საარჩევნო კოდექსი ხალხისთვის და არა პოლიტიკოსებისა და პარტიებისთვის

 საკითხები დისკუსიისათვის

 I თავშივე შეფასება და ჩვენი პოზიცია ანუ მთავარი წინადადება:

  • შეფასება: დამოუკიდებელ საქართველოში საარჩევნო სისტემით მუდმივად დამარცხებულია ხალხი და ქვეყანა, გამარჯვებულია პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა ერთი გუნდი, ძირითადში რადიკალური მიმართულების.

პოლიტიკოსებმა დაკარგეს ზომიერება და თუ იმას დავამატებთ, რომ პასუხისმგებლობა არც აქამდე გააჩნდათ და იმის ხაზგასმასაც გავაკეთებთ, რომ  ბატონმა ივანიშვილმა პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი გაამარგინალა და ამით პრაქტიკულად გააბოროტა, მეორე ნაწილი კი – გააფეტიშა. ქვეყანაში შეიქმნა მძიმე პოლიტიკური სიტუაცია: პოლიტიკოსებს არ აქვთ არც პასუხისმგებლობა და არც ზომიერების გრძნობა, ერთი ნაწილის გაბოროტებისა და მეორე ნაწილის გაფეტიშების გამო რადიკალიზმი წარმოუდგენლად გაძლიერდა და შესაბამისად გაძლიერდა ქვეყნის ნგრევის,  მოსახლეობის სოციალური გაღატაკების და შესაბამისად, ქართული ცნობიერების დაქვეითების პროცესიც.

საქართველოში ყოველგვარი წონასწორობაა დარღვეული: პოლიტიკურიც, გეოგრაფიულიც, სოციალურიც – ეს რადიკალიზმის შედეგია.

რადიკალიზმის მთავარი მკვებავი გაღატაკებული ხალხია, ანუ ოც წელზე მეტია, ქვეყანაში მუდმივად არსებობენ ქვეყნის გარედან ფინანსირებადი ძალები, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის არ აწყობთ საშუალო ფენა, მაგრამ წარმოუდგენლად ეხმარებათ ქვეყნის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ასევე წარმოუდგენლად ეხერხებათ მძიმე სოციალური ფონის შექმნა რევოლუციებისა და გადატრიალებებისათვის.

კლასიკური  მაგალითი: „მოქკავშირის“ ე.წ. „რეფორმატორული ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხალხი გამწარებულიყო და თავიანთი პოზიცია ქუჩაში გამოეხატათ. წყალს აქცევდნენ ჰესებზე და მოსახლეობას შუქს არ აძლევდნენ. შეგნებულად აფერხებდნენ პენსიების და ხელფასების ზრდასაც და გაცემასაც. ეს ყველაფერი შესასწავლია, თუ გვინდა წერტილი დაესვას რადიკალთა, ქუჩის პოლიტიკოსთა ბატონობას ქვეყანაში.

  •  წინადადება:არ შეიძლება საარჩევნო სისტემა მონოპოლიზებული ჰქონდეს პარტიებს, ხელისუფლებას… საარჩევნო სისტემაზე უნდა მუშაობდნენ ნეიტრალური ადამიანები, მაღალი პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ ხელისუფლებაში მოსვლაზე და ფიქრობენ ქვეყანაზე.

ასეთად მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერთა კრებული მიგვაჩნია.

რა განსხვავებაა მეცნიერსა და პოლიტიკოსს შორის? მეცნიერი ფიქრობს ქვეყანაზე და მის მომავალზე, პოლიტიკოსი – არჩევნებზე, ხელისუფლებაში მისვლაზე.

I I . კიდევ ერთხელ, რატომ მეცნიერებათა აკადემია:

  • ქვეყანაში სისტემური კრიზისია…
  • ქვეყანა მაღალპროფესიული პიარით რადიკალების ხელშია

დასკვნა: ქვეყნის გამოყვანა სისტემური კრიზისიდან, ქვეყნის დახსნა რადიკალებისაგან, ქვეყნის განთავისუფლება პიარის დამანგრეველი გავლენისაგან და ქვეყნის მართვაში ჰარმონიზაციის, ანუ თანამშრომლობის პრინციპების დამკვიდრება, კადრების შერჩევაში რეპუტაციის ინსტიტუტის დამკვიდრება და საერთოდ, ქვეყნის მომავლის პროგრამის შედგენა მხოლოდ მეცნიერებს და მეცნიერებაზე ორიენტირებულ ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს ხელეწიფებათ.

I I I. რაზე დაობენ დღეს პოლიტიკოსები?  მთავარი ის არის, პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემა გვექნება?

ჩვენ არ ვაფეტიშებთ არც მაჟორიტარულ სისტემას და არც პროპორციულს. ჩვენ ვითხოვთ, რომ საარჩევნო სისტემა მისი ყველა კომპონენტით, საჭიროებს მეცნიერულ ანალიზს და ამის საფუძველზე ახალი  საარჩევნო სისტემის შექმნას.

ჩვენი პოზიცია მოკლედ ასეთია: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მხოლოდ პროპორციულზე გადასვლა ნიშნავს ბელადის ინსტიტუტის გაძლიერებას, ხალხის როლის წაშლას, ავტორიტეტებისა და ძლიერი პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას ბელადის სასარგებლოდ. ამას ძირითადში  მხარს ისინი უჭერენ, რომლებსაც მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ და პროპორციული სისტემით და მონური ფსიქოლოგიით შეუძლიათ პარლამენტში შეძრომა.

ჩვენ სეპარატიზმის გაძლიერების საფრთხეს ვხედავთ რეგიონალურ პროპორციული სიებით არჩევნებში. მცდარია იმათი მსჯელობა, ვინც ამბობს, რომ მაჟორიტარული არჩევნები ერთ პარტიას ამარჯვებინებს. ნებისმიერ პარტიას დაუმსახურებლად გამარჯვებინებს მხოლოდ გაყალბებული არჩევნები. არჩევნები ყალბდება სიებით (საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა და მოსახლეობის რაოდენობა ერთმანეთის ტოლია. ეს ხომ პარადოქსია!), არჩევნებზე არ თუ ვერ მისვლით (უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, უპირველესად, არალეგალურად გასულები თანახმა არიან მათ ნაცვლად ხელისუფლების სასარგებლოდ მიეცეს ხმა, ოღონდ საქართველოში დაბრუნება არ მოთხოვონ)… არჩევნები ყალბდება იმიტომ, რომ „მოქკავშირ“ – აღორძინებამ, „ნაცმოძრაობამ“ და ეხლა უკვე „ოცნება,“ პოლიტიზება გაუკეთეს მთელს სახელისუფლო ვერტიკალს და სამუშაო ადგილები (ე.წ. აი-პი – ები) მხოლოდ ხელისუფლებაში შექმნეს.

ვიყავი გუბერნატორი, არ ვერეოდი არჩევნებში, ვცდილობდი, არ გაყალბებულიყო და შედეგიც სრულიად განსხვავებული იყო დანარჩენი საქართველოსაგან. მაშინ როცა მთელს საქართველოში მხოლოდ „მოქკავშირი“ იმარჯვებდა, იმერეთში 12 ქალაქიან და რაიონიდან მხოლოდ 2-3 ში თუ იმარჯვებდა  „მოქკავშირი“ როგორც პარტია ასევე მაჟორიტარი.

კანონი სახელმწიფო მოხელეთა შესახებ, რომელსაც შეგნებულად არ იღებენ საქართევლოში ბევრ რამეს დაარეგულირებს. უპირველესად, მინიმუმამდე დაიყვანს სახელისუფლებო ვერტიკალის პოლიტიზებას და ამ ვერტიკალის არჩევნებზე გავლენას.

  1. რადიკალიზმი – დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი მტერი (რადიკალები ხელისუფლებაში, რადიკალები ოპოზიციაში, რევოლუციები, რევოლუციების მთავარი საფუძვლები, მდგომარეობიდან გამოყვანილი ხალხი.

დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მთავარი მკვებავი ქუჩა გახდა. ქუჩა უკვე რადიკალიზმია. ქუჩით რადიკალები შედიან პარლამენტში და იღებენ ხელისუფლებას, ქუჩით მოსულს ქუჩითვე უპირისპირდებიან და ასე გრძელდება ეს საქართველოში, რისი შედეგიც არის ის, რომ ყველა პარლამენტი მის წინაზე  უარესია, ყველა ხელისუფლება ხალხს წინაზე უარეს მდგომარებაში აყენებს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 90%-ზე მეტს არც რადიკალიზმი მოსწონს და არც რადიკალები, მაგრამ ქვეყნის გარეთ საქართველოთი დაინტერესებულ ძალებს მხოლოდ რადიკალები მოსწონთ, მხოლოდ რადიკალებით ახერხებენ თავიანთი მზაკვრული პოლიტიკის განხორციელებას, სწორედ ამიტომ აფინანსებენ მხოლოდ რადიკალებს და ქართული სულის და განყობის პოლიტიკურ ძალებს გამარჯვების შანსს არ უტოვებენ.

ეს დიდი და რთული თემაა. ამ მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობილი პროგრამებით შეიძლება.

  1. V. აშკარად იკითხება, ვინ საიდან იმართება: ერთნი მარიხუანას ლეგალიზაციას უჭერენ მხარს, საუბრობენ სექსუალური უმცირებობების უფლებებზე… მეორენი რუსეთთან რკინიგზის გახსნაზე
  • რომელია აქედან ქართული? სად არის აქ საქართველო?

V I დღეს უფრო აქტუალური ხდება აკადემიკოს მიხეილ ქურდიანის ინიციატივა „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის“ შექმნის თაობაზე.

  • ვინც რკინიგზის გადაკეტვით რუსეთის განადგურებაზე გველაპარაკებოდა, შემდგომ იმით გვმოძღვრავდა, რუსეთის გარეშე მომავალი არ გვაქვსო.
  • ვინც გვიმტკიცებდა, რომ სნგ ქვეყნის გადარჩენააო, დღეს გვეუბნება, სნგ-მ დაგვაქცია და რა გვინდოდა, რომ შევდიოდითო.
  • ვინც ყველაზე დიდი რუსული საქმე გააკეთა საქართველოში და მის წინააღმდეგ, პიარის ტექნოლოგიებით რუსეთის მტრად გვევლინებოდა.
  • ვინც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ქმნიდა, დღეს ხელს აწერს მის გაუქმებას.
  • ყველაზე კლასიკური მაგალითი: წლების წინ შეიქმნა ოპოზიციური რვიანი, რასაც ხელი მოაწერეს, მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს, როცა სახელისუფლებო პარტიაში შევიდნენ.
  • დაბოლოს, საქართველო გაივსო პოლიტიკოსებით რომელთათვისაც ის ხელისუფლებაა კარგი, რომელშიც თვითონ არიან და ის ხელისუფლებაა ცუდი, რომელშიც არ არიან.

V I I  რა პოლიტიკური სცენარი იწერება თუ უკვე დაიწერა ქვეყნის გარეთ?

ხელისუფლებაც და მისი ოპოზიციაც უნდა იყოს გარედან  მართვადი, უნდა გამოირიცხოს ქართული ძალების გამარჯვება.

სწორედ ასეთია მათი განწყობა, ვისაც საქართველოში „მეგობრებს“ ვეძახით. რეალურად კი, მათზე უფრო დიდი მტერი არც ჰყავს და არც ჰყოლია ქვეყანას. სწორედ ეს არის XXI საუკუნის ფაშიზმი, როცა დემოკრატიის სახელით, ადამიანის უფლებების დაცვის სახელით, რეალურად გიპყრობენ, გართმევენ მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც.

ყოველივე ამის მისაღწევად, სცენარი მარტივია:  უნდა გაძლიერდეს რესპუბლიკური პარტისი გავლენა, ის მთავარი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს იმ ალიანსში, რომელსაც შექმნიან ჩვენი უცხოელი „მეგობრები“ „ნაციონალების“ გარკვეული ჯგუფებისაგან, რესპუბლიკელებისაგან, „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ , ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული პრეზიდენტისაგან და შეიძლება, მათ მიერ გამოწვრთნილი „ქრისტიან-დემოკრატებისაგან“ ანუ იმ ლიდერებისაგან, რომლებიც არ შეუერთდნენ გაერთიანებულ დემოკრატებს.

ყოველივე ამის ფონზე, ყოველდღიურად დაკნინდება კოალიაცია „ქართული ოცნების“ როლი. იმძლავრებს ულტიმატუმების პოლიტიკა, განსაკუთრებით იქ დარჩენილი რესპუბლიკელებისაგან. ეს ნიშნავს რომ თუ რესპუბლიკელები რჩებიან „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი იქნება ხელისუფლება, ან მიდიან იმ გაერთიანებაში მთავარ ძალად, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

როგორც ჩანს, ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია „ნაციონალური მოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლა, თუ ბერთოლეს მარილივით არა (სრული ლიკვიდაცია), მათი ლიდერების (ბოკერიას მსგავსთა) ამერიკაში წაყვანა.

არ გამოვრიცხავ, რომ რესპუბლიკური პარტიის მთავარ პოლიტიკურ ძალად გადაქცევის პროცესმა  ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა დააყენოს და იგი მომდევნო წლის გაზაფხულზე  ჩატარდეს.

ყველაფერ ამას სჭირდება მეცნიერული ანალიზი და შესაბამისი მოქმედებაც. გარეთ დაწერილი ამ მზაკვრული პროგრამის გაუბრალოება თუ იგნორირება შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს და მის მომავალს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, გადარჩენა მხოლოდ მეცნიერებათა აკადემიაში საქვეყნო პროცესების გადატანაშია.

V I I I  . დღეს რეზო ჩხეიძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეა. ვიხსენებ მის ბოლო წერილს, რომელიც ასე დაასათაურა: „ჩემი თხოვნა ერისა და ბერისადმი… იქნებ უკანასკნელიც“. რას ითხოვდა  ბატონი რეზო ჩხეიძე

  •  გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!
  • რეზო ჩხეიძე ითხოვს დავით აღმაშენებლის უნივერსალური პრინციპის: „მხარდაჭერა ძლიერს – დაცვა სუსტს“  ანუ იმ პრინციპის საქართველოში დამკვიდრებას, რომელიც XXIსაუკუნის დასაწყისში მსოფლიოს მომავლად აღიარეს პლანეტის გამოჩენილმა ადამიანებმა შვეიცარიის ქალაქ დავოსის საერთაშორისო კონგრესზე.
  • შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად და სწორედ ამ განწყობით, მომავლის საქართველოსათვის სოლიდარული პასუხისმგებლობით ჩავატაროთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესი, აღვნიშნოთ მომავალ წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავი, შევქმნათ დიდი ქართული პროგრამა „საქართველო  დაჭრილი მზეა…, მაგრამ მაინც მზე“.
  •  რეზო ჩხეიძე ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის საშუალებებს თხოვს ემსახურონ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს  და არა უცხოელ პატრონებს… უსმინონ ერის სულიერი მამის, პატრიარქის შეგონებას და თავი დაიხსნან კატეგორიული აზროვნებისა და რადიკალიზმისაგან.
  •  რეზო ჩხეიძე საქართველოს მოსახლეობისა და უპირველესად, ქართული ინტელიგენციის შეცდომად თვლიდა, რომ პარტიებს დავუთმეთ საქართველო, რაც ბოლო წლების ყველა უბედურების სათავე გახდა. მისი მოწოდებაც „დავიბრუნოთ საქართველო!“ რადიკალიზმით სავსე პოლიტიკოსებისა და პარტიებისაგან, მათი უცხოელი პატრონებისაგან  ქვეყნის დახსნას ნიშნავს.

ასე კარგად, ლაკონურად მაგრამ მასშტაბურად ჩამოაყალიბა ამ დიდმა კაცმა ყოველი  ქართველის, საქართველოს ყოველი შვილის და საქართველოს ნამდვილ მეგობართა გულისთქმა.  პრაქტიკულად, ეს არის უფროსი თაობის ანდერძი, ისეთივე მამა-შვილური,  როგორიც მათ მიიღეს წინა თაობებისაგან.

პოლიტიკური პარტიების ქმედება აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ვიდრე ის ეროვნული განწყობა რომელიც სწორედ ბატონი რეზოს წერილში და მეცნიერთა, მოღვაწეთა მიერ შექმნილ „მოქმედების მანიფესტშია“  ჩამოყალიბებული.

ვის აინტერესებს ან კონგრესი, ან რუსთაველის იუბილე, ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება, სპორტი, ხალხის უმძიმესი მდგომარეობა, პარტიების მთავარი საფიქრალი საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგებაა.

ეს უნდა დამთავრდეს და ამის გაკეთება სწორედ მეცნიერული კვლევებით, მეცნიერული პროგრამებით და მთავარი საქვეყნო პროცესის მეცნიერებათა აკადემიაში, მის ინსტიტუტებში და  სამეცნიერო აუდიტორიებში გადატანაშია.

სწორედ ამიტომ არის საჭირო ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების, პროფესიონალების  პოლიტიკოსების ერთობა და ამ განწყობით ქვეყნის გადარჩენა რადგან მხოლოდ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ერთობას მხოლოდ ნგრევა მოაქვს.

პროცესის დაწყება დღესვე შეიძლება. მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს. დავიწყოთ ჩვენი გამოსვლები მეცნიერებათა აკადემიაში, მეცნიერების წინაშე თავისუფალი დასწრებით. ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება ეს გადაიცეს პირდაპირი ეთერით, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება მოისმინოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, დაინახოს რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია როგორც შემადგენლობით, ასევე პროგრამებით. ჩვენ ამ გზას ვეძახით ჰარმონიზაციის, ანუ თანამშრომლობის გზას, მიგვაჩნია, რომ მისი გაზიარება მხოლოდ ძლიერ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ, სუსტები ისევ ქუჩაში დარჩებიან და დაპირისპირებით ივლიან.

საქართველოს მომავალი მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთანაა დაკავშირებული, რომელთა მოქმედების მთავარი პრინციპი ჰარმონიზაციაა,  რომელთაც აქვთ ქვეყნის პოტენციალის ანალიზიც, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და პროგრამა ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში ქვეყნის პოტენციალი.

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

11.06.2015წ

P.S ამ პრინციპების გათვალისწინებით შედგა თეთრების ლიდერის პრესკონფერენცია 11 ივნისს „რეპორტიორის“ პრეს-ცენტრში, რომელიც გადაიცემა მეორე არხის ეთერში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *