ჭიდაობის ევერესტი (ეძღვნება მოჭიდავე ვოვა რუბაშვილს)
ვოვა რუბაშვილს არ ვიცნობდი… ის ჩემთვის ლეგენდა უფრო იყო, ვიდრე რეალობა და სინამდვილე.
მთელი ჩემი წარმოდგენა ვოვა რუბაშვილზე ორ ადამიანურ სიმაღლეს და ორ გეოგრაფიულ სვეტს – ორ „თეთრს“ შორისაა. – ქუთაისის „თეთრ ხიდსა“ და პეტერბურგის „თეთრ ღამეებს“ შორის. შუაში ლეგენდაა – ასევე სუფთა, თეთრი, ქათქათა და ამავე დროს, ვაჟკაცური.
თვალწინ მიდგას, როგორ ტიროდნენ დიდი კაცები: ილია ბობოხიძე, ვალიკო გიგიაძე და ბოგდან ბოგდანოვი ქუთაისის „თეთრი ხიდის“ საჭიდაო დარბაზში… ვოვა რუბაშვილი დაიღუპა.
ჩვენთვის, საჭიდაო ხალიჩაზე ახალ ფეხშებიჯებულთათვის ეს აცრემლებული სამი კაცი ვაჟკაცობის და დაუმარცხებლობის სიმბოლოები იყო… როგორც დღეს ვგრძნობ, მათი ცრემლი ვოვა რუბაშვილის დაღუპვით აცრემლებული საქართველოს განწყობა იყო.
მეორე ადამიანური სიმაღლე პეტერბურგის თეთრ ღამეებს უკავშირდება. „საქართველოს ხალხთა ასამბლეას“, მის პრეზიდენტს, ბატონ გოჩა ძასოხოვს, „ქართულ-ოსურ მისიას“ მასპინძლობდა მსოფლიოში სახელმოხვეჭილი დირიჟორი ვალერი გერგიევი. გამიჭირდება მისი სიტყვებით გადმოგცეთ ის განწყობა, როგორითაც დიდი მაესტრო საქართველოზე და ქართველ ხალხზე, ქართული კულტურის მოღვაწეებზე, ცნობილ სპორტსმენებზე საუბრობდა. რომ გითხრათ, თქვენ მაინც გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, თუ როგორი სიღრმითა და სიყვარულით ისაუბრა მან ბიძინა კვერნაძეზე ( იმ დღეს მისი დაკრძალვის დღე იყო – შესანდობარიც შევსვით). ოთარ თაქთაქიშვილზე, ალექსი მაჭავარიანზე, რევაზ ლაღიძეზე, გუგული თორაძეზე, იაშა ბობოხიძეზე, ჯანსუღ კახიძეზე, ზურაბ ანჯაფარიძეზე, ჰამლეტ გონაშვილზე. ლიანა ისაკაძეზე, გია ყანჩელზე… ბორის პაიჭაძეზე, გაიოზ ჯეჯელავაზე, მიხეილ მესხზე, სლავა მეტრეველზე, შოთა იამანიძეზე, მურთაზ ხურცილავაზე, გივი მელაშვილზე, კახი ასათიანზე, ბორის და გიორგი სიჭინავებზე, თბილისის „დინამოს“ 80-იანი წლების მთელს შემადგენლობაზე… ქართველ კალათბურთელებზე – ნოდარ ჯორჯიკიაზე, ზაურ საკანდელიძეზე, ოთარ ქორქიასა და ქორქიების მთელს დინასტიაზე კალათბურთში, ზურაბ უგრეხელიძეზე (ზედმეტსახელი „პტიცაც“ გაიხსენა.“), ლევან მოსეშვილზე… დიდ ქართველ მოჭიდავეებზე: დავით ციმაკურიძეზე, შოთა ლომიძეზე, გივი კარტოზიაზე, ვახტანგ ბალავაძეზე, გურამ საღარაძეზე, გურამ რურუაზე, დავით გობეჯიშვილზე, ზარიბეგ ბერიაშვილზე, ლევან თედიაშვილზე, ლერი ხაბელოვზე, დავით ხახალეიშვილზე, ესტატე გოგლიჩიძეზე…. ქართველ მოჭადრაკეებს „მსოფლიო ჭადრაკის გვირგვინი“ უწოდა
ვალერი გერგიევმა ვოვა რუბაშვილს განუმეორებელი და მიუწვდენელი უწოდა. გაიხსენა გივი კარტოზიას სიტყვები, რომ ვოვა რუბაშვილი იყო მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ყველაზე ნიჭიერი მოჭიდავე, ხალიჩაზე აბსოლუტურად უშიშარი.
გავიხსენეთ ის, რომ 19 წლის ბიჭმა რომში სულ 9 წუთში ბეჭებზე დადო ირანელი, შვედი და თურქი მსოფლიოში ცნობილი მოჭიდავეები… ის ირანელი, რომელიც ირანის „ოქროს იმედად“ იყო ჩასული რომში და რომელსაც ვოვამ ერთი ჭიდაობის დროს ორჯერ სუფთად მოუგო… პირველი რომ არ ჩაუთვალეს, მეორედაც იგივე ილეთით ისე გაისროლა ჰაერში, რომ მსაჯიც თან მიაყოლა და ფეხზე დამდგარი მაყურებელი ტაშს უკრავდა რუბაშვილის დიდ გამარჯვებას ირანის „ოქროს იმედზე“ არაობიექტურ მსაჯზე.
მართლაც ლეგენდა იყო… ბიჭი, რომელიც 20 წლის ასაკში იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა… ბიჭი, რომელმაც 23 წლის ასაკში შეძლო სამჯერ გამხდარიყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მუდმივად დარჩენილიყო მსოფლიო ჩემპიონად.
მართლა ლეგენდა, დიდი და მიუწვდომელი უნდა იყო, რომ შენზე შენი კოლეგებიც და შენი სპორტული მოწინააღმდეგენიც „თეთრი შურით“ ამბობდნენ: „მასსავით ვერავინ შეძლო ჭიდაობა პოეზიად ექცია. ის, მართლაც, ჭიდაობის პოეტი იყო“.
ჩვენთვის, „თეთრებისათვის“, ვოვა რუბაშვილი ჭიდაობის ევერესტია. ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონიას“ მუსიკალური სამყაროს ევერესტი ქვია. ვოვა რუბაშვილი ის არის ჭიდაობაში, რაც ბეთჰოვენი მუსიკაში – იგი ჭიდაობის „მეცხრე სიმფონიაა“, „ჭიდაობის ევერესტი“ , დღეს მეცხრე ცაზე მყოფი.
არ ვიცი, როგორ შევასრულე ვოვა რუბაშვილის ქალიშვილის თხოვნა, დამეწერა მოგონება მისი დაბადების 70 წლისთავისათვის მიძღვნილ წიგნში გამოსაქვეყნებლად, მაგრამ ერთმა ძალიან გამახარა: ქალბატონი ლია, რომელსაც დღემდე არ ვიცნობ, იმის შემდგომ დამიკავშირდა, რაც „კვირის ქრონიკაში“ ვალერი გერგიევთან ჩვენი შეხვედრის თაობაზე წაიკითხა. მისმა საუბარმა დამარწმუნა, რომ ოჯახი ცხოვრობს ვოვა რუბაშვილის კეთილშობილებით. მიხარია.
ღმერთო, უმრავლე საქართველოს ასეთი ოჯახები!
ამ წერილსაც ამ განწყობით ვწერ და ვადასტურებ, რომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს დონის ნიშანსვეტებით იყო სავსე და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება.
ვოვა რუბაშვილიც და ქართული ჭიდაობაც დიდ ქართველ მოჭიდავეებთან ერთად დიდი ლეგენდაა მთელი მსოფლიოსათვის.
თეიმურაზ შაშიაშვილი
6 აგვისტო, 2010 წელი.