ფიქრები გიორგობა დღეს


პოზიცია ანალიზის, დაფიქრებისა და მოქმედებისათვის

გიორგობას გილოცავთ!

12სწორედ ამ დღეს „თეთრები“ ვამბობთ: გავაანალიზოთ ობიექტურად, რეალურად, რა მდგომარეობაშიც ვართ; დავფიქრდეთ, რატომ ვართ ამ დღეში და დავიწყოთ მოქმედება, ვიმეორებთ – დავიწყოთ მოქმედება.

საქართველო, ქართველი კაცი იმედით ცხოვრობდა და ცხოვრობს. იმედი ეყრდნობა წარსულს, დღევანდელობას და ფიქრია მომავალზე. როგორც ერთი დიდი ფილოსოფოსი ამბობს, ფიქრი ამოძრავებული მომავალია.

საფიქრალი კი ბევრია.

„სოხუმი საქართველო არასდროს ყოფილა“-თქვა პრეზიდენტმა, დარბაზი ოვაციით შეხვდა, მთლი პარტიულ-სახელისუფლებო მანქანა ამუშავდა ამ აბსურდის მტკიცებაზე.

საცოდავი საქართველო…

ხელისუფლება ამბობს – სამი მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოშიო. არავის სჯერა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიმწრის სიცილით იგუდება ამ ნათქვამის გამო მოქმედება კი არ სჩანს.

საქართველოში სკოლა წაართვეს პედაგოგსა და მოსწავლეს და პოლიციურ მმართველობაში გადავიდა, კულტურა და ხელოვნება ერთი კაცის განწყობით იმართება, სამედიცინო მომსახურება ელიტარული გახდა, ეკონომიკა დაინგრა – არ არსებობს, სოფელი საკონცენტრაციო ბანაკს დაემსგავსა, ქვეყანა დაიცალა – 1,5 მილიონი ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად ქვეყნის გარეთ გავიდა და პრაქტიკულად მონურ შრომას ეწევა – ხელისუფლება კი ამბობს:“ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ, დიდი წარმატებები გვაქვს ეკონომიკაში, ლამის ყველაფერში პირველები ვართ…“

ყველამ იცის,რომ ყველაფერი ეს ტყუილია, მაგრამ ისევ დუმილი.

ციხეები გაივსო, სახელისუფლებო ძალადობამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ყოველ ასი ათას კაცზე პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში პირველ სამეულში ვართ – ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში წესრიგია, ადამიანის უფლებები დაცულია და ჩვენს გამოცდილებას ლამის მთელი მსოფლიო იზიარებს.
არავის სჯერა, მაგრამ, ისევ დუმილი.
ქვეყანა ვალებში იხრჩობა – 13-15 მილიარდ დოლარს უკვე ავცდით, მაშინ, როცა ქვეყნის ბიუჯეტი სულ რაღაც 4 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ვიცით, რომ ხელისუფლება გვატყუებს, თითქოს ადრე უფრო მეტი იყო. ისევ დამღუპველი დუმილი.

პარადოქსია – ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში არნახული წინსვლაა, სოციალური მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესდა, რეალური მონაცემებით საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანია გასული, რომლებიც ძირითადში მომვლელებად, დამლაგებლებად, ქუჩის დამგველებად, ჭურჭლის მრეცხავებად მუშაობენ… აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებგვერდზე (The World Factbook) მოთავსებული 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ნამატის გათვალისწინებით საქართველო ყოველ 1000 სულ მოსახლეზე ემიგრირებულთა რაოდენობით 220 ქვეყნიდან 189 ადგილზეა.

ვიღუპებით და ვერ გაგვიგია, ან ისე შევშინდით, არ გვინდა გავიგოთ, რომ ვიღუპებით.
ხელისუფლება ამაყობს თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობით, რომლის უპირველესი ინდიკატორი ბიუჯეტია. დიახ, ბიუჯეტი იზრდება…

ბიუჯეტი გაიზარდა ზუსტად იმდენჯერ – რამდენჯერაც გაიზარდა ცხოვრების ფასი;
ბიუჯეტი გაიზარდა ზუსტად იმდენჯერ – რამდერაც გაიზარდა უცხოეთში მომუშავე
ქართველთა ფულადი გზავნილები;
ბიუჯეტი გაიზარდა ზუსტად იმდენჯერ – რამდერაც გაიზარდა ქვეყანაში შემოსული
უცხოური საქონელი.

ხელისუფლება ურცხვად საუბრობს იმ ბიუჯეტზე, რომელსაც ორჯერ აღემატება წლის მანძილზე მოქალაქეთა ჯიბიდან უკანონოდ ამოღებული თანხა, რომელსაც ჩვენ „იძულებითი ბეგარა“ ვუწოდეთ და რომელიც მეცნიერთა გათვლით 12 მილიარდ ლარს შეადგენს.

ვდუმვართ, სამწუხაროდ ვდუმვართ. და ამ დუმილით ვებრძვით საკუთარ ოჯახსაც, საკუთარ თავსაც და საკუთარ ქვეყანასაც. სხვა რა შეფასება უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმ ფაქტიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების 50%-ც კი. ეს ნამდვილი გენოციდია.

ხელისუფლება, რომელიც გენოციდს უწყობს საკუთარ ხალხს, თვითონ განცხრომით ცხოვრობს, ცხოვრობს ისე, როგორიც არაბ შეიხებს შეშურდებოდათ და ამ ხელისუფლებამ ხალხის ცხოვრების დონე პრაქტიკულად გაუტოლა გაეროს მიერ მსოფლიოში ყველაზე მძიმედ აღიარებულ ნიგერიას.

არ ვიცი, ვინ როგორ თვლის: როდის იყო მიხეილი მართალი, მაშინ, როცა ის -„მოქკავშირის“ გენერალური მდივანი ამბობდა, რომ „მოქკავშირმა“ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანა და საქართველოში დემოკრატია დაამყარაო, თუ დღეს, როცა უკვე პრეზიდენტი თავის გამოსვლებში გმობს ძველ პერიოდს და ამბობს, რომ ქვეყანა დაქცეული იყო და 2003 წლის მერე ავაყვავეთო.

მე კი ვიცი, მაშინაც ტყუოდა და დღესაც ტყუის.

ვამბობდი და ვამბობ, რომ სააკაშვილის გამონათქვამების სერიოზულად აღქმა უკვე არასერიოზულობაა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანას ჰყავს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტი, თუმცა ზოგიერთი რამით მართლაც გამორჩეული: გამორჩეული დემაგოგიით, გამორჩეული ტყუილებით, გამორჩეული ხალხის დამონებისა და მისი პირადი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებით, გამორჩეული სხვა ქვეყნის ინტერესებისათვის მსახურებით, გამორჩეული მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღებით.

აქვე მინდა მოკლე პოლიტიკური ანალიზი შემოგთავაზოთ ისევ დაფიქრებისათვის, ისევ მოქმედების სწორად განსაზღვრისათვის.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შემქმნელებმა მთავარი ძალისხმევა იმას მოახმარეს, რომ ამერიკაში ხელისუფლების სათავეში ვერ მივიდეს ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული, ანუ ამპარტავანი და ხარბი ხელისუფლება. “ვარდების რევოლუციამ” სწორედ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლება მოიყვანა და ამ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოში მხოლოდ მისივე მსგავსის, სწორედ ამპარტავანი და ხარბი ხელისუფლების, მოსვლის შესაძლებლობა დააკანონა. ამ განწყობითაა შექმნილი კონსტიტუციის ახალი პროექტი.

ისტორიულად ცნობილია, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. აბსოლუტურმა ძალაუფლებამ ქვეყნის ხელისუფლება აბსოლუტურად გარყვნა, მოკლა პოლიტიკური პროცესი და შექმნა ალტერნატივა: ან გზა ფაშიზმისაკენ , ან ახალი რევოლუცია.

ამ დასკვნას შექმნილი ვითარების ანალიზის საფუძველზე ვაკეთებ. მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ ამას ვერ ხედავს, თუნდაც იმის გამო, რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს საწყის ეტაპზე აქვს მიმზიდველობა – დაწყებული საჩვენებელი დაჭერებით, ჯარის და პოლიციის გაძლიერებით, ფასადების შეღებვით, შადრევნების კეთებით, გზების დაგებით, ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით და სოციალური დემაგოგიით დამთავრებული.

ეს მსოფლიო ისტორიული გამოცდილებაა.

წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ოქტომბრის რევოლუციას რუსეთში, ფაშიზმს – გერმანიასა, იტალიასა და ესპანეთში. პოლიციურ რეჟიმს – ბელორუსიასა და თურქმენეთში; გზების დაგებას, შადრევნებს, ფასადების შეღებვას – დიქტატორული რეჟიმის თითქმის ყველა ქვეყანაში.

გავიხსენოთ გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის “მონანიება”, თუნდაც ის სურათი, როცა შადრევნების ფონზე ემოციურად მოლაპარაკე ვარლამ არავიძე ამბობს: “ჩვენ შევქმნით სამოთხეს ამ ქალაქში”. ეს სიტყვები რეპრესიების წლებში ითქვა. ხალხი სამოთხის მოლოდინით ტკბებოდა, აქებდა და ადიდებდა იმ მთავრობას, რომელიც ციხეებს ავსებდა მოაზროვნე ადამიანებით.

ეს სხვისი კი არა, სამწუხაროდ, ჩვენი წარსულია.

თუნდაც 70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძისადმი მხარდაჭერა გავიხსენოთ. ისიც ღებავდა, ალამაზებდა თბილისს, გზებს აგებდა, შადრევნებს ხსნიდა, ძველ უბნებს ახალ სიცოცხლეს აძლევდა, თუნდაც იმაში გვარწმუნებდა რომ ებრძოდა კორუფციას, ამყარებდა წესრიგს, ისიც იჭერდა, ქონებას ართმევდა, ციხეებს ავსებდა – “კმაყოფილი” ხალხი ტაშს უკრავდა.

ყოველივე ამაზე ეხლა გვეცინება, – თურმე როგორ ვტყუვდებოდით.

სამწუხაროდ, წარსულის შეცდომებს მხოლოდ მომავალში ვაღიარებთ და ვგმობთ.

ჩვენში ხელისუფლება იმდენმად გათავხედდა,რომ წელიწადის 365 დღიდან სხვა ვერ ამოირჩია, და საქარველოს მფარველის, უდიდესი წმინდანის სახელობის დღეს უწოდა „პოლიციის დღე“ და ყოველთა ქრისტიანთა საყოველთაო ლოცვის დღე მართალი საქმის დამთრგუნველი პოლიციის დღედ აქცია. არ ვიცი, ვინ დამეთანხმება, მაგრამ ეს უკვე მკრეხელობაა და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს, არამედ 6 მაისი დაუყოვნებლივ გათავისუფლოდეს პოლიციის დღის სახელდებისაგან.

ეს არის ის ანალიზი, რომელმაც უნდა დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში არც ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლის და არც ერთმანეთში ქიშპობის დროა. დაგვარწმუნოს იმაში, რომ საჭიროა ბრძოლა საქართველოსათვის…

პოლიტიკა კვლავ გონებადაკარგულია:

ქიშპობა, დაპირისპირება, დაყოფა, ილუზიები, აგრესია, ემოცია, ფიქრი სკამებზე, ამბიცია, ნაცვლად ერთიანობისა, ნაცვლად გონებადამჯდარი პოლიტიკისა, ნაცვლად ხალხზე ფიქრისა, ნაცვლად ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე ფიქრისა.

ეს უკვე ნამდვილი საგიჟეთია, მაგრამ ჯერჯერობით „ნაციონალების“ საგიჟეთი“, მაგრამ თუ ჩვენც შევეგუებით და გავაგრძელებთ დუმილს, უკვე ვიცხოვრებთ „ნაციონალურ“ საგიჟეთში“ …“ნაციონალების“ საგიჟეთიდან „ნაციონალურ საგიჟეთამდე“ უმოკლესი მანძილია… ჩევნს ხელთ არის 6 თვე: 6 მაისიდან 23 ნოემბრამდე, ანუ გიორგობიდან გიორგობამდე, როცა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ „ნაციონალური“ კოშმარიდან.

სხვა მრავალ პრობლემათა შორის მნიშვნელოვანია სამი, რომელთა ერთ ფოკუსში მოქცევით, მხოლოდ ხელისუფლება ხეირობს:
პირველი – ეს გახლავთ რუსეთის პრეზიდენტ(ებ)ის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი დაელაპარაკებიან ყველა სხვას, მხოლოდ სააკაშვილს არა.
თითქოს ალოგიკურია, მაგრამ ასეთი რამ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და აი, რატომ: არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს ისეთი ხელისუფალი, რომელიც დაელაპარაკება რუსეთს. ძალიან ბევრ ქვეყანას არ აწყობს საქართველო – რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზება. ეს იცის სააკაშვილმა და შეგნებულად მიდის ავანტიურაზე თავის სასარგებლოდ და ქვეყნის საზიანოდ;
მეორე – მკრთალად, მაგრამ გაიელვა ახალი პოლიტიკური ლიდერების კერპად ქცევის ნიშნებმა. უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთს არ აწყობს ცოცხალი კერპები მომავალ ხელისუფლებაში და ისინი საქართველოში მხარს დაუჭერენ დემოკრატიის ერთ-ერთ ფუძემდებლურ მონაპოვარს – მომავალი თავისუფალ ადამიანშია;
მესამე – ქიშპობა რეალურ ოპოზიციაში, რასაც სამშობლოს დაღუპვაში არანაკლები ბრალი მიუძღვის, ვიდრე „ნაციონალების“ უკიდეგანო თარეშს.

ამბობენ: ღმერთი აერთებს – ეშმაკი ჰყოფსო.
ნურც ერთი პოლიტიკოსი ნუ შეასრულებს ამ მართლაც ეშმაკისეულ მისიას!

პოლიტიკოსებს კიდევ ერთი, მართალია ნაკლებად საშიში, მაგრამ მაინც სენი დაგვჩემდა. თითქმის ყველა დაუღლელად იმეორებს: „ მე ხომ ვთქვი“ , „მე რაც შევძელი – გავაკეთე“ , „ მე ადრეც ვიცოდი“ … თუ ვიცოდით, თუ ვამბობდით, თუ ყველაფერს ვაკეთებდით – ქვეყანა რატომ დაიქცა?

იმიტომ, რომ ვტყუით, როცა საკუთარ თავზე ვლაპარაკობთ. არ გვინდა ვაღიაროთ, რომ შევცდით, რომ რაღაც არ ვთქვით, რატომღაც ბოლომდე არ გავაკეთეთ, რაღაც სწორად ვერ ვიმოქმედეთ…

სარკეში ჩავიხედოთ, ბატონებო, სარკეში!

დრო ცოტაა, ძალიან ცოტა, სულ რაღაც 6 თვე.

„გიორგობიდან – გიორგობამდე“ – ეს არის ჩვენი დრო, დიდი ქართული დრო: ან ვმარცხდებით, როგორც ხალხი და ქვეყანა, ვრჩებით ქართული ცნობიერების გარეშე, ან ვიმარჯვებთ და ვადასტურებთ, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი მომავლის ქვეყანა ვართ…

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლის განსაკუთრებული ეტაპი: ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსების მიერ პასუხისმგებლობით ნათქვამი სიტყვა და ამ სიტყვის შესრულება.

„სახალხო კრება“ იყო და რჩება ერთიანობის სიმბოლოდ. მიუხედავად მასზე არნახული შეტევებისა, იგი არასდროს გახდება დაპირისპირებისა და დაყოფის ხელშემწყობი.

„სახალხო კრება“ ერთგულია მის მიერ ხალხისთვის მიცემული სიტყვის – ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე.
ჩვენ არ გავრიგდებით ხელისუფლებასთან, არ დავუშვებთ ასეთ საარჩევნო გარემოში არჩევნების ჩატარებას და არავის ვაპატიებთ არჩევნების გაყალბებას.

ასეთივე განწყობა აქვთ „სახალხო კრებასთან“ დაკავშირებულ პოლიტიკურ სუბიექტებსაც.

ილუზია ანგრევს, ოცნება აშენებს; ილუზია წარსულში ჩარჩენაა, ოცნება მომავალია მოქმედებაში; ილუზია კლავს პოლიტიკურ პროცესს, ოცნება აჩქარებს გარდაუვალ პროცესებს; ილუზია სოციალური დემაგოგიის საყრდენია, ის შიშს აძლიერებს, თავისუფლებას ებრძვის; ილუზიის დამკვიდრება ხელისუფლებისათვის არის ხალხზე გაბატონების, ხალხის ჩაგვრის და სკამის შენარჩუნების გახანგრძლივების მექანიზმი; ტრაგედია იქნება ილუზიის და ოცნების ერთმანეთში აღრევა და არევა, რისი ნიშნებიც რელიეფურად იკვეთება.
ოცნება და იმედი – სწორად და რეალურად გათვლილი პრაქტიკული მოქმედებებით უპირველესად პოლიტიკაში გონების დაბრუნებით (დღეს საქართველოში პოლიტიკურ პროცესს გონება აქვს დაკარგული და ეყრდნობა ემოციას) – ეს არის გზა თავისუფლებისაკენ, ნიჭის ზეობისაკენ, ქვეყნის სიძლიერისაკენ; ოცნება ჩვენ აგვაშენებინებს სახელმწიფოს, სადაც: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას წარმართავს ინტელექტი და ზნეობა.
ვიცით, რომ ამ წერილს ბევრი წაიკითხავს. ვიცით, გარკვეული მხარდაჭერა იქნება; ვიცით – იქნება ქილიკი, მაგრამ სათქმელი ყოველთვის უნდა ითქვას პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ბევრი დღეს იმით ამაყობს, რომ პოლიტიკის გარეთ დგას, რომ არჩევნებზე არ დადის და ამით პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ჯერ ერთი, პოლიტიკა თანამდებობებზე ზრუნვა არ არის. პოლიტიკა – ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთი აუცილებელი ფორმაა, თუ ეს ადამიანი თავს საზოგადოების წევრად მიიჩნევს. მეორეც, არჩევნებზე არმიმსვლელი, ეს არის ნამდვილი „ოქროს ფონდი“ ხელისუფლების ხელში. სწორედ მათი ხმები სრულად გადაედინება ხელისუფლების საარჩევნო ყულაბაში. სწორედ მათი ხმები, მართალია სხვა ათას უბედურებასთან ერთად ახანგრძლივებს მტარვალი ხელისუფლების ძალაუფლებას.

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს მისგანვე დევნილი მოსახლეობის ხმებს. მან კარები გააღო საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციისათვის მილიონნახევარი მოქალაქის გასასვლელად, რომელთაგან ერთი არ არის ამ ხელისუფლების მომხრე, მაგრამ, რომელთა ხმები ისე, რომ საარჩევნო ურნა თვალითაც არ უნახავთ წლების მანძილზე, გროვდება „ნაცების“ აქტივში. ვიმეორებთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაუძინებელ მოწინააღმდეგეთა ხმები, იმ ადამიანთა ხმები, რომლებიც გაწირეს უცხოეთში მონური შრომისათვის, რომელთა შვილებიც გაწირეს უდედო ბავშვობისათვის, რომელთა მეუღლეები გაწირეს ფრთამოტეხილი და გამწარებული სიბერისათვის. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობთ, შრომით მიგრანტთა შორის არ არის ამ ხელისუფლების მომხრე ერთი ნორმალურად მოაზროვნე ჩვენი თანამემამულე. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეგობრობა იმ ქვეყნების მთავრობებთან, სადაც განსაკუთრებით დიდია ქართველ მიგრანტთა ოდენობა, რათა ვიცოდეთ, სად რამდენია. თუმც, უნდა ვაღიაროთ მწარე სიმართლეც, რომ საქართველოს ხელისუფლების დაინტერესების გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყნის გარეთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ისინი კი ამას არასდროს გააკეთებენ, ვინაიდან ყველაფერი ჩაიდინეს რათა ჯერ ერთი, ქვეყნიდან მოეცილებინათ მილიონნახევარი უმუშევარი, ანუ საპროტესტო ელექტორატი, მეორეც – მათი ხმები თავად მიეტაცნათ და მესამეც – ყოველი მიგარნტის კმაყოფაზე საქართველოში დარჩენილ 3-4 კაცს თავი მეტნაკლებად კმაყოფილად ეგრძნო და არ ეაქტიურა მთავრობის წინააღმდეგ.

შეიძლება ამ წერილს ჰქონდეს საკამათო ფრაგმენტები და დამოკიდებული იყოს მკითხველის მსოფლმხედველობით მრწამსზე თუ პოლიტიკურ პოზიციაზე, მაგრამ როცა საქმე ეხება საარჩევნო ხმების ასე უსინდისო მიტაცებას, არათუ დუმილი, განგაშის ზარის შემოკვრაც კი არ არის საკმარისი. აქ ხალხის დაგუგუნებაა საჭირო, თან ისეთი დაგუგუნება, რომ კაცთმოძულე ხელისუფლება შეაჯანჯღაროს, თან ისე შეაჯანჯღაროს… ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალოს.

გვინდა მივმართოთ თანამემამულეს, ვისთანაც უტიფრად მივლენ საარჩევნო ხმის საყიდლად: ვინც ხმას ყიდულობს, ის ქვეყანას ყიდის; ვინც ხმას ყიდის, ყიდის ქვეყნის წარსულს, ყიდის მშობელთა ნამუსს, ყიდის შვილების მომავალს.

ხელისუფლება კადრულობს უკადრისს. მათ ავადმყოფურ ფანტაზიას უკვე არანაირი მორალი აღარ ზღუდავს. ამ დღეენში სააკაშვილმა თავისი „მოღვაწეობის“ შეფასებისას სიტყვასიტყვით ბრძანა: დავით აღმაშენებელმა შეძლო ამის გაკეთებაო“.

ბატონებო! დავით აღმაშენებელმა შეძლოო… რაც ჩვენ გავაკეთეთო…
ვისაც გადაჭარბებულად გეჩვენათ ჩვენი შეფასება „ნაციონალური სიგიჟის“ შესახებ, ამის შემდეგ რაღას იტყვით?

ჩვენ, „თეთრებმა“ – დავასრულეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზი. სახელწოდებით – „საქართველო დღეს“… გვაქვს მეცნიერული კვლევა იმისა, რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას და ვმუშაობთ მომავლის საქართველოს პროგრამაზე „საქართველო ხვალ“, რომლის პროექტსაც წარვუდგენთ „თეთრების“ კონგრესს ივნისის ბოლოს.

ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას სჭირდება არა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობს, არამედ ისეთი, რომელმაც იცის, რომ ქვეყანას სჭირდება მოქმედება ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე… ქვეყნის ბუნებრივი და გეოგრაფიული პოტენციალი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები კი მართლაც განსაკუთრებულია და ის ხელისუფლებაა საჭირო, რომელიც ამ პოტენციალს, რესურსებს, ქვეყნის შესაძლებლობებს მოქმედებაში მოიყვანს.

ჩვენ მივმართავთ ჩვენს მეგობრებს, ყველა დაინტერესებულ პიროვნებას, ყველას, მიუხედავად იმისა, რა განწყობა აქვს ჩვენდამი – ამ, ქვეყნისათვის საბედისწერო ჟამს დავადასტუროთ ჩვენი ერთიანობა საქართველოსათვის… პოლიტიკურად, ინტელექტუალურად, მორალურად დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ შეიქმნას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, შეიქმნას ქვეყნის მომავლის ძლიერი პროგრამა, შეიქმნას გუნდი, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს.

ასეთია ჩვენთვის ეს პერიოდი: გიორგობიდან გიორგობამდე.
გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებულ ანალიზებს, გთავაზობთ იმ მოსაზრებებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სამომავლოდ. გთავაზობთ თანამშრომლობას, გთავაზობთ გვერდზე გადავდოთ ამბიციები, დავივიწყოთ ურთიერთწყენა და გავერთიანდეთ საქართველოსთვის.

ღმერთმა ქნას, 6 მაისის გიორგობა გავანთავისუფლოთ პოლიციის დღის სახელდებისაგან და 23 ნოემბრის გიორგობა ვარდოსნურისაგან.

ღმერთმა ქნას, პოლიტიკოსებს წაგვერთვას ერთმანეთში ქიშპობის მომძლავრებული და დამანგრეველი ნიჭი, გვესწავლოს ერთად დგომა საქართველოსათვის!

ღმერთმა ქნას, 6 მაისიდან -23 ნოემბრამდე, გიორგობიდან – გიორგობამდე გადავდგათ რეალური ნაბიჯები საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისათვის, საქართველოში ისეთი ხელისუფლების არჩევისათვის, რომელიც ხალხს მოემსახურება, იბრძოლებს ქვეყნაში ნიჭის ძალაუფლებისათვის და, რაც მთავარია, რომელსაც ექნება ქართული ცნობიერება და სურვილი ქვეყანა მართოს არა გარედან თავსმოხვეული დოგმებით, არამედ ერის ბუნებიდან გამომდინარე…
ღმერთო, საქართველოს უმრავლე შურსა და მტრობაზე ამაღლებული პოლიტიკოსები….პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან… პოლიტიკოსები,რომლებიც კი არ ყოფენ ხალხს და ქვეყანას, არამედ აერთებე ,სიყვარულს აძლიერებენ ხალხში და ქვეყანაში!

ერთად, გიორგობიდან – გიორგობისაკენ.

თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 6 მაისი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *