თემურ შაშიაშვილი: ბიძინა ივანიშვილს მტერი არ ჰყავს. იგი თვითონ ებრძვის საკუთარ თავს

  • პროგრესია ქვეყანაში გაჩერებული. ფულის დარიგების პოლიტიკამ ქვეყანა დააქცია. ქვეყანას სჭირდება ნიჭის რეალიზაციის პოლიტიკა ნიჭიერებით სავსე ქვეყანაში.

 გამოსვლა ეროვნული თანხმობის პარლამენტის ფორმირებისთვის საინიციატივო ჯგუფის შეკრებაზე

1108

მოხსენების შემდგომვე  გამიჩნდა სურვილი  სიტყვა მეთქვა. მინდოდა,  ჩემთვის  ძალიან  მნიშვნელოვანი   რამდენიმე  ადამიანისთვის  მომესმინა.  თითქმის ყველას მოვუსმინე, გარდა ცნობილი ხელოვანისა და მოღვაწის,  დავით გიორგობიანის   და  პროფესორი კობა კობალაძისა.  ალბათ,  ამის საშუალება  დღეს    ან სხვა დროს მომეცემა

რატომ ავიღე პროფესორ ლაშა შამათავას  შემდგომ  სიტყვა?  მე მქონდა  საშუალება  მომესმინა  ამ გუნდის ლექციები… სამომავლოდ  ვხედავ უაღრესად მნიშვნელოვან პოტენციალს.    სასურველი იქნებოდა,  ხელისუფლებას   ამ მეცნიერთათვის  მეტი  ყურადღება დაეთმო. ეს ჩემი პირადი პოზიციაა.  ვნახოთ  როგორ გამართლდება,  თუმცა  ამ გუნდის წარმატებაში ეჭვი არ მეპარება.

უნდა ვთქვა, რომ  მოხსენება,  რომელიც საინიციატივო ჯგუფის სახელით ირაკლი მაჭავარიანმა წარმოადგინა,,   აკადემიურადაა ჩამოყალიბებული .  მიხარია, რომ ის არავის  წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის მოხსენება არა დაპირისპირების,  ვინმეს წინააღმდეგ მიმართული,  არამედ ურთიერთობათა ჰარმონიზაციის, როგორც ჩვენ  ბატონმა  რეზო ჩხეიძემ  დაგვიბარა.  

მე   ერთადერთი ვარ აქ,  რომელიც  პოლიტიკურ  პარტიას წარმოვადგენ.  ესეც შემთხვევით არ არის. იმიტომ,  რომ როგორც კი ბატონმა რეზო ჩხეიძემ  და  საოცარმა ადამიანებმა,  ვინც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს  (აქ იმყოფება ომარ მხეიძე. რომელიც მათ წარმოადგენს) ,   გამოაქვეყნეს მოწოდება პარტიებისადმი, რომ  დამსხდარიყვნენ, ხელი მოეწერათ  დოკუმენტისთვის რომელიც გამოქვეყნდა  სახელწოდებით,  „მოქმედების მანიფესტი“, უნდა ვთქვა, რომ   უფრო ქართული, სამომავლო დოკუმენტი,  ქვეყნისთვის მომართული,   მე არ მინახავს  საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი  და გული მწყდება,  რომ ასეთ დიდ მოღვაწეების  შემოთავაზებას  პარტიებმა არ მოუსმინეს .

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.

არ მგონია, ეპოქა იმის მიხედვით იზომებოდეს, თუ რა კეთდება იმ ეპოქაში. ეპოქის საზომია, თუ რა პოტენციალი აქვს ეპოქას..  ხელისუფლება იზომება იმის მიხედვით, ეს პოტენციალი  მოჰყავს თუ არა მოქმედებაში. ჩემი შეფასებით,  საქართველოს დღეს  აქვს  უაღრესად  დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, და ჰყავს  წარმოუდგენლად  ძლიერი ადამიანური  რესურსი. ქვეყნის გარეთ წასულთა სახით ისეთი  დიდი პოტენციალი აქვს , რომლის გამოუყენლობა არის დანაშაული.  ჩვენ  ჰაერივით გვჭირდება ის ხალხი, ვინც იცის, რას ნიშნავს რეალური  ევროპა, ამერიკა , რუსეთი.  ეს არის უდიდესი პოტენციალის ადამიანები. მე მქონდა ბოლო დროს შესაძლებლობა ბევრ მათგანს შევხვედროდი, და მიხარია რომ ასეთი დიდი ინტელექტუალური პოტენციალი ჰყავს საქართველოს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

თუნდაც რად ღირს საქართველოს ბუნებრივი რესურსების პოტენციალი  და  ყველაზე მნიშვნელოვანად მიმაჩნია ქვეყნის გეოგრაფიული პოტენციალი. ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო გეოგრაფია  ექცია პოლიტიკად,  არის დავით აღმაშენებელი. მთელ მსოფლიოს უთხრა, არავის არ დაგიპირისპირდებით , მაგრამ თავზეც არ დაგისვამთო. ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ  ჩვენი ღვთივბოძებული პოტენციალი, ჩვენი გეოგრაფია ბოლო ხანს ჩვენი დამონების საბაბი  გახდა. ჩვენ ან  ერთს უნდა გავეგოთ ფეხქვეშ ან მეორეს. ხალხშიც ეს განწყობა ძლიერდება, რომ ვინმესთან თუ არ ვიქენით კარგად, ჩვენი საქმე ცუდად  იქნება  . ეს არის მცდარი პოზიცია.

  საქართველოს გადარჩენა არის საქართველოში.  საქართველოს გარეთ უნდა ვეძებოთ  მეგობრები და არა მხსნელები. ყველა ხელისუფალი, ვინც გარეთ  უფრო  უსმენს, ვიდრე შიგნით, მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის არ არის. ვიქნები კორექტული. მე ძალიან ცოტას ვხედავ, ხელისუფლებაში და მის გარეთ  ვინც გარედან არ იმართება. მე ძალიან ცოტას ვიცნობ, ვინც იცის,  რა ტკივა ხალხს  და რა არის გასაკეთებელი ქვეყნისთვის .

ძალიან ბევრს გარეთ.  ჩემს უსაყვარლეს პიროვნებას, ბატონ რობერტ სტურუას.  აქაც გაჟღერდა – ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს (იმაზე  მეტ პატივს ვცემ, ვიდრე  მას გონია), მინდა ვუთხრა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს  არავინ   უპირისპირდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ერთი მტერი –  თვითონ ივანიშვილი.  რასაც აკეთებს ის ებრძვის საკუთარ თავს. ჩვენ ვართ მისი მეგობრები, ახლობლები  და ბევრი რამის   გულისტკივილით  მთქმელები. ხაზს ვუსვამ,   არ ვართ არავისთან დაპირისპირებული,  ჩვენ  ურთიერთობათა ჰარონიზაციის მომხრენი ვართ.

მარტივ  ფორმულას  ვამბობ:  მითხარით  ქვეყანაში რამდენიმე კაცი  მაინც, რომელიც თავის სკამზე ზის.  მითხარით,  რამდენიმე კაცი ქვეყანაში, რომელზე უკეთესი მინიმუმ 100 კაცი არ იძებნება ქვეყანაში.  მეტი საზომი არსებობს?!

მე ვთვლი, რომ  ხელისუფლება ისაა,  ვინც პოტენციალს მოიყვანს მოქმედებაში.  გული დაგეთუთქება ადამიანს, როცა იცი, რა  პოტენციალი აქვს ქვეყანას და როგორ ვცხოვრობთ  ჩვენ.

მარტივ რამეს ვიტყვი, იმ ფულით, რომელიც დღეს საქართველოს ბიუჯეტშია,  მარტო  ჩვენ, ვინც ამ დარბაზში ვართ, რა გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ,  იმ  გადაწყვეტილებებს,  რჩევის სახით რომ მიიღებდეს ხელისუფლება, 5 ჯერ მეტის გაკეთებას შეძლებდა  ჩვენ არ ვებრძვით არავის და ვამბობთ, რომ  ქვეყნის პოტენციალი    არის მოქმედებაში მოსაყვანი.

. ბატონმა ბიძინამ ამას წინათ თავის გამოსვლაში კარგი რამ განაცხადა, მან თქვა,  ეკონომიკურ კონფერენციას ვატარებთ  და ყველას ვიწვევთო,  ვაპირებ იქ  მისვლას  და მოხსენებით გამოსვლას,  თუ ამის საშუალებას მომცემენ. თქვენ მოისმენთ ჩვენს პოზიციას.

ჩვენ არავის ვებრძვით, ჩვენ გვებრძვიან იმით, რომ  სამი წლის წინ თქვეს, ვინც კარგი იყო, პარლამენტში შევიყვანეთ და თანამდებობებზე დავნიშნეთ  და ვინც გარეთ დარჩით, არავინ  არ ვარგიხართო. მაშინ ჩვენ გავჩუმდით. მერე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული,   ყველა არასწორად ყოფილა შერჩეული. მე არ შემირჩევია ეს ხალხი. თავიდანვე ვთქვი, რომ პრეზიდენტად მარგველაშვილის არჩევა იყო დანაშაული. მაშინ მე მივმართე ადამიანურად,  კაცურად ივანიშვილს, თუნდაც იმერულად,   რომ თავს ნუ იკლავდა მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე. დღეს რომ გვეუბნებით,  რომ არ ვარგა, მაშინ  მტრები ვიყავით? არა,. ჩვენ  ვიყავით გულწრფელები, პატიოსნები საქართველოსთან და არ ვიყავით მონური ფსიქოლოგიით, რომ ის გველაპარაკა, რაც  ვინმეს მოეწონებოდა. ხელისუფალს, რომელსაც  მოსწონს, რასაც იმას ეუბნებიან, რაც მას მოეწონება, ასეთი არც ხელისუფალი ვარგა და არც ის პიროვნება, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს.

ქვეყანაში ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ბატონ რობიკო სტურუას  და ბატონ ჯამლეტს  მინდა მივმართო, ჩვენ  მოვითმინეთ  ის, რომ  სამი წელია, გვეუბნებიან,  გარეთ ვინც ხართ, ხართ ცუდები.  ბატონ  რობერტს, რომ შევხვდები,  მინდა ვუთხრა,  ცოტა ვინმე თუ უქია მას ისე, როგორც მე შევუქივარ.  სიტყვას შევუბრუნებ და ვეტყვი, რომ  ჩემზე უამრავია, ვისაც,  გაცილებით მეტის  გაკეთება შეუძლია    და  ვისაც არავითარი  ფუნქცია ქვეყანაში არ აქვთ.    თუ ხართ  მეგობრები იმ ადამიანის, მიდით და უთხარით, რომ არ შეიძლება ამ მეცნიერებს, მოღვაწეებს  თვეში ერთხელ    არ შეხვდეთ. არ შეიძლება თუნდაც მერაბ ბერძენიშვილს  არ შეხვდე, არ შეიძლება თუნდაც იმ მოღვაწეებს, ვინც ამ დოკუმენტზე მუშაობდნენ არ შეხვდე…

რეზო ჩხეიძე ისე  წავიდა ამ ქვეყნიდან,  რომ სამი წლის განმავლობაში ითხოვდა შეხვედრას  პრეზიდენტთან, პარლამენტში, რას ამბობდა ბატონი რეზო? რომ ბავშვი ციხეში არ უნდა იყოსო,  ქალს ციხეში რა უნდა თუ სახელმწიფო დანაშაულები არ ჩაუდენიაო,  65 წელს გადაცილებულ  მამაკაცს რა უნდა ციხეშიო. ამისთვის ორი წელი ითხოვდა პრეზიდენტთან შეხვედრას და ვერ მივიდა მასთან.

კარგად მთავრდება ეს დოკუმენტი, რომ დუმილის დრო არ არის. მე ამას რომ ვლაპარაკობ, ვინმეს მტერი ვარ? მე ვიცავ რეზო ჩხეიძის განწყობას, მე ვიცავ მერაბ ბერძენიშვილის განწყობას, ანზორ ერქომაიშვილის და უამრავი ადამიანის განწყობას,   რომლებსაც არ შეიძლება კვარტალში ერთხელ მაინც  არ ეთათბირებოდე. თუ ამ ადამიანებს არ შეხვდი, შენ თავისთავად აღარ ხარ ამ ქვეყნის…

მე ასე ვუყურებ. ყველას მივმართავ, ვურჩევ, გამოიყენეთ ამ ქვეყნის პოტენციალი. ჩვენ არავის სამათხოვრო არ გვაქვს – „თურაშაულის პატრონი ტყეში ნუ ვეძებთ პანტას“. ჩვენ არ გვჭირდება ეს. ამ ქვეყანას ჰყავს გენიალური ადამიანები მეცნიერებაში, კულტურაში, ხელოვნებაში.  არ მინდა მართალი ვიყო შეფასებაში და მინდა ვცდებოდე. პროგრესია ქვეყანაში გაჩერებული. ფულის დარიგების პოლიტიკამ ქვეყანა დააქცია. ქვეყანას სჭირდება ნიჭის რეალიზაციის პოლიტიკა ნიჭიერებით სავსე ქვეყანაში.

საშიშროება,  რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს: კატასტროფულად  დიდი საარჩევნო  ფულია შემოსული ქვეყანაში. ლარი მყარდება  იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით საარჩევნო ფულია შემოსული ქვეყანაში. ერთმა გენიალურმა პიროვნებამ,  საინტერესო კაცმა თქვა, რაიონში ვარ და იქ შეუძლებელია ერთი ადამიანის მოძებნა, რომელიც  თავისუფალია პოლიტიკური  გავლენისგან  და გვითხრა ასეთი რამ: ფული ფული და ფული!

მალე გამოქვეყნდება პარტიების სიები, ნახეთ ამ სიების პირველი  ათეული… თუ არ შეგეშინდებათ  ამის შემდეგ  პარლამენტის, მაშინ დავაფასებთ იმ პოზიციას, რომლითაც დაიწყო ბატონმა რამაზ ლომინაძემ. პროფესორი კაცია  და სთხოვა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, დაგვიდექი გვერდით და მივეხმაროთ საქართველოსო. ასეთი ხალხით არის სავსე „ქართული ერთობის დარბაზი“.  ცხრაჯერ გაიგზავნა  წერილი  პრემიერ-მინისტრის  სახელზე ამ ადამიანების ხელმოწერით . ანზორ ერქომაიშვილი,  გიგა ბათიაშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, თემურ გუგუშვილი,   რომან რურუა. ტარიელ ხარხელაური, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, რამაზ ყურაშვილი… ეს ხალხი ითხოვს, ერთხელ შეგხვდითო. იმედია,  დღევანდელი პრემიერ-მინისტრი მოახერხებს  და შეხვდება მათ.

მე არ ვითხოვ არავისთან შეხვედრას, მე პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ გული მტკივა, ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა  გაზეთში გამოაქვეყნა რამდენიმე წერილი   .  მეგონა, ქვეყანა გადატრიალდებოდა, მთელი მთავრობა მივიდოდა მასთან, პარლამენტში მიიწვევდნენ… პატრიარქის ქადაგებებს რომ  ისმენ და ხედავ მის განწყობას, გული მწყდება, რომ უყურადღებოდ რჩება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვეშლება, ბატონებო…

არავის მტერი არ ვარ,  არავის წინააღმდეგ არ ვარ. მე ვარ  მომართული თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე. მაგრამ  თანამშრომლობის ჰარმონიზაცია „ქართული ერთობის დარბაზისთვის“  არის  ორმხრივი გზა… არ შეიძლება ეს  იყოს ცალმხრივი პროცესი,  არ შეიძლება ხელისუფლება,  პარლამენტი  საუბრობდეს სულ  „თავისუფლების ინსტიტუტზე“  და არ ხვდებოდეს ამ გენიალურ ადამიანებს,   რომლებმაც აქამდე მოიტანეს ის, რომ ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ, გვაქვს  კულტურა, ხელოვნება. მეცნიერება…

ამ დოკუმენტში თვალში  ერთი რამ მომხვდა,  რამაც გული მომიკლა: ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ გვქონდა ეროვნული დამოუკიდებლობა. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ვკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას. მე არ მინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვეყანა. მე მინდა ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვეყანა! იმიტომ მოვედი მე აქ. იმიტომ ვარ ამ ადამიანების გვერდით, ამიტომ მინდა,  რომ ხალხმა იცოდეს  –  „ქართული ერთობის დარბაზი“ არის მომართული  საქართველოსკენ, არავის წინააღმდეგ და მე რომ  ხელისუფალი ვიყო, ამ ადამიანებს  კვარტალში ერთხელ  ღია ეთერში შევხვდებოდი და არა მარტო მათ.

მე არ ვარ პარტიების წინააღმდეგ, მაგრამ ამ პარტიებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით, ქვეყანას მომავალი არ აქვს. ღმერთმა ქნას ვცებოდე. დიდი მადლობა!

 

ვიდეო

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *