(საქართველო და მსოფლიო) საუკუნეებია არ გვყავს ხელისუფლება, როემლიც გეოგრაფიას პოლიტიკად აქცევს

თურაშაულის პატრონი ტყეში ვეძებთ პანტას

საქართველოს მომავლისთვის გაცილებით უკეთესად მიგვაჩნია ევროკავშირთან ურთიერთობის შვეიცარიული მოდელი

imgმიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია „თეთრები“ მისი დაარსების დღიდან, პირადად მე, მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში მხარს ვუჭერთ და საქართველოს მომავლისათვის გაცილებით უკეთესად მიგვაჩნია ევროკავშირთან ურთიერთობის შვეიცარიული მოდელი, მაინც პოზიტიურად ვთვლით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.
ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება მართლაც კარგი მოვლენაა, მისი შეუფასებლობაც და გადაჭარბებული შეფასებაც შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს ორი მეტად დამაფიქრებელი მომენტის გამო.

პირველი – დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან, ეს თემა და ნატოსთან თანამშრომლობა ზედმეტად პოლიტიზებულია – ემსახურება ხელისუფლებისათვის ბრძოლას და ხელისუფლების შენარჩუნებას. ამ თემების პოლიტიზებამ გრანდიოზული მასშტაბები მიიღო „ნაცების“ ეპოქაში და გრძელდება „ოცნების“ პერიოდშიც… დაგვავიწყდა საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და გაცილებით მეტს ვფიქრობთ ევროპელ ლიდერთა კეთილგანწყობის მოპოვებაზე. მეტიც, ხელისუფლებებმა მოსახლეობას შეუქმნეს გრანდიოზული მოლოდინი და ხელისმოწერის პერიოდში ქვეყანაში ამერიკისა და ევროკავშირის მიმართ გულწრფელად, ხაზს ვუსვამ, გულწრფელად იმედის მქონეთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. ჩვენდა საუბედუროდ, ევროკავშირთან ურთიერთობა ევროპაში სარჩოს საშოვნელად წასვლასთან გაიგივდა. ეს სამომავლოდ, იმედების მეტად გაცრუების გზაა. დრო ამას დაადასტურებს.

მეორე – თვით ევროკავშირი კრიზისშია. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებიც ხმამაღლა საუბრობენ. ევროპის პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით ევროპარლამენტში, ევროსკეპტიკოსები მძლავრდებიან. ჩემის აზრით, უბრალოდ დამაფიქრებელი კი არა, ტრაგიკულია ევროკავშირის პერსპექტივისათვის ბოლო არჩევნები. 30%-იც კი არ არის, ვინც არჩევნებზე მივიდა. ჩეხეთში – 15% მივიდა არჩევნებზე. რომ არ ყოფილა, ისეთი დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ევროკავშირის სათავეებთან დგანან (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ბოლოს შეუერთდნენ (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები). ამ საკითხებზე არც ევროკავშირის ლიდერებს აწყობთ საუბარი და რატომღაც, საქართველოშიც დუმილია. ფაქტია ისიც, რომ ევროპაში მთავრობებს გარდა, პრაქტიკულად ცოტა დარჩა ევროკავშირის მომხრე. მასიურად მიდის საუბარი ევროკავშირზე, როგორც ახალ საბჭოთა კავშირზე… ბებერი ევროპის წარმომადგენლები შეწუხებულნი არიან იმით, რომ ვეროკავშირში მიღება დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სულიერ ღირებულებებს კი არ ეყრდნობა, არამედ, პოლიტიკური ნიშნით ხდება. მთავარი პოლიტიკური საზომი რუსეთი გახდა. ხარ დაპირისპირებული, ან პოტენციურად შესაძლოა გახდე ასეთი – ფართოდ გიღებენ კარს. ამის შედეგია, რომ დაშლილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანა, ყოფილი სოციალისტური ბლოკის თითქმის ყველა ქვეყანა, დემოკრატიისაგან შორს მდგომი და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ალბანეთიც კი, მისი წევრი გახდა. ალბანეთი ნატოშიც მიიღეს. ბებერი ევროპა შეწუხებულია იმითაც, რომ შიდა კონფლიქტების ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყანასაც ევროკავშირისკენ ექაჩებიან, ვერაფერი ვერ მოუხერხეს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებმაც არ მიიღეს ევროკავშირის თხოვნა და უარი თქვეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
დამაფიქრებელია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას „ხბოს აღტაცებით“ ვხვდებით მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი გამოსვლაზე ფიქრობს, ასეთივე განწყობა ძლიერდება საბერძნეთშიც, იტალიაშიც, უნგრეთშიც და ბევრ სხვა უკვე წევრ ქვეყანაში. მაშინ როცა,ესტონეთის პრეზიდენტიც კი საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირში შესვლის შემდგომ ქვეყანა დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დაიცალა მოსახლეობისაგან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისაგან. ესტონეთის პრეზიდენტიც კი, იმაზე საუბრობს, რომ ესტონელები მხოლოდ მსახურებად მიდიან ევროპაში.

ხელისუფლება ზეიმობს, ჩვენ კი ნაკლები გვაქვს საზეიმო, მაგრამ დაფიქრება კი ბევრ რამეზე გვჭირდება.

უკანასკნელი მინიმუმ 200 წლის მანძილზე ხან რუსეთთან და ხან ევროპასთან ხელშეკრულებით, ვცდილობთ ქვეყნის გადარჩენას, შედეგი კი საწინააღმდეგოა: აღარც დამოუკიდებლობა, აღარც ქართული ცნობიერება… ბადალი არ გვყავს წარსულის უარყოფაში.
ვინც წარსულს უარყოფს, წარსულით და წარსულში ცხოვრობს და ვინც წარსულს აანალიზებს – მომავალში და მომავლით.
ეს არ არის ჩემი გამოგონილი, ეს ისტორიული გამოცდილებაა და ამის მაგალითად დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა გამოდგება.
ადვილია ერთის უარყოფით და მეორესთან მიკედლებით ქვეყნის მართვა. გავიარეთ ეპოქა: ამერიკა მტერია – რუსეთი მეგობარი, ვცხოვრობთ ეპოქაში – რუსეთი მტერია, ამერიკა და ევროპა – მეგობარი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ერთია ქართული გზა და არც მეორე.
სამწუხაროა, რომ საუკუნეებია, საქართველოში ვერ მოდის ხელისუფლება, რომელიც მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას (ღმერთისგან ბოძებულს), პოლიტიკად აქცევს. ამას დიდი პოლიტიკური ნების, დიდი პოლიტიკური გამჭრიახობის და დიდი ეროვნული განწყობის ხელისუფლება სჭირდება.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეყოლება ასეთი ხელისუფლება – ქართველი ხალხი გონებით და არა კუჭით გადაწყვეტს მის მომავალსაც და ხელისუფლებასაც.
ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერი და ქვეყანა ვართ და არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ ხელისუფალს არ აქვს უფლება, ისაუბროს ევროპულ ცივილიზაციასთან საქართველოს მიერთებაზე, რადგან ჩვენ ოდითგან მისი ნაწილი ვიყავით, ვართ და ვიქნებით ყოველგვარი ხელმოწერის გარეშეც. მით უფრო, როცა დადასტურებულია, რომ მეფეთმეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია.
ვიყავით და ვრჩებით იმ აზრზე, რომ ევროპა – აზიის გასაყარზე მყოფი საქართველოს და შეიძლება, მთელი კავკასიის გარე სამყაროსთან ურთიერთობის მოდელი შვეიცარიაა. ქვეყანა, რომელიც სწორი პოლიტიკის გამო დღეს მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული (არჩევნებიც კი ფოსტით ტარდება), ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული და ხალხის ცხოვრების დონით ყველაზე წარმატებული ქვეყანაა.
გვინდა ვიფიქროთ, რომ დღეს ემოციით, კუჭით მცხოვრებ საქართველოში, როცა მხსნელს ფულით ბელადში ვეძებთ, კოლონიზატორს მეგობარს ვეძახით და ქვეყნის გადარჩენას ქვეყნის გარეთ ვეძებთ – პოლიტიკაში გონება დაბრუნდება.
საქართველოს გაბრწყინება არც ფულთან, არც ბელადთან, არც მხსმელთან – მხოლოდ გონებასთან არის დაკავშირებული.
საკუთარი გონებით და ღირსებით ცხოვრება – ეს დავით აღმაშენებლის გზაა… ასე ფიქრობს დღეს ხალხი დემოკრატიულ ევროპასა და დასავლეთში. მეამაყება (უამრავ ქართველთან და საქართველოს მოქალაქესთან ერთად) რომ იმ მეფის მოდგმა და შთამომავალი ვარ, რომელმაც ათი საუკუნის წინ თქვა ის, რითაც დღეს მთელი ევროპა და დემოკრატიული დასავლეთი ცხოვრობს: მხარდაჭერა ძლიერს, დაცვა სუსტს. კონვერგენციის თეორიის სახელით ცნობილი ეს ფორმულა დაადასტურა სამი წლის წინ შვეიცარიის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა: მსოფლიოს მომავალი არც კაპიტალიზმშია და არც სოციალიზმში. მსოფლიოს მომავალი კაპიტალისტური სამყაროს მთავარი პრინციპის – კონკურენციის და ევროპული სოციალიზმის მთავარი დოგმის – დაცული ადამიანი, – შეერთებაშია. ეს კი სახელმწიფო მოწყობის დავით აღმაშენებლის მოდელია.
ვინც ფიქრობს, რომ დავით აღმაშენებელი წარსულია, თვითონ არის წარსულში ჩარჩენილი. გონიერი ადამიანები, სახელმწიფო კაცები მთელს მსოფლიოში კი ფიქრობენ, რომ მსოფლიოს მოწყობის დავით აღმაშენებლის მოდელი – მომავალშია.
ვიფიქროთ ქართველებმა და საქართველოში ამაზე – როგორც დიდი პოეტი ამბობს, თურაშაულის პატრონი ტყეში ნუ ვეძებთ პანტას.

პარტია „თეთების“ სახელით
თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *