პოლიტიკური ბრძოლის ახალი ეტაპი

 

gerbi1დამოუკიდებელ საქართველოში მოქკავშირ-აღორძინება – ნაციონალების ხელისუფლება ორი ათწლეულია უწყვეტად და ერთმმართველურად განაგებს ქვეყნის ბედ-იღბალს, ეკონომიკას, ფინანსებს, უძრავ და მოძრავ ეროვნულ სიმდიდრეს.

მოქკავშირ-აღორძინება-ნაციონალების მმართველი მონსტრი დაემსგავსა სამთავიან პოლიტიკურ ჰიდრას, რომლის სხეულზე ამოდის ყოველივე ქართულის შემმუსვრელი ახალ-ახალი თავები.

20 წლის მანძილზე ამ სამი პარტიული დროშის ქვეშ მდგომი იდეოლოგიურად უცვლელი მმართველი ბირთვი სისტემატური ავანტურიზმით ცდილობს შეინარჩუნოს სახელმწიფო-აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი.
ავანტურიზმი გახდა მმართველი პოლიტიკური ძალის შინაგანი მოთხოვნილება, მუშაობის სტილი, სახელმწიფოებრივი საქმიანობის მახასიათებელი, პოლიტიკური ნების არსი და გამოხატვის მეთოდი.

სახელმწიფო ავანტურის კასკადი სათავეს იღებს 1992 წლიდან და უწყვეტად გრძელდება დღემდე. აი, მხოლოდ რამდენიმე მათგანი:
– 1992-1993 წლები – მმართველი პოლიტიკური ძალის ძირითადი დევიზი გახლდათ „სტაბილურობა“ . ხალხს კარგად ახსოვს რეალურად რა სტაბილიზაციაც მივიღეთ;
– 1995 წელი – მთავარი დევიზი „მილიონი სამუშაო ადგილი“ . ქვეყნის თითოეულმა ოჯახმა თავის თავზე იწვნია ამ დევიზის განხორციელების ხარისხის შედეგები;
– 1995-1996 წლები – მმართველთა მესიჯი : „სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ“. მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადა ამ კეთილდღეობის ყველა სიკეთე;
– 2003 წელი – „ახალმა“ ხელისუფალმა გამოაცხადა, რომ არავითარი „სტაბილურობა“ , „მილიონი სამუშაო ადგილი“ და „კეთილდღეობა“ არ არსებობდა. თითქოს თავად არ იყო ამ ლოზუნგების დროს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი;
– 2004 წელი – მორიგი მესიჯი: „საქართველო სიღარიბის გარეშე“ ქვეყანას შემოუბრუნდა პროდუქტების, გადასახადების და საერთოდ ცხოვრების არნახული გაძვირებით, როცა მოქალაქეთა 80% ვერ იღებს სიცოცხლისათვის აუცილებელი კალორიების ნახევარს, აღარაფერს ვამბობთ სხვა მატერიალურ სიკეთეთა მიღებაზე და სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე;
– 2012 წელი – ახალი, იმედია უკანასკნელი მესიჯი „ნაციონალებისაგან“: „მეტი სარგებელი ხალხს“ – თითქოს მთავრობისაგან სარგებლის რაღაც დონე უკვე გააჩნდა ქვეყნის მრავალტანჯულ მოსახლეობას.

ვინც საღად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, დაგვეთანხმება, რომ ახლო წარსულის ეს ფრაგმენტული რეტროსპექტივაც კი ცხადად უჩვენებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ავანტურისტულ სულს.

თუ 90-იან წლებში ურთიერთს მოჩვენებით უპირისპირდებოდა მმართველთა ორი ავანტურისტული ჯგუფი: მოქკავშირისა და აღორძინებისა. 2012 წელს ასეთ ავანტურისტულ მმართველ ძალას დაუპირისპირდა სრულიად ახალი , რაც მთავარია, რეალურ საქმეთა მკეთებელი და რეალურად მოაზროვნე პოლიტიკური ლიდერი – ხალხისგან შერჩეული და აღიარებული ფიგურა, რომელსაც არ გააჩნია ავანტურისტული და ამბიციური ზრახვები, მოდელირებული უკუღმართობებისაკენ სწრაფვა და ძალუძს ქვეყანა დააბრუნოს ნორმალურ ცხოვრების ჩარჩოებში.

„ნაციონალების“ ავანტურისტული სული კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბატონ ივანიშვილის წარდგენილ, რეალურად გათვლილ ბიუჯეტს დაუპირისპირა გაცილებით მეტი, 4 მილიარდიანი ბიუჯეტი – ყოველგვარი რეალური გაანგარიშებისა და პროგრამების გარეშე, ან, თუ რეალურია, აქამდე სად იყვნენ?

„ნაციონალების“ ავანტურისტული ბუნების ნათელი მაგალითია ამჟამინდელი წინასაარჩევნო მესიჯები სოფლის, განათლების, ჯანდაცვის დაჩქარებული ტემპებით განვითარების შემდეგ.

ძალიან საშიში ავანტურისტული ნაბიჯია ინიციატივა იმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებისა, რომლებიც ერთი წელი იმსახურებენ ჯარში. ჯერ ერთი, უმაღლეს სასწავლებლებში დაირღვევა გენდერული ბალანსი, მეორეც – რეალურად ქვეყანას არ გააჩნია საამისო ფინანსები და მესამე, ყველაზე დამაფიქრებელი – პრეზიდენტი იწყებს ქვეყნის გამალებულ მილიტარიზაციას (!)

ხელისუფლების შავბნელი ზრახვების და შავი ავანტურის უკანასკნელი გამოვლენაა ბნელით მოცული სისხლიანი ტრაგედია საქართველო – დაღესტნის საზღვართან. ქისტი და სხვა ჩრდილო კავკასიელი ძმების სისხლი სად და როდის იყივლებს, არავინ იცის. ხელისუფლებამ უბრალო ქართველი მოქალაქე დააყენა ძალიან მძიმე სამომავლო დარტყმის საშიშროების წინაშე.

ქვეყანა ავანტურის ცეცხლშია გახვეული და დიდი იმედი გვაქვს მას ჩააქრობს კაცი, რომელმაც გვითხრა: მაცადეთ, მე დავამთავრებ, ხელს ნუ მიშლითო.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ. ამის ერთი მაგალითია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობიდან ჩვენი პერსონის მოხსნა „ოცნების“ კანდიდატის, ბატონ გუბაზ სანიკიძის სასარგებლოდ. მან იცის, როგორ მიყვარს მე ქუთაისი. მე ვიცი, როგორ უყვარს და პატივს სცემს ის ქუთაისს. ჩვენი დაპირისპირებით კი გაიმარჯვებდა ძალა, რომელსაც ქუთაისი კი არ უყვარს, ქუთაისი სჭირდება. მე ამ ნაბიჯის განზრახულობის შესახებ კარგა ხნის წინ დავბეჭდე პრესაში. ოდნავ კი მწყდება გული, რომ გუბაზისაგან გამოხმაურება არ იყო, მაგრამ არა მხოლოდ ვუსურვებ გამარჯვებას, არამედ ყველაფერს გაავკეთებ მისი წარმატებისათვის ჩვენს მშობლიურ ქალაქში, თუმც, ეჭვი მეპარება, გუბაზი ასე მოქცეულიყო.

გულახდილად და პირდაპირ ვიტყვი : ქუთაისში და საქართველოში მთლიანად ყველამ კარგად იცის, კარგად იციან ყოფილმა და ახლანდელმა პრეზიდენტებმა, რომ ქუთაისში თუ ვინმეს სიკეთის გაკეთება შეუძლია, ერთი პირველთაგანი ვარ, მაგრამ ამჯერად ამ ნაბიჯს ამართლებს საერთო-სახალხო განწყობა, პოლიტიკური მომენტი, პოლიტიკოსის წინჭვრეტა.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ხელისუფლებისადმი წაყენებულ ბატონი ბიძინას 6 -პუნქტიან მოთხოვნაში ველოდით იქნებოდა მოთხოვნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის 50%-იანი ბარიერის თაობაზე. ეს სულ სხვა ხარისხში აიყვანდა საარჩევნო პროცესს და გაცილებით რეალურს გახდიდა ყველა საარჩევნო ოლქში ყველაზე ღირსეულის გამარჯვებას. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი საარჩევნო პროცესიდან გასვლისა, ესეც გახლდათ .

არ დავმალავ, კიდევ ერთი მიზეზი ამ ნაბიჯისა გახლავთ ჩვენში პოლიტიკური პარტნიორობის დაბალი კულტურა. იმედს ვიტოვებთ, დროთა განმავლობაში დაიხვეწება როგორც პოლიტიკური სპექტრი საზოგადოდ, ისე ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა. იმედია, დადგება დრო, როდესაც დიდი ჰენრი ფორდის მსგავსად, ჩვენც სიამაყით ვიტყვით: „ჯენტლმენები თანხმდებიან მხოლოდ ერთხელ.“

ჩვენ მომხრე ვართ დაბალანსებული პოლიტიკის, მაგრამ ერთი კაცი ამბობს:“მაცადეთ, ხელს ნუ მიშლით, მე დავამთავრებ „ნაციონალურ მოძრაობას“ – ო“ ჩვენ ვპასუხობთ: „ჩვენ გვიყვარს ქვეყანა და ხელს არ შეგიშლით, რადგან ასეთ დროს ხელის შეშლა არის ძალიან ცუდი რამ. ჩვენ გავდივართ საარჩევნო მარათონიდან და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართულ ძალებს მხარს ვუჭერთ სრულიად საქარველოში, ყველა საარჩევნო ოლქში, მხოლოდ ერთი მოკრძალებული,მაგრამ აუცილებელი წინადადებით: საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დაერთოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ამ წინადადებისა და განხორციელების გარეშე ჩვენ ვერ მოვიღებთ საქართველოს ხელისუფლებას „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების გარეშე. ჩვენ კაპიტალურ მეცნიერულ შრომებზე დაყრდნობით ვაცხადებთ: „ნაცმოძრაობა“ გახლავთ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კონგლომერატი, რომელსაც ბრალი მიუძღვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდში. ამდენად, მისი დარჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე არის დანაშაული, ხოლო ამ პროცესის ხელისშმეწყობი იქნება ამ დანაშაულის თანამონაწილე.

ძნელია, საკუთარ ხალხს ებრძოლო ისე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.
ძნელია, ხელისუფლების განმტკიცებას ხელი შეუწყო ისე, როგორც ამას აკეთებს ქართული ოპოზიცია.
ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, ამიტომაც ვიმეორებთ ასე ჯიუტად: უნდა დამთავრდეს მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობის და მათი სატელიტების თავაშვებული , ქვეყნის დამღუპველი თარეში საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ვისაც ოდნავ გადაჭარბებულად ეჩვენება ჩვენი ეს შეფასება და მოთხოვნა, გადაიკითხოს ნაცმოძრაობის მაჟორიტარ დეპუტატთა სიის პირველი 10-15 გვარი. ისინი პარლამენტში კვლავაც დიდ უბედურებას თუ მოუტანენ ქვეყანას, სიკეთეს – ნამდვილად არა.

ჩვენ გავდივართ არჩევნებიდან, მაგრამ ვრჩებით საარჩევნო პროცესში და გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებთ ნაცისტური მონსტრის წინააღმდეგ.

ჩვენ ასე უფრო მეტი ძალების და საშუალებების მობილიზებას შევძლებთ „თეთრების“ ახალგაზრდა პარტიის ასაშენებლად, „სახალხო კრების“ საქმიანობაში ღირსეული წვლილის შესატანად, ქართული პრიორიტეტების ცხოვრებაში განსახორციელებლად.

ჩვენთვის დღეს ქართული პრიორიტეტებია:
ბრძოლა მამულისათვის
ბრძოლა დემოკრატიისათვის
ბრძოლა შიმშილის დამარცხებისათვის
ბრძოლა ღირსეული საქართველოსათვის

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *