ცხინვალს კი არა, ერთიან ქართულ სახელმწიფოს ესროლეს

 

სიტყვა, ნათქვამი სრულიად ოსთა შეკრებაზე ქ.სოჭში

42ერთდროულად ვნანობ და ამაყი ვარ…

ერთდროულად მოხიბლულიც ვარ და წარმოუდგენლად ვღელავ…

ვღელავ, რადგან – ვაითუ ვერ შევძლო ვთქვა ის, რისი თქმაც მინდა, ვთქვა ისე, როგორც განვიცდი, ვთქვა ის, რაც ჩემს სულში ტრიალებს ახლა, ამ წუთში, საერთოდ ბოლო პერიოდში, 1991 წლიდან, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული.

მოხიბლული ვარ თქვენი მასპინძლობით, ამ დიდებული შეკრების მთავარი ორგანიზატორის ალექსანდრ მარგიევის ყურადღებით, იმით, რომ, როგორც ქართველი, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ვარ… მოხიბლული ვარ იმით, რომ მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან, დაწყებული ამერიკიდან, ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა სივრციდან, დამთავრებული ავსტრალიით, მოიწვიეთ ოსური დიასპორების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სოჭში ასეთი მასშტაბით მოაწყვეთ ოსური კულტურის დღეები და ასე ლამაზად აჯამებთ დღეს ამ უნიკალურ დარბაზში ათასზე მეტი ოსისა და ოსების მეგობართა მონაწილეობით

ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ ჩემი მოწვევა გადაწყვიტეთ, ოსი ხალხის მეგობარი 122მიწოდეთ და 2008 წლის აგვისტოს ბნელი დღეების შემდეგ პირველ ქართველს მომეცით უფლება, რომ ოსთა ასეთი დიდი, რაც მთავარია, არნახულად წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე წარვმდგარიყავი – სიტყვა მეთქვა.

ამაყი ვარ იმით, რომ მონანიება შემიძლია. დიახ , რომ ვინანიებ ვარ ამაყი და ამაყი ვარ იმით, რომ შემიძლია მონანიება.

მონანიებას, შენდობას ძალა უნდა!

მწამს და მჯერა, ვიდრე ყოველი ქართველი საკუთარ თავში არ მოძებნის ძალას, მოინანიოს და შეუნდოს სხვას… ვიდრე ყოველი ოსი იგივეს არ გააკეთებს – საკუთარ თავში არ მოძებნის ძალას მოინანიოს და სხვას შეუნდოს – არათუ ჩვენი ურთიერთობები არ განათდება, არც ჩვენს ერებს ექნებათ სრულფასოვნება, არ ექნებათ მომავალი.

რა უნდა მოვინანიოთ? ალბათ, ბევრი, თუნდაც, ის, რომ ხელისუფალთ მივეცით იმის უფლება, რაც გააკეთეს.

როგორც ყოველ ადამიანს, მეც ყოველგვარი ბოღმისაგან მათავისუფლებს და მამაღლებს სინანული, შენდობა.

მწამს და მჯერა, მხოლოდ ნამდვილ ქართველს შეუძლია მონანიება. მწამს და მჯერა, მხოლოდ ნამდვილ ოსს შეუძლია მონანიება. ყველაფერი ნამდვილით იწყება და ყველაფრის საფუძველი ნამდვილია: მხოლოდ ნამდვილ ქართველს და ნამდვილ ოსს შეუძლიათ მეგობრობა, ერთმანეთის სიახლოვე, ერთმანეთთან სიყვარულით ცხოვრება.

ნამდვილი ქართველია რეზო ამაშუკელი… ნაღდი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, რომელმაც გულისშემძვრელი სიტყვებით მოგმართათ ყველას. ეს ტექსტი რუსულ ენაზე ჩინებულად წაიკითხა ჩვენმა მეგობარმა ოსმა.

მხოლოდ ნამდვილ ქართველს შეეძლო ეთქვა:

„ძმებო, ოსებო! მეც ალანი ვარ და ის ქართველი, რომელსაც ვერასდროს ააგლეჯენ გულიდან თქვენ სიყვარულს და პატივისცემას! შეჩვენებული მყავს ყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია.“

საოცარი სიტყვებია, ნაღდი კაცის ნაფიქრალია…

აი, კიდევ:

„სამი შვილთაშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე ვუნერგავ თქვენდამი ძმობას!“

დიდებულია!

და კიდევ ერთი, მართლაც დიდი ქართველის დიდი ადამიანური სიმაღლე:

„მე დამანგრია და დამღალა ამ ამღვრეულმა დრომ, თუ უფალი წამიყვანს, ერთი სანთელი თქვენც ამინთეთ, რამეთუ გულით მიყვარხართ და იმედი მაქვს ერთად ვიქნებით!“

რეზო ამაშუკელის ამ სიტყვებს ყოველი ნამდვილი ქართველი მოაწერს ხელს. ვდგევარ სცენაზე და სწორედ თქვენს წინაშე ვაწერ ხელს რეზო ამაშუკელის თქვენდამი გამოგზავნილ წერილს. ამ წერილზე ხელმოწერა უკვე გააკეთა ცნობილმა დიპლომატმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ამერიკაში, რუსეთში, გაეროში, ბატონმა პეტრე ჩხეიძემ, რომელიც დღეს სპეციალურად ჩამოფრინდა შვეიცარიიდან და ამით დაადასტურა მისი, როგორც ქართველი კაცის მეგობრობაც და კეთილი განწყობაც თქვენდამი.

როგორც წყლის ერთმა წვეთმა შეიძლება მთელი ცხოვრების ანარეკლი დაიტიოს, რეზო ამაშუკელის ეს წერილი ნამდვილი ქართული განწყობის გამოხატვაა. ვფიქრობ, თქვენც ასე თვლით, რომ იგი ნამდვილი ოსი კაცის განწყობასაც გამოხატავს. ეს არის შერიგება! დიახ, სწორედ ეს არის შერიგება და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციულ, ბუნებრივ კალაპოტში გადაყვანა.

მოდი ვთქვათ პირდაპირ: ჩვენ არასოდეს ერთმანეთის მტრები არ ვყოფილვართ – უნდოდათ და უნდათ , რომ გვაქციონ ასეთებად… ომი არ უნდოდათ არც ქართველ ხალხს, არც აფხაზებს და არც ოსებს… ომი არასრულყოფილთა და არასრულფასოვანთა სტიქიაა… ომი ავანტურისტი პოლიტიკოსების პურია… ომი განდიდების მანიით შეპყრობილ ხელისუფალთა გონებაში იბადება და იწყება… სწორედ არასრულყოფილებმა, ავანტურისტებმა, განდიდების მანიით შეპყრობილებმა გვესროლეს მეც და თქვენც, ყოველ ქართველს, ყოველ ოსს და ყოველ აფხაზს, ესროლეს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ძმობას, ჩვენს ერთობას, ესროლეს ერთიან ქართულ სახელმწიფოს.

მოდით ვთქვათ პირდაპირ; ომი ყველამ წავაგეთ – ქართველებმაც, აფხაზებმაც, ოსებმაც… ომი მხოლოდ პოლიტიკოსებმა მოიგეს – ჩვენი დაპირისპირებით, ჩვენი ძმების სისხლით შეინარჩუნეს ჩვენზე ბატონობა.

დავფიქრდეთ, დღეს ეს პოლიტიკოსები კვლავ ომის ენაზე ლაპარაკობენ… დააკვირდით, კონფლიქტის მონაწილე ყველა დიდი და პატარა ქვეყნის , ყველა მრავალი თუ მცირერიცხოვენი ერის ხელისუფალნიც საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამარჯვებაზე საუბრობენ.

ფრთხილად! ომი სწორედ მაშინ იწყება, როცა ძველი ომის მონაწილე, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ფიქრობს არა შენდობაზე, არამედ საუბრობს ომში გამარჯვებულის ენითა და განწყობით.

დღეს ამ შეხვედრას სიტყვით მიმართა ცნობილმა დიპლომატმა ალექსანდრე ძასოხოვმა. ის დიდი ავტორიტეტია ყოველი მოაზროვნე ადამიანიათვის… მას მთელ მსოფლიოში აქვს კარგი სახელი.. .დღეს იგი იუნესკოს წარმოადგენს ჩვენს შეხვედრაზე.. მე ვამაყობ, რომ დღეს გავიცანი პიროვნება, რომელსაც ისედაც უდიდეს პატივს მივაგებდი. ვინ დამაჯერებს, რომ მას ომი უნდოდა და უნდა, რომ ის, როგორც ოსი გამარჯვებულად თვლის თავს. ვინ დამაჯერებს, რომ მწერალი და პროფესორი ნაფი ჯუსოითი, რომელსაც 1987 წლიდან ვიცნობ და ვამაყობ ამით, მასთან შეხვედრებითა და საუბრებით, რომ მას ომი უნდოდა, ან გამარჯვებულად თვლის თავს?

ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ რეზო ამაშუკელს, რომლის სიტყვებსაც ოვაციებით შეხვდით, ან უდიდეს მოქანდაკეს, მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ხელოვანს, საქართველოს კულტურის ფონდის ხელმძღვანელს, მერაბ ბერძენიშვილს, რომელმაც საუკეთესო სურვილები დამაბარა თქვენთან, საჩუქრად მისი წიგნიც გამომატანა, რომ ომი უნდოდა, ან უნდა?

რეზო ამაშუკელი, ალექსანდრე ძასოხოვი, მერაბ ბერძენიშვილი, ნაფი ჯუსოითი – ესენი არიან ჭეშმარიტ ოსთა და ჭეშმარიტ ქართველთა განწყობის მატარებელი ადამიანები. საბედნიეროდ ასეთები ჭარბობენ დღეს ქართველებშიც და ოსებშიც.

საოცარი რამ მითხრა თქვენთან წამოსვლის წინ რეზო ამაშუკელმა. თურმე როცა ვალენტინ რასპუტინი უმძიმესი სიტყვებით დააცხრა თავს ქართველ ხალხს მწერალთა საკავშირო ყრილობაზე 1988 წელს მოსკოვში და ქართველ მწერალთა ერთმა ჯგუფმა (როგორც ჩანს ყველამ ვერ გაბედა) პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა – პირველთა რიგებში ნაფი ჯუსოითი მიდიოდა.

დიდი სიმაღლეა. დღეს ამ ტრიბუნიდანცა ვამბობ მადლობას მის მიმართ, მისი კაცური ნაბიჯების გამო.
1982 წლიდან, ანუ თითქმის 30 წელია ვიცნობ და ვმეგობრობ მაესტრო ვალერი გერგიევთან. ის დღეს ამ შეხვედრას გერმანიიდან მიესალმა. დარბაზში მისი და ზის, ლარისა, ბრწყინვალე ქალბატონი და ხელოვანი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ თქვენს წინაშე ჩემი წარდგენის დროს თქვეს, რომ მე ვარ ვალერი გერგიევის პირადი მეგობარი.

ერთი წელიც არ არის, რაც კარგად გავიცანი გოჩა ძასოხოვი. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენი ურთიერთობაც მეგობრობაში გადაიზარდოს.

ვალერი გერგიევი – ოსი კაცი – დღეს მთელი მსოფლიოს კუთვნილება, პლანეტარული აზროვნების კაცი, უდიდესი ხელოვანი, რომელზეც ამერიკის გუშინდელ პრესაში ამერიკაში პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამკვირიანი გასტროლების შემედგ ასეთი შეფასება გაკეთდა :“სხვა სამყაროს მუსიკა“, როცა ცხინვალში ჩავიდა თქვა: „მე აქ იმიტომ არ ვარ , რომ ოსები უკეთესები ვართ, ვიდრე ქართველები… მე აქ ვარ იმიტომ, რომ წინ აღვუდგე ომს კავკასიაში, ომს მოძმე ერებს შორის, ომს ქართველებსა და ოსებს შორის.“ ავი ენები რას არ ამბობენ საქართველოში მასზე, მაგრამ ვინ-ვინ და მე ვიცი, როგორ უყვარს მას საქართველო და ქართველი ხალხი. მწამს და მჯერა, ამას დრო დაადასტურებს. მე ამაში საბოლოოდ 1982 წელს დავრწმუნდი, როცა მაშინ ჯერ კიდევ ბიჭებმა შევძელით გვერდით დავდგომოდით დისიდენტ ლექსო თორაძეს, როცა ის ბევრმა მიატოვა და პეტერბურგში კაგებეს ჰყავდა კლანჭებში მომწყვდეული. ადვილი არ იყო ჩვენგან მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა. სწორედ ასე შეაფასეს მაშინ ეს დიდმა მაესტრომ, ჯანსუღ კახიძემ, ცნობილმა კომპოზიტორმა, გია ყანჩელმა. ვალერი გერგიევისა და ლექსო თორაძის მეგობრობა დღესაც გამორჩეული და უნიკალურია. მე ვამაყობ მათთან მეგობრობით.

გოჩა ძასოხოვმა ორი წლის წინ ამ დარბაზში სასწაული მოახდინა – შეკრიბა საქართველოს ყველა ეროვნების წარმომადგენელი და იმ დღეს ათასზე მეტმა კაცმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით დავაფუძნეთ „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“. ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაბედა ჩამოსვლა საქართველოდან. მე მომავლის საქმე დავინახე მის ამ ნაბიჯში – ასამბლეის შექმნაში. მაშინ ამ დარბაზში სწორედ გოჩა ძასოხოვისგან მოვისმინე უნიკალური სიტყვები, რომელიც მან ქართულად, ოსურად, რუსულად და ინგლისურად წარმოთქვა:
საქართველო გაბრწყინდება!
გვაცადეთ ამერიკამ და რუსეთმა და ჩვენ, ოსები, აფხაზები, ქართველები შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, რომლითაც იამაყებს მთელი მსოფლიო!

ავი ენები, რას არ წერენ და ლაპარაკობენ ბატონ გოჩაზე საქართველოში (მას ხელისუფლებამ მისი ნიჭით შექმნილი ბიზნესი წაართვა, უმუშევრად დატოვა უამრავი ადამიანი, რომლებიც მის მიერ შექმნილ საწარმოებში იყვნენ დასაქმებულნი). მაგრამ იგი რომ ნამდვილი ოსია და ნამდვილი ქართველი, ეს ჩემთვის ოდნავადაც არ არის საეჭვო. მადლობა მას, რასაც ის ვლადიკავკაზის ქართული სკოლისთვის აკეთებს, იმისათვის, რასაც იმ ქართული ეკლესიისათვის აკეთებს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინათლა, იმისათვის, როგორც ფიქრობს იმ სახლზე, სადაც საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი დაიბადა. დადგება დრო, ამ და ბევრი სხვა დიდი საქმისათვის მას მადლობას ეტყვის ერთიანი საქართველო. კეთილშობილური იყო მისი აღსარებაც: „მე შევცდი, როცა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დავუჭირე მხარი, ვაფინანსებდი „ნაციონალებს“, პრეზიდენტს. მე არასოდეს პოლიტიკოსს აღარ დავაფინანსებ, მაგრამ ვიცი, სასწაულს გავაკეთებ ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობისათვის“. ღმერთმა გისმინოთ, ბატონო გოჩა! ვიცი, რომ თქვენ ამას გააკეთებთ! და კიდევ ერთი, ქართულ-ოსური მისიის წევრები ცრემლით ვიდექით ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში, როცა მან ქართულ ენაზე მის მიერ დაწერილი ლექსი წაიკითხა. არიან ადამიანები, რომლებიც თიშავენ და აპირისპირებენ. მე მათ არაკაცებს ვუწოდებ. გოჩა ძასოხოვი აერთიანებს. ეს დიდი მადლია ყოველი ადამიანისთვის.
ძალიან მინდა წაგიკითხოთ ის ლექსი, რომელიც ბატონმა გოჩამ ვლადიკავკაზში ქართველთა და ოსთა შეკრებაზე წაიკითხა:

„უკვდავებაა სვეტიცხოველი, უკვდავებაა ქართველი ერი,

მერე რა ვუყოთ, რომ არსაკიძეს მოსჭრეს სიბრძნისთვის მარჯვენა ხელი…

არ იმარხება ხელოვნის ხელი, იგი მარადის კედელზე რჩება…

შეხედეთ ტაძარს და დარწმუნდებით, რომ საქართველო არასდროს კვდება!“

დიდებულია.

სათქმელი ბევრზე მაქვს. ამ დარბაზში უამრავ ადამიანს ვიცნობ. თითქმის მთელი დარბაზი ქართულად ლაპარაკობს. სწორედ ასეთი ადამიანები ვაძლიერებთ ერთმანეთს, ვაშენებთ პოლიტიკოსთა მიერ დანგრეულ ხიდებს – ადამიანურ ურთიერთობებს. სწორედ ამ განწყობით შევქმენით „ქართულ-ოსური მისია“, რომელსაც სათავეში ნაღდი კაცი, ოსების დიდი მეგობარი, საქართველოს კულტურის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე უდგას სათავეში და რომლის წევრებიც ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები არიან. ბატონ ფერდინანდ ლორთქიფანიძეს გადაწყვეტილი აქვს ახალგორში, მის მამულში, მამაპაპისეულ სახლში ქართველთა და ოსთა ნადიმი მოაწყოს. სწორედ „ქართულ-ოსურმა მისიამ“ ცხინვალის ტრაგედიის (ეს საქართევლოს ტრაგედია უფრო იყო) ორი წლისთავზე, 2010 წლის 7 აგვისტოს, თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის პროსპექტზე, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან, ძველ თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან, წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის წინ მივმართეთ საქართველოს მოსახლეობას, ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მეგობრებს. იგი ასე დავასათაურეთ: „ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი – ნუ შევწირავთ ჩვენს მომავალს პოლიტიკოსებს“.
ჩვენ მაშინ ვთქვით და დღესაც მინდა გავიმეორო:

“ჩვენ – ისევ ხალხს, ისევ ქართველებს, ისევ აფხაზებს, ისევ ოსებს, ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც უყვარს საქართველო – შეგვიძლია ერთმანეთი გადავარჩინოთ, ეროვნებაც – ეროვნული თვითმყოფადობაც შევინარჩუნოთ და შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც კავკასიაში მშვიდობის დიდი საყრდენი იქნება”.

ჩვენ მაშინ ვთქვით და დღესაც მინდა გავიმეორო:

„მივიდეთ ამ დღეებში უზნეო პოლიტიკოსთა მიერ თავსმოხვეულ ომში დაღუპულთა საფლავებთან მთელს საქართველოში: სოხუმსა და მთელს აფხაზეთში, ცხინვალსა და მთელს სამაჩაბლოში, ბათუმსა და მთელს აჭარაში, თბილისსა და საქართველოს ყველა მხარეში… თავი დავხაროთ და მუხლი მოვიდრიკოთ მათი ვაჟკაცობის წინაშე… შენდობა ვთხოვოთ უფალს. ერთმანეთს და დაღუპულთა სულებს და, როგორც იტყვიან, მოვერიოთ არა სხვას, არამედ საკუთარ თავს და ვილოცოთ ერთმანეთისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობისათვის, ჩვენი ერთიანობისათვის“. ჩვენ, „ქართულ-ოსური მისიის“ წევრებმა, საქართველოში ოსური დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ეს გავაკეთეთ და ბოლოს ქართულ-ოსური ტრადიციის შესაბამისად, ქართველებმა და ოსებმა მაგიდასთანაც ვუთხარით კაცური სიტყვა ერთმანეთს.

ჩვენ მაშინ ვთქვით და დღესაც მინდა გავიმეორო:

„ ვინც ხელს უშლის ჩვენს ერთობას, ან მომავალში გააკეთებს ამას – ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამზე და ებრძვის საკუთარ წარსულს, საკუთარ ქვეყანას, მის თვისტომს, საკუთარ ეროვნებას, მისი შვილებისა და მისი ერის მომავალს“.

ჩვენ, მართლაც, არ გვაქვს მომავალი ერთმანეთის გარეშე!

ჯერ კიდევ ომამდე, როცა ვლადიკავკაზში ვალერი გერგიევი მმასპინძლობდა, ერთმა ოსმა ჩემს სადღეგრძელოში ასეთი რამ თქვა: „ვინ გყავთ ქართველებს ოსებზე მეტი ახლობელიო“. მეც დავეთანხმე და ვუთხარი: „ვინ გყავთ ოსებს ქართველებზე ახლობელი-თქო“. ამ ნათქვამმა მაგიდასთან საოცრად გაგვაერთიანა მაშინ.

ერთი წლის წინ, როცა ქართულ-ოსურ მისიას ვლადიკავკაზში გოჩა ძასოხოვი მასპინძლობდა საზეიმო ვახშამზე ასევე მოგვმართა თამადამ. ჩვენი პასუხი იგივე იყო ეს თემა საოცრად ლამაზად განავრცო ყველასათვის საყვარელმა კაცმა, ლეგენდარულმა სპორტსმენმა, ნამდვილმა ოსმა და ნამდვილმა ქართველმა, ლერი ხაბელოვმა.

1988 წელს, როცა ცხინვალის რაიონის მთიან სოფელში ზვავი ჩამოწვა და მოსახლეობა უდიდესი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, მაშინ მე ცხინვალში გახლდით და დღეს მეამაყება, რომ პირველი ავედი გაჭირვებულთა დასახმარებლად. დღესაც თვალწინ მიდგას ერთი ოჯახი, სახლი, რომელიც ზვავში მოექცა, ოჯახის ოთხივე წევრი დაიღუპა, როგორ გამოგვყავდა დაღუპულები. მაშინ ერთი ოჯახის დაღუპვასაც კი ეროვნულ ტრაგედიად აღვიქვამდით და გლოვის დღები გამოცხადდა ქვეყნის მასშტაბით. ვიმეორებ რომ კარგად დავფიქრდეთ, ერთი ოჯახის დაღუპვაც კი 1988 წელს ეროვნულ ტრაგედიად აღვიქვით. ჩვენი საერთო სირცხვილია, რაც შემდგომ წლებში მოხდა.

1991 წლის იანვარში, როცა პოლიციის გასამხედროებული ნაწილები შეიყვანეს ცხინვალში, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ რიგებში აღმოჩნდა დიდი რაზმი ქუთაისიდან. მე, როგორც ქალაქის ხელმძღვანელი იმ დღესვე ჩავედი ცხინვალში, სადაც პრაქტიკულად საომარი მდგომარეობა იყო, ღამე ოსურ ოჯახში გავათიე. ძმურად მიმიღო ხუბაევების ოჯახმა. დილით პოლიციელებს შევხვდი, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ეს იყო უაზრო ომი, მაგრამ ვერავინ ბედავდა მშვიდობიანი ნაბიჯის გადადგმას, მე ეს გავაკეთე და პოლიციელებთან ერთად დავბრუნდი ქუთაისში. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მე დამსაჯა – თანამდებობიდან გამათავისუფლეს, მაგრამ არაერთი ქართველისა და ოსის ვაჟკაცობით მაშინ ქვეყანა გადაურჩა ფართომასშტაბიან საომარ შეტაკებებს.

ეს ორი მაგალითი მოვიყვანე იმიტომ, რომ თქვენ გააკეთოთ დასკვნა, რამდენად მქონდა მე ყველაფერი იმის თქმის უფლება, ზემოთ რომ მოგახსენეთ. შემთხვევითობა არ არსებობს. ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. ღვთის ნებით შესრულდა ის ორი რამ და სწორედ ამიტომ ვდგავარ დღეს თქვენს წინაშე ასე ამაყად.

არსებობს ორი სიმაღლე: გეოგრაფიული და ფილოსოფიური.

გეოგრაფიულიდან გადმოგდება, ან გადმოვარდნა სიკვდილის ტოლფასია…

ფილოსოფიურიდან რაც უფრო გაგდებენ, მით უფრო მაღლა მიდიხარ.

ჩვენი ურთიერთობები ფილოსოფიურ სიმაღლეზეა და რაც მეტად უნდათ გადმოგდება, მით უფრო გაძლიერდება და გაცილებით მაღალ სიმაღლეზე ავა, ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ჩვენს მეგობრობას ებრძვის.

დასასრულს კვლავ რეზო ამაშუკელს ვუბრუნდები:

„დიახ, ალანი ვარ და ის ქართველი, ვისაც ძარღვში დედუფალ ბორდუხანის სისხლი დამიდის, ვინც ამაყია დავით სოსლანით!

ჩვენ ყველანი, დიდი კაცების, სიტყვის კაცების შთამომავლები ვართ, ამიტომაც დავდოთ ალალი სიტყვა და ვუერთგულოთ ბოლომდე ჩვენსავე ნათქვამს!“

მე ერთგული ვარ ჩემი სიტყვების. ამ სიტყვების უკან ჩემი წარსული და ჩემი ოჯახი დგას. ჩემი მეუღლის ბებია, ვის ოჯახშიც ჩვენ ვცხოვრობთ ცხინვალში მუშაობდა, ჩვენი სახლი ისტორიულად ქართველებისა და ოსების დიდი შეკრებების სახლი იყო. ჩემმა სამმა შვილმა: ნესტანმა, ნინომ, გიორგიმ იციან ჩვენი მეგობრობის ფასი. მეამაყება, რომ ახალი პოლიტიკური ძალის „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები) დამფუძნებლები და წევრები სწორედ ამ განწყობით ვართ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ ერთმანეთისათვის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის, ჩვენი ერთიანობისათვის.

ერთი წლის წინ თრუსოს ხეობაში საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართველ ხალხთა ასამბლეის ინიციატივით გაკეთდა მემორიალი, რომელზეც ქართულ, ოსურ და რუსულ ენებზე ამოკვეთილია შოთა რუსთაველის სიტყვები:

’’ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“

მწამს და მჯერა, საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ახალ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ცნობილი მოღვაწის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება – სწორედ ეს პრინციპი აქვს საყრდენად. ჩვენ წინ თბილისსა და ცხინვალში დიდი ცვლილებების და ჩვენი ერთობის კარგი დღეები გველოდება.
მოკლე ხანში ვაპირებ შეხვედრას აფხაზებთან. კარგად ვიცნობ მათ ლიდერს, ბატონ ანქვაბს. გადავცემ იმ განწყობას, რომელიც აქ გულით ვიგრძენი, თვალით დავინახე. მწამს და მჯერა, ქართველები, ოსები, აფხაზები მტერსაც მოვერევით და დროსაც და ჩვენი ურთიერთობით ძლიერი იქნება კავკასია და იამაყებს ცივილიზებული სამყარო.

დასასრულს, უკეთესად ვერ ვიტყვი, ვიდრე ეს რეზო ამაშუკელმა გააკეთა:

„გილოცავთ ამ დღეებს! ცრემლი მდის და გულწრფელი ვარ მე ამ ცრემლებში! სხვა რომ არაფერი ვთქვა, ღარიბი იქნებოდა მსოფლიო კულტურა „სიმდის“ გარეშე! ამ ცეკვის პატრონი ერი დახვეწილია და კეთილშობილი!“

მე ეს დახვეწილობა და კეთილშობილობა კიდევ ერთხელ ვნახე ამ ორი დღის განმავლობაში. დიდი მადლობა ყველაფერი ამისათვის. მუხლს ვიდრეკ და ოსურად გეტყვით:

ვილოცოთ ერთმანეთისთვის!
გვფარავდეს ღმერთი!

თეიმურაზ შაშიაშვილი
ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
26 ოქტომბერი

პ.ს. წარმოდგენილ ტექსტში ერთი დღის ოთხი გამოსვლაა გაერთიანებული: გამოსვლა დასკვნით საღამოზე, კულტურის ცენტრში, ოლიმპიურ ცენტრში, ვახშამზე.

 

[wppa]cover=34[/wppa]

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *