ერთობა მხოლოდ ასე იქნება

„თეთრების“განსაკუთრებული პოზიცია

54

„სიტყვით – ერთობა, მოქმედებით – დანაწევრება“ , – ასე შეაფასა პოლიტიკური პარტია „თეთრების“ პოლიტიკურმა საბჭომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია.

„არ ვიცი პოლიტიკოსი, რომელიც  ერთობაზე არ საუბრობდეს. რამდენიმე დღის წინ, დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა , ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა განვითრების მთავარ პირობად ერთობა დაასახელა. იგივე პოზიციას აყალიბებს ყოფილი პრემიერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის მიმართვაში საზოგადოებისადმი. კარგია  რომ ერთობის აუცილებლობას  ყველა ვაღიარებთ.  მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვაღიარებთ,  რადგან  რეალობა სხვას ამბობს: გრძლედება ქვეყნის პარტიულ სამთავროებად დაყოფა,გრძელდება მეგობრობით და პირადი ერთგულებით ხალხის შერჩევა,გრძელდება  დაპირისპირება, გრძელდება განათლებით დაწყებული და  ჯარით დამთავრებული  იმ ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რომლებზეც დგას ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო. წარმოუდგენელი ტემპებით მიმდინარეობს ინტელიგენციის გაპარტიულება, განათლების, მედიცინის, სპორტის პოლიტიზება, პოლიტიკით გამდიდრებულთა და ბიზნეს ინტერესების მქონე ფულიანთა გაპოლიტიკოსება,  ჯარის და, საერთოდ, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა ერთ პოლიტიკურ ხმად ქცევა. დამანგრეველია პოლიტიკური მანიით შეპყრობილთა სურვილი, მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართვა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც როგორც ჩანს, მეცენატობა პოლიტიკური დივიდენდებისათვის გამოიყენება. სამწუხაროდ, არ ვიცნობ პიროვნებას, რომელსაც  ეკლესია-მონასტრების შენებისა და  გაჭირვებულების დახმარების სანაცვლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა არ მოეთხოვა.

მძიმეა რასაც ვამბობ, მაგრამ ვაი  რომ ასეთია რეალობა,“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში პარტიის ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა.

ეს პოზიცია არათუ გაიზიარეს პოლიტსაბჭოს წევრებმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განათლების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები არიან, არამედ უმძიმესი კონკრეტული ფაქტები მოიყვანეს და სინანულით აღნიშნეს, რომ დასაძლევია დღევანდელობის რამდენიმე , განსაკუთრებით ოთხი უმძიმესი პრობლემა: პირველი – მმართველი პოლიტიკური ძალის  თვითკმაყოფილება ;  მეორე – ოპოზიციის უკვე გამარგინალებასთან მიახლოებული გაბოროტება.;  მესამე –  საზოგადოებაში  გამეფებული  განწყობა , თითქმის ყველა უბედურების “მერე რა”  – თი გამართლება და  მეოთხე – საზოგადოების ერთი ნაწილის  არჩევნებზე არმისვლით ტრაბახი. (დემოკრატიული სამყაროს  გამოცდილება ადასტურებს, რომ სწორედ მათ მოჰყავთ ცუდი მთავრობები, ვინს არჩევნებზე საკუთარი ხმის უფლებას არ იყენებს).

ვლაპარაკობთ ერთობაზე, მაშინ როდესაც გამოუყენებელია უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი როგორც ქვეყნის შიგნით , ასევე ქვეყნის გარეთ არსებული.

ვლაპარაკობთ ერთობაზე  და ამ დროს, პრაქტიკულად იგნორირებულია ქვეყნის გარეთ  მცხოვრებ ადამიანთა პოლიტიკური პოზიცია,. არადა ისინი ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს  შედაგენენ. არ იქნა გაზიარებული ჩვენი პოზიცია  დემოკრატიული ევროპის მსგავსად , აგვერჩია  პარლამენტში წევრები ქვეყნის  გარეთ მცხოვრებთა მიერ.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და ამ დროს, პრაქტიკულად იგნორირებულია სახელმწიფო კაცების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების მოღვაწეების პოზიცია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში… წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან არათუ შეხვედრას, არამედ მათთვის ხმის მიწვდენას.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და ხალხს ვეძებთ მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში. ვეძებთ არა ქვეყნისადმი ერთგულების, არამედ პირადი ერთგულების პრინციპით.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და პარტიები დავყავით კვალიფიციურებად და არაკვალიფიციურებად…  ხელისუფლებას ვინც აწყობს, ეხმარება ყველაფრით:  ხალხის ფულით დაწყებული, სახელისუფლებო რესურსით დამთავრებული. ვინც არ მოწონს, ებრძვიან ყველა ფორმით და  ცდილობენ მათ გამარგინალებას.

ვლაპარაკობთ ერთობაზე და  ვებრძვით პრესისა და ტელევიზიის თავისუფლებას მათი დამორჩილების მიზნით. ეროვნულ სირცხვილად ვთვლით, რომ ქვეყნის ძირითადი  ტელევიზიებისა და მასობრივი ინფორმაციის  სხვა საშუალებების უკან დგანან პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, პოლიტიკით გამდიდრებულნი. რეალობა ადასტურებს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური  გავლენისაგან თავისუფალი რეგიონული ტელევიზია, თუ  მედიასაშუალება.

ასე ერთობა ვერ იქნება.

„ჩვენ შვიდი წლის წინ შევიქმენით არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვსულიყავით, არამედ იმ მიზნით, რომ ვმდგარიყავით იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან, რომელთა მიზანი იქნებოდა ისეთი ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში, რომელიც ქვეყნის გარედან არ იქნებოდა მართული, იქნებოდა ხალხის მსახური და არა უფროსი. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობა მივიღეთ, მაგრამ ასეთი მთავრობა ვერ მოვიყვანეთ“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში პროფესორმა რობერტ ბაბლიძემ.

ერთობა არის იქ,   სადაც არის ნიჭის ძალაუფლება. სადაც პატივს მიაგებენ ძლიერს და იცავენ სუსტს. სადაც მასწავლებელი, საერთოდ ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები და მეწარმე ჰყავთ ხელისგულზე  და ფეხქვეშ ეგებიან, უვლიან და ეფერებიან ბავშვს, ახალგაზრდობას.

ერთობა არის იქ, სადაც გაცნობიერებული აქვთ  ბიბლიური სიბრძნე: მთავარშიერთობა, სადაოშითავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული.

ჩვენ შეიძლება ბევრი რამით განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან: ასაკით, მსოფლმხედველობით, მრწამსით, ეროვნული კუთვნილებით, სოციალური მდგომარეობით, პოლიტიკური პოზიციით,… მაგრამ მთავარში – სამშობლოში – გვაქვს ერთობა და ერთნი ვართ იმაში, რომ ჩვენი მოქმედების საფუძველი იქნება სიყვარული.

ჩვენ ასე ვხედავთ ქვეყნის მომავალს და ამისთვის  მთავარია არა პარტიათა საარჩევნო კოალიციები, არამედ მათი თანამშრომლობა ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის, – დაასკვნეს პოლიტსაბჭოს წევრებმა.

მათ მიაჩნიათ, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია  ქვეყნისთვის საჭირო პროფესიონალი პოლიტიკოსი, ვიდრე პარტიებში:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია  ქვეყნისთვის საჭირო პროფესიონალი პოლიტიკოსი, ვიდრე პარტიებში. გაცილებით მეტია ის პოლიტიკოსი, რომელმაც ხელისუფლებაში შეინარჩუნა წესიერება და პატიოსნება, კორუფციის ეპოქაშიც კი გაუძლო ყოველგვარ ცდუნებას და, რაც მთავარია, ოპოზიციაში ყოფნის დროს, არ გაბოროტდა…”  

პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა გაკეთდეს მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი. ასეთი თანამშრომლობის თაობაზე.

„ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს წინადადებას დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოყვება. მაგრამ მთვარია საზოგადოებამ იცოდეს ჩვენი პოზიცია და ჩვენ კი დარწმუნებულად ვმოქმედებდეთ, რომ პარლამენტში ჩვენი შესვლა კი არაა მთავარი, არამედ მოქმედება იმისათვის, რომ პარლამენტში იყვნენ არა მოლაპარაკენი, არამედ კანონშემოქმედნი, არა ურაპატრიოტები  ან გლობალისტები, არამედ ქართული ცნობიერების პლანეტარულად მოაზროვნე ადამიანები. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი და მით უფრო შესაძლებელი, რაც მეტი მხარდაჭერა  ექნება საზოგადოებისაგან  „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“  შექმნის იდეას., – აღნიშნეს პოლიტსაბჭოს წევრებმა.

სრულად „თეთრების“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით  გაცხადდება 1 ივნისს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *