მლიქვნელობის აპოგეა

 

ხალხთან მლიქვნელი – ხალხს ატყუებს, ხალხის ქონებას ყიდის

gerbi1წლის დასაწყისში ერთ-ერთ სტატიაში ვწერდით 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ორ ტყუილზე და ყველაზე დიდ ორ აფიორაზე, რომელთა ავტორები მოქკავშირ-აღორძინება – ნაცმოძრაობის „ ბრწყინვალე გვამები“ გახლდნენ.

პირველი ტყუილი იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილი იყო მოქკავშირის გენერალური მდივანი. ეს იყო „მილიონი სამუშაო ადგილი“,მეორე – 2003 წელს თქვა, რაც 2004 წელს ინაუგურაციის დროს დაადასტურა: „საქართველო სიღარიბის გარეშე“. ოფიციალური სტატისტიკითაც კი ამს შემდეგ, ერთი მილიონი სამუშაო ადგილის ნაცვლად მივიღეთ ერთი მილიონი ქვეყნისგარეთ გასული და ერთი მილიონი ქვეყნის შიგნით უმუშევარი, ხოლო სიღარიბის ლიკვიდაციის ნაცვლად – მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ აქვს საარსებო საჭირო აუცილებელი მინიმუმის ნახევარიც კი. ორი ყველაზე დიდი ტყუილი და ყველაზე დიდი აფიორა, რომელიც შეეხო ყველა ოჯახს.
და, აი, გასამდა!!!

„ნაცებმა“ ქვეყანას შესთავაზეს მესამე დიდი ტყუილი და დიდი აფიორა.

უახლესი ტყუილი: ქვეყნის ბიუჯეტი ოთხ წელიწადში 40 მილიარდს მიაღწევსო – ბრძანა ახალმა პრემიერმა. საქართველოს ბიუჯეტის ეს პარამეტრი ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, ორგორც უკვე დღეს მიღწევადი ციფრი, რასაც ხელს მხოლოდ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ოჯახების ზეწოლა და ეკონომიკის მარგინალიზაცია უშლის. 40 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელიც დღესაც უნდა არსებობდეს, სრულიად მიუღწეველია დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირობებში არათუ ოთხი, 40 წლის შემდეგაც კი (იმედია, ამ უკანასკნელს, ღმერთი და ქართველი ერი არ მოასწრებთ), ვინაიდან მაღი აზროვნება, მენტალიტეტი, პოლიტიკური მრწამსი არასდროს შეიცვლება და ეს დაპირება მხოლოდ უდიდეს ტყუილად დარჩება. თუ ასე არ არის, აქამდე ხელს რა უშლიდათ?

უახლესი აფიორა: შემოდგომაზე, ანუ წინასაარჩევნოდ, ოჯახებისათვის 1000-1000 ლარის დაპირება.

ეს რომ არჩევნების შემდეგ ყოფილიყო, კიდევ ხო, მაგრამ…

დავივიწყოთ არჩევნები, დავივიწყოთ, რომ ეს არის პირდაპირი მოსყიდვა;

დავივიწყოთ, რომ ეს არის სრული კრახი ისედაც არარსებული ეკონომიკისათვის,რ ომელიც ფულის ამოდენა მასის ბაზარზე ერთბაშად გამოჩენით ინფლაციის უმართავ „გალოპში“ გადაეშვება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გაუფასურდა 40 დოლარის ეკვივალენტის ვაუჩერები 90-იან წლებში;
დავივიწყოთ, რომ ასეთი 5-6-ჯერადი მატება ბიუჯეტისა მსოფლიო ეკონომიკისათვის ჯერჯერობით უცხო მოვლენაა.
მაგრამ ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, ვსვამთ კითხვას – როგორ გახდა ულტარმემარჯვენე პარტია არჩევნების წინ ულტრა-„მემარცხენე“? თითქოს ნაციონალების ლიდერები და ექსპერტები არ იყვნენ სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს დემაგოგებს რომ უწოდებდნენ. როგორ მოხდა, რომ სოციალურ საკითებზე ალაგ-ალაგ მოსაუბრე პრეზიდენტი ჯერ თავად გახდა სოციალური დემაგოგი და მოგვიანებით მთელი პარტია აქცია კოლექტიურ დემაგოგად? რატომ დაკბნენ ასე რადიკალურად ძლიერნი ამა ქვეყნისანნი? თითქოს ტერმინებიც შეცვალეს, სიტყვა-პასუხიც, ყოველ მეორე ფრაზად „ყველა ოჯახის სიკეთე“ და „ყველა მოქალაქეზე ზრუნვა“ ამოუჩმებიათ. აქამდე სად იყვნენ? ვინ უშლიდათ ხელს ამ მართლაც კეთილშობილურ რახვებში?

რა სცოდნია არჩევნებს?!!
საინტერესოა, რატომ ფიქრობს პრეზიდენტი და მთელი მისი სახელისუფლებო ამალა, რომ მათგანვე დამშეულ და დაოსებულ მოსახლეობას მოისყიდის, თუნდაც ისეთი „საარაკო“ თანხით, როგორც 1 000 ლარია, რომლის ათასჯერადი ევრო ჩვენმა პრეზიდენტმა თბილისის წყალდიდობის მეორე დღეს მილანის „ბუტიკებში“ მიაფანტა.

როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ბიუჯეტის 20%-ის შესაბამისი „ ცოცხალი“ ფული ერთბაშად დაარიგო საკუთარი სკამის გადასარჩენად. ვისაც ეკონომიკა ესმის, ეს არის ის „ფოჩიანი კამფეტი“, რომელიც საბოლოოდ დაღუპავს ქვეყანას. ეს არის „ნაცების“ სავარძლების გადარჩენის თავგანწირული მცდელობა, რაშიც ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, კარგად ეხმარებიან უცხოელი მეგობრები. უკვედარწმუნებით შეიძლება ითქვას, პრობლემა არ არის არც სააკაშვილი, არც მხოლოდ ნაცმოძრაობა. პრობლემა არის უმძიმესი ანტიქართული განწყობილების სერიოზული ანტიქართული გუნდი.

როგორ ბედავს ხელისუფლება ასეთი შეურაცხყოფის მიყენებას
მშიერი – მაგრამ ამაყი,
დამზრალი – მაგრამ განათლებული,
უქონელი – მაგრამ კულტურული,
არაერთგხის ნაცემი – მაგრამ ღირსებაშეურყვნელი ხალხისათვის, სრულიად საქართველოს მოსახლეობისათვის.

მესამე დიდ აფიორას და დიდ ტყუილს უმაღლესმა ხელისუფალმა რიგითობაარეული სამთავრობო კარუსელიც დაუმატა, რაც საკადრო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, პირდაპირი სიგნალია რუსეთისათვის: მობრძანდით, იბატონეთო.

იმედია, „ნაციონალთა“ სკამების შენარჩუნების მცდელობებს მრავალეროვანი საქართველო თავის ღირსეულ პასუხს შემოდგომაზე გასცემს.

შემოდგომაზე უნდა იქუხოს საქართველომ!
თორემ გაიყიდა… გაიყიდა ნაწილ-ნაწილ კი არა, გაიყიდა მთლიანად. მიწის საერთაშორისო მაფია სულ ბითუმად ყიდულობს ათასი ჯურის გადამთიელთათვის ქართულ მიწებს
საგანგაშოა, ბატონებო, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტის დავალდებულება მიწის უცხოელებისადმი მიყიდვის კანონის ლიბერალიზაციის თაობაზე.

საგანგაშოა, ბატონებო, პრემიერ-მინისტრად იმ კაცის დანიშვნა, ვინც ასოცირდება არა მხოლოდ მშვიდობიანი მანიფესტაციების სისხლიან დარბევებთან და გაზით მასობრივ მოწამვლებთან, არამედ უდიდეს მიწათმფლობელ არაბულ კორპორაცია „რაკიინთან“. მართალია, ეს ცალკე თემაა და კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ დღეს უნდა ვთქვათ – ის, რის მიღწევასაც საუკუნეების მანძილზე ცეცხლითა და მახვილით ცდილობდნენ თურქნი, არაბნი და მონღოლ-ჩინელნი – დღეს კეთდება ქართული მიწის გამყიდველი ხელისუფლების თანხმობითა და სურვილით.
თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 4 ივლისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *