ხელისუფლება საქართველოს რეგიონებს ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს

 

gerbi1„სახალხო კრების“ პოლიტიკური სუბიექტების: დემოკრატიული მოძრაობისა და მოძრაობა „თეთრების“ გასვლამ ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქში დაგვარწმუნა, რომ ჩვენ, შედარებით კარგად ინფორმირებული ადამიანებიც კი არ ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ქვეყანაში ასეთ დონეზეა რეალური საინფორმაციო ვაკუუმი; ასეთ დონეზეა სხვაობა ინფორმირებასა და არაინფორმირებულობას შორის – ეს არის ნამდვილი აპოგეა და პერიგეა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, მიწოდებული ინფორმაციის მოცულობაში და ნამდვილობაში.

როგორ არ უნდა გიყვარდეს ხელისუფალს მშობლიური ხალხი, რომ ასეთი ტყუილებით აცხოვრო წლების მანძილზე; რომ საკვებით, ანუ ფიზიკურ შიმშილს დაურთო საინფორმაციო, ამ შემთხვევაში, ინტელექტუალური შიმშილით.

დიახ! დღეს ქართველს შია: შია – ფიზიკურად, შია – გონებრივად, შია – მორალურად. ეს დღევანდელი სახელმწიფო მანქანის მოღვაწეობის შედეგია; ეს დღევანდელი ხელისუფალის საქმიანობის ნატურმორტია ტილოზე სიკვდილისფერი ნაცრისფერისა და სისხლისფერი წითლის მოჭარბეობით.
გორში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, მარტვილში, ზუგდიდში ჩვენ დავრწმუნდით, რომ, შედეგად, ხალხმა არ იცის, როგორ ცხოვრობს ხელისუფლება. ჩვენ მიერ ნაჩვენებმა დოკუმენტურმა ფილმებმა „ქალაქში მკვლელია“, „როგორ ცხოვრობს გაღლეტილი ხელისუფლება“ , „კუბლაშვილების საჩუქრები“ და სხვა მრავალმა ფაქტობრივმა მასალამ თავიდან არაერთგვაროვანი, ხოლო შემდეგ, უაღრესად მწვავე რეაქცია გამოიწვია. ერთმა ბატონმა ბათუმში ისიც კი მითხრა:“ … ეტყობა არ მოგწონთ ეს ხელისუფლება, თორემ წარმოუდგენელია, ასეთი რამ აკეთოს ქვეყნის მთავრობამ, შეუძლებელია თბილისის ცენტრში, სკვერში ვინმემ წამოჭიმოს სამსართულიანი სრა – სასახლე. მე არ მჯერა. თუ ეს მართალია, ჩვენ ვყოფილვართ მსოფლიოში ყველაზე … კორუმპირებული ქვეყანა“ -ო.

სწორედ ხელისუფლების მგლურმა მადამ მოიტანა ენაკვიმატ გურულების ფოლკლორში ახალი ანეგდოტი: გურულ გლეხს გასაქურდად რომ მიადგნენ. მას კი გაუხარდა – ქურდების გასათრევი არაფერი მაქვს და კიდევ კარგი, სტუმრები რომ არ ბრძანდებით, მაშინრა მეშველებოდა, რით გაგიმასპინძლდებოდითო. ეს ხდება სტუმართმოყვარე გურიაში. სადაც, ისე, როგორც სრულიად საქართველოში, სტუმარი ღვთის საჩუქარი იყო..

ხალხი იცინის, მეფეო, ხალხი იცინის (!) სიმწრისგან იცინის!!!

ჩვენი შეფასება იმის თაობაზე, რომ მოსახლეობის სამი პროცენტი ფლობს სამჯერ მეტ სიმდიდრეს, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა, ზუგდიდში სტუმრობისას კიდევ ერთხელ დადასტურდა. მასპინძლებით გარშემორტყმულებმა ქალაქის ცენტრში გავისეირნეთ. აქ მაღაზიისა და ჯიხურის მეტი არაფერი გვინახავს, ისინიც, როგორც გვითხრეს, ადგილობრივი ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშაა მოქცეული. სხვაგვარად, ჯიხური ერთი დღითაც ვერ იმუშავებს. ყველაზე დიდი შინაგანი პროტესტი კი გამოიწვია დადიანების ისტორიული სასახლის გვერდით აწყობილმა უსახურმა გასართობმა ატრაქციონმა, სადაც ისტორიული ძეგლისათვის და იქვე აშენებული ეკლესიისათვის ყოვლად შეუფერებელი ლექსიკით საუბრობდნენ უწვერულვაშო ახალგაზრდები. მოკრძალებისა და მოწიწების ნაცვლად ენამყრალობა – აი, საითკენ მიჰყავს ხელისუფლებას მომავალი თაობა. მოაზროვნე მეგრელები ნათლად ხედავენ ხელისუფლების ყველა დანაშაულს და მწარედ განიცდიან. მაგრამ, სიმართლე უნდა ითქვას, ხალხი დაშინებულია. ნუ იქნება დარწმუნებული ნურც ერთი პარტია, რომ შიში დაძლეულია. გოროზიებისადმი შიშის აჩრდილი დაძრწის ამაყი ლაზების მიწაზე.

ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, უქმნის რა ნოყიერ ნიადაგს უცხოურ ინვესტიციებს, უპირველესად იცავს თავისი ხალხის ინტერესებს მათ კეთილდღეობას ახმარს უცხოურ კაპიტალს. ამისი მაგალითია საბერძნეთში ქართველებისადმი პოლიციის დამოკიდებულება, რომელიც არ ერევა შიდაქართულ საქმეებში, მაგრამ უმკაცრესად იცავს ბერძენთა ხელშეუხებლობას. ჩვენში ყველაფერი პირიქითაა. როგორც ბათუმში გვითხრეს, ნებიემიერი ბიზნესის დაწყებისათვის, აუცილებელია საქმის თურქზე გადაფორმება. ქართველი საქართველოში ხელისუფლების იძულებით უცხოელზე აფორმებს საკუთარ ბიზნესს! – მართლაც დაუჯერებელია. ისევე, როგორც გაუთვითცნობიერებელთათვის დაუჯერებელია 150 ყაზახი ქალბატონის სამუშაოდ (?!) ჩამოყვანა, რასაც თან მოჰყვა სპიდის ინფექციის ნამდვილი აფეთქება.

სხვისგან მართული ხელისუფლება შვებას საკუთარი ხალხის ჩაგვრაში ჰპოვებს, რაც ხშირად სისხლიან ფორმაში გადაიზრდება. საქართველოს გული, გორი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დეპუტატ ბასიშვილის ბანდ -ფორმირებების ხელშია განუზომელი ძალაუფლებისა და განუკითხაობის ფირმანით ხელში. ვისაც ჩვენი ეს შეხედულებები გადაჭარბებულად ეჩვენა, ვთხოვთ ყურადღება მიაქციოს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გორის ინფრასტუქტურის მოწესრიგებისათვის გამოყოფილ ბიუჯეტის (ჩვენს) თანხას – 5 მილიონ ლარს მთლიანად აითვისებს შპს „ საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ , რომლის მფლობელი შოთა აბულაძე – ქართლის გუბერნატორის მოადგილის სიმამრი და ზაზა გოროზიას მოადგილის მამაა. აი, ბატონო პრეზიდენტო, უახლესი მაგალითი ქვეყნის კორპორატიული მართვისა და ელიტარული კორუფციის აბლაბუდისა, რომელიც ასე აღრჩობს ქართველ ხალხს, ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს. აქ არ შეიძლება რა გავიხსენოთ თურქების მიერ სტამბულში ჩემთვის ნათქვამი: ხომ არ გგონიათ, მართლა ერთ ლარად გვაძლევენ მიწებს, ბიზნესის განვითარების საშუალებას, მუშაობისათვის საჭირო პირობებს. ჩვენ სრულად ვიხდით „ყველანაირ“ გადასახადსო.

განა მარადუკვდავი „ნაციონალური“ კორუფციის შედეგი არ გახლავთ ზესტაფონის მარადიული დეპუტატის, ბატონ ბუცხრიკიძის კიდევ ერთხელ დეპუტატად წამოყენების მცდელობა? რამდენჯერ უნდა დასცინონ მშრომელ ზესტაფონლებს (?!)

უმძიმესი მდგომარეობაა ფოთში – ქალაქში, რომელსაც გეოგრაფიული მდებარეობიდან და ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვს ლომის წილი. მძიმე სოციალური მდგომარეობის, ჯანდაცვის ელიტარულობის, მეწარმეობის შეზღუდვების გამო ღირსეულ ადამიანებს ეზიზღებათ „ნაციონალური მოძრაობა“. ისევე, როგორც აჭარაში, სადაც გვარწმუნებდნენ, რომ, ჩვენ თბილისში მთლიანად არ გვესმის, რა საოცრად გაიზარდა სომხების, აზერნაიჯანლების, ირანელების, თურქების წილი.

ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს პროგრამას: ყველა მინუს ქართველები.

ჩემთვის, როგორც ქუთაისელისათვის, განსაკუთრებით მტკივნეული გახლავთ ქუთაისის მიმართ აშკარად შეცვლილი დამოკიდებულება. ქალაქი, რომელიც ყვლას უყვარდა, დღეს, პირდაპირ უნდა ითქვას – შესძულდათ.

ქუთაისი ხალხს შეაძულა ხელსიუფლებამ. ხალხს სჯერა, რომ ქუთაისი მართლაც ისე შენდება და მშვენდება, როგორც ხელისუფლება ამბობს, რომ ქუთაისლები მართლაც ისე ცხოვრობენ, როგორც ნაციონალური ტელევიზიები გადმოსცემენ.

ქუთაისი ისტორის მანძილზე არაერთხელ დანგრეული და აშენებულია, მაგრამ პოტიომკინის სოფლად არასდროს ქცეულა აქამდე.

ქუთაისს სჭირდება არა პარლამენტი, არამედ უნივერსიტეტები;

ქუთაისს მოუხდება არა ველობილიკები, არამედ ადგილობრივ ნედლეულზე დაფუძნებული მრეწველობა;

ქუთაისს სჭირდება არა თხა-ბეკეკების ფანტანი, არამედ სათაყვანო დიდი დავითის ქანდაკება;

ხელისუფლება ქუთაისს, ისე, როგორც მთელს საქართველოს, უყურებს არჩევნების პრიზმაში.

ხელისუფლებისათვის საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველია;

ხელისუფლებისათვის ყოველი საცხოვრებელი კორპუსი – ბიულეტენია;

ხელისუფლებისათვის უბანი, დაბა, ქალაქი – საარჩევნო ურნაა.

მაგრამ ხალხი ბრძენია.

ხალხმა იცის,რა ხელისუფლებაც ჰყავს.

ხალხი ოპოზიციისაგან მოითხოვს ერთობას, ჩვენც არაერთხელ გვითხრეს, მაშინაც კი, თუ 26 მაისს თქვენთან არ მოვა, „ქართული ოცნების“ ხალხი თქვენ მიდით 27 მაისს მათთანო.

რათქმა უნდა, უნდა მივიდეთ. მეც ასე ვფიქრობ.

მაგრამ…

არის ერთი – მაგრამ. ვერაგი ხელისუფლება რაღაც ინტრიგას მაინც მოაწყობს. მოსალოდნელია, ნაცების ზონდერებმა „ოცნების“ ხალხის სახელით პროვოცირება მოუწყონ „სახალხო კრებას“. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ამიტომ, დაფიქრება გვმართებს, დიდი დაფიქრება…

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 26 მაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *