თავგანწირვა (ეძღვნება თემურ შაშიაშვილს)

 

“ეს ლექსი რომ წავიკითხე გაზეთ “კვირის ქრონიკაში”, ჩემს მეგობარ თემურ შაშიაშვილს დავურეკე. მან არც ლექსის და არც მისი გამოქვეყნების თაობაზე არაფერი არ იცოდა. მე თემურს ვუთხარი: მიხარია, რომ ლექსი მოგიძღვნეს, მაგრამ გაცილებით მეტად ის მიხარია, რომ ნამდვილი პოეტი და ღირსებით სავსე კაცი აღმოვაჩინე…”

პროფესორი, ფილოსოფოსი გერმანე ფაცაცია

თავგანწირვა

ეძღვნება თემურ შაშიაშვილს

ჟამთასვლის წყეულ დღეებს ვიხსენებ,

როცა ეთერში შენი ხმა გადის,

ვით შეასმენდი მაშინ ძმისმკველელბს,

დაცემულ ოხვრას, ხალხის ღაღადისს.

დედათა მოდგმამ შესძრა სიონი,

ცეცხლიც ღვიოდა შინა ომისა,

შუბლდასერილი კავკასიონი

ტყვიამფრქვევების კვალმა მონისლა.

მაინც ისეთი რა ვცოდეთ ილორს,

ძმა-ძმას და შვილი მამას არ ზოგავს?

ნიაღვარივით მოასკდა რიონს

აზვირთებული ახალგაზრდობა.

ბედი ქვეყნისა ბეწვზე ეკიდა

ვერრას ვშველოდით ლოცვა-ვედრებით,

ბევრი გაიქცა მაშინ ქვეყნიდან,

შენ კი სამშობლოს ხსნის გზებს ეძებდი.

ურცხვად დატოვეს ქვეყნის საზღვარი,

ლამის გმირობად იქცა ღალატი,

ზოგმა გაიძრო კიდეც შარვალი

და მოიხურა ქალის ხალათი.

… და როცა ლაფს და ტყვიას ვუშენდით,

ერთმანეთს თავში წიხლს ვცხებდით მტვრიანს,

შენ მაშინ შიშველ გულმკერდს უშვერდი

საქართველოსთვის გამიზნულ ტყვიას.

ყოფნა-არყოფნის იდგა წამები,

ცას შემოენთო ფერი სისხლისა,

ხალხი დღემუდამ განაწამები

სისხლის ღვრისაგან თავს ვერ იხსნიდა.

ცეცხლიც არ ჩაცხრა ცხენისწყალს გაღმა

სიკვდილისა და გლოვის მთესავი,

წინ შეეგებე ტყვიების წარღვნას

გაუტეხელი სალი კდესავით.

ზოგ-ზოგებივით ხელს არ უწყობდი

სამშობლოს ბედის უკუღმა ტრიალს,

რაც მოჰყვებოდა, კარგად უწყოდი

სამტრედიიდან გასროლილ ტყვიას.

არ დაეძებდი დიდებას პირადს,

არცა სიმდიდრეს და არცა ჩინებს,

თავი გასწირე რიონის პირას

და საქართველო გადაარჩინე!

შენ ვაჟკაცი ხარ, სულით რაინდი,

ზოგს არ მოსწონდე იქნებ სიფათზე,

შენ ამ გმირობით ძეგლი დაიდგი

და თავგანწირვას ერი გიფასებს.

აღუნუსხავი არ რჩება თუმცა

ჟამთააღმწერელს ცოდოც და მადლიც,

შენს გმირობასაც მიუჩენს ზუსტად

მატიანეში ღირსეულ ადგილს.

თავდადებულო თევდორესავით,

ღმერთს შეგადაროთ ვეღარც შევბედავ,

მამულს ემრავლოს ყრმაი შენსავით

ნაღდო ქართველო, კაცო ლეგენდავ!

გვინდა სამშობლო გვქონდეს მზიანი,

არ ენთოს ცეცხლი ტყვიის და დენთის…

მხოლოდ შენსავით ბრძენი, ჭკვიანი

მთელ საქართველოს ხამს პრეზიდენტი!

ალექსანდრე კუხალაშვილი

მარტვილის რაიონი, სოფელი სალხინო

წერილი გამოქვეყნებულია გაზეთ ,,კვირის ქრონიკაში”

5-11 აპრილი, 2010 წელი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *