ხალხმა დაასრულა კოჰაბიტაციაც  და დამნაშავე პარტიის პარპაშიც,      ბუნებრივად  ხდება  მთავარი ოპოზიციური ძალა და იწყებს დიდ დემოკრატიულ პროცესს

559590_365024490206696_179464836_n (1)

 

„თეთრების“ განსაკუთრებული პოზიცია

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებით გაივსო საინფორმაციო სივრცე. სამწუხაროა, რომ  ბევრი პარტია, პოლიტიკოსი,  არასამთავრობო ორგანიზაცია,  ჩვენი  ე.წ.  „მეგობრები“  ყოველდღიურად იცვლიან პოზიციას, რასაც აქტიურად  იყენებენ  „ხალხსა და დემოკრატიაზე მოფიქრალი“ ჟურნალისტები და ხდება  პოლიტიკური პროცესის ხელოვნური რადიკალიზაცია.

ჩვენ, „თეთრები“, პოზიციას არ ვიცვლით და იგი ეყრდნობა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის მთელი შემდგომი პერიოდის პოლიტიკური პროცესის მეცნიერულ ანალიზს.

ყალბმა ეროვნულმა პათოსმა, დემოკრატიის თამაშმა, სოციალურმა დემაგოგიამ და პოლიტიკურმა კორუფციამ, ბოლოს კოჰაბიტაციამ  ხალხის  ყოფა გაუსაძლისი გახადა.  ქვეყანაში, როგორც იტყვიან პოლიტიკოსები , მათი ოჯახები და მათ მიერ მხარდაჭერილი ბიზნესმენები და ახლობლები ცხოვრობენ, დანარჩენები კი მხოლოდ არსებობისთვის იბრძვიან.

ამ უაზრო პოლიტიკით დაღლილმა ხალხმა ხმამაღლა თქვა, რომ იგია ქვეყნის ბატონ-პატრონი   და ასე ცხოვრება  აღარ შეიძლება. ეს გამოიხატა არჩევნებზე არმისვლითაც და  არჩევნებზე მისვლის შედეგებითაც. 

ანალიზი ზედაპირზე დევს. ამ არჩევნებს არ ჰყავს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა. (თუნდაც მივიდა, რომ ნახევარზე მეტმა საჭიროდ არ ჩათვალა საარჩევნო ყუთთან მისვლა).  არჩევნების შედეგებით, ხალხმა უარი უთხრა კოჰაბიტაციას და გამოხატა ნება, საბოლოოდ დასრულდეს დამნაშავე პოლიტიკური პარტიის „ნაცმოძრაობის“ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ანუ ხალხმა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო წინა არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“ .

ვთქვათ პირდაპირ: ამ არჩევნებით,  შესაძლებელია  და ასეც უნდა მოხდეს,   გამარჯვებული აღმოჩნდეს ხალხი და ქვეყანა. ეს შანსი ხალხმა ნამდვილად აღარ უნდა გავუშვათ ხელიდან და არ ავყვეთ დამნაშავე პოლიტიკური ძალისა და მათ მიერ დაქირავებული ხალხის პროვოკაციებს, რომლებიც  დემოკრატიის საბაბით  ცდილობენ კიდევ ერთხელ მიაყენონ შეურაცხყოფა ქვეყანას იმით, რომ  დამნაშავენი პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას ინარჩუნებდნენ. ვისაც ოდნავ ღირსება გაგვაჩნია, უნდა გავანობიეროთ ამ ეტაპის პასუხისმგებლობა და მივიდეთ არჩევნებზე , რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, 500 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა (დარწმუნებული ვართ, ამათგან ბევრი გადახედავს თავის პირველ გადაწყვეტილებას).

სწორედ ამ არჩევნებით შეიძლება დიდი დემოკრატიული პროცესის დაწყება საქართველოში.  

რა შეიძლება იყოს არჩევნების საბოლოო შედეგი?

რეალურია და შესაძლებელი,  ამ არჩევნებმა დაასრულოსქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, როცა ყველა პარტია და პოლიტიკოსი მართალია, ყველა  კარგად მუშაობს და ქვეყანა კი უმძიმეს პრობლემებში შედის. 

ჩვენ არჩევნების დასაწყისშივე ვთქვით, რომ ქვეყნისთვის ერთნაირად დამღუპველია ერთპარტიულობაც და მულტიპარტიულობაც.  ყველაზე მისაღებად ქვეყნის განვითარებისათვის,  ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა მიგვაჩნია   ძლიერი პარტიული პრეზიდენტით,  ძირითადში ორპარტიული  და საკანონმდებლო ორგანოს ორპალატიანი სისტემით და პრაქტიკულად, აბსოლუტურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით.

ამ არჩევნებმა ამ სისტემაზე გადასვლის კარგი პირობები შექმნა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მეორე ტური.

ჩვენი პოზიცია კატეგორიულია.  ამ ეტაპზე, ქვეყნისთვის, სასურველზე სასურველია. დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდეს ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედების არავითარი იურიდიული ინსტრუმენტი, კონსტიტუციული უმრავლესობა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ , (სწორედ ამიტომ  არ მიიღო პარტია „თეთრებმა“ არჩევნებში მონაწილეობა და მოვუწოდეთ ხალხს, რაც შეიძლება მეტი ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“)  რომ  ხალხმა იცოდეს, დამთავრდა ეპოქა , როცა ედუარდ შევარდნაძით დაწყებული, სააკაშვილით გაგრძელებული და ბატონ ივანიშვილით დამთავრებული, ქვეყნის პრობლემების გადაუწყვეტლობას იმით  გვიხსნიდნენ, რომ ისინი მარტონი არ არიან, კანონების მიღებაც და საკადრო პოლიტიკაც  ვაჭრობით ხდება, რომ სრულად ვერ ატარებენ ეფექტურ პოლიტიკას.

ხალხმა ამ არჩევნებით, სწორედ დიდი დემოკრატიული პროცესის დაწყებისათვის, სრული პოლიტიკური პაკეტი უნდა ჩააბაროს „ქართულ ოცნებას“ , რომელმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე უნდა შეძლოს ის, რომ მოქმედებაში იქნას მოყვანილი ქვეყნის ინტელექტუალური, ეკონომიკური, ბუნებრივი და გეოგრაფიული პოტენციალი, რომ ქვეყანაში დასრულდეს მონოპოლიზმი (პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც, საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა სფეროში საერთოდ) დამკვიდრდეს კონკურენტული გარემო, კონკურენცია საერთოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანა უნდა იმართებოდეს არა გარედან კარნახით, არამეც, ერის ბუნებიდან გამომდინარე.  

ხდება  უნიკალური რამ, რისადმიც ყველანი უნდა ვიყოთ პატივისცემით: ქვეყანაში ბუნებრივად ხალხი ხდება მთავარი ოპოზიციური ძალა.  ხალხი,  სწორედ ხალხი უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ ხელისუფლებას  არც დაპირებების შეუსრულებლობა და არც დემოკრატიულ ფასეულობათა დარღვევა აპატიოს.

ეხლა გამოჩნდება, ვინ ვინ არის ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც  და  ვის რა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გააჩნია ქვეყნისა და მისი მომავლისათვის.

ეხლა გამოჩნდება, მეცნიერის, კულტურის მოღვაწის, ინტელიგენციის საერთოდ,  პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის საშუალებების პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე. სწორედ მათ არ უნდა მისცენ კონსტიტუციური უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ძალას არც კონსტიტუციის შეურაცხყოფის და არც ძალაუფლების უზურპაციის უფლება. ხალხს ამისათვის დიდ საშუალებას აძლევს ის, რომ პრაქტიკულად წელიწადნახევრის განმავლობაში საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნებია.

ქვეყანაში იწყება უაღრესად საინტერესო პოლიტიკური და სამართლიანობის აღდგენის რეალური პროცესი  და ეს დამოკიდებულია როგორც ხელისუფლების, ასევე ხალხის პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ დღემდე არსებული პოლიტიკური კინკლაობა და დაპირისპირება შეიცვალოს თანამშრომლობის ჰარმონიზაციით.

დღეს ქევყანაში პოლიტიკური პარტიებისა და თვითმარქვია პოლიტიკოსების დრო კი არა, სახელმწიფო კაცების დროა. როგორც ამას ილია ჭავჭავაძე იტყოდა, სახელმწიფო კაცი კი შეიძლება იყოს პოლიტიკოსიც და  ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანიც.

ჩვენ ვიქნებით ბედნიერი, თუ ამ ოთხი საპარლამენტო წლის შედეგი იქნება კარგად მომართული ქვეყანა – კონკურენტული გარემოთი და დაცული ადამიანით. სამომავლოდ გამოკვეთილი ორი ძლიერი პარტიით (ძირითადში მაინც).

  იქნება თუ არა ამ ორიდან ერთ-ერთი „ქართული ოცნება“, ეს ძალიან  ძნელი სათქმელია, მაგრამ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის  დალეწავს პოლიტიკურ საზღვრებს და გამოიყენებს იმ უდიდეს ინტელექტუალურ პოტენციალს (მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა), რომელიც საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ  ჩვენი თანამემამულეების სახით.

ვეჭვობ, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი იყოს ამ საარჩევნო პროცესის მონაწილე, თუნდაც ქვეყანაში რეგისტრირებული რომელიმე პოლიტიკური ძალა.  სრულიად სხვა პოლიტიკური კონფიგურაციის ძალები სჭირდება ქვეყანას და მის მომავალს.  ამ ოთხმა წელმა ეს უნდა გამოკვეთოს.

 ამ ოთხმა წელმა უნდა დაასრულოს იმ უნიკალური პრინციპის დამკვიდრება, რომელიც „ეროვნული კრებისათვის“ მზადებისას  გამოიკვეთა, ჯერ კიდევ 2006 წელს და მთავარ პრინციპად აქცია მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“:

„ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს და მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა“

 

პარტია „თეთრების“ სახელით

თავმჯდომარე

 თემურ შაშიაშვილი

19.10.2016წ

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *