი ძმები არიან, საქართველოდან ხომ არ გავაძევებთ და უნდა აღვზარდოთო“. ჩვენ ვითხოვთ კანონის უზენაესობას და კონსტიტუციური ფარგლები არის ის, როცა პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის პოლიტიკურ განწყობას – ტარდება ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები. ეს არის ევროპა, ეს არის დემოკრატიული სამყაროს ცხოვრების ოქროს წესი.

სასიამოვნოა, როცა ბატონ ბიძინას აწუხებს ის, რომ „ნაციონალების“ მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მფლობელებს ვერ დაუბრუნეს, მაგრამ  როცა მოინდომეს, მის სახელთან დაკავშირებულმა „ქართუ ბანკმა“ ყველაფერი დაიბრუნა. ესე იგი შეუძლებელი არაფერი ყოფილა, მთავარია გქონდეს პოზიცია, სურვილი და განწყობა. მის ირგვლივ ყველამ  ყველაფერი დაიბრუნა. მის ირგვლივ ვის ვისი გამოყვანა უნდოდა ციხიდან – გამოიყვანა, აქაც ვიწრო პარტიული  მიდგომა, ანუ ისეთივე, როგორიც ჰქონდათ „ნაცებს“.

იმ ადამიანთა რიგს ვეკუთვნი, რომლებიც თვლიან, რომ მომავალი პრეზიდენტის ამოცანა უნდა იყოს: არ დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს, არც ფეხქვეშ გაეგოს და შეძლოს მისი პოტენციალის მოქმედებაში სრულად მოყვანა. როგორც ბევრი, მეც  ვფიქრობ ,  რომ ამის გაკეთება არ შეუძლია მის მიერ რეკომენდირებულ  გიორგი მარგველაშვილს. ალბათ ყველაზე კარგად იმას გააკეთებს, რომ ფეხქვეშ გაეგება. თქვა კიდეც: „პლასტელინივით ვარო“.

მე, ისე როგორც ბევრს, მინდა, რომ გადარჩეს საქართველო და ბიძინა ივანიშვილიც და ეს მხოლოდ კოალიციის გარეთ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი.  ბატონი ბიძინას ძალაც და საქვეყნო  პოტენციალიც სწორედ ამ პირობებში  გამოჩნდება. ასეთ ფონზე ულტიმატუმის ენით საუბარი: თუ ჩემს კანდიდატს არ აირჩევთ, დავიხურავ ქუდს და წავალო –  არა მგონია, რომ სწორია, არა მგონია, რომ ქართულია, უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელიც კია ქვეყნისათვის. მინდა ვიფიქრო, რომ ის ამას გულით არ ამბობს, და თუ გულით ამბობს (რაც  ძალიან არ მინდა), ასეთი კაცი მართლა არ შეიძლება იყოს საქართველოს პრემიერი.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *