„ნაციონალების“ საარჩევნო სია: დანიშნულ ბიზნეს – პოლიტიკოსთა სინთეზური სია

„ნაცმოძრაობის საარჩევნო პარტიული სია გახლავთ კლანურ-მასონური ტრადიციების სრული დაცვით შედგენილი პარტიული დოკუმენტი, წარდგენილი ქართული ამომრჩევლისათვის.

კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული პირადი ბიზნესის მართვასთან და დაცვასთან. ქვეყნის ბიზნესის 90% სწორედ ამ წრეების ხელშია.

ხაზი უნდა გაესვას ფაქტს, რომ ეს არ არის ინტელექტუალური, მაღალტექნოლოგიური, მცირედენერგოტევადი, ან ინოვაციური ბიზნესი. ის მთლიანად საყოფაცხოვრებო სფეროშია და ემსახურება რიგით მოქალაქეთა ჯიბიდან ფულის ამოტუმბვას. სრულად კონტროლდება ყველა სფერო, დაწყებული სამარშრუტო ტაქსებით, ციხეებში სავაჭრო წერტილებით, დატარებითი და წვრილი ვაჭრობით და დამთავრებული სამთო-მოპოვებითი მრეწველობით. ამასთან, ეს ბიზნესი მთლიანად გაუმჭვირვალე და ბნელით მოცულია.

„თავისუფლების ინსტიტუტში“ აღზრდილი, ქართული ცნობიერებისათვის უცხო იდეოლოგიის პოლიტიკოსები და ქართველი ხალხის გაღარიბებით გამდიდრებული ბიზნესმენები წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიის ბირთვს.

155 კაციან სიაში ამჟამინდელი პარლამენტის 65 წევრია, ანუ 42%-მა ისე კარგად შეასრულა მოვალეობა, რომ მმართველი პარტია არ აპირებს მათ შეცვლას. ამ 65 წევრს შორის არიან სახეები, რომლებიც თითქმის 15-20 წელია სხედან საპარლამენტო სავარძლებში, ანუ, მდაბიურად რომ ვთქვათ, ზიან და ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს. „მოქკავშირის“ , დიახ „მოქკავშირის“ გალერეას ღირსეულად წარმოადგენენ მიხეილ მაჭავარიანი – პარტიის უცვლელი გენერალური მდივანი სააკაშვილის შემდეგ; მარად ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, გიორგი ბარამიძე და ხათუნა გოგორიშვილი, რომელთაც ყველა ადამიანური საზომით ნაცმოძრაობისადმი მსახურება უნდა შეეწყვიტათ. აღარაფერს ვამბობთ ყველასათვის ცნობილ მათ წვლილზე არჩევნების ტოტალურ გაყალბებებში. ასეთთა ჩამოთვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება. სია, რომლის პირველი ნახევარი დღევანდელი დეპუტატები და მინისტრებია, მეტყველებს რომ 1992 წლიდან ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ შეცვლილა.

თითქმის ყველა პარტიის საარჩევნო სიაში გრაფაში – „თანამდებობა“ კანდიდატთა უმრავლესობას მითითებული აქვს „უმუშევარი“. გამონაკლისს არც ნაცმოძრაობის სია წარმოადგენს. მხოლოდ პირველ მესამედში 14 „უმუშევარია“ , ანუ ის პირი, რომელმაც სიის შედგენამდე ორი დღით ადრე „დატოვა“ სამსახური უკეთესის, ან იგივეს შენარჩუნების საპრეზიდენტო გარანტიით. ამ 14 „უმუშევრისაგან“ – 7 მინისტრი და მინისტრის მოადგილეა, ორი – გუბერნატორი, ერთი – ქალაქის მერი და ერთიც 85 წლის პენსიონერი, რომელიც იმავდროულად ახლანდელი და მომავალი პარლამენტარის მამაა.

„უმუშევართა“ სიაში ბრძანდებიან მინისტრები და მოადგილეები: რამაზ ნიკოლაიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, კობა სუბელიანი, ანდრია ურუშაძე, გიორგი ვაშაძე, გიორგი კარბელაშვილი; გუბერნატორები: გიორგი ღვინიაშვილი და დავით გაგოშიძე და ა.შ. მოცემული სიისა და მათი ოჯახების არც ერთმა წევრმა არ იცის რას ნიშნავს უმუშევრობა ტოტალური უმუშევრობის ქვეყანაში. ასეთი უბადრუკი კომუფლიაჟით იმედია ამომრჩეველს ვერავინ შეიყვანს შეცდომაში.

საპარლამენტო სიაში შეყვანილია 21 კანდიდატი, რომლებიც ამჟამად ასრულებენ სხვადასხვა საკრებულოს დეპუტატისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლის მოვალეობას.

სულ უბრალო გაანგარიშებით სჩანს, რომ 65 ამჟამინდელი პარლამენტარის, 14 უმუშევარი მინისტრისა და გუბერნატორის, 21 აპარატის თანამშრომლის ჯამი – 100 პიროვნება გახლავთ ადამიანები, რომლებმაც განვლილ პერიოდში ნაციონალების ყველა „სიკეთე“ მოუტანეს და უფრო მეტის მოტანას უპირებენ ქართველ ხალხს.

და, ასეთ სიაში მხოლოდ სამია მეცნიერი. მათგან საზოგადოებისათვის ყველაზე ცნობილი – ბატონი ლევან თარხნიშვილია, რომელიც ალბათ ცესკოს თავმჯდომარეობის დროს მთავარ გამყალბებლად მუშაობისას დამსახურებისთვის შეიყვანეს სიაში. იმედია ამ მეცნიერებზე თავიანთ აზრს აკადემიური წრეები გამოხატავენ.

„ნაცმოძრაობის“, პირადად პრეზიდენის ინიცირებით შემცირდა პარლამენტარობის მსურველთა ასაკი. სამი ახალგაზრდა კანდიდატისაგან, რომელთაც ძველი კანონმდებლობით არ ექნებოდათ დეპუტატობისათვის ბრძოლის უფლება – ერთი, მარიამ საჯაია საზოგადოებისათვის კარგად ცნობილოი „ნაციონალი“ დეპუტატის – ნაზი არონიას ქალიშვილია; ხოლო მეორე, თინათინ ბოკუჩავა, პირნათლად ასრულებდა ქალბატონ ნათია მოგელაძის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას, ანუ სამსახურეობრივად იყო დაკავშირებული პარტიების მიმართ გატარებულ ნაცისტურ რეპრესიებში.

გრძელდება ოჯახური შეკრული წრის ტრადიციები. გაბაშვილების და კუბლაშვილების უმძლავრეს კლანებში მატებაა. პარლამენტარ ხათუნა ოჩიაურს სურს მხარი დაუმშვენოს 85 წელს მიღწეულმა ღვაწლმოსილმა მამამ, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ნაცვლად შემოქმედებითი წარმატებებით ხალხის გახარებისა, მხოლოდ სააკაშვილის გულს ახარებს ფრიად რეაქციული განცხადებებით. ოჯახურ -კლანური ურთიერთობების მკაცრი სისტემაა აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. მაგრამ ეს უკვე სხვა დროს სასაუბრო მონათეასავე თემაა.

ძმები ახალაიების გამზრდელ მამას სამეგრელოს საზღვრებში უკიდეგანო საპროკურორო თარეში აღარ აკმაყოფილებს და საპარლამენტო სავარძელში გადაჯდომა სურს, მხოლოდ ჯერ უცნობია ახალი პარლამენტის შენობაშიც გაიყვანს პირად გვირაბს და ამოთხრის პირად ჭას თუ არა პერსონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთი კი გაუგებარია, თავად პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის გამზრდელ მამას რატომ არ სჯერა შვილების მიერ დაცული წესრიგისა და უსაფრთხოებისა. ბატონი როლანდი, საბჭოთა დროის პროკურორია, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ ანომალია იმაში მდგომარეობს, რომ ბატონი სააკაშვილი კომუნისტური წარსულის მქონე და შევარდნაძის ყოფილ მაღაჩინოსნებს მუდმივად ლანძღავს, თუ მის გვერდით არ დგანან, ხოლო თუ თანამშრომლობენ – აწინაურებს,აქებს და ადიდებს. იქნებ პირიქით არის?

ბატონი სააკაშვილი უდიერად იხსენიებს პარტიის, კომკავშირის, უშიშროების ყოფილ მუშაკებს, რომლებიც მის გვერდით არ დგანან, ის კი ავიწყდება რომ ერთიც, მეორეც და მესამეც თავად იყო სკოლაში და , როგორც ხალხში უწოდებენ „შავი ჭირის“ სამედიცინო ცენტრის კომკავშირის მდივანმა სწორედ კომკავშირული რეკომენდაციით მიაღწია კიევის უნივერსიტეტში ჩარიცხვას, საიდანაც მოგვიანებით გარიცხული – უშიშროების აპარატის ჩარევით აღდგა. მოგვიანებით კი უშიშროების ოფიცრად მუშაობდა ბორისპოლის აეროპორტში.

მის პირადი საქმე დღესაც გასაიდუმლოებულია.

ამბობენ კი, რომ განცხადება კომპარტიაში შესვლაზე 9 აპრილის მოვლენების შემდეგ დაწერა. ვფიქრობთ, აქ არც რაიმეს ახსნა შეიძლება და კომენტარიც სრულიად უადგილოა.

ჩვენ არავის მიმართ არ გაგვაჩნია წარსულის გამო პრეტენზია. გაცილებით მნიშვნელოვანია, დღეს რას წარმოადგენს პიროვნება. მაგრამ სააკაშვილი რომ სხვებზე საუბრობს, რატომ ავიწყდება თავისი, პარლამენტარების და უახლოესი გარემოცვის და მათი ოჯახების პარტიულ-კომკავშირული წარსული? მაგალითისათვის ზესტაფონის მაჟორიტარის, ბეჟან ბუცხრიკიძის, სენაკის მაჟორიტარის – გურამ მესაბიშვილის, კუბლაშვილების და გაბაშვილების ოჯახების წარსულიც კმარა.

საპარლამენტო კორპუსს კვლავაც დამშვენებენ ისეთი ოდიოზური სქელშუბლიანები, როგორებიც არიან გივი თარგამაძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი ასანიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ბადრი ბასიშვილი…

პარტიებთვლაარეული ეკატერინე ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური კვლავ წარბშეუხრელად დაიცავენ მორიგი პარტიის იდეებს სიტყვითა და … მუშტით.

ნაცმოძრაობას ხაზინაპარვია ყოფილ და ახლანდელ მინისტრებთან ერთად ფინანსურად აძლიერებენ „ფულისტომარაკაცები“, ანუ ტომ -არა – კაცუნები: „საირმის“ და „თეგეტას“ პატრონი თემურ კოხოძე, ოქროს ბნელი ბიზნესის პატრონი კობა ნაყოფია, მრავალდარგოვანი ბიზნესის მფლობელი – დავით ბეჟუაშვილი, ქართლ-კახელი გლეხებისათვის საძოვრების წამრთმევი კახაბერ ოქრიაშვილი, პროდუქტებით ვაჭრობის მონოპოლისტი არჩილ გეგენავა და სხვა ნაკლები თუ არანაკლები ნოვორიშები.

პარლამენტებში კვლავაც გაგვახარებენ ქართული ცნობიერების დამანგრეველი სოროსისა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ ინტერესების დაცვით დავით დარჩიაშვილი და შოთა მალაშხია. ეს პარლამენტი პრაქტიკულად გახლავთ ხალხის კრებული, რომელიც სრულად იზიარებს „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და სოროსის იდეალებს.

პარლამენტში შესვლას კვლავაც ლამობენ ეკლესიის დამანგრევლები, ქუჩებში ახალგაზრდების ჩაცხრილვების გამმართლებლები და მფარველები, ქართულ აზროვნებასთან და მენტალიტეტთან მებრძოლები.

ყოველივე ეს ზედაპირულადაც კარგად სჩანს სიღრმეები უფრო დამანგრეველია.

სათქმელი კიდევ ბევრია… ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით

პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ანალიტიკური ჯგუფი
2012 წლის 7 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *