კამერული ტრილოგია

(ანუ სამი ამბავი კამერიდან სახელად „ნაციონალების საქართველო“)

საქართველოს ხელისუფლებისაგან ძალადობას პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მეწარმეებზე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებზე „ნაციონალების“ მოსვლის დღიდან ხედავს ქართველი ხალხი. არაფერს ვამბობთ მათგან ძალადობაზე საკანონმდებლო გარემოსა და ადამიანთა აზროვნებაზე, რომელსაც უცხოური დაფინანსების და უცხოელი სპეციალისტების მხარადაჭერით წარმატებით ახორციელებდნენ ჯერ კიდევ მოქკავშირის მმართველობის პერიოდში.

„ნაციონალების“ ხელისუფლების თავხედობას საზღვარი აღარ აქვს. მათ კარგა ხანია გადააბიჯეს მიჯნას, რომელიც თავის დროზე თანამემამულეთა მიმართ თავად ბენიტო მუსოლინის, ადოლფ ჰიტლერს და ფრანცისკო ფრანკოს არ უკადრებიათ ერთად აღებულთ. სხვაგვარად მოაზროვნეთ რომ ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და რეზინის თუ საბრძოლო ტყვიებით არაერთხელ გაუსწორდნენ, ახლა სრულიად ქართველებზე მიიტანეს იერიში, მიუხედავად აღმსარებლობისა, მსოფლმხედველობისა, ასაკისა.

ამჟამად ერთბაშად სამი დიდი ძალადობა მოახვიეს თავს ქართველებს: აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებული პერიპეტიები; სამი ისტორიული უმაღლესი სასწავლებლის შუა სასწავლო წელში რეფორმირება-გაერთიანება; ახალგაზრდა თაობის მოკვეთა ეროვნული ფესვებიდან და წინა თაობათა მორალური ღირებულებებიდან.

თითოეული ეს პრობლემა სერიოზულ განხილვას და არანაკლებ სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს, რათა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ამ ბოროტ განზრახულობათა რეალიზება.

აზიზიეს სახელობისა…

batumiმეექვსე საუკუნის პეტრას ციხის უკრაინული კომპანიისათვის ერთ ლარად 49 წლით გადაცემისა და ფერიას მთაზე მშენებარე საყდრის ნგრევის შემდეგ თითქოს არ უნდა გაგვკვირვებოდა ხელისუფლებისაგან ქართული ისტორიისადმი აგდებული
დამოკიდებულება. მაგრამ ის, რაც ხდება ოსმალეთის სულთანის სახელის საქართველოს ტერიტორიაზე განდიდებისა და უკვდავყოფის მიზნით, ყოველ ქართველში სამართლიან პროტესტს იწვევს. ხელისუფლებამ გვაუწყა, რომ 1868 წელს სახელდახელოდ აგებული ორსართულიანი ხის შენობის ადგილზე უნდა აშენდეს კომპლექსი, რომელსაც თავისი სიდიდით , მგონი ანალოგი არ აქვს თავად მუსულმანურ სამყაროშიც კი. ასეთი მასშტაბების კომპლექსი და ისიც ვისი სახელობისა – სულთან აბდულ აზიზიესი, რომელმაც გააგრძელა ძმის, სულთან აბდულ მეჯიდის 1853 – 1856 წლების ომის დაპყრობითი პოლიტიკა და ომის პერიოდში სამხედრო საქმის ხელმძღვანელად ყოფნისას და 1856 წლის პარიზის ზავის შემდგომაც კი ამოჟლიტა ასობით ოჯახი აჭარის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1861 წელს ტახტზე ასვლის შემდგომ, ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ოსმალეთის იმპერიის პოზიციები საქართველოში. არსებობს არაერთი უტყუარი დოკუმენტი 1856 -1877 წლებში ქართველთა მასიური ჟლეტვისა – ეს მცირე ისტორიული ექსკურსი.

ახლა იმ ტყუილების შესახებ, რასაც ამ საკითხზე ხელისუფლება კადრულობს:

პირველი – ითქვა, რომ შეთანხმება მოხდა კულტურის მინისტრების დონეზე და ეს ითქვა იმისათვის, რომ აქციას მისცემოდა კულტურული და არა პოლიტიკური ელფერი, რაც თავისთავად მტკნარი სიცრუე გახლავთ. აზიზიეს მეჩეთის თემაზე საუბარი იყო არა მინისტრებს შორის, არამედ სააკაშვილისა და ერდოღანის შეხვედრაზე, და ის სუფთა წყლის პოლიტიკური პრობლემაა, რაშიც ჩვენ ქვემოთ დავრწმუნდებით;

მეორე – კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მეჩეთის აგების ნაცვლად ქართული ძეგლების რესტავრაციის საკითხი შეთანხმებულია საპატრიარქოსთან, რასაც საპატრიარქო კატეგორიულად უარყოფს;

მესამე – ირღვევა კონკორდატის მოთხოვნა, რომლის ძალითაც ყველა ქართული ქრისტიანული საკულტო შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მიუხედავად განთავსებისა – არის ქართული ეკლესია. ამდენად, თურქეთის ტერიტორიაზე განთავსებული ქართული ეკლესიების თაობაზე საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონდა.

მეოთხე – ქართულ ძეგლთა რესტავრაციისათვის არავითარი საპასუხო ნაბიჯის გადადგმა ქართულ მხარეს არ სჭირდება, ვინაიდან საერთაშორისო შეთანხმებებისა და იუნესკოს დებულებით პასუხისმგებლობა ძეგლთა შენახვისათვის ეკისრება თურქეთის მხარეს. ასე, რომ თურქეთის მოთხოვნა ახალციხეში მეჩეთის მოვლისა და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე უფრო საქართველოს პრეზიდენტის უგუნურ შეთავაზებას ჰგავს, ვიდრე თურქთა საპასუხო წინადადებას;

მეხუთე – სომხეთმა და საბერძნეთმა ყოველგვარი სამაგიეროს გარეშე მფლობელობაში, ხაზს ვუსვამ – მფლობელობაში დაიბრუნეს თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საკულტო შენობა, ქართველებმა – არც ერთი;

მეექვსე – მე-19 საუკუნეში აგებული აზიზიეს მეჩეთი განკუთვნილი არ იყო ქართველი მუსლიმებისათვის, ის გახლდათ დამპყრობელი ოსმანთა იმპერიის ჯარისკაცების სამლოცველო, რომლის გვერდით გახლდათ მათივე საცხოვრებელი ყაზარმები.

რაც შეეხება მაჰმადიანური რწმენისადმი სრულიად ქართველთა, უპირველესად აჭარის მკვიდრთა დამოკიდებულებას, მეტყველებს რამდენიმე ციფრი. მაშ ასე, საქართველოში დღეს ფუნქციონირებს:

240 ჯამე და მეჩეთი;

8 მედრესე 3 000-მდე მოსწავლით;

197 მუსულმანური საკულტო და საგანმანათლებლო დაწესებულება.

პარალელისათვის – თურქეთში არ არის არც ერთი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი.

ასეთი დიდი სახელმწიფოც კი იცავს საკუთარ ინტერესებს, როცა პატარა საქართველოდან შესულ შრომით მიგრანტებს სამთვიანი ვიზა დაუწესა. მართალია, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაგვამშვიდა“, თურქეთმა შეარბილა ეს გადაწყვეტილება იმათ მიმართ, ვინც ოჯახებში მუშაობსო. იმას კი არ დაუკვირდა, რომ საუბარია არა მაღალკვალიფიციურ შრომაზე, არამედ შინამოსამსახურეობაზე, პატივისა და ღირსების დამცირებაზე, საქართველოს მოქალაქეთა დაუცველობაზე.

ეს უზარმაზარი ქვეყანა იცავს საკუთარ ინტერესებს, ისტორიას, ენას, როცა ქვეყანაში კრძალავს უცხოენოვან სკოლებს და უცხო ენები შეისწავლება მხოლოდ როგორც დისციპლინა. თურქეთი თავის რელიგიას იმდენად იცავს, რომ ანაფორით სიარულს მხოლოდ სტამბულში რეზიდენციის მქონე მსოფლიო პატრიარქი თუ ბედავს. სამწუხაროდ, აქ ადგილი ჰქონდა ადამიანთა მკვლელობას მხოლოდ ანაფორის ტარების გამო.

თურქეთის მიმართ დიდი მეგობრობისა და პატივისცემის მიუხედავად, თავის მხრივ უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები იცავენ თავს უკონტროლო მიგრაციისაგან. ისინი აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მოქალაქეთა წინააღმდეგნი კი არ არიან, უბრალოდ, იცავენ საკუთარ ენას, კულტურას, ისტორიას.

რაც შეეხება ქართული კულტურისა და ტრადიციებისადმი საქართველოს ხელისუფლების პატივისცემას:

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის ნახევარს უწოდა ბაქოს სახელი;

ბათუმში, ერთ – ერთ მოედანს უწოდა დამპყრობელი სულთანის – აზიზიეს სახელი;

ბათუმში, ტბას უწოდა ერდოღანის სახელი.

რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მომავალი ხელისუფლების აღნიშნული პრობლემისადმი დამოკიდებულებას: ბატონი მურმან დუმბაძე, სამშობლოსათვის გულანთებული კაცი, რომლის წევრობა დიდი პატივი იქნებოდა ნებისმიერი პარტიისათვის, რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გაპროტესტების გამო. რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილის აზრით აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ გამოსვლით ხელ-ფეხი გაეხსნება სააკაშვილს, რომელიც თურმე ამით ამერიკას დაუმტკიცებს, რომ მხოლოდ ის არის პროდასავლური ფიგურა და გაინაღდებს მათ მხარდაჭერას, ანუ ხელისუფლებაში დარჩენას (?!) რაღაც ამის მსგავსი კობა დავითაშვილმაც ბრძანა. აქ ერთი ნაბიჯიღაა თურქეთის პროტექტორატის ქვეშ შესვლამდე! თურქეთის დღევანდელი მთავრობა ხომ 2002 წლიდან, ანუ ერდოღანის მოსვლის დღიდან, ოფიციალურად თავის კურსს უწოდებს „ ნეოოსმანიზმს“.

ბატონებო!

სასაფლაოზე რაიმე დანიშნულების შენობის, თუნდაც საკულტო დაწესებულების აგება გახლავთ გარდაცვლილთა შეურაცხყოფა, რაც:

სამართლებრივად – სისხლის სამართლის დანაშაულია;

მორალურად – მკრეხელობაა;

თეოლოგიურად – ღვთის გმობაა.

თუმც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქებმა ბოლო დღეებში აღნიშნული ადგილის მომიჯნავე ტერიტორიები მოინახულეს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სად აშენდება დამპყრობელის სახელობის მეჩეთი თუ მუზეუმი. რა მნიშვნელობა აქვს, რომ შეიძლება მუზეუმი აშენდეს. დავუშვათ, მუზეუმის ფუნქცია დაეკისროს ახლადაგებულ შენობას. და რა გამოიფინება – საქართველოს დაპყრობისა და ქართველთა გაჟლეტის ამსახველი ექსპონატები?!

პანოსმალური იდეებისადმი ჩვენი პრეზიდენტის დეკლარირებული ერთგულება, თურქეთის ძმობის თაობაზე დედამისის მონათხრობის არაერთგზის ხსენება, როგორც ისტორიულ სამართლანობასთან შეუსაბამო, ანგრევს ჭეშმარიტ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და კეთილმოსურნე განწყობას ქართველი ერისა თურქეთის ღირსეული ხელმძღვანელის, ბატონ ერდოღანის და მისი დიდი ისტორიის მქონე ხალხის მიმართ. თურქი მეწარმეებისათვის განუსაზღვრელი უფლებების მიცემა და ზოგი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენის მიერ ქართველთა მონური შრომის გამოყენებაზე ხელისუფლებისაგან თვალის დახუჭვა და წახალისებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს დიდი თურქი ხალხის მიმართ ქართველი ხალხის ჯერ კიდევ კეთილ განწყობას.

მორიგე სამიზნე – სამი აკვანი

ენა არ გვიბრუნდება კონსერვატორიას, თეატრალურს და სამხატვროს უბრალოდ ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, ან რაიმე ოფიციალური სახელი ვუწოდოთ. ისინი ხომ ჩვენს სულში გაღივებული ეროვნულობის მარცვლებია, ისინი ხომ ჩვენს გულში ჩაკირული მშობლიური ხელოვნების სიყვარულია, ისინი ხომ ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის ჭეშმარიტი აკვანებია.

ჩვენ გვესმის, რომ შენობების გაყიდვის უკან პრაგმატული ინტერესებიც დგას. ისიც დავუშვათ, რომ ეს პრაგმატული ინტერესები სახელმწიფო აზროვნებით არის ნაკარნახევი და საერთო ეროვნულ მოთხოვნებს შეესაბამება. მაგრამ, ყველაფერი ხომ არ უნდა გაიყიდოს?!

ხსენებულ სამ შენობაში მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანთა აურა დღესაც უნათებს გზას ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა გააგრძელონ იმ ჭეშმარიტ ტიტანთა ტრადიციები, რომელთა ბეჭებს ეყრდნობოდა ქართული შემოქმედებითი სამყაროს ცის კაბადონი. ხელისუფლებისაგან განზრახული სასწავლებლების სტატუსის შეცვლა, დამდაბლება, შეურაცხყოფა სხვა არაფერია, თუ არა მომავალი თაობების აღზრდა არა უმაღლესი დონის, არამედ სამოხელეო საქმის, ანუ საშუალო – სპეციალური დონის ხელოსნებად. განსაკუთრებულად ნიჭიერი, ამასთან, აუცილებლად მატერიალურად შეძლებული ოჯახების შვილების უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობით. შედეგად – ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილი სახვითი, სამუსიკო, თეატრალური და კინოს ხელოვნების სპეციალისტთა ახალი თაობის, ანუ მენტალობაშეცვლილი არაქართული ცნობიერების შემოქმედებითი ინტელიგენციის მთელი თაობების აღზრდა.

ეს მაშინ, როდესაც ამ სამი სასწავლებლის კედლებში მოღავწე და აღზრდილი უპირველესი სიკაშკაშის ვარსკვლავთა მხოლოდ ჩამოთვლა ( რისი გაკეთებაც პრაქტიკულად შეუძლებელია) წაიღებდა არაერთ გვერდს. აღარაფერს ვამბობთ მათ მიერ შექმნილი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შემოქმედებით მემკვიდრეობაზე, ერისკაცობაზე, პიროვნულ თვისებებზე და დამსახურებაზე ქართული სახელმწიფოს წინაშე. ქართველი ერი მათ დღესაც მხოლოდ სახელით ახსენებს და არავინ სვამს კითხვას, თუ ვისზეა საუბარი.

კონსერვატორია ჯერ კიდევ 1917 წელს დაარსდა და იგი პირველი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. შენობას საფუძველი ჩაეყარა ქართველების დიდი მეგობრის, ანტონ რუბენშტეინის საქველმოქმედო კონცერტით დაწყებული დიდი ქველმოქმედების შედეგად აკრეფილი საერთო-სახალხო ფულით, რომელშიც მნიშვნელოვანია ძმები ზუბალაშვილების წვლილი. შენობა, რომელშიც მოღვაწეობდნენ ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, ოთარ თაქთაქიშვილი, სულხან ცინცაძე და მეოცე საუკუნის უკლებლივ ყველა დიდი ქართველი მუსიკოსი, გახლავთ სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით აშენებული არქიტექტურული ძეგლი და ოფიციალურად შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. სამარცხვინოა, რომ ასეთ შენობაში განზრახულია ჩვეულებრივი საბანკო ოფისის განთავსება, რომელიც შეიძლება წარმატებით ფუნქციონირებდეს ნაციონალთა გემოვნებით აშენებულ ნებისმიერ მინა-ბეტონის ნაგებობაში.

თეატრალური ინსტიტუტი, რომელიც სულმნათი შოთას სახელს ატარებს, შეიქმნა საქართველოსათვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად უმძიმეს პერიოდში – 1923 წელს. მისი კედლები დღესაც ატარებს კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახემტელის, დიმიტრი უზნაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის სითბოს. ამ კედლებში ისმოდა აკაკი ვასაძის განუმეორებელი ხმა და აკაკი ხორავას ლომისებრ ბუბუნი. აქ გაიარა სასცენო ნათლობა ჩვენი საამაყო კინოსა და თეატრის უკლებლივ ყველა მოღვაწემ.

სამხატვრო აკადემია 1922 წლიდან, ანუ დაარსების დღიდან თავისი მნიშვნელობით შედიოდა ანალოგიურ სასწავლებელთა პირველ სამეულში: რიგა – თბილისი – ლენინგრადი. მასში მოღვაწეობდნენ გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, შალვა ნუცუბიძე, აგრეთვე სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა ქართველი მოღვაწე.

შემოქმედებითი ახალგაზრდობა, მათი აღმზრდელი სამი უმაღლესი სასწავლებელი, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფალი აზროვნებით, თავისუფალი ცხოვრებისაკენ ლტოლვით, შემოქმედების თავისუფლების დაცვისათვის ბრძოლის უნარით.

ხელისუფლებას სურს ჩაკლას თავისუფლება და სილაღე ახალგაზრდობაში.

ხელისუფლებას სურს ჩაკლას თავისუფლება და სილაღე შემოქმედებაში.

ხელისუფლებას სურს მიიღოს „ნაციონალური“ შანთით დადამღული :

მორჩილი ახალგაზრდობა;

ეროვნული სულგამოცლილი ხელოვნება;

ქვეყნის ბედისადმი ნიჰილისტურად განწყობილი საშუალო კვალიფიკაციის შემოქმედები; სხვათა ქვეყნების ინტერესების ერთგული ყურმოჭრილ ყმათა ახალი თაობა.

პრეზიდენტი და ახალგაზრდობა

გავა წლები, საუკუნეები, და 20-ე საუკუნე ჩაითვლება ქართული კინოს, თეატრის, სახვითი ხელოვნების, სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების რენესანსის ეპოქად, 21-ე საუკუნის დასაწყისი კი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ზეობის პერიოდად, რომელთა ძალისხმევით განადგურდა ყოველივე, რაც დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან, სულიერებასთან, აზროვნებასთან. ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს და კრიტიკოსებს არ გაუჭირდებათ ძებნა ისტორიული წყაროებისა, სადაც სააკაშვილი დღეს მოუწოდებს ახალგაზრდებს თავიანთ თავში აღზარდონ ახალი მენტალიტეტი , რომელსაც მშობლიურ ნიადაგში გადგმული ფესვები უმოწყალოდ ექნება ჩაჩეხილი, შეტრუსული, მოწამლული.

სტუდენტ-ახალგაზრდობასთან გახშირებულ შეხვედრებზე პრეზიდენტი დაბეჯითებით იმეორებს, რომ მისგან დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა საქართველოში; რომ მანამდე გამეფებული იყო მექრთამეობა, უვიცობა და სიბნელე; რომ მის მოვლინებამდე ქართული მენტალიტეტის შემადგენელი იყო ყველა ის უბედურება, რომელიც თავად მასვე ახასიათებს და მისმა ჯგუფმა თავს მოახვია ქართველ ერს

ამას საუბრობს სუბიექტი, რომლის პათოლოგიურ მუცელღორობაზე, შიზოფრენულ გადახრებზე და არაკაცულ ავხორცობაზე მართლაც სამარცხვინო ლეგენდები დადის.

ერის დიდი უბედურებაა, რომ გამუდმებული იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად მან შეძლო ახალგაზრდობის ერთი ნაწილის ტვინების გამორეცხვა, თაობებს შორის ხიდების დაწვა, მემკიდრეობითობის პრინციპის სრული იგნორირება. უნდა ითქვას, რომ ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ სრულიად საქართველოზე მაუწყებელი საზოგადოებრივი და კერძო ტელეკომპანიები, რეგიონალური ტელევიზიების მეტი ნაწილი, ძალოვანი სტრუქტურების კუთვნილი ტელევიზიები. სხვათაშორის, ჩვენ არ ვიცით ამ უკანასკნელი ფენომენის ანალოგი მსოფლიო პარქტიკაში. ვფიქრობთ, ამაში საქართველო არა უბრალოდ პირველი, არამედ ერთადერთია.

პროდასავლურობის დროშის საფარქვეშ კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებით საქართველოს პრეზიდენტი ძირს უთხრის ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებს. მან პრაქტიკულად გაანადგურა ამერიკული დემოკრატიის ავტორიტეტი, დაფუძნებული გერმანელ, ინგლისელ და ფრანგ მოაზროვნეთა იდეებზე და ამერიკის ერის მამათა მიერ შექმნილ დემოკრატიულ მემკვიდრეობაზე.

სააკაშვილის და მისი გუნდის ფსევდო-მედასავლეთობა შეიცავს ორ ძალიან საშიშ ნიშანს:

პირველი – საქართველოს მოსახლეობის საშუალო და უფროსი თაობის ინდიფერენტიზმი და იმედგაცრუება დასავლური იდეალებისადმი, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელევიზიების აქტიური დახმარებით სწორედ „ნაციონალების“ მოღვაწეობაში ხედავს დასავლეთის იდეების პრაქტიკულ ხორცხშესხმას;

მეორე – ახალგაზრდა თაობისათვის ყალბი დასავლური იდეების ჩანერგვა, იმ იდეებისა, რომლებიც შეესაბამება „ნაციონალების“ მიმდინარე ინტერესებს და საერთო არაფერი აქვს დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო სტანდარტებთან.

სააკაშვილს და მის გუნდს სურს მიიღოს ახალგაზრდობა. რომელიც ოჯახის შექმნის დღეს ყვავილებს მიართმევს არა დიდი დავითის სახებას, ადრე აღმართულს თბილისისა და ქუთაისის ცენტრში, არამედ მათ ადგილზე დადგმულ ჟანგიან ველოსიპედს და ოქროსფერ თხებს.

სააკაშვილს და მის გუნდს სურს მიიღოს ახალგაზრდობა, რომელიც დაპირისპირებულია მამებისა და ბაბუების თაობასთან. ბატონ სააკაშვილს ახალგაზრდა თაობის მამებისა და ბაბუების მხოლოდ აშენებული და შექმნილი სურს, ისიც გასაყიდად და მიღებული ფულით საკუთარი ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად.

სააკაშვილის და მისი გუნდის მენტალიტეტი თავისუფლების ინსტიტუტის და სოროსელთა მენტალიტეტია.

სააკაშვილის და მისი გუნდის მენტალიტეტი – ჩაშვების მენტალიტეტია. ჩვენს პერიოდში, რომელსაც სააკაშვილი აგრერიგად აძაგებს, მთელს სკოლაში ნამდვილად ძნელად იპოვიდი ჩამშვებს, ამგვარი დღეს ყოველ კლასში 5-10 მაინც მოიძებნება. სწორედ ჩამშვებთა ინსტიტუტის დამკვიდრებისათვის მოიგონეს მანდატურთა სამსახურები. საბედნიეროდ, მათ შორისაც არიან ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომელთაც უკვირთ და ძალიან მწარედ განიცდიან ბავშვებს შორის დამბეზღებელთა მომრავლებას.

სააკაშვილი და მისი გუნდი ვერ მოესწრება ახალი ქართული თაობის ისეთ გარყვნას, როგორც თავისუფლების ინსტიტუტმა, სოროსის იმპერიის სხვა დანაყოფებმა მოახერხეს მათთან მიმართებაში.

* * *

მომავალ საქართველოს სჭირდება – მეგობრობა თურქ ხალხთან, ისე, როგორც ყველა სხვა მეზობელთან;

მომავალ საქართველოს სჭირდება – ქართული ხელოვნების სამი აკვანი;

მომავალ საქართველოს სჭირდება თავისუფალი, ლაღი, მოაზროვნე ახალგაზრდობა.

 

„თეთრები“

თეიმურაზ შაშიაშვილი

2012 წლის 15 მარტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *