თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი
ავტობიოგრაფია
მე, თეიმურაზ გივის ძე შაშიაშვილი დავიბადე 1951 წლის 20 ივნისს, ქუთაისში.
მშობლები : მამა- გივი პოლიკარპეს ძე შაშიაშვილი დედა – შუშანა ივანეს ასული სალდაძე
1967 წელს წარჩინებით დავამთავრე ქუთაისის 27-ე საშუალო სკოლა, შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი.
შრომითი საქმიანობა დავიწყე 1967 წელს ქუთაისის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში. მაქვს საწარმოო საქმიანობის ხუთი წლის სტაჟი. პროფესიით ვარ პოლიტოლოგი, ინჟინერი, ეკონომისტი.
1996 წლიდან ვარ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1970 წლიდან ვიმყოფები სხვადასხვა არჩევით თანამდებობებზე.
1974 წელს ჟიული შარტავას რეკომენდაციით დავინიშნე კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1978 წელს მისივე რეკომენდაციით ამირჩიეს ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ვიყავი ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეული პარტიული ლიდერი, საქალაქო საბჭოს თავმ ჯდომარე.
1990 წელს ამირჩიეს პირველი დემოკრატიული და 1992 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად ქუთაისიდან. ვიყავი სახელმწიფო საბჭოს წევრი. მეამაყება, რომ ჩემი ხელმოწერა არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს.
1992 წელს ვმუშაობდი მეცნიერ-მუშაკად საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. 1993-96 წლებში ვიყავი ქუთაისის პირველი მერი, ხოლო 1995-2003 წლებში იმერეთის პირველი გუბერნატორი. ჩემი ქალაქის მერად ყოფნის დროს, იუნესკოს გადაწყვეტილებით ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი აღიარებულ იქნა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებად.
ქუთაისის მერად ჩემი ყოფნის პერიოდში ქუთაისი დამეგობრდა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საბერძნეთის, ესპანეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის ქალაქებთან ხოლო 1996 წლის მაისში, პარიზში, სადაც აღინიშნებოდა ქუთაისის დღეები იუნესკოს ეგიდით, გახდა დაძმობილებულ ქალაქთა მსოფლიო ასოციაციის წევრი.
ჩემი იმერეთის გუბერნატორობის პერიოდში, 1998 წელს ქუთაისი გახდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი, ხოლო პირადად მე 2000 წელს ნეაპოლში (იტალია) ამირჩიეს ევროპის რეგიონთა ასამბლეის ბიუროს წევრად.
მიღებული მაქვს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოები, დაჯილდოებული ვარ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომით. ვარ საქართველოში არისტოტელეს დღეების ჩატარების ინიციატორი, მიღებული მაქვს სპეციალური დიპლომი. მეამაყება, რომ ვარ საჩხერისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქე, აშშ-ს ქალაქების-კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქე,
ვარ 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. გამოცემული მაქვს საავტორო ნაშრომები ათამდე ბროშურის სახით, დავასახელებ რამდენიმეს:
1997 წელი- ,,საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული“
1999 წელი -,, აზროვნების სიძნელე ანუ საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და კუჭი იმარჯვებს გონებაზე“
2001 წელი – ,,საქართველოში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“
2007 წელი – ,,საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რა გველის -ფაშიზმი თუ რევოლუცია?
“ 1992 წელს რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად დავაფუძნე მოძრაობა ,,დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა იყო.
ვმონაწილეობდი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე „დემოკრატიის ცენტრი“, „თავისუფალი აზრის დარბაზი“, ხოლო 2005 წელს – საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ საქართველო!“.
2009 წლის აპრილში თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა- “თეთრები”, რომელიც 2012 წლის 7 ივლისის პარტიის კონგრესზე ჩამოყალიბდა პარტია „თეთრებად“. ამჟამად არჩეული ვარ პარტიის თავმჯდომარედ.
ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შევქმენით პროგრამული დოკუმენტი სამ ნაწილად. პირველი ნაწილი – „საქართველო დღეს“ (მდგომარეობის სრული ანალიზი) მეორე ნაწილი – საქართველოს პოტენციალი“ (როგორც ადამიანური, ინტელექტუალური, ბუნებრივი, გეორგაფიული) მესამე ნაწილი – „საქართველო ხვალ“ ანუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობისა და ამ პოტენციალის ქვეყანაში
მყავს მეუღლე- დეა მჭედლიშვილი, ფილოლოგი, ინგლისური და რუსული ენების სპეციალისტი
მყავს სამი შვილი: ნესტანი, ნინო და გიორგი შაშიაშვილები. სიძე მურმან ჩხენკელი .
ნესტანმა და მურმანმა უცხოეთში დაამთავრეს დიპლომატიური აკადემია. ნინომ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საფინანსო – ეკონომიკური მიმართულებით გიორგი – თბილისის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა
თეიმურაზ შაშიაშვილი
,,… მე დიდი წარსული წარსულის, მძიმე დღევანდელობის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მომავლის ქვეყნიდან ვარ! შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, იმედით წარმოვთქვამ ამ სიტყვებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც”.
ცივილიზებულ სამყაროში ყოფნას ყოველი სახელმწიფოსათვის, ყოველი ერისა და ხალხისათვის სამი საყრდენი აქვს: ისტორიული ფესვი, ინტელექტი და ბიზნესი. მსოფლიოს ინტელექტი და ბიზნესი აერთიანებს, დემოკრატიულ ქვეყანას ისტორიული ფესვები აძლიერებს..
ფული გაუნათლებელ ხელში დამანგრეველია ქვეყნისთვის, ხრწნის ერს და ხალხს. ფულს მხოლოდ წესიერი, დემოკრატიული ბუნების, ეროვნული ცნობიერების განათლებულ ადამიანთა ხელში აქვს აღმშენებლობის ძალა.
ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ჯანსაღი სახელისუფლებო სისტემის შექმნა მხოლოდ პროფესიონალებს და წესიერ ადამიანებს შეუძლიათ, სხვა შემთხვევაში სისტემა ავადმყოფია. როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ხელისუფლებაა მისი მსახურია და არა პირიქით…როცა ხალხი ემოციით კი არა გონებით აირჩევს მთავრობას…
ბედნიერება ბრძოლაა, ოფლის ღვრაა, თავგანწირვაა, შეუძლებელის შეძლებაა შენი ქვეყნისათვის და ხალხისათვის. ადამიანი თავისუფლებისათვის გააჩინა ღმერთმა, როგორც უილიამ ფოლკმნერი ამბობს, ,,ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში~. ქვეყანას, რომელსაც დღეს ჰყავს ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჭეიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ძმები ჭილაძეები, ოტია იოსელიანი და კიდევ რამდენი კორიფე – წინ დიდი მომავალი აქვს.”
ცხოვრებისეული პრინციპი:
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი..
ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს…
უმჯობესია, რამდენიმე პროგრესული და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმას გიკრავდნენ ტაშს.
ჰობი – ბუნებაში ყოფნა, ფილოსოფია. სპორტი – ყოფილი ფეხბურთელი, წარმატებული ჩოგბურთელი, შეყვარებული ჭადრაკზე.