„რუსთავი-2“: წამდაუწუმ ხელიდან ხელში – ყველაზე ბნელი ფრაგმენტი სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში

 

(„უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა“)

 

rustaviარასანქცირებული მოსმენების თემამ კიდევ ერთხელ შეძრა ქვეყნის საეთერო სივრცე. არც არის გასაკვირი, საქმე ხომ სატელევიზიო კომპანიას ეხება. ჩვენი აზრით ეს თემა სიმბოლურად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს:

– მესამე, და ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი გახლავთ თავად ფაქტი. მობოდიშება ტელევიზიის ხელმძღვანელისა, იმის გამო,რომ ადრე ხელს უწყობდა უკანონო ჩანაწერების გასაჯაროებას, რბილად რომ ვთქვათ, ძვალია – საზოგადოებისათვის გადაგდებული. დღევანდელი დირექტორი ბ-ნი გვარამია ხომ გუშინდელი სამართალდამცავი იერარქიის ძალიან მაღალჩინოსანია. ის ხომ თანამდებობრივად გახლდათ ვალდებული უკანონო ჩანაწერის ყოველ გამოვლინებაზე აღეძრა სისხლის სამართლის საქმე ყველა თანმდევ შედეგზე შემდგომი კონტროლით. თავის დროზე ეს რომ არ გააკეთა, კარგით, გნებავთ დავივიწყოთ. მაგრამ დღეს რომ ამ თვალსაზრისით ჩადენილთაგან ყველაზე ნაკლებს აღიარებს და ფარადაც კი იყენებს, ვფიქრობთ – არანაკლები დანაშაულია. რა ცინიზმია, როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელი ბოდიშს იხდის ფარული ჩანაწერების მხოლოდ გასაჯაროებისათვის და არაფერს ამბობს, რომ ასეთი ჩანაწერები ხდებოდა იმ უწყების დაკვეთითა და მეშვეობით, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა მთავარ პროკურორად მუშაობის პერიოდში.

– მეორე – ანუ მნიშვნელობით საშუალო დონის მომენტი ის გახლავთ, რომ ეს ფაქტი თუ ინსინუაცია, რომლის ნივთმტკიცება, ანუ აპარატურა ვერ ინახა ჩაწერის ოთახებში, რომელთა დაცვას თავად ტელეკომპანია ახორცლიელებს – დამაფიქრებელია. არანაკლებ დამაფიქრებელია, რომ ტელეკოპმანიას სამართალდამცავ სტრუქტურებში, როგორც თავად მისმა დირექტორმა აღნიშნა, ჰყავს ინფორმატორი(?!) კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ეს ხდება იმ ტელეკომპანიაში, რომელიც ათწლეულის მანძილზე ამართლებდა ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯს, მათ შორის მოსმენებს, პოლიტიკურ დაპატიმრებებს, სისხლიან დარბევებს, ქუჩის მკვლელობებს. ხალხს არ დავიწყნია, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე რეჟიმის მოსვლაში ლომის წილის სანაცვლოდ მაშინდელმა ხელისუფლებამ მას „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ უწოდა. იგი დღესაც საინფორმაციო პოლიტიკითა თუ მოძმეთა სისხლში დასვრილ სახეთა აქტიური წარმოჩინებით წარმოადგენს ნაცმოძრაობის პარტიულ ტელევიზიას. საერთოდ, ამ ტელევიზიის წამდაუწუმ ხელიდან ხელში გადაცემა ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფრაგმენტია საქართველოს უახლეს ისტორიაში და იმედია, დადგება დრო, ამ ფაქტით დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები.

– და პირველი, ანუ უმნიშვნელოვანესი, რის გამოც ჩვენი აზრით ატყდა ეს გნიასი და ეთერში ფაქტიურად გადაფარა ყველა დანარჩენი თემა.
ამ გზით ხელოვნურად დაიჩრდილა ქართველი ხალხისათვის უმნიშვნელოვანესი- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა იმ ავადსახსენებელი კანონის თაობაზე, რომლის სათაურის წარმოთქმაც არ გვსურს ერის მამის სახელთან მეზობლად. ის, რომ ფაქტობრივად ყველა ტელევიზიის საეთერო დრო და ყველა პოლიტიკოსის გამოსვლა თუ განცხადება ამ დღეებში თითქმის მთლიანად ეხება უკანონო ჩანაწერებს, რომელიც თავისთავად საგამოძიებო სამსახურების ინტერესების საგანია, ხოლო პოლიტიკოსთაგან თითქოს უყურადღებოდ დარჩა ერის სულიერი მამის უმნიშვნელოვანესი პოსტულატები, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ქვეყნის მმართველთა და მათი საპარალმენტო ვითომ ოპოზიციის ერთობლივ მონდომებაში, რადაც უნდა დაუჯდეთ, შეასრულონ ერისა და ქვეყნის დამღუპველი, მაგრამ უცხოელთაგან დაკვეთილი დავალება. დავალება, რომლის წყალობით ცდილობენ:

შეცვალონ ერის ზნეობა ;
დაამწირონ სულიერება;
ფეხქვეშ გათელონ ღირსება;
დაანგრიონ აზროვნების სტრუქტურა;
გაანადგურონ ეროვნული ცნობიერება.

ბევრმა პოლიტიკოსმა, თავხედობით ისიც კი ბრძანა, კანონები ეკლესიის საქმე ა რ არის და ნუ ერევაო.

ეს არ არის უბრალოდ პოზიცია რაღაც პრობლემისადმი, რომლის დაკავების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, არამედ გახლავთ მიზანმიმართული სიცრუე. თუ ეს სიმართლეა, მაშ რატომ არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრეზიდენტის ფიცის დადება ბიბლიაზე. მაშ რატომ დაიფიცა ბიბლიაზე ხელდადებულმა ნაცების პრეზიდენტმა ორჯერ,ხოლო შემდეგ იგივე პროცედურა რატომ გაიმეორა „ქართული ოცნებისაგან“ ფავორიტმა პრეზიდენტმა.
გვინდა ვუთხრათ ასეთ მანქურთებს, რომ ამ შემთვევაში ეკლესიამ იკისრა იმ მარადიული, ზოგადსაკაცობრიო და საერო ღირებულებებისათვის ბრძოლა, რომელიც ფეხქვეშ გათელა ხელისუფლებისა და ვითომ ოპოზიციის ძალადპოლიტიკოსთა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ, ემსახურონ ფსევდოდასავლურ ღირებულებათა შემომტანებს ქართული სახელმწიფოს მორალური ნგრევის ფასად.

●●●

„უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვააო“ – ბრძანა ერის სულიერმა მამამ და მოძღვარმა. იქნებ შეისმინონ, ვინც ჯერ არს, რაში ჩადგეს ფეხი, ვიდრე არაა გვიან.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *