ველურობა და ვერაგობა სამშობლოს წინააღმდეგ

gerbi1დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, არანაკლებ კრიზისულმა მოვლენებმა ეკონომიკაში ამასთან, მხოლოდ საქართველოსათვის დამახასიათებელმა სოციალურმა დემაგოგიამ, ქვეყნის ტყუილებით მართვამ და საინფორმაციო სივრცის დაბნელებამ. ქვეყანაში რადიკალურად შეცვალა პოლიტიკოსთა პოლიტიკური კულტურა, ქცევის ნორმები, ურთიერთობის ეტიკეტისადმი დამოკიდებულება.

პოლიტიკური კულტურა საქართველოში ნულოვან ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა როგორც ვექტორულ, ისე ტემპერატურულ განზომილებაში და პოლიტიკის კარგი მარკშრეიდერი და თერმოდინამიკის სპეციალისტებია საჭირო, ამ რთულ და საშიშ, ქვეყნისათვის საშიშ(!), პროცესში დროულად გასარკვევად, ნულოვანი მაჩვენებლის დასაძლევად.

როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მთავარი, და სამწუხაროდ, გამართლებული იარაღი დღეს გახდა დაუნდობლობა… პოლიტიკოსი,. რაც მეტად დაუნდობელი ხარ, მით მეტად ანგრევ ქვეყანას, მაგრამ სანაცვლოდ, მეტ ხანს რჩება ხელისუფლებაში.

პოლიტიკური კულტურა და დაუნდობლობა ურთიერთშეუთავსებელია დემოკრატიულ ქვეყნებში. მაგრამ მხოლოდ დემოკრატიულში, ჩვენში კი ეს ტანდემი ასე კარგად თანაცხოვრობს. და ეს კანონზომიერი მოვლენაა, კანონზომიერებაა სააკაშვილის სახელმწიფოში, სადაც ჰამურაბის კანონების ყველაზე ბნელი სენტენციები ბატონობს. მაგრამ, ალბათ ვცდები, მგონი ჰამურაბის კანონებზე გაცილებით დაბლა დგას 21-ე საუკუნის ჰალსტუხიანი დიქტატორის ქცევა, რომელსაც ერთი შეფასება შეიძლება მიეცეს მხოლოდ – პოლიტიკური ველურობა.

ამას წინათ ნაცისტების ქცევას შევადარე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკური საქმიანობა, და ფეისბუკზე ჩემთვის მეტად პატივცემულმა ადამიანმა, ბატონმა ასლან ფაღავამ შემახსენა: „ ცდებით, ბატონო თემურ, გერმანელი ფაშისტები საკუთარ ხალხზე ზრუნავდნენო; გერმანელმა ფაშისტებმა არნახულად ააყვავეს ქვეყნის ეკონომიკაო; გერმანელი ფაშისტები არჩევნებს არ აყალბებდნენო; გერმანულ სასამართლოში რაიხსტაგის დაწვის ბრალდებით წარდგენილი გიორგი დიმიტროვი გაამართლესო“

ბატონებო, ფაშისტებმა სახელმწიფოს მთავარი შენობის დაწვისათვის წარდგენილი კომუნისტი გაამართლეს. ჩვენში კი გამამართლებელი განაჩენი საერთო საქმეების მხოლოდ მეასედზეა გამოტანილი. ვიმეორებ, მხოლოდ მეასედზე. ეს უპრეცედენტოა, მართლა პირველ ადგილზე ვართ ამ მაჩვენებლით. და ეს არა ოპოზიციონერების, არამედ ბრიტანელი დამკვირვებლის, ნეილ მაკფარლეინის გამოკვლევაა, თორემ ჩვენ ან ამ მასალებს ვინ გვიჩვენებდა.

სადამდე დავეშვით… ფაშისტურ გერმანიაზე დაბლა, ბევრად დაბლა!

ველურობა, დანერგილი ვარდ-ეკლოვანი რევოლუციის შემდეგ, ღრღნის საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა ყველა სფეროს. იგი არა მხოლოდ ხელისუფლებაშია, რაც სულაც არ არის გასაკვირი, თავად ეპოქა სუნთქავს ველურობით.

ვიცი, ამ სიტყვებისათვის წამოვა ნიაღვარი ლანძღვა-გინებისა. მაგრამ მანამდე ყველას ვთხოვ არა პატრიოტის მხურვალე გულით, არამედ სახელმწიფოებრივი აზროვნების ცივი გონებით უცქიროთ ტელევიზიას, შეხედოთ ფეისბუკს, ყური მიუგდოთ უბრალო საუბრებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, მაღაზიებში… აი, სად არის ნიაღვარი ურთიერთუპატივცემულობისა, სიძულვილისა, ზიზღისა.

უხამსობა, უხეშობა, ძალადობა, ველურობა – აი, ნიშანი ყოველდღიურობისა, რომელსაც ბეჯითად ნერგავს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის უმძიმესი სიმართლე, რომლის უთქმელობა დაღუპავს უკვე დაღუპული ქართული სახელმწიფოს ჯერ კიდევ ამაყად მსუნთქავ ხალხს.

ჩვენ ერთხელ ვთქვით:

ბევრი, ვინც ბატონ ივანიშვილთან მივიდა – გაყოყოჩდა;

ბევრი, ვინც ბატონი ივანიშვილისგან უარყოფილ იქნა – გაბოროტდა.

ორთავ – გაყოყოჩებაც და გაბოროტებაც – მხოლოდ ველურობაა. მათ ორთავ ომი გამოუცხადეს მესამე ძალას პრინციპით: ჩვენთან არ ხართ? – ჩვენი მტერი ხართ.

გაყოყოჩებულთ ელანდებათ, რომ ქვეყნის პოლიტიკური სივრცის მესამე ნაწილის ორგანიზება – მათი შანტაჟია.

გაბოროტებულებს ესიზმრებათ, რომ შანტაჟირებით პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ. პოლიტიკური ძალა, რომელიც შანტაჟისათვის იქმნება, უკვე ძალადობაა. ძალადობაა, დაარქვა ძალადობა, დამოუკიდებელი აზროვნების იმ ადამიანთა ორგანიზების პროცესს, რომლებიც სულაც არ არიან არც გაყოყოჩებული და არც გაბოროტებული.

გაყოყოჩებულ და გაბოროტებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ქმედებას, აღარაფერს ვამბობთ სახელისუფლო პოლიტიკოსებზე, რომელნიც ბუნებით სიძულვილის საწყისნი არიან, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ:

ვერაგობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

და კიდევ ერთი, ვერაგ პოლიტიკოსს ყოველთვის გაზვიადებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და ეს ქვეყანაც აღმოჩნდა ამბიციური და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა ხელში, რომელთაც ვერაგობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს.

ახალო პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 4 თებერვალი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *