დღეს ხალხს და ქვეყანას  იმედის ხელისუფლება და პოლიტიკოსები სჭირდება

 

თვითკრიტიკა და არა თვითკმაყოფილება

დავდგეთ საქართველოსთან და დავიბრუნებთ საქართველოს!

 

news_35165ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში საქართველოსთვის დადგა პერიოდი, როდესაც  ყოველგვარი ქართული დარტყმის ქვეშაა. ქართული მიწაც, ქართული ენაც, ჩვენი მართლმადიდებლობაც, ტრადიციებიც, ქართული კულტურა, მეცნიერება,  ქართული განათლების სისტემა, ქართული  სოფელი, მამული ჩვენი, საერთოდ, ანუ  ყველაფერი, რაც ქართული იყო და ჯერ კიდევ არის – დადგა დარტყმის ქვეშ.

მძლავრობენ ძალები, რომელთათვისაც უპირატესია  უცხო ქვეყნების პოლიტიკური ძალების მსახურება, ვიდრე საკუთარი ხალხის  და ქვეყნისა. ტრაგედიაა, როდესაც სურვილი უჩნდება არა ერთსა და ორს, ხელისუფლებაში კი უმრავლესობას, რომ გაამერიკელდეს, გაინგლისელდეს, გაგერმანელდეს, გაფრანგდეს.. ჯერ ერთი – ვერასდროს ვერ გახდება  ფრანგი ის, ვისაც გაფრანგება უნდა; ვერ გახდება, ამერიკელი ის, ვისაც გაამერიკელება უნდა, მაგრამ თავის ქვეყანას კი ღალატობს… არადა ასეთი ძალები მომრავლდნენ პოლიტიკაში.

რა დრო გადის, ქვეყანაში ძლიერდება უიმედობა, დეპრესია, ღრმავდება სიღარიბე, მიმბაძველობა,  ყოველგვარი უცხოურის ქება, საკუთარის, მათ შორის ისტორიის ძაგება – ჩვეულებრივ ამბად იქცა.

დამთრგუნველია, როცა ხედავ, რომ სახელმწიფოს განვითარების დავით აღმაშენებელისეულ პრინციპებს გარეთ უფრო აფასებენ, ვიდრე საქართველოში, როცა ბევრი ქვეყნისათვის სამაგალითო ხდება ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია, იოანე პეტრიწის ფილოსოფიური, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა  და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, მაშინ როცა, ყველაფერ ამას იგნორირება უკეთდება მათ სამშობლოში. გვემართება ის, რაზეც სხარტად და ხატოვნად თქვა პოეტმა – თურაშაულის პატრონი, ტყეში ვეძებთ პანტას.

 კატასტროფაა, როცა ხედავ, რომ ქვეყანა იმათ მმართველობაში გადავიდა, ვინც ნულოვან აუქციონზე კაპიკებით ხელში ჩაიგდო ხალხის მთელი სიმდიდრე და  კიდევ იმ ადამიანების, რომლებიც „ნაციონალების“ მიერ დაინიშნენ (სწორედ რომ დაინიშნენ) ბიზნესმენებად, ანუ იმათ ხელში, ვინც დაეპატრონა სხვათა მიერ გამართულ ბიზნესს.

დღეს უკვე ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია, რომ სააკაშვილის მმართველობის წლები ეს იყო „მოქკავშირ-აღორძინების“ დროს დაწყებული სიკეთის გათითოკაცების და ბოროტების ერთ მძლავრ მუშტად შეკვრის ქვეყნის დამანგრეველი პროცესის მძლავრად გაგრძელების წლები. მისი მონაწილეა დღევანდელი ხელისუფლების დიდი ნაწილიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს , 2008 წლამდე დიდი ფინანსებით და გვერდში დგომით აძლიერებდა სააკაშვილის ანტიქართულ რეჟიმს.

მძიმე ჟამი უდგას ქვეყანას. მისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ ყოფილა ასეთ მდგომარეობაში. ისტორია იმასაც ადასტურებს, რომ ასეთ პერიოდებში რწმენით და იმედით ერთ დიდ მუშტად იკვრებოდა ხალხი, ქართული აზრი, მძლავრობდა ქართული ცნობიერება. ქართული დროშის ქვეშ დგებოდა ახალგაზრდობა.

დღეს სწორედ ეს პერიოდი დადგა… ამისათვის ღირს სიცოცხლეც, მით უფრო, რომ ისტორიულად ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ქართულს, ცივილიზაციის სიკეთეებთან იყვნენ ნაზიარები. მუდმივად ცივილიზაციის მწვერვალებზე იყვნენ იმ განწყობით, რომ კარჩაკეტილობა, ისევე, როგორც კოსმოპოლიტობა უბედურებაა ქვეყნისთვის. დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა მიდის იმ გლობალიზაციით, რომელმაც თითქოს უნდა შთანთქოს პატარა ერები. ეს არის დამახინჯებული წარმოდგენა რეალურ გლობალიზაციაზე. ეს ნამდვილად არ შედის გლობალიზაციის ინტერესებში, მით უფრო, რომ  ყოველი ერი, გლობალიზაციის დროს, თუ ის ძლიერია, თუ მას ისტორია აქვს, ინარჩუნებს თვითმყოფაობას ისე, რომ არ ეწინააღმდეგება კაცობრიობის განვითარების კანონზომიერებას.

დღეს ხალხს და ქვეყანას  იმედის ხელისუფლება და პოლიტიკოსები სჭირდება. სჭირდება მთავრობა, რომელიც მომავლით ცხოვრობს და არ არის ჩარჩენილი წარსულის ძაგებასა და განქიქებაში. სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც თავისუფალნი არიან სიძულვილისაგან, არ იმართებიან ქვეყნის გარედან, პატიოსნად ცხოვრობენ და აანალიზებენ საკუთარ საქმიანობას – არიან თვითკრიტიკულნი და არა თვითკმაყოფილნი. ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება და პოლიტიკოსები, რომელთაც შეუძლიათ მოქმედებაში მოიყვანონ ქვეყნის მთელი პოტენციალი – როგორც ინტელექტუალური და ადამიანური, ასევე ბუნებრივი და გეოგრაფიული, რომელთაც ესმით, რომ ყოველგვარი ქართული და ეროვნული ნადგურდება მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა იბრძვის არსებობისათვის, ხოლო ქვეყანა ბრწყინდება მაშინ, როცა მისი ხალხი, თითოეული ადამიანი იბრძვის საკუთარი თავის რეალიზაციისათვის.

ჩვენ  – საინიციატივო ჯგუფი „პირველ ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს“ ასეთ ჭრილში ვხედავთ დიდ ქართულ მოძრაობას „დავიბრუნოთ საქართველო“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ ოქტომბერს ხელისუფლებამ არა უბრალოდ ანგარიში უნდა ჩააბაროს ხალხს და ქვეყანას, არამედ პატიოსნად თქვას, რა ვერ შეძლო და რაც მთავარია, თქვას ის, რის გაკეთებასაც აპირებს.

პირველ ოქტომბერს დეპრესიისა და უიმედობის დღევანდელ საქართველოს მართალი და იმედიანი სიტყვა უნდა, რომელიც შემდგომ მოქმედებით უნდა დადასტურდეს.

ბატონო ხელისუფალნო, თქვენ ხალხს დაპირდით სამართლიანობის დადგენას, დაპირდით საარსებო მინიმუმს, დაპირდით საბანკო პრობლემების მოგვარების სისტემას, დაპირდით წართმეულის დაბრუნებას, დაპირდით კიდევ ბევრ რამეს.

პირველ ოქტომბერს, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლიდან ორი წლის თავზე ჩააბარეთ ანგარიში ხალხს.

როგორი ფორმით უნდა მოხდეს ეს?

ჩვენ ვთლით, რომ ხელისუფლებამ ამის ფორმა თვითონ უნდა მოძებნოს. ერთი კი ნამდვილად ვიცით, რომ ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს,  როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

დავდგეთ საქართველოსთან და დავიბრუნებთ საქართველოს!

 

საინიციატივო ჯგუფის სახელით

დავით გველესიანი                          ხელოვანი

ლეონ ფირცხალავა                           მეცნიერი   

თეიმურაზ შაშიაშვილი                    პოლიტიკოსი

12.09.2014წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *