ანტიკური მონობიდან – შუასაუკუნეობრივი ბეგარისაკენ, და პირიქით…

gerbi1საქართველოს ბიუჯეტი დღეს, ეს არის არა ეკონომიკური საქმიანობის შედეგი, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული, არამედ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული. უფრო მეტიც, მმართველმა კლანმა მოსახლეობის დამონების, მათში მონური ფსიქოლოგიის არცთუ წარუმატებლად ჩამოყალიბების შემდეგ, დაიწყო შუასაუკუნეობრივი წესებით საკუთარი მოსახლეობის დაბეგვრა: ფასები ხლოვნურად არის გაზრდილი, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან იძულებით ამოღებული ბეგარის მოცულობა წლის განმავლობაში შეადგენს 12 მილიარდ ლარს.

ეს არის ის ფული, რომლითაც მდიდრდება სახელისუფლებო ეშელონი, ეს არის ფული, რომელიც იხარჯება საქართველოს მყვლეფავი თუ გამყვლეფ ხელისუფლების სკამების შესანარჩუნებლად. ეს არის ელიტარული კორუფცია. მაშინ, როდესაც საქართველოს ბუჯეტი არის მხოლოდ 7-8 მილარდი (სწორი ორგანიზაციის პირობებში შეიძლება ყოფილიყო 3-ჯერ მეტი) – ეს ხომ ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულია. დამატებით წლის განმავლობაში ასევე ხალხის ჯიბიდან უკანონოდ, ხელისუფალთა გამდიდრებისათვის, ამოღებული თანხა 12 მილიარდს შეადგენს. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ გავყვეთ ანალიზს და დავრწმუნდებით.

ყველაზე ძვირი ენერგია პოსტსაბჭოთა სივრცეში

ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასი, როგორც მინიმუმ, 10 თეთრით არის გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ერთი ადამიანი წლის განმავლობაში ხარჯავს 1700-1800 კილოვატსაათ ელექტრო ენერგიას, გამოდის, რომ წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება თითოეულ მოქალაქეს, ახალდაბადებულით დაწყებული ყველაზე ასაკოვანით დამთავრებული, წლის განმავლობაში მისი ჯიბიდან 200 ლარამდე ზედმეტს ახდევინებს.

ყაზახეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ გვქონდეს საწვავი და გაზი, როგორც ეს ყაზახეთს აქვს, პრაქტიკულად უფასოდ მივცემდით საქართველოს მოსახლეობასო. ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით ერთ კაცზე გაანგარიშებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ელექტროენერგიის და სასმელი წყლის რესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაზე ძვირი ის ჩვენთან ღირს. სენსაციურია მართლაც ის, რომ, როდესაც ჩვენთან თბილისში უკვე 22 თეთრის ფარგლებშია ელექრტოენერგიის ფასი, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: რუსეთში 11 თეთრი, აზერბაიჯანში 9 თეთრი, უკრაინაში 5 თეთრი, ბელორუსიაში 7 თეთრი, სომხეთში 11 თეთრი, ყაზახეთში 7,5 თეთრი, მოლდოვაში 11,4 თეთრია. ყველაზე ძვირი ელექრტოენერგია ჩვენთან არის და მინიმუმ, ათი თეთრით არის იმაზე ძვირი, ვიდრე მოლდოვაში, რომლელსაც პრაქტიკულად არანაირი ენერგორესურსი არ გააჩნია. იქაც კი ჩვენი ნახევარი ღირს ელექტოენერგია.

გაზი – გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები, საეჭვო ფასი, გაძარცვული მოსახლეობა.

საქართველოში ბუნებრივი აირის ფასი ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამომავლოდ საკვლევი საკითხია თუნდაც იმიტომ, რომ თუ ყველაზე იაფად ვყიდულობთ, რატომ ვყიდით საკუთარ მოსახლეობაზე ასე ძვირად… მეორე, პრეზიდენტი ტყუის (ზუსტად რომ ტყუის), როცა ამ საკითხში მის დამსახურებაზე საუბრობს და, რაც მთავარია, რატომ არის ასე გასაიდუმლოებული აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ გაფორმებული ხელშეკრულება და გაზის ასეთი მაღალი ფასი ხომ არ არის დიდი სახელმწიფო კორუფციის მიმანიშნებელი?
ჩვენი სახელმწიფო ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც მიიღო ადრინდელი სახელმწიფოებრივი ხელშეკრულებებით. საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ სწორედ აზერბაიჯანული გაზის შემოსვლამ და ტრანზიტმა საქართველოს ტერიტორიაზე, შახ-დენიზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებამ და საქართველოს გაზის უწყვეტად მომარაგებამ (ეს დღევანდელი მთავრობის დამსახურება ნამდვილად არ არის) უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში. როგორც აღვნიშნეთ, საქართველომ მიიღო ისეთი შესაძლებლობები, რომელთა გონივრულ გამოყენებას უნდა უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის რეალურად შეღავათიანი ფასი, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე წარმოებისათვის, რაც მძლავრი ბიძგი უნდა გამხდარიყო ეკონომიკის განვითარებისათვის. კერძოდ:

1. საქართველოს მიეცა უფლება გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ შეიძინოს 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სპეციალური ტარიფით – 55 აშშ დოლარად და ეს 2002 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არა დღევანდელი მთავრობის მონაწილეობით.
2. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 10%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ჩრდილოეთის მარშრუტით რუსეთიდან საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს. ეს დაახლოებით საშუალოდ 200 მილიონი კუბური მეტრია. ესეც ე.წ „ვარდების რევოლუციამდე“ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება.
3. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 5%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიეწოდება თურქეთს – ეს დაახლოებით 330 მლნ კუბური მეტრია (იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი პირველ ეტაპზე ამ მილსადენით იღებს 6,6 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად) ესეც ასევე შევარდნაძის მთავრობის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

მარტივი არითმეტიკით, საქართველოს აქვს დაახლოებით 500 + 330 + 200 = 1030 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეღავათიან ფასად, ესე იგი, საქართველოს დაახლოებით 1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უჯდება დაახლოებით 27,5 მლნ აშშ დოლარი, ე.ი. 1 კუბური მეტრის ფასია 2,7 ცენტი, რაც დაახლოებით 5 თეთრია.

ცხადია, გაზის ეს მოცულობა საკმარისი არ არის საქართველოსთვის. მაგალითად, 2008 წელს (სხვათა შორის, ეს ინფორმაციაც გასაიდუმლოებულია ჩვენს „ღია საზოგადოებაში“ ) ქვეყანამ მოიხმარა 1, 471 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, ე.ი. საბაზრო ფასად დამატებით უნდა შეეძინა დაახლოებით 471 მლნ. კუბური მეტრი.

2009 წელს დაახლოებით 1,188 მლრდ კუბური მეტრი, ე.ი. საბაზრო ფასად შეიძინა დაახლოებით 188 მლნ.კუბური მეტრი.

სამწუხაროდ, 2010 წლის მონაცემებით, ასევე გასაიდუმლოებულია დადამატებით შესაძენი მოცულობა, საფიქრალია, ალბათ 200- 470 მლნ. კუბური მეტრის დიაპაზონში იქნება.

აქ იმალება სწორედ ძაღლის თავი, რა ფასად ყიდულობს, ან უფრო სწორად რა „უჯდება“ ქვეყანას გაზის ეს დამატებითი მოცულობა. რამდენია შესაძლებლობის გათვალისწინებით? როდესაც მომხმარებელს ეუბნებიან ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, რომ გაზის შეწონილი ფასი 167 – 169 აშშ დოლარიაო, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანა დამატებით გაზში დაახლოებით 500 მლნ კუბურ მეტრში არნახულად მაღალ ფასს იხდის. დაახლოებით 400 დოლარზე მეტს კუბურ მეტრზე და მისი ღირებულება საგრძნობლად აღემატება რეგიონში გაზის არმქონე ქვეყნების ფასებს: სომხეთის (რომელსაც მისი მოძმე რუსეთი გაზს 180 დოლარად აძლევს) და თურქეთის, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზს საქართველოს გავლით ჯერჯერობით მხოლოდ 120 დოლარს იღებს და მომავალში პირდება 2008 წლის აპრილიდან გადაანგარიშებას ახალი ფასით. (ადრეულ პერიოდში, 2008 წლის აპრილამდე, ფასი 120 დოლარითაა დაფიქსირებული, ახლა დაახლოებით 300 დოლარს ითხოვს აზერბაიჯანიდან. მოლაპარაკებები დღესაც რთულად გრძელდება). დამატებითი 500 მლნ კუბური მეტრი გაზი რომ 250 დოლარი ღირდეს, 1 000 კუბური მეტრი გაზის მთლიანი მოცულობის 1 500 მლნ კუბურ მეტრი შეწონილი გაზის ფასი დაახლოებით 102 დოლარი – 1 000 კუბური მეტრი იქნება, ხოლო მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრის ფასი გახდებოდა 18,8 თეთრი. გამანაწილებელი კომპანიის და დღგ – გათვალისწინებით თითოეულ კუბურ მეტრზე ექნებოდა გადასახდელი 36,58 თეთრი, ნაცვლად დღეს არსებული 51 თეთრისა მოსახლეობისათვის (ეს არის მოსახლეობაზე ზრუნვა?) და 76 თეთრისა – მეწარმეებისათვის. ნორმალურ ქვეყნებში მეწარმეებს მოსახლეობაზე იაფად აძლევენ გაზს და ელექტროენერგიას, რომ სხვა ქვეყნების ეკონომიკებს გაუწიონ კონკურენცია და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან საკუთარ ქვეყანაში. აქაც ჩანს, რომ საქართველოში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული.

საქართველოს მოსახლეობა 1 000 კუბურ მეტრ გაზში იხდის 510 ლარს, 292 აშშ დოლარს, რაც ძალიან გაბერილი თანხაა!!!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობა არნახულად გაზრდილ ტარიფს იხდის ბუნებრივ გაზში და ესაა დამსახურება დღევანდელი ხელისუფლების, მათ მიერ ჩატარებული საიდუმლო და საეჭვო გარიგებების.

ქვეყანამ ვერ მიიღო, ვერ გამოიყენა და ვერ იყენებს იმ დიდ შესაძლებლობებს, რომელიც უნდა მიეღო ისეთი მეგაპროექტის განხორციელების შემდეგ, როგორიც ბაქო – თბილისი – ერზრუმის გაზსადენია.

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ საჯარო გახდეს გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, გაფორმებული აზერბაიჯანულ მხარესთან დღევანდელი ხელისუფლების მიერ.

„ავი ხმები“ ამბობენ, რომ ქვეყანამ ბუნებრივ გაზში მის ხელთ არსებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპციონები აზერბაიჯანულ „სოკარს“ გადასცა და გაზის და ნავთობის კორპორაცია ე.ი. ქართული მხარე გაზის შესყიდვაში აღარ მონაწილეობსო. თუ ეს მართალია, აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა ამ უფლების გადაცემა, ვისი ინიციატივით მოხდა ეს, ვინ ლობირებდა ამ აშკარად ქვეყნისთვის არასარგებლიან გარიგებას?

პენსიონერიც, მასწავლებელიც, ექიმიც, სტუდენტიც – თვითდაფინანსებაზე.
საქართველოში პენსიონერი, მასწავლებელი, სტუდენტი თვითდაფინანსებაზეა გადასული, ანუ რასაც ბიუჯეტიდან იღებს გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც მისი არსებობისა და ცხოვრებისთვის ბიუჯეტს უხდის პენსიონერი, მასწავლებელი და სტუდენტი. საერთაშორისო სტანდარტებით ნებისმიერი სტუდენტი სწავლის ღირებულების 10%-ზე მეტს არ იხდის, ჩვენთან კი ათეულობით მილიონია სტუდენტების სწავლისათვის მოსახლეობის ჯიბიდან და უშუალოდ სტუდენტებიდან ამოღებული ფული. მაშინ, როდესაც ქართველი სტუდენტები უფასოდ სწავლობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში, საკუთარ ქვეყანაში არნახულ ბეგარას ახდევინებენ, რის გამოც საგვარეულო რელიქვიების თუ საცხოვრებელი სახლების გაყიდვის არაერთი ფაქტია ცნობილი.

მედიცინა ხალხის ხარჯზე

ოფიციალური მონაცემებით სამედიცინო სისტემაში შემოსული, ანუ ჯანმრთელობისათვის გაღებული თანხა საქართველოში ერთი წლის გამნავლობაში ორ მილიარდამდე ლარია. კატასტროფულია, რომ ამ ორი მილიარდიდან 20%-ია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯი. დანარჩენი 80%, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხა. ასეთი რამ მსოფლიომ არსად აღარ იცის. თავისთვად, ეს მაჩვენებელი ძალიან დიდია და ამიტომ გახდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უცხოელ ბიზნესმენთა დაინტერესების სფერო. საქართველოში ჯანმრთელობის ობიექტებს უკვე ყიდულობენ ჩენი მეზობლები: სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, არაბები და ასე შემდგომ. ყველაფერი კეთდება, რათა ქართველი კაცის მიერ ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის გაღებული უკანასკნელი გროშებით უცხოელი გამდიდრდეს, მეტიც, ქართველთა ჯანმრთელობის ხარისხი და სიცოცხლის ხანგრძლივობა იმ სახელწიფოების მოქალაქეებმა აკონტროლონ, რომელთაც ისტორიულად უჭირავთ თვალი საქართველოს მიწაზე.

საწვავი საქართველოში ყველაზე ძვირია პოსტსაბჭოთა სივრცეში.
საქართველოში საწვავის ფასი პრაქტიკულად გაორმაგებულია. მინიმუმ, 40-50 თეთრით მომენტალურად შეიძლება მისი შემცირება, რაც რეალურია მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ხოლო, თუ საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტის ოჯახი არ იქნება ჩართული ამ საქმეში, შესაძლებელია 1-1,3ლარის ფარგლებში იყოს საწვავის ფასი. დღეისთვის კი მილიარდზე მეტია ის თანხა, რომელსაც საწვავის რეალიზაციიდან, როგორც იძულებით ბეგარას, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მარტო საწვავის გამო იღებს საქართველოს ხელისუფალთა ოჯახური ბიზნესი.

ყველაზე ძვირი ტელეფონი პოსტსაბჭოთა სივრცეში

სულ ცოტა ხნის წინ 27 თეთრის ფარგლებში იყო გადასახადი ტელეფონზე საუბრისათვის. იმის შემდგომ, რაც ანალიზებით დავრწმუნდით, რომ ეს იყო რამდენიმე ათეულით გაზრდილი ფასი, გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც 5-6-7-10 თეთრად აკეთებენ ამას ისე, რომ ტექნოლოგიაში არაფერი არ შეცვლილა, ანუ აქამდე გვპარავდნენ წარმოუდგენლად დიდ თანხას. მეტიც, 7 და 8 თეთრიც კი 10-15-ჯერ მეტია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ცალკეულ ქვეყნებში.
ამერიკული კომუნალური გადასახადები და ნიგერიული ხელფასები და პენსიები
მიგვაჩნია, რომ საქართველოში კომუნალური გადასახადები არის ამერიკული, ხელისუფლების ხელფასები არის ამერიკული, მაგრამ პენსიები არის ნიგერიული. არსად ასე ძვირი არ ღირს წყალი, არსად ასე ძვირი არ ღირს დასუფთავება, როგორც თბილისში. ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია ჩვენთან. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოში კომუნალური გადასახადები პრაკტიკულად, ევროპის დონეზეა. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, როგორც მინიმუმ, სამი-ოთხჯერ გაიზარდა კომუნალური გადასახადები. ეს მაშინ, როდესაც ხელფასები კატასტროფულად ჩამორჩება პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც კი…
დაუსაბუთებელი, ხელოვნური ფასები საქართველოში არის იმიტომ, რომ ხორციელდება პრეზიდენტის და პოლიტიკოსთა ზეწოლა მეწარმეებზე, რომ საქართველოს ბიზნესის 95% აკონტროლებს პრეზიდენტის ოჯახი და პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული მეგობრთა წრე. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური ფუნქცია ქონდეს პარლამენტს, იგი იქცა „ბიზნესმენთა კლუბად“.

დამანგრეველი საბანკო კრედიტები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ გახლავთ – საბანკო კრედიტები. თავად სააკაშვილი თვლიდა, რომ საბანკო კრედიტის წლიური პროცენტული განაკვეთი 4-10%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ეს თვითონ სააკაშვილმა თქვა. დღეს საქართველოში რელურად წლიური 30%-ზე მეტია.

მედიკამენტების ფასები 50%-ითაა ხელოვნურად გაზრდილი, სასკოლო სახელმძღვანელოების ფასები 3-ჯერ არის გაზრდილი, კვების პროდუქტებზე ფასები მინიმუმ 30%, შესაძლოა 40%-ითაა გაზრდილი და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი არის იძულებითი ბეგარა, ანუ ის თანხა, რომელსაც ხელისუფლება წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან აი ასე იღებს.

მატყუარა და სოციალური დემაგოგი პრეზიდენტი

მოსახლეობისათვის ცხოვრების უმოწყალოდ გაძვირება წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ჩენს მსოფლმხედველობასთან, არამედ თავად სააკაშვილის მიერ დეკლარირებულ პრინციპებთან – აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია ამონარიდები თბილისთან დადებული ხელშეკრულებიდან, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა 2002 წლის ივნისში და დადო პირობა, თუ სრულად არ შეასრულებდა ხელშეკრულებას ერთ წელიწადში, ის და მისი გუნდი დატოვებდა ქალაქის საკრებულოს.

მაშ ასე სააკაშვილის დოკუმენტი:

• „საკრებულოში მისვლიდან 6 თვეში 2-ჯერ შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს და დაზოგილ 4 მილიონ ლარს მივმართავთ სოციალური პროგრამების უზრუნველსაყოფად“ – შედეგი: მერიის და საკრებულოს დაფინანსება გაზრდილია დაახლოებით 20-ჯერ;
• „ბიუჯეტიდან გამოვყოფთ თანხებს პენსიონერთა, ინვალიდთა, მრავალშვილიან დედათა, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულთა, პოლიტრეპრესირებულთა და მათი შვილების მეტროთი, ტროლეიბუსითა და ტრამვაით უფასო მგზავრობისათის“ – შედეგი: არც ერთი სოციალური ჯგუფი არ სარგებლობს უფასო მგზავრობის უფლებით;
• „თითოეული სკოლის მოსწავლის სახელმძღვანელოს ღირებულების 50%-ს ქალაქის ბიუჯეტი გაიღებს“ – სახელმძღვანელოების ფასების მატება ან სახელმწიფოს დახმარება ყველაზე უკეთ თავად მშობლებს მოეხსენებათ;
• „ქალაქის ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ 16 წლამდე მოზარდებისა და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ყველა სახის სტაციონალურ და ამბულატორიულ მკურნალობას“ – უკომენტაროდ;
• „შევქმნით ვეტერანთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ცენტრს“ – უკომენტაროდ;
• “არ დავუშვებთ გაზისა და წყლის ტარიფების გაზრდას“ – შედეგი: გაიზარდა 5-7-ჯერ;
• „ავკრძალავთ ყოველგვარ მშენებლობას მწვანე ზოლში“ – შედეგი: მშენებლობები წყნეთში,ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, იპოდრომის ტერიტორიაზე, „მზიურში“, ვერის ხეობაში, ბუკიას და კიკვიძის სკვერებში და ა.შ და ა.შ.
ხელშეკრულება არა მხოლოდ თბილისში, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მთელს საქართველოში უნდა შესრულებულიყო.
დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.

ჩვენ მონური მორჩილებით ვუყურებთ ამას. არსად მსოფლიოში ასეთ რამეს არავინ არ მოითმენდა. როგორც ჩანს, ქვეყნის გარეთ, მართლაც დაიწერა ქვეყნის დაბეჩავების პროგრამა, რათა ხალხი დაემშიათ და დაეუძლურებუნათ, რომ ადვილად ემართათ.

ეს ყველაფერი არის დაკავშირებული „მოქკავშირ-აღორძინების“ პერიოდთან, რათა ახალ ხელისუფლებას რევოლუციის შემდგომ ადვილად ემართა.

ვთვლი, რომ დღეს, ისევე როგორც ადრე, საქართველოში ელექრტოენერგიის და გაზის არავითარი პრობლემები არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება აშინებს ხალხს, თითქოს უშუქობაში დავბრუნდებით მათ გარეშე. პირიქით, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების, ანუ გუშინდელი მოქკავშირის ხელმძღვანელები, სპეციალურად არ აძლევდნენ შუქს, არ აძლევდნენ გაზს, არ აძლევდნენ პენსიას, რათა შემდგომ ხალხს ეთქვა: ოღონთ მოგვეცით დენი და გაზი – ნებისმიერ თანხას გადავიხდითო. მაშინ ორთავე ქართველების ხელთ მაინც იყო. ახლა ქართველი ხალხი იხდის ყველაზე მაღალი ტარიფით და ამოდენა თანხით მდიდრდება ის, ვისაც ხელისუფლება საქართველოს ნომერ პირველ მტერს უწოდებს: რუსეთი.
საერთოდ, რუსეთი სააკაშვილის პოლიტიკაში განსაკუთრებული თემაა. აქ ბევრი რამაა ბნელით მოცული, ხოლო ეკონომიკასთან დაკავშირებული არაერთი ფაქტი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოლიტიკის სრულიად საპირისპიროდ მეტყველებს. მეტიც, რუსეთისათვის საიდუმლოდ მიყიდულ არაერთ ობიექტს და სტრატეგიულ დარგს უკვე დაემატა მათ საამებლად გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე გაკეთებული განცხადება უვიზო რეჟიმის თაობაზე, სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველის სიმპათიების პუტინისაკენ მიმართვის მცდელობა, რამაც განამტკიცა ჩვენი შეხედულება, რომ სააკაშვილისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების შენაჩუნება, ვიდრე საგარეო პოლიტიკური ხაზისა და საგარეო პოლიტიკური პარტნიორებისადმი ერთგულება. აღარაფერს ვამბობთ ივანოვთან გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე.

სიტყვამ მოიტანა და ორიოდ ქვეყანაში უვიზო გადაადგილებას ხელისუფლება თავის დამსახურებად რომ მიითვლის, შევახსენებთ – მაშინ, როდესაც ლუკაშენკოს ევროკავშირში შესვლა აკრძალული აქვს, ბელორუსები უვიზოდ 21 სახელმწიფოში მოგზაურობენ.

რაც შეეხება ქვეყნის ოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ერთი ნაწილი არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ სამხედრო ძალით დაპყრობილი, არამედ ოკუპირებულ-დაქუცმაცებული ორჯერ და ორმაგად: ეკონომიკურ-პოლიტიკურად და დასავლეთ-ჩრდილოეთიდან. ამაზე სააკაშვილი „მორცხვად“ დუმს, მაგრამ დავუბრუნდეთ ენერგეტიკას, მონობას და ბეგარას.

ქვეყნის მოყვარული და მაღალი დონის ქარველი სპეციალისტები რომ ითხოვდნენ ელექტროენერგიაში ერთი თეთრი გადაგვიხადეთო და არ უხდიდნენ ამ ერთ თეთრს, დღეს 6-7 თეთრს ვაძლევთ რუსულ კომპანიებს და საქართველოს მოსახლეობას ვამადლით კიდე, შუქი გაქვთო. ჩვენ ორ თეთრად ვაძლევთ ელექტროენერგიას თურქეთს და ვაძლევთ საშუალებას, რომ ააშენონ ჰესები აქ ისე, რომ შემდგომ მათი კუთვნილი იქნება ისინი. ელექტროენერგიას წაიღებენ და შემდეგ, მათგან უნდა ვიყიდოთ, შედეგად ადგილობრივი პროდუქცია ძვირდება, რის გამოც არაკონკურენტუნარიანი ხდება შიდა ბაზარზეც კი. ჩვენ ვკლავთ ჩვენს ეკონომიკას, როცა ჩვენს მეწარმეს დენს ვაძლევთ 20 თეთრად და სხვას ვაძლევთ ორ თეთრად.

სინანულით უნდა აღნიშნოთ, რომ დღემდე ვერ გაირკვა საქართველოსთვის მოწოდებული გაზის სადღეისო ფასი, მიუხედავად იმისა, რომ დახმარება აშშ-ს ელჩსაც კი ვთხოვეთ. საკითხი კვლავ გასაიდუმლოებულია ამ „გამჭირვალე“ ეკონომიკის ქვეყანაში.

ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები სააკაშვილს: საქართველო ვერ დაბრუნდება ფეოდალურ წყობაში, რადგან მისი წყალობით უკევ ვართ ფეოდალიზმში. არც ერთი ფეოდალი არ მოექცეოდა საკუთარ ყმებს ისე, როგორც სააკაშვილი ცდილობს, რომ მართოს ქვეყანა და და როგორც იგი ექცევა საკუთარ ხალხს. ეს არის რეალური გენოციდი, რაც დაადასტურა მეცნიერთა კვლევამ. საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი… საკუთარი სიცოცხლე რომ გადაერჩინა და შეშველებოდა თავის ოჯახის ორ-სამ წევრს, მილიონნახევარზე მეტი ადამიანი საქართველოდან გავიდა. არც ერთ ეპოქაში საქართველოს არ ჰყოლია ამდენი მიგრანტი და ქვეყანაში დარჩენილი ამდენი ღატაკი.

ასეთ ქმედებას ქვეყნის დანგრევა, ხოლო ასეთ ხელისუფლებას დამანგრეველი ეწოდება! საქართველოს მოსახლეობამ არ იცის ეს ფაქტები, ამიტომაც ბევრი ამბობს: „მერე რა?“.

ვინც არ იცის და ამას ამბობს, მწარე შეცდომას უშვებს, ესეც მათი ტრაგედიაა; ვინც იცის და მაინც ასე მსჯელობს – დიდ დანაშაულს ჩადის, ის თანახმაა, ასე იცხოვროს – მონობისათვის მზადყოფნას აცხადებს.

ხელისუფლებამ ხალხი ჯერ მონად აქცია, შემდეგ, რაგინდ უცნაური იყოს, მათივე თანხმობით – მძიმე უღელი დაადო და პირიქით, ისე დაბეგრა, რომ მხოლოდ თავის გადარჩენაზე თუ ფიქრობს, ანუ საკვების მძებნელ მონად აქცია.

ბეგარა – შუასაუკუნეობრივი ეკონომიკური ურთიერთობების ამსახველი ტერმინია,
მონობა – ანტიკური ხანის სოციალური ურთიერთობისა.

აი, სად გადააგდო საქართველო მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობის ოცწლიანმა ბატონობამ!

ახალი პოლიტიკური ძალა “მოძრაობა თეთრები” (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 20 მარტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *