Aut caesar, aut nihil

ანუ, ან ყველაფერი, ან არაფერი.

  • ხელისუფლება თვლის, რომ მას ეკუთვნის ყველაფერი. ჩვენ ვთვლით, რომ მას არ ეკუთვნის არაფერი.
  • პოლიტიკური მუცელღორობის სენმა მოიცვა ქვეყანა.
  • ავანტიურათა კასკადი

დამოუკიდებელ საქართველოში მოქკავშირ-აღორძინება – ნაციონალების ხელისუფლება ორი ათწლეულია უწყვეტად და ერთმმართველურად განაგებს ქვეყნის ბედ-იღბალს, ეკონომიკას, ფინანსებს, უძრავ და მოძრავ ეროვნულ სიმდიდრეს.

მოქკავშირ-აღორძინება-ნაციონალების მმართველი მონსტრი დაემსგავსა სამთავიან პოლიტიკურ ჰიდრას, რომლის სხეულზე ამოდის ყოველივე ქართულის შემმუსვრელი ახალ-ახალი თავები.

20 წლის მანძილზე ამ სამი პარტიული დროშის ქვეშ მდგომი იდეოლოგიურად უცვლელი მმართველი ბირთვი სისტემატური ავანტურიზმით ცდილობს შეინარჩუნოს სახელმწიფო-აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი.
ავანტურიზმი გახდა მმართველი პოლიტიკური ძალის შინაგანი მოთხოვნილება, მუშაობის სტილი, სახელმწიფოებრივი საქმიანობის მახასიათებელი, პოლიტიკური ნების არსი და გამოხატვის მეთოდი.

სახელმწიფო ავანტურის კასკადი სათავეს იღებს 1992 წლიდან და უწყვეტად გრძელდება დღემდე. აი, მხოლოდ რამდენიმე მათგანი:
– 1992-1993 წლები – მმართველი პოლიტიკური ძალის ძირითადი დევიზი გახლდათ „სტაბილურობა“ . ხალხს კარგად ახსოვს რეალურად რა სტაბილიზაციაც მივიღეთ;
– 1995 წელი – მთავარი დევიზი „მილიონი სამუშაო ადგილი“ . ქვეყნის თითოეულმა ოჯახმა თავის თავზე იწვნია ამ დევიზის განხორციელების ხარისხის შედეგები;
– 1995-1996 წლები – მმართველთა მესიჯი : „სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ“. მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოცადა ამ კეთილდღეობის ყველა სიკეთე;
– 2003 წელი – „ახალმა“ ხელისუფალმა გამოაცხადა, რომ არავითარი „სტაბილურობა“ , „მილიონი სამუშაო ადგილი“ და „კეთილდღეობა“ არ არსებობდა. თითქოს თავად არ იყო ამ ლოზუნგების დროს მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელი, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი;
– 2004 წელი – მორიგი მესიჯი: „საქართველო სიღარიბის გარეშე“ ქვეყანას შემოუბრუნდა პროდუქტების, გადასახადების და საერთოდ ცხოვრების არნახული გაძვირებით, როცა მოქალაქეთა 80% ვერ იღებს სიცოცხლისათვის აუცილებელი კალორიების ნახევარს, აღარაფერს ვამბობთ სხვა მატერიალურ სიკეთეთა მიღებაზე და სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე;
– 2012 წელი – ახალი, იმედია უკანასკნელი მესიჯი „ნაციონალებისაგან“: „მეტი სარგებელი ხალხს“ – თითქოს მთავრობისაგან სარგებლის რაღაც დონე უკვე გააჩნდა ქვეყნის მრავალტანჯულ მოსახლეობას.

ავანტიურა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში

ვინც საღად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, დაგვეთანხმება, რომ ახლო წარსულის ეს ფრაგმენტული რეტროსპექტივაც კი ცხადად უჩვენებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ავანტურისტულ სულს.

თუ 90-იან წლებში ურთიერთს მოჩვენებით უპირისპირდებოდა მმართველთა ორი ავანტურისტული ჯგუფი: მოქკავშირისა და აღორძინებისა. 2012 წელს ასეთ ავანტურისტულ მმართველ ძალას დაუპირისპირდა სრულიად ახალი , რაც მთავარია, რეალურ საქმეთა მკეთებელი და რეალურად მოაზროვნე პოლიტიკური ლიდერი – ხალხისგან შერჩეული და აღიარებული ფიგურა, რომელსაც არ გააჩნია ავანტურისტული და ამბიციური ზრახვები, მოდელირებული უკუღმართობებისაკენ სწრაფვა და ძალუძს ქვეყანა დააბრუნოს ნორმალურ ცხოვრების ჩარჩოებში.

„ნაციონალების“ ავანტურისტული სული კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ბატონ ივანიშვილის წარდგენილ, რეალურად გათვლილ ბიუჯეტს დაუპირისპირა გაცილებით მეტი, 4 მილიარდიანი ბიუჯეტი – ყოველგვარი რეალური გაანგარიშებისა და პროგრამების გარეშე, ან, თუ რეალურია, აქამდე სად იყვნენ?

„ნაციონალების“ ავანტურისტული ბუნების ნათელი მაგალითია ამჟამინდელი წინასაარჩევნო მესიჯები სოფლის, განათლების, ჯანდაცვის დაჩქარებული ტემპებით განვითარების შემდეგ.

ძალიან საშიში ავანტურისტული ნაბიჯია ინიციატივა იმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებისა, რომლებიც ერთი წელი იმსახურებენ ჯარში. ჯერ ერთი, უმაღლეს სასწავლებლებში დაირღვევა გენდერული ბალანსი, მეორეც – რეალურად ქვეყანას არ გააჩნია საამისო ფინანსები და მესამე, ყველაზე დამაფიქრებელი – პრეზიდენტი იწყებს ქვეყნის გამალებულ მილიტარიზაციას (!)

ხელისუფლების შავბნელი ზრახვების და შავი ავანტურის უკანასკნელი გამოვლენაა ბნელით მოცული სისხლიანი ტრაგედია საქართველო – დაღესტნის საზღვართან. ქისტი და სხვა ჩრდილო კავკასიელი ძმების სისხლი სად და როდის იყივლებს, არავინ იცის. ხელისუფლებამ უბრალო ქართველი მოქალაქე დააყენა ძალიან მძიმე სამომავლო დარტყმის საშიშროების წინაშე.

ვითომპოლიტიკოსთა დერბი

პოლიტიკოსი გახდა ყველა, ვინაც დააგროვა საკმაო თანხა წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად; ყველა, ვინც თავის დამდაბლების ფასად შეძლო გამხდარიყო დროებით აღზევებულის ფეხის ტილო; ყველა, ვინაც შეძლო დაევიწყებინა (შეიძლება არც ჰქონდა და რას დაივიწყებდა(?!) საკუთარი პოლიტიკური მრწამსი, განვლილი გზა, მეგობრები, თანამებრძოლები; ყველა, ვისაც შეეშინდა უწესო გზით დაგროვილი ქონების დაკარგვა და გაპოლიტიკოსობით ცდილობს უმფარველოს ავად ნაშოვნს; ყველა, ვინაც ბოლო 10-15 წლეულში ჩაიდინა უპატიებელი პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ერისა და სახელმწიფოს წინაშე, დღეს კი სურს პასუხისმგებლობას გაექცეს, თავი დეპუტატის იმუნიტეტს შეაფაროს; ყველა, ვინც მმართველი პარტიისადმი გუნდრუკის კმევით, თუ ცრუ ოპოზიციონერობით და მშობლიური ტელევიზიების ლოცვა-კურთხევით ატყუილებს აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფ ალალ გლეხსა და პატიოსან მუშას.

ქვეყანაში პოლიტიკური სიძულვილის, პოლიტიკური სიცრუის, პოლიტიკური ორპირობის თარეშია. ყოველივე ამან ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ აქა-იქ შემორჩენილი ყველაზე გამოცდილი და მრავლისმნახველი, მაგრამ პატიოსანი და ზნეობრივი პოლიტიკოსებიც კი მხრებს იჩეჩენ და ჩაფიქრებულნი შესცქერიან ქვეყნის მომავალს.

ჩვენ, თეთრები“

ჩვენ, „თეთრები“ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უაღრესი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ სიტყვას, ვინაიდან პარტია ძირითადად წარმოადგენს ინტელექტუალთა გაერთიანებას, რომელიც პოლიტიკური ძალიდან პოლიტიკურ პარტიად გარდაისახა სულ რამდენიმე თვის წინ. მიმდინარე წლის 7 აპრილის შემდგომ პერიოდში 5 ათასი პატრიოტულად მოაზროვნე ახალი წევრით შეივსო. პარტია შედგა, მაგრამ ხელისუფლებისაგან შექმნილმა ბარიერებმა განაპირობა სერიოზული ფინანსური სიძნელეები, რომელთა გამო დაბრკოლდა რეგიონებში პირველადი ორგანიზაციების ქსელის შექმნა, რაც აუცილებელია არჩევნებში წარმატებული მონაწილეობისათვის. მიუხედავად ამ მეტად მნიშვნელოვანი ბარიერისა, ჩვენ მოვამზადეთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის სრული და მაღალმეცნიერული ანალიზი, რომლის საფუძველზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროგრამაზე „საქართველო ხვალ“ .

ჩევნ საქართველოს მომავალს ვხედავთ განვითარების იმ მოდელში, რომლითაც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები, ანუ კონვერგენციის თეორიის პრაქტიკულ გამხორციელებაში. უფრო გასაგები ენით რომ ვთქვათ, პრაქტიკაში უნდა ერთმანეთს შეერწყას კაპიტალიზმის უმთავრესი პრინციპი – კონკურენტული გარემო და სოციალიზმის უმთვრესი პრინციპი – დაცული ადამიანი. ჩვენ პირველის უზრუნველყოფა შეგვიძლია, თუ იქნება პოლიტიკური ნება, ხოლო მეორესი – საკმაო გამოცდილება გაგვაჩნია.

დღეს კი, ისე, როგორც მთლიანად ჩვენი სამშობლო, თეთრების პარტია უმძიმეს მდგომარეობაშია: არ არის ფინანსები, შედეგად, არ არის განშტოებული ორგანიზაციული სტრუქტურა. ერთის მოზიდვას და მეორის მშენებლობას გარკვეული დრო სჭირდება, რათა მძლავრად შევიდეთ პოლიტიკაში და დავიცვათ ჩვენი პოლიტიკური ხაზი. ყოველგვარ მექანიკურ გაერთიანებას კი დიდი დღე არ უწერია, თუ არ არის განმტკიცებული ერთობლივი იდეოლოგიური საფუძვლითა და ერთობლივი პლათფორმისათვის აუცილებელი სხვა კომპონენტები. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტნიორებთან და იმედია, გარკვეულ ეტაპზე მივაღწევთ ისეთ სიძლიერეს, როცა შევძლებთ არჩევნებში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას – დღეს ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო ბატალიებში ჩაბმაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს თუნდაც ერთი წუთით პოლიტიკური ბრძოლიდან გასვლას.
ჩვენი ნაბიჯით ვამბობთ: ფარით ან ფარზე; ჩვენ ან გავიმარჯვებთ, ან შევეწირებით.

მიუღებელს ვერ მივიღებთ

– ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი მექანიკური გაერთიანება;
– ჩვენთვის მიუღებელია კონიუნკტურული მოსაზრებების გამო პრინციპების ღალატი და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენშიც ჩამოყალიბდება პოლიტიკური პარტნიორობის და ურთიერთპატივისცემის ის კულტურა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობებისათვის;
– ჩვენთვის მიუღებელია ორიენტაცია მხოლოდ რუსეთზე, ან ამერიკაზე და შესაბამისად ლანძღვა მხოლოდ ამერიკის, ან რუსეთის;
– ჩვენთვის მიუღებელია როგორც უარი ნატოზე, ისე ნატოში შესასვლელად ხვეწნა-მუდარა და თავის მოტყუება.

მაშინ, როდესაც ნატოს წესდებით, მისი წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ დემოკრატიული და საგარეო პოლიტიკაში პრობლემების არმქონე სახელმწიფო, მასში საქართველოს შესვლა მეტად შორეული და გაურკვეველი პერსპექტივაა, ისევე, როგორც ბუნდოვანია თავად ნატოს მომავალი. დღეს კი მისი დახმარება და თანადგომა აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ამდენად, მხოლოდ ნატოზე, ან მის წინააღმდეგ ორიენტირება პოლიტიკური თვალთმაქცობაა.

ბელადომანიის ავი სენი

ქვეყანაში, სადაც პოლიტიზირებულია ელექტროენერგიაც, ნაგავიც, მოსკოვიც, ვაშინგტონიც, ნატოც, გასაკვირი არ უნდა იყოს ისეთი მახინჯი მოვლენა, როგორიცაა მინი-ბელადების ტირაჟირების საშინელი ტემპი. წინასაარჩევნო გამოსვლები ტოვებენ არა სამშობლოს ბედზე ჩაფიქრებულთა, არამედ კლონირებულ ჯუჯა ბელადუნების შეჯიბრის ამაზრზენ შთაბეჭდილებას. დროა დამთავრდეს ყოველგვარი „ისტობა“ და მესიანიზმი. ქვეყანა ითხოვს საქმისათვის შეწირულ პოლიტიკოსებს და არა მათდამი გაუგებარ თაყვანისცემას, ბრმა მორჩლებას, უპირობო ქედის მოხრას.

ჩვენში სიტყვა „პოლიტიკოსი“ ლამის სალანძღავ სიტყვად იქცა სწორედ არაპოლიტიკოსთა – თავის საქმეში ხელმოცარულთა, ბიზნესის უზნეო გზებით დამცველთა, თავის თავზე ნარცისისებურად შეყვარებულთა, სხვადასხვა უზნეო გზებით დროებით ამოტივტივებულთა წყალობით.

ქართული ჯიშისა და ჯილაგის პოლიტიკოსნი იმპერიებს მართავდნენ, ორჯერ შექმნეს ზესახელმწიფო, მათზე იწერება სამეცნიერო შრომებისა და მხატვრული ნაწარმოებების მთელი ბიბლიოთეკები, მათზე დღესაც იღებენ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, მათ აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებენ მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები და ხელოვანები. მხოლოდ ჩვენშია მათი დაუნოდბელი ლანძღვა-გინება, უნამუსოდ დაკნინება, რათა თავად კაცებად წარმოადგინონ თავი კაცუნებმა. თუმც ეს მსოფლმხედველობითი საკითხია და შეიძლება ყველას თავისი აზრი ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეხებით დიდ თანამემამულეთა გენურ თვისებებს: თაობებში გამოწრთობილ მათ მმართველობით და აღმშენებლობით ნიჭს, მაღალ აკადემიზმს და უმდიდრეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, საკუთარი თავისადმი უმკაცრეს მომთხოვნელობას, ასკეტური ცხოვრების წესს, ქვეყნის საკეთილდღეოდ ყოველივე პირადის მეორე პლანზე გადატანას. ამ მცირე ჩამონათვალითაც კარგად სჩანს, მათი როგორი ანტიპოდები არიან ქვეყნის დღევანდელი მმართველები.

ხვალ – déjà vu?!

ვითარებაში, როდესაც ერთ-ერთმა კოალიციამ აიღო სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების დამარცხებაზე, ისღა დაგვრჩენია, გულწრფელად ვუსურვოთ წარმატება. მაგრამ… ჩასაფიქრებელია, რომ ამ გაერთიანების ზოგიერთი თვალსაჩინო სახის განცხადებით კოალიცია იქმნება არჩევნებში გასამარჯვებლად, ხოლო პარლამენტში გაიშლება რეალური პოლიტიკური მრწმამსის მიხედვით.

ჩვენი აზრით:
– ეს ხალხის, ამომრჩევლის მოტყუებაა. რატომ? – ეგ ცალკე საუბრის თემაა;
– ეს პარლამენტში ხელოვნური ფრაქციების, თანამდებობების შექმნის რეალური გზაა შესაბამისი ჯამაგირებით, ავტომობილებით, მომსახურე პერსონალით ფუფუნებაში საცხოვრებლად;
– ეს მართული ოპოზიციის შექმნის საუკეთესო წყაროა საკუთარი ხალხისა და უცხოელი მეგობრების თვალის ასახვევად;
– ეს პოლიტიკური აფიორაა მოჩვენებითი მრავალპარტიულობის ბუტაფორიით.

ამდენად, იქმნება რეალური საშიშროება,. ერთი-ერთზე განმეორდეს ის უბედურება, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობით“ და მისი სატელიტი პარტიებით დაკომპლექტებული დღევანდელი პარლამენტი.

ამ შიშს გააჩნია რეალური საფუძველი, ვინაიდან საუბარია იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც შექმნეს სააკაშვილი, რომლებიც იდეურად ბევრად არაფრით განსხვავდებიან მისგან, რომელთაც საერთო პატრონი გააჩნიათ ოკეანის მიღმა, რომელნიც ახლო წარსულში წარმატებით მონაწილეობდნენ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში მაშინდელი მოქკავშირის გენერალური მდივნისა და იუსტიციის მინისტრის მხარდამხარ, რომელთაც შექმნეს პრეზიდენტი სააკაშვილი და რომელთაც უთანხმოება დაეწყოთ მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მხოლოდ პირად საკითხებზე. ეს ადამიანები დღესაც დიდი ქებით და პატივისცემით იხსენებენ ბატონ სააკაშვილის „მოღვაწეობის“ გაპრეზიდენტებამდელ პერიოდს (?!)

ფსევდოოპოზიციის კარტ-ბლანში

რაც შეეხება ნაციონალების საპარლამენტო ფსევდოოპოზიციას, წინასაარჩევნოდ მათ მიიღეს ხელშეუხებლობის ფირმანი „ნაციონალების“ ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ლანძღვისათვის. ქრისტიან-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები და მათთან ერთად სხვა ერთკაციანი პარტიები, რომელთა სახელი მის წევრებსაც არ ახსოვთ, შესაშური არტისტიზმით, კარგად დაყენებული დიქციით და შესანიშნავი პოლიტიკური ოინბაზობით აკრიტიკებენ „ნაციონალებს“, რათა კიდევ ერთხელ გააბრიყვონ მომხრეები და მომავალი ოთხი წლის მანძილზე თავი უკანტურონ „მამა-მარჩენლებს“ .

ვაცხადებთ მთელი პასუხისმგებლობით: დღეს ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს ხელისუფლებას, ვისაც ყველაზე მეტი აუგის თქმის საშუალება ეძლევა, ვინც ყველაზე ხშირად სჩანს ნაციონალურ ტელეარხებზე, „იმედში“ და „რუსთავი-2“-ში, სწორედ ის არის ნაცმოძრაობის გაგრძელება, ნაცმოძრაობის დამატება, ნაცმოძრაობის უღალატო მეგობარი და ტყუპის ცალი. პირდაპირ ვთქვათ – ისინი ხელისუფლებასთან შეკრული ვაიოპოზიციონერები არიან.

„ნაცები“ არ იცვლებიან

„ნაციონალური“ ხელისუფლებისადმი ოპოზიციონერობის მაჩვენებელი თავის დროზე იყო მონაწილეობა 7 ნოემბრის, 8 აგვისტოს, 26 მაისის აქციებში.

26 მაისს რეალური სიტუაცია იმ დონეზე იყო მომწიფებული, რომ მავანთაგან თანადგომის შემთხვევაში ხელისუფლება უკვე კარგა ხნის შეცვლილი იქნებოდა. რაც შეეხება მაინც და მაინც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას, ნაცმოძრაობის ყოველი ნაბიჯი აჩვენებს იმას, რომ ის ძალაუფლების შენარჩუნებას ეცდება ყველა მიუღებელი ქმედებით. ხელისუფლება ყოველდღე, ყოველ ღამით, ფარულად, უჩუმრად, ინდივიდუალურად უწყობს 26 მაისს ხალხს. არ წყდება ძალადობები , გატაცებები, მკვლელობები.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ნაცმოძრაობის თუნდაც გამანადგურებელი პროცენტული მაჩვენებლით დამარცხება იქნება სამართლიანი შედეგი. შედეგი, რომელსაც ქვეყანა ელოდება.

ჩვენი ღრმა რწმენით, რომელიც ეფუძნება კაპიტალურ კვლევათა ტომებს და არა პოლიტიკურ ახირებას, „ნაცმოძრაობა“ არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც გენოციდი მოუწყო საქართველოს ხალხს და მისი დარჩენა თუნდაც რაიმე სახით სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში არის დაუშვებელი პოლიტიკური შეცდომა, ხოლო იმ პოლიტიკური ძალებისათვის, ვინც ამას მხარს დაუჭერს და აღიარებს, გარკვეული აზრით, „ნაცების“ დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილეობა.

თავად „ნაცმოძრაობის“ ლიდერების უკანასკნელი განცხადებები გვიჩვენებს, თუ რაოდენ თავხედურად ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ისინი თავისი მიზნების მისაღწევად არ ერიდებიან არათუ პოლიტიკური ოპონენტების, მთელი რაიონებისა და რეგიონების აბუჩად აგდებასაც კი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა სამტრედიაში ამასწინდელი სტუმრობისას უაპელაციოდ განაცხადა – ხონში და სამტრედიაში ყოველი მესამე ქურდის შვილიაო. ხმა ვერავინ ამოიღო. ეს ნიშნავს, რომ დიქტატურამ ორ ღირსეულ ქალაქს ხმა ჩააკმედინა, შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემის უფლება წაართვა, ლაფი დაასხა. თან ეს გააკეთა პიროვნებამ, ვისაც ზუსტად იმ ვიზიტის დროს ახლდა ერთი ძალიან ცნობილი კრიმინალის შვილი. აღარაფერს ვამბობთ არშემდგარ სპორტსმენთა ამალაზე, გააფთრებული რომ ებრძვის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამოჩინებულ ვარსკვლავს, ქართულ პოლიტიკაში თავისი მართალი სიტყვით და საღი აზროვნებით რომ დაიმკვიდრა ადგილი. კახი კალაძის წინააღმდეგ უღირსად მებრძოლი, ჩვენი აზრით, ღირსეულ სპორტსმენად, ღირსეულ კაცად, ღირსეულ ქართველად ვერ ჩაითვლება.

სულ ახლახანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამედიცინო დაზღვევის სიკეთეებზე საუბრისას თქვა, რომ ექიმთან მისვლის საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რომელთც რაიმე სახის სამედიცინო მომსახურება არ მიუღიათ 10-15 წლის მანძილზე. მან უნებლიედ აღიარა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე მოქალაქეთა ნაწილს არ ჰქონდა საშუალება თუნდაც ერთხელ მიემართა ექიმისათვის. და ეს საუბარია დაუძლურებულ, საპენსიო ასაკს მიღწეულ მოქალაქეებზე.

რამდენიმე დღის წინ ბატონმა სააკაშვილმა პოლიტიკური აზროვნების მორიგი თვალ-მარგალიტი აფრქვია სატელევიზიო ეთერში – მაგ ჭკუაზე ვარ, ჩემს აშენებულ ქვეყანას ამათ (ანუ ოპოზიციას) დავუტოვებო.

ბატონ სააკაშვილის ჭკუა-გონებაზე და აშენებულ-მიშენებულზე ქვეყანაში კარგა ხანია მყარი აზრია ჩამოყალიბებული და აქ აღარ გავიმეორებთ. აი ის, რომ გადაბარებას სულაც არ აპირებს, ნებისმიერ ქვეყანაში განგაშის ზარის და სულ ცოტა, იმპიჩმენტის საფუძველი გახდებოდა. დარწმუნებული ვართ, ამერიკა არ აპატიებდა თავის ყველაზე საყვარელ პრეზიდენტებსაც კი ასეთ როყიო განცხადებას.

ვადასტურებთ რა ამერიკული დემოკრატიისადმი ღრმა პატივისცემას, ვკითულობთ:
– რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში აცხადებს პრეზიდენტი, ჩემს აშენებულს დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას არ გადავაბარებო?
– რომელ ხელისუფლებას აპატიებდა ამერიკა იმას, რაც საქართველოში ხდება ტელევიზიებთან დაკავშირებით?
– რატომ კლავს ამერიკა მისდამი პატივისცემას და სიყვარულს ქართველი ხალხის გულში?

სწორედ ამერიკის გაუგონარი მხარდაჭერა უბიძგებს „ნაციონალების“ ხელისუფლებას წინასწარ გაყალბებული არჩევნებისაკენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა. თუ წინა წლების გამოცდილებას გავითავლისწინებთ – ძალიან საშიში მოვლენების წინაშევ დგავართ. ხელისუფლება დღეს გაცილებით რადიკალური და სასოწარკვეთილია, ვიდრე ოდესმე იყო. ხელისუფლება დღეს ყველაფერზე წამსვლელია.

ერთობა ვერ შედგა? – მაინც ერთად!!

რთულ დროს აქვს ერთი დადებითი მომენტი.
რთული პოლიტიკური მოვლენები ვითარდება იმ სცენარით, რომელსაც წინასწარმეტყველებენ ხოლმე ყველაზე გამოცდილი და ხელისუფლებასთან ბოლომდე შეურიგებელი ძალები. დღეს ყველა ლაპარაკობს იმას, რასაც თავის დროზე ჩვენ დაუღალავად ვიმეორებდით:
– ხელისუფლებას არ მივეყიდებით!
– ხელისუფლებას არ გავურიგდებით!
– ხელისუფლებას არ ვაპატიებთ გაყალბებას!

მაშინ ჩვენ ხელისუფლების ყველა ოპონენტს ვთავაზობდით სრულიად ახალ და უაღრესად ეფექტურ მექანიზმს:
– მაჟორიტარი დეპუტატები დასახელებულიყო არა პარტიების, არამედ ხალხის მიერ;
– ხელისუფლების უმტკივნეულოდ შესაცვლელად შექმნილიყო „ ნდობის ჯგუფები“;
– ოპოზიციურ სპექტრს ემუშავა ერთიანი ფრონტით

არც ერთი ჩვენი წინადადება მიღებულ არ იქნა. მეტიც, ვინაიდან მათი უარყოფა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საერთოდ არ გამოგვეხმაურა.

მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ ოპოზიციონერ კოლეგებსა და პარტნიორებს. ამის ერთი მაგალითია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობიდან ჩვენი კანდიდატურის მოხსნა „ოცნების“ კანდიდატის, ბატონ გუბაზ სანიკიძის სასარგებლოდ. მან იცის, როგორ მიყვარს მე ქუთაისი. მე ვიცი, როგორ უყვარს და პატივს სცემს ის ქუთაისს. ჩვენი დაპირისპირებით კი გაიმარჯვებდა ძალა, რომელსაც ქუთაისი კი არ უყვარს, ქუთაისი სჭირდება. მე ამ ნაბიჯის განზრახულობის შესახებ კარგა ხნის წინ დავბეჭდე პრესაში. ოდნავ კი მწყდება გული, რომ გუბაზისაგან გამოხმაურება არ იყო, მაგრამ არა მხოლოდ ვუსურვებ გამარჯვებას, არამედ ყველაფერს გავაკეთებ მისი წარმატებისათვის ჩვენს მშობლიურ ქალაქში. მინდა ვიფიქრო, რომ გუბაზიც ასე მოიქცეოდა, მე უბრალოდ დავასწარი.

გულახდილად და პირდაპირ ვიტყვი: ქუთაისში და საქართველოში მთლიანად ყველამ კარგად იცის, კარგად იციან ყოფილმა და ახლანდელმა პრეზიდენტებმა, რომ ქუთაისში თუ ვინმეს სიკეთის გაკეთება შეუძლია, ერთი პირველთაგანი ვარ, მაგრამ ამჯერად ამ ნაბიჯს ამართლებს საერთო-სახალხო განწყობა, პოლიტიკური მომენტი, პოლიტიკოსის წინჭვრეტა.

დაველოდოთ მოვლენების მსვლელობას. ამ ეტაპზე „მოქკავშირ- ნაცმოძრაობის“ 20 წლიანი ბატონობის ხანა შეუძლია დაასრულოს მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“. ამ ეტაპზე მთავარია ქართულ პოლიტიკაში სამუდამოდ დამარცხდეს ავანტურიზმი და მას საბოლოოდ დაუბრუნდეს გონება.

საქართველო ქართველების გარეშე

უმძიმესი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესიდან გასვლის შესახებ ამ ეტაპზე ჩვენთვის ნიშნავს პოლიტიკურ პროცესებში გაათმაგებული ენერგიით მუშობას.

ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების კვალობაზე, ვიმუშავებთ ყველა საინფორმაციო საშუალებასთან, ყველა რეალურ პოლიტიკურ ძალასთან, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ყველა ქალაქში, რაიონში, უბანში, კორპუსში, სადარბაზოში. ყველაზე მძიმე სწორედ სადარბაზოების დონეზე ბრძოლა იქნება, ვინაიდან „ ქურდებთან მებრძოლმა“ ხელისუფლებამ „მაყურებლები“ დაუნიშნა თითოეულ სადარბაზოს. ისინი, როგორც წესი სრულ ინფორმაციას აწვდიან „ზემდგომ“ რგოლებს სადარბაზოს ყოველი ოჯახის თითოეული წევრის პოლიტიკურ სიმპატია-ანტიპატიებზე და ყველა შესაძლო ხერხით ბლოკავენ არათუ არჩევნებში, სამეზობლო ურთიერთობებშიც კი მათ აქტივობას. მორალურ ფსკერზე დაშვებულმა „ნაცმოძრაობამ“ ასე დაუპირისპირა ერთმანეთს მეზობლები, მეგობრები, თაობები.

სანაცვლოდ ქვეყანაში გაჩნდნენ სულ რამდენიმე თვის წინ შორეული აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსული, ქართული გვარ-სახელ და მოქალაქეობა მიკუთვნებული უცხოტომელები. ისინი დაუფიქრებლად და დიდი სიამოვნებით მისცემენ ხმას იმ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ასე დაუფიქრებლად არიგებს ქართულ მოქალაქეობას, გვარებს, მიწებს, ტყეებს, ტბებს… საკუთარ მოქალაქეებს კი ევროპაში და ამერიკაში გახიზვნისაკენ უბიძგებს.

ჩვენ ვიცნობთ ასობით ქართველ ახალგაზრდას, რომელთაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობის“’ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, გადაწყვეტილი აქვთ დასავლეთის ქვეყნებში გაქცევა.

ნაცმოძრაობა ასრულებს დიდ პოლიტიკურ დაკვეთას: „საქართველო ქართველების გარეშე“ .

● ახალგაზრდებს აღარ დაედგომებათ სამშობლოში, რომელმაც სწავლის და სამსახურის საშუალება არ მისცა;
● ახალგაზრდებს აღარ დაედგომებათ სახელმწიფოში, რომელმაც სკოლაში მანდატური შეუპარა, უნივერსიტეტში – ნაცისტური თვითმმართველობა, ჯიბეში – ნარკოტიკი, ავტომობილის საქარე მინაზე – უკანონო ჯარიმა, სახლის კარში – დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი;
● ახალგაზრდებს აღარ დაედგომებათ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა ნაცისტებისთვის არის საზაფხულო ბანაკები, საზამთრო სათხილამურო ტრასები, მაღალანაზღაურებადი სამსახურები.

სხვათაშორის, სათაურში გატანილ ლათინურ ფრთიან ფრაზას ერთი ჩვენი მეზობლის ზეპირსიტყვიერებაში შესატყვისი აქვს, როემლიც ქართულად ასე იკითხება:“ ან მკერდი ჯვრებში (მედლები) , ან თავი ბუჩქებში“ (или грудь в крестах, иль голова в кустах). თავით ბუჩქებში ვინც მიძვრება და სხვასაც მოუწოდებს, მთელმა დუნიამ იცის. ჩვენ სხვა მომავალი გვაქვს.

უკან დასახევი აქ უკვე ნამდვილად აღარ არის!

მძიმე ოქტომბერი

ამ დღეებში სიბრძნით საქვეყნოდ აღიარებულმა და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისაგან შერისხულმა ‘’ სახალხო კრების“ ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა ბრძანა:

– თუ ივანიშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ხალხმა უნდა დაამთავროსო…

„სახალხო კრების“ როლი უსაზღვროდ იზრდება იმ მოლოდინში, რასაც არჩევნების შედეგი და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები ჰქვია:

● ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც ღირსება გააჩნია, მზად უნდა იყოს ყველაფრისათვის უღირსი ხელისუფლების პირობებში;
● ქართველი პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს ხალხის წინ დადგეს ხალხის ნებისადმი ხელისუფლების უღირსი დამოკიდებულების შემთხვევაში;
● ქართველი პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს თავგანწირვისათვის, ხალხისკენ მიმართული დარტყმის მიღებისათვის, ყველაფრისათვის – სამშობლოს საკეთილდღეოდ;
●ქართველი პოლიტიკოსი დღეს უნდა იყოს მამუკა ასლანიკაშვილის და ჟიული შარტავას საქმეთა გამგრძელებელი, მათი სულერი ძმა და მემკვიდრე;
● ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მსოფლმხედველობრივად, ინტელექტუალურად, რეალური ქმედებით არ არის რადიკალურად განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ქვეყანას და ხალხს არ გამოადგება.

გვინდა ვიფიქროთ, რომ ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებულთა ძალისხმევით საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ასპარეზი მიეცემათ არა გაჭირვებულთა ჩაგვრით გამდიდრებულ „ნაციონალთა“ ნარჩენებსა და მათთან შეკრულ ვაიოპოზიციას, არამედ ქვეყნისადა ხალხის მოყვარულ ადამიანებს.

არჩევნები, რომელზეც მოსახლეობას საშუალება ექნება ხმა მისცეს პროგრამებს, იდეოლოგიას, ქვეყნის მომავლის მეცნიერულ ხედვას, ქვეყნის შენების პოლიტიკურ ნებას და არა ცალკეულ, თუნდაც ძალიან ღირსეულ პიროვნებებს ამოფარებულ ჭრელ პოლიტიკურ კონგლომერატებს, რომელთა რიგებში დღევანდელი ხელისუფლების მომყვანი და თანამდგომი არაერთი სახე სჩანს.

– საქართველო თავისუფალი ვერ იქნება, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების თუნდაც ნარჩენები შეინარჩუნებენ სახელმწიფო პოსტებს!
– საქართველო ბედნიერი ვერ იქნება, ვიდრე დღევანდელი ფსევდოოპოზიცია წარმოდგენილი იქნება ქვეყნის პარლამენტში!
– საქართველო წარმატებული ვერ იქნება, თუ ხელისუფლებაში ქართული ცნობიერების პოლიტიკოსთა ნაცვლად მოვა პროამერიკული და პრორუსული ძალები.

 

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 4 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *