საქართველო არის კლასიკური მაგალითი…

 

საქართველო არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა მდიდრულად არ უნდა ცხოვრობდეს ხელისუფლება და როგორ ღარიბულად არ უნდა ცხოვრობდეს ხალხი

პრაქტიკულად, 1992 წლიდან ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელმაც, თავდაპირველად, კორუფციული სისტემის შექმნით განიმტკიცა და საკმაოდ გაიხანგრძლივა ძალაუფლება, დღეს კი მის წინააღმდეგ ბრძოლით, რომელიც აშკარად მოჩვენებითია, ინარჩუნებს ხელისუფლებას. 2003 წლამდე კორუფციას პირობითად შეიძლება დემოკრატიული კორუფცია ვუწოდოთ, რადგან მასში მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ჩართული. ხოლო 2006 წლიდან სახეზე გვაქვს,და ამას უკვე ჩვენი უცხოელი მეგობრებიც აღიარებენ, ზეცენტრალიზებული, ანუ ელიტარული კორუფცია. არაბ შეიხებსაც კი შეშურდებოდათ ის სიმდიდრე, რომელიც ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს და მათ ოჯახებს გააჩნიათ საქართველოში.

ელიტარული კორუფციის კლასიკური ნიმუშია პრეზიდენტი და მისი ოჯახი. ტრაგედიაა, როცა პრეზიდენტის დედა, რომელიც თავს უფლებას აძლევს მთელი ხელისუფლების დახმარებით 2008 წლის 8 აგვისტოს – ქვეყნის უახლესი ისტორიისათვის ყველაზე მძიმე დღეს, 300 ათას დოლარად იძენს ტექნიკური უნივერსიტეტის ორ უნიკალურ კორპუსს, გახდეს თურქი (უფრო სწორედ, თურქულენოვანი) ბიზნესმენების მთავარი წარმომადგენელი საქართველოში და აქციოს ისინი საქართველოს მთავარი სიმდიდრის მფლობელად. თავხედობის უსაზღვროებაზე ლაპარაკობს პრეზიდენტის ბოლო დღეების გადაწყვეტილება, დედისთვის სიმბოლურ 1 ლარად ბათუმში უნიკალური კორპუსების გადაცემა.

მრავლისმთქმელია და პრაქტიკულად ადასტურებს ელიტარული კორუფციის ბატონობას საქართველოში ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტისა და აჭარის მთავრობის მიერ სიმბოლურ, 1 ლარად, გაჩუქებული ქონების მფლობელები არიან ის ფირმები, რომლებიც დასაჩუქრებამდე ორი-სამი დღით ადრე დარეგისტრირდნენ და მათი უმრავლესობის წარმომავლობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.

საქართველო არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა მდიდრულად არ უნდა ცხოვრობდეს ხელისუფლება, და როგორ ღარიბულად არ უნდა ცხოვრობდეს ხალხი იმ ქვეყნისა, რომელსაც ყველა საშუალება გააჩნია იმისა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყოს საშუალო ფენა და ცხოვრობდეს შეძლებულად, ხოლო ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობები ჰქონდეს დანარჩენ ყველას.

ამის საშუალებას იძლევა საქართველოს სიმდიდრის მრავალფეროვანი პოტენციალი: ინტელექტუალური, ადამიანური, ბუნებრივი, გეოგრაფიული. დღეს, ყველა მათგანი ხელისუფალთა და უცხოელთა განკარგულებაშია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ყველაფერი ეს კეთდება ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, ავტორიტარულ და ძალაუფლების მოყვარულ ხელისუფლებას თავიანთი მიზნებისათვის „უყვარს“ ღარიბი და სძულს შეძლებული, რადგან არჩევნების მოგება მშიერი და დაუძლურებული ხალხით ადვილია, საშუალო ფენით, ანუ შეძლებული ადამიანებით პრაქტიკულად გამორიცხულია.

და კიდევ ერთი ჩვენი დროის ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ კორუმპირებული სისტემის შემქმნელნი იჭერენ ამ სისტემის მსხვერპლთ. დრო და მომავალი ამაზე უმწვავესად იტყვის. უბედურება ის არის, რომ ამას ითმენს საზოგადოება, ხალხი, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ძალები.

 

„თეთრები“
თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 21 აპრილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *