დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთა ანალიზით, წინ და წინ მივდივართ. ხალხის განწყობით – საქმე ქვეყანაში უკან და უკან მიდის. 

 

get_imgპრემიერის გუშინდელი წლის შემაჯამებელი გამოსვლის გამო, ვრცელ მიმოხილვას არ ვაპირებ. სათაურიც საკმარისად გამოხატავს დამოკიდებულებას.

აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალობასთან ოდნავ მიახლოებული ანალიზი.

აშკარაა ისიც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება, როგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს: თვითდაჯერებულია, თვითკმაყოფილია.

მინდა ვცდებოდე, მაგრამ მაჩვენეთ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება, რომელიც  წლის შედეგებს აღმატებულ ტონში არ აფასებს.

25 წელია, ხელისუფალთა აზრით, წინ და წინ მივდივართ. 25 წელია, ვამარცხებთ კორუფციას, ვებრძვით უმუშევრობას, ვამთლიანებთ საქართველოს, ვიცავთ საარსებო მინიმუმს, ვაუმჯობესებთ განათლებას, ვაძლიერებთ მეცნიერებას, საყოველთაოს ვხდით ჯანდაცვას, არნახული წარმატებები გვაქვს კულტურაში, სპორტული შედეგები საუკეთესოა  – ამ ტერმინოლოგიით აჯამებს ყოველი ხელისუფალი წინა წელს.

ვეძებ ადამიანს, ხელისუფლების გარეთ, რომელიც თუნდაც ერთ შედეგს დაადასტურებს.

ხალხის განწყობა სრულიად საპირისპიროა, ვიდრე ხელისუფლების. ხალხი თვლის, რომ ყოველ წელს წინაზე უარესად ვცხოვრობთ, რომ სისხლი თუ არ იღვრება, ეს არ არის ქვეყნის პროგრესის მაჩვენებელი, რადგან გაცილებით მაღალი ტემპებით, ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან… სისხლი არ იღვრება დღევანდელ საქართველოში, მაგრამ გაცილებით მწვავე და მწარე პროცესია, როცა სისხლი შრება.

25 წელმა დაადასტურა, რომ ყველა ხელისუფლება წავიდა თუ გაუშვეს იგივე ბრალდებებით, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგებითა და დაპირებებით მოვიდა. საქართველოში დასრულდა ბუტაფორიულ – პროპაგანდისტული სახელმწიფოს ფორმირება, ანუ სახელმწიფოსი, რომლის ხელისუფალნი ზეკმაყოფილნი არიან თავიანთი მოღვაწეობით,   ხალხი კი გმინავს გაჭირვებისაგან.

როდემდე გაგრძელდება? მანამდე, ვიდრე ხალხი არ გააცნობიერებს, რომ ქვეყნის გადარჩენა და მისი გაძლიერება არც ბელადშია, არც მილიარდერში, არც ამერიკასა და არც რუსეთში, არც ევროპაში. რომ ქვეყნის გადარჩენა და მისი გაძლიერება ღირსების ხელისუფლებაშია ანუ, იმ ხელისუფლებაში, რომელიც გარედან არ იმართება, საკუთარ ხალხს და ქვეყანას ემსახურება და რომელიც განათლებული ადამიანებითაა წარმოდგენილი.

ჩემი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ ხალხი გაცილებით მეტს ფიქრობს პოლიტიკოსებზე, ვიდრე პოლიტიკოსები ხალხზე.

ქვეყანაში დიდი კონფლიქტია – ეს არის კონფლიქტი სახელისუფლო აზროვნებასა და ხალხის რეალურ მდგომარეობას შორის: დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთა ანალიზით, წინ და წინ მივდივართ. ხალხის განწყობით – საქმე ქვეყანაში უკან და უკან მიდის. ეს სამოქალაქო დაპირისპირების გზაა.

ტრაგიკულია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხალხი თავის ძალას და სიჯანსაღეს   ხელისუფლებას მხოლოდ მისი გახრწნილობის და სიმდაბლის კულმინაციის დროს აჩვენებს. მომავალი აქვს იმ საქართველოს, სადაც ხალხის ძალა ხელისუფლებაზე არჩევნების მეორე დღიდანვე იწყებს მოქმედებას.

დღემდე არსებული პრინციპი, ახალია და ვაცადოთ, ხელს აძლევს ყოველ პოლიტიკურ ძალაში მდაბიოთ და ებრძვის იმავე პოლიტიკური ძალის წარმატებულთ. მდაბიონი მდიდრდებიან, წარმატებულნი – მდაბიოებთან ერთად იყრებიან ხელისუფლებიდან. ამ პრინციპით, უამრავი მომავლის კაცი დაკარგა საქართველომ და უამრავი უზნეო მდიდარი შეიძინა.

ხალხის ძალაშია ქვეყნის გადარჩენა. დღეს მდგომარეობა ისეთი კი არ არის, როგორც პრემიერმა წარმოადგინა, იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე ყველაზე გაჭირვებულსაც კი რომ წარმოუდგენია.

მოქმედების დროა -უზნეო ხელისუფალთაგან ქვეყნის განთავისუფლების და ქვეყანაში ხალხის ძალის დამკვიდრებისათვის.

სწორედ, მოქმედების დროა!

 

პარტია “თეთრების” თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

27.12.2014წ

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *