დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

 

უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი ეროვნული თანხმობისათვის

ამაზე  უარის თქმას, არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს

 

54ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ, მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დამოუკიდებლობის  აღდგენის შემდეგ საქართველოში, ხალხისა და ქვეყნისადმი  ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოკვდა, თანამდებობის  მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა, სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა, წახალისებულია მოღალატეობა – პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობა… იყიდებიან პარტიები, პოლიტიკოსები, ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები… შეიძლება არჩევნებში (და არა მარტო) გამარჯვების ყიდვა და სხვისი დამარცხების ყიდვაც. პრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ.

მომავალი არ აქვს ქვეყანას:

  • სადაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაში ასეთი თვთკმაყოფილებაა…
  • სადაც ასეა გაბოროტებული ოპოზიცია…
  • სადაც ქვეყნისა და ხალხისთვის ბრძოლა შეცვლილია ტელევიზიებისათვის ბრძოლით, სადაც სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე მონოპოლიზებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ პოლიტიკური მიზნების მქონე ოლიგარქთა მიერ და  ებრძვის ყოველგვარ ქართულს,  ყველა მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით, ემსახურება დამფინანსებლის ინტერესებს, უმეტესწილად, ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ …
  • სადაც ქვეყნის მთავარი კაპიტალი უზნეო მდიდართა ხელშია, მათ დაამთავრეს საწარმოების, ბანკების, ხალხის მატერიალური სიმდიდრის მითვისება და  გადავიდნენ ქალაქებისა და რაიონების გადანაწილებაზე…
  • სადაც ხალხს  ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს…
  • სადაც ათას მიზეზთა გამო, დუმს ინტელიგენცია და საჭიროდ ვერ მძლავრობს, მაშინ როცა ასეთი შეტევა მიდის მარადიულ ღირებულებებზე – რწმენაზე, ოჯახზე, ტრადიციებზე, სიწმინდეზე, სიყვარულზე …
  • სადაც ახალგაზრდობა ეგუება წინაპართა ასეთ ლანძღვა-გინებას, მათ გაწამებულ ცხოვრებას და საკუთარ უპერსპექტივო გარემოს…
  • სადაც ხელისუფლების და საერთოდ პოლიტიკური ძალების მიერ იგნორირებულია მეცნიერება და მეცნიერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, იყვნენ ხელისუფლების მთავარი ოპონენტები…

საქართველოს  ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ასეთივე ადამიანური და ბუნებრივი რესურსები და მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი გეოგრაფიული რესურსი.

 

მართვის სისტემაა ავადმყოფი


სამწუხარო
ის არის, რომ ქვეყანაში, რომელსაც ყველა პირობა აქვს, იყოს წარმატებული, მართვის სისტემაა ავადმყოფი. იგი ებრძვის ზნეობრივს, კომპეტენტურს, ქვეყნისთვის მომართულს. ახალისებს მონური ფსიქოლოგიის  მედროვეებსა და კარიერისტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ  რაც დრო გადის, სუსტდება და იკარგება ქართული ინტერესი, საქართველო  ზესახელმწიფოთა დაპირისპირების მძლავრ ცენტრად იქცა, ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა ეკონომიკური (და არა მარტო) დამოუკიდებლობა, ჯართად იქცა სამუშაო ადგილები, ქვეყანა კი უცხოური პროდუქციის ბაზრად… ქვეყნის გარეთ, ძირითადში, ნედლეული გაგვაქვს, ქვეყნის გარედან – მზა პროდუქცია შემოგვაქვს. როგორც იმპორტით, ასევე ექსპორტით, სამუშაო ადგილებს უცხოეთში ვქმნით.  დავფიქრებულვართ კი, ამაზე? უფრო მეტიც, უცხოეთის ქვეყნებში მონური შრომისათვის გავწირეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

 ისტორიულად ინტელექტთან და მიწასთან, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ქვეყანაში, ხალხის გამოკვების უმწვევესი პრობლემა დგას.  მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იღებს არსებობისათვის საჭირო კალორიების ნახევარსაც კი. ექსპერტთა ზედაპირული ანალიზითაც ნათლად ჩანს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 10 პროცენტის მოქმედებაში მოყვანა. ამავე გათვლებით, იმ ფულით, რომელიც ბიუჯეტშია, გაცილებით მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე რეალურად კეთდება. ეს ექსპერტთა გათვლებია და არა ჩვენი პარტიის.

S„თეთრების“ ძირითად ნაწილს მეცნიერები და სერიოზული პრაქტიკული გამოცდილების ადამიანები შეადგენენ და ამიტომ დარწმუნებულად ვამბობთ, ბიუჯეტის ამ ფულით მინიმუმ, ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება  შეიძლება და მთავარი დანაშაული ის არის, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ ისედაც უაღრესად შეზღუდული თანხების დარიგება-განაწილებაზე და ამას ვეძახით სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს.

პარადოქსია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა  ხელისუფლება 531170_150423438427843_648704234_nტრაბახობდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულიაო, თუ ეს ასე იყო, ხალხი რატომ ცხოვრობს უარესად და რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო მეტად რატომ ღარიბდება მაშინ, როცა მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება.

ვერც ერთმა დღემდე არსებულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ნაბიჯების გადადგმაც კი, ქვეყნის განვითარების რელსებზე გადასაყვანად. კაცობრიობის ისტორიამ გამოიმუშავა და მარტივი ენით გვითხრა დიდმა ფინანსისტმა და ეკონომისტმა, ადამ სმიტმა: ბევრი ფული არის იმ ქვეყანაში და იქ ცხოვრობენ კარგად, სადაც ქვეყანა უშვებს იმ პროდუქციას, რომელიც ქვეყნის გარეთ იყიდება. თუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყიდება, ასეთ ქვეყანას ფულიც არ სჭირდება. ეს ურთიერთშორის პროდუქციის გაცვლის პროცესი უფროა. ადამ სმიტის აზრით, დაქცეულია ქვეყანა, თუ რასაც აწარმოებს, მხოლოდ შიგნით მოიხმარება და დამატებით გარედანაც შემოდის პროდუქცია. ის თვლიდა და დღევანდელობა ამას ადასტურებს, რომ ასეთი ხელისუფლება მტრობს საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ ხალხს. ნახეთ, რით იწყებს თავის მოღვაწეობას აშშ ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მონაწილეობით, შექმნა ორი კომისია, ერთს ევალება ამერიკის ბაზრის ამერიკული პროდუქციით დატვირთვა -გაჯერება და ქვეყნის გარეთაც ამერიკული პროდუქციის გატანის საგრძნობი გაზრდა, მეორეს- საშუალო ფენის გაძლიერება.

დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.

 

საქართველო    ველური საბანკო სისტემის ტყვე

არ გვაქვს რეალური ეკონომიკა. ხელისუფლებებმა მოკლეს მწარმოებლური სფერო. გაგვაქვს ნედლეული და იმპორტი ექსპორტს რამდენჯერმე აჭარბებს. ამის შემდგომ, აღარ უნდა გვიკვირდეს არც ხალხის და არც ქართული ფულის დღევანდელი მდგომარეობა. ფაქტიასაქართველო  არის   ველური საბანკო სისტემის ტყვე.  გენიალურად ამბობს, მსოფლიოში უზარმაზარი ინდუსტრიის  შემქმნელი, ჰენრი  ფორდისაშუალო და წარუმატებელი მეწარმეც  კი უფრი ღირებულია ქვეყნისათვის, ვიდრე ის, ვისაც ჩვენ წარმატებულ ბანკირს ვუწოდებთ! არსებობს ასეთი გამოთქმაც ბანკის შექმნა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მისი გაძარცვაო! იმავე ფორდის სიტყვებით, ქვეყანას, სადაც  მეწარმეზე უფრო ბანკირი  და მევახშეა დაფასებული, მომავალი არა ქვს!

  

ახალგაზრდობის პრობლემები თვითდინებაზეა მიშვებული

ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა უსერიოზულესია, მაგრამ ის, რაც წლების განმავლობაში, განათლებაში ხდება, ვიმეორებთ, რაც განათლებასა და კულტურაში ხდება, ამაზე ანტიქართულის წარმოდგენა შეუძლებელიც კი გვგონია. გაუფასურებულია ეროვნული დიპლომი, სტუდენტობისა და ახალგაზრდობის პრობლემები თვითდინებაზეა მიშვებული. დაუჯერებელია, მაგრამ  ფაქტია, რომ ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთის ბევრ ქვეყანაში უფასოდ სწავლობენ, მაშინ როცა საკუთარ ქვეყანაში, დღითიდღე იზრდება  სწავლის გადასახადი, როცა მისი გადაუხდელობის გამო, უკვე ათიათასობით სტუდენტს შეჩერებული აქვს სწავლის უფლება. ეს მაშინ როცა, წლის განმავლობაში მარტო მერიები და გამგეობები რესტორნებში სადილობისათვის 20 მილიონის ფარგლებში რიცხავენ ბიუჯეტის ფულს, ხალხის ფულს… მაშინ როცა, სახელწმიფო ბიუჯეტიდან პარტიები 20 მილიონზე მეტ ლარს იღებენ ყოველწლიურად, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე მეცნიერებათა აკადემია.

 

ხელისუფლება ამას არ უნდა ეგუებოდეს

ეს არ არის ერთ და ორ წელში დაგროვილი პრობლემები. ტრაგედია იმაშია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არათუ გაითვალისწინა წარსულის შეცდომები და მწარე გაკვეთილები და სიტუაციას ვერ ცვლის, არამედ აგრძელებს „მოქკავშირ- აღორძინების“ და „ნაცმოძრაობის“ დამანგრეველ კურსს. ყოველი შემთხვევისათვის, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რადგან ვთვლიდით და ვთვლით, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ინტელექტუალური რადიკალიზაცია და არა ბელადომანიის თამაში და ფულის ძალაუფლების დამყარება.

კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობთ, მართვის სისტემაა ავადმყოფი და ამისი უპირველესი საფუძველი არის ის, რომ  ქვეყანა რეალურად, ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება. აქ საუბარია ფსიქოლოგიაზე და არა კონკრეტულ პიროვნებებზე. ნაცვლად ცივილიზებული საბანკო სისტემისა, მივიღეთ ასამდე ბანკირის მიერ თავსმოხვეული ველური, თვახედური საბანკო მონოპოლია, რომლიც ხელისუფლების შემწეობითა და მხარდაჭერით, მფარველობს საშუამავლო ფირმებს. ეს არის კორუფციის ახალი ფორმა, რომელიც ებრძვის მწარმოებელსა და მომხმარებელს: მწარმოებელს შესაძლებელზე 2-3-ჯერ ნაკლებს უხდის, მომხმარებელს კი, შესაძლებელზე 2-3-ჯერ მეტს ახდევინებს.   

 ხელისუფლება ამას არ უნდა ეგუებოდეს. ეს არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მისთვისაც საზიანოა.

 

თუ მართლა გჯერათ…

გულახდილად  და გულისტკივილით გვინდა ვუთხრათ მთავრობას, თქვენ უკვე დაღუპული ხართ, თუ მართლა გჯერათ, რომ  თქვენს მიერ მიღებული ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 10-პუნქტიანი პროგრამა რეალურად რამეს შეცვლის;  თუ მართლა გჯერათ  იმ განმარტებების, რასაც აკეთებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.  თუ მართლა გჯერათ, რომ ლარის გაუფასურება  ხალხის ცხოვრების მაღალი დონითაა განპირობებული, თუ მართლა გჯერათ, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს (შეწუხებული კი არა, მოსახლეობა უკვე დეპრესიაშია)… თუ მართლა გჯერათ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმება თქვენი საქმიანობის  ერთ-ერთი ყველაზე  დიდი წარმატებაა, თუ მართლა გჯერათ, რომ ამ საბანკო სისტემით, ან მოსახლეობას, ან ეკონომიკას  ეშველება.  თუ მართლა გჯერათ ტურიზმის გაფეტიშების პოლიტიკის, მაშინ  როცა  მიტოვებულია სოფელი, კვების მრეწველობა  და ტურისტებისათვის საჭირო კვების თუ მომსახურებისათვის საჭირო თითქმის ყველაფერი გარედან შემოგვაქვს (ხელსახოციც, პირსახოცი, პირადი მოხმარების ელემენტარული საგნები ვერ გვიწარმოებია)…  თუ მართლა გჯერათ, რომ დენზე, გაზზე, წყალზე  პრაქტიკულად, თქვენს მიერ დაწესებული ფასებით,  საქართველო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი  პროდუქციის გამოშვებას შეძლებს, (ნუთუ ვერ ხედავთ, რომ კომუნალური გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მაშინ როცა პენსიაც და ხელფასებიც, ალბათ, ყველაზე დაბალი)…  თუ მართლა გჯერათ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გასაღები ქვეყნის შიგნით კი არა, ევროკავშირსა და ნატოში შესვლასა და რუსეთთან დაპირისპირებაშია.. თუ მართლა გჯერათ, რომ დემოკრატიაა გარედან ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების ასეთი გაფეტიშება, მათთან მუდმივი დიალოგი და საქვეყნო ავტორიტეტების იგნორირება…   თუ მართლა გჯერათ, რომ სწორია თქვენი გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე… თუ მართლა გჯერათ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის დამცირების „ნაცების“ კურსის გაგრძელებაა სწორი. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, თუ მართლა გჯერათ, რომ მომდევნო წელი „მაგარი წელი  იქნება“, რისი არავითარი არც წინაპირობა არსებობს და ეს მით უფრო შეუძლებელია, „ქართული ოცნების“ პარტიული კარჩაკეტილობის პოლიტიკით, რომელიც არ ცნობს არავითარ ავტორიტეტს პარტიის გარეთ,  რომელიც ხალხს ეუბნება – თქვენ არაფერი გეკითხებათ, მაინც ვერაფერს გაიგებთ, ყველაფერი ჩვენ ვიცით, და რასაც გვინდა ვაკეთებთ.

 

ასეთი პოლიტიკით სინათლე არ სჩანს  

ვთქვათ პირდაპირ და გულახდილად, თქვენ არათუ ცვლით ეროვნული ხელისუფლების კურსს, არამედ უპირისპირდებით მას თითქმის ყველა პრინციპულ მიმართულებაში. მხოლოდ ერთი მაგალითი: ეროვნული ხელისუფლების მოსვლისთანავე,  ეროვნული განწყობის უზენაესმა საბჭომ საპარლამენტო მმართველობა საპრეზიდენტოთი შეცვალა. დღეს სრულიად საპირისპირო პროცესი მიდის. და ეს ხდება ხალხის მონაწილეობის გარეშე, სახლისუფლებო ეშელონების პრეროგატივად და გადასაწყვეტად იქცა. ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიული კაცობრიობის გამოცდილების იგნორირებით და ტოტალიტარული სისტემის მთავარი ინსტრუმენტის დამკვიდრებით. დემოკრატიულ მსოფლიოში  ხელისუფლება მსახურია…  ტოტალიტარულ სახელმწიფოში, კი უფროსი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია, ყოფილიყო მსახური, ყველა ეუფროსებოდა ხალხს. რაც დრო გადის, ეს ტენდენცია ძლიერდება. დღევანდელობამ ხალხი ხელისუფლების, ანუ თავისი მსახურის მსახურად აქცია. ეს ფუნდამენტური საკითხია.  

საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამას მოსახლეობა გრძნობს და ხედავს დღეს. რომ  ასეთი პოლიტიკით სინათლე არ სჩანს, პირდაპირ ვთქვათ, სრული სიბნელეა.

 

საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია.

ჩვენ ვფიქრობთ, მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ  გამძაფრდეს, ხელისუფლებას გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და დაქსაქსულობაში. ხელისუფლების მხრივ იმის აღიარება, რომ მას დახმარება  და გვერდში დგომა სჭირდება,  სულაც არ არის სისუსტის ნიშანი. სისუსტე ამაზე უარის თქმაა. სისუსტე დაპირისპირებაა. ამ სიტუაციაში კი, დაპირისპირება მომაკვდინებელია. ამის წინაპირობა კი, აშკარად ჩანს: თვითკმაყოფილი ხელისუფლება, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი, ჩასაფრებული ოპოზიცია და ეს იმ დროს, როცა ქვეყანა სავსეა მოაზროვნე და კომპეტენტური ადამიანებით, განსაკუთრებით, პოლიტიკურ პარტიებს მიღმა.

საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.  ამ  დიალოგის ინიციაორი  ხელისუფლება უნდა გახდეს. ამ დიალოგმა უნდა გააერთაინოს  ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მცხოვრებნი. ეს პრინციპული საკითხია.  ჩევნ უკადრებელი ვაკადრეთ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. იმ ხალხს, ვინც პრაქტიკულად გადარგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. ასეთი დიალოგისათვის ეხლა ყველაზე კარგი დროა. მოვიდა ახალი პარლამენტი, გვყავს ახალი მთავრობა, მათ უნდა მოძებნონ ძალა საკუთარ თავში, ასეთი დიალოგისათვის.

ღია, მართალი, კომპეტენტური დიალოგის თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე ძლიერი ჯგუფის შექმნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაუდგეს სათავეში, ან ეს ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით. ამ ჯგუფმა უნდა შეძლოს სამი რამ:

პირველი-შეისწავლოს ქვეყნის პოტენციალი… მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა მოახდინოს ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია. ვიცოდეთ  რას ვფლობთ  და რისი გაკეთება შეიძლება.

მეორე – გაკეთოს დღევანდელი მდგომარეობის მიუკერძოებელი, ღრმა, უაღრესად კოპმეტენტური ანალიზი.

მესამე – შეადგინოს კონკრეტული, რეალისტური პროგრამა, რომელმაც უნდა შეძლოს რეალურ მდგომარეობაში, მყოფ ქვეყანაში მისი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.

 

პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას დიასპორის საბჭო

ჩვენ ასევე პრინციპულად მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან დიასპორის საბჭოს შექმნას და ღია დიალოგს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო, მრავლად მცხოვრებ ქართველებთან, საქართველოს შვილებთან. უფრო მეტიც, ჩვენი პოზიცია პრინციპულია იმაშიც, რომ ევროპის  გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ქვეყნებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

ასეთ ერთობაშია ჩვენი გადარჩენაც და მომავლის საქართველოც.

 

კონსტიტუცია რეფერენდუმით უნდა მივიღოთ

ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია და მართვის ისეთი სისტემა, რომელიც დაამთავრებს საქართველოს, როგორც პოლიტიკურ ბაზარს, გარანტირებულს გახდის იმას, რომ  ქვეყანაში იყოს ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  „რაც შემიძლია, ვაკეთებ“ განწყობა და დამკვიდრდეს პრინციპი: ხელისუფლებაში და თანამდებობაზე არიან ისინი, ვისაც შეუძლია შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობა. სწორედ ამის გარანტი უნდა იყოს კონსტიტუცია. უკვე ჩანს საშიშროება, რომ ეს კონსტიტუცია იყოს პოლიტიკური უმრავლესობის და არა მთელი ხალხის კონსტიტუცია. ამის დაშვება არ  შეიძლება.  ჩვენი პოზიცია პრინციპულია: კონსტიტუციის მიღება უნდა მოხდეს საერთო რეფერენდუმის გზით და კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს მიწის, და საერთოდ, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა – გასხვისება.

 

ხელისუფლება უნდა გამოვიდეს  თვითკმაყოფილების   უაზრო პოზიდან

ხელისუფლებაში და ხელისუფლების მხრივ, მოქმედებაა საჭირო და არა თავის მართლების რეჟიმში ყოფნა  და   წარსულით აპელირება,  მიუხედავად იმისა,  რომ მოაზროვნე ადამიანისათვის სადავო არ არის,  ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისათვის წინამორბედი პოლიტიკური ძალები  („მოქკავშირ“- „აღორძინება“ – „ნაცმოძრაობა“).

უპირველესი არის ის, რომ  ხელისუფლება გამოვიდეს  თვითკმაყოფილების   უაზრო პოზიდან და გადადგას რეალური ნაბიჯები  ინტელექტუალური რესურსების მოქმედებაში მოყვანისათვის. ნუ გეშინიათ  განათლებული და კომპეტენტური ადამიანების. ნუ ჩაიკეტეთ საკუთარ სამეგობროებში, ემსახურეთ და თან პატივისცემით ემსახურეთ ხალხს, რომელმაც არნახული ნდობა გამოგიცხადათ, რომელსაც უკადრებელი ვაკადრეთ უკანასკნელი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას

საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. დაპირისპირება სისუსტის მაჩვენებელია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. გულწრფელად ვურჩევთ საკუთარ პარტიასაც და საერთოდ  ხელისუფლების გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს: ყველანი ვართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და გვეკისრება პასუხისმგებლობა მომავლისათვის. ჩვენ ყველას გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას და სიხარულს ხელისუფლების შეცდომებით, ოპოზიციაში ყოფნა უპირველესად  იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეცდომები არ ჩაადენინო. ეს დიდი პოლიტიკური კულტურაა, რომლის გარეშეც მომავალი არ გვექნება. სწორედ ამიტომაა დასაწყები დიდი დიალოგი, სწორედ ამიტომაა საჭირო ქვეყნის მომავალზე ღია დიალოგის დაწყება, ხელისუფლების მხრივ ეს ძლიერი ნაბიჯი იქნება.  თვით დიალოგის პროცესი გვაჩვენებს, ვინ ვინ არის.

 

უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივა

ჩვენ ძალიან გვეიმედება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია – „ეროვნული თანხმობისათვის“ და მათი ინიციატივა, მომდევნო წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, პირველი და შემდგომი ყველა პარლამენტის წევრთა  დიდი ფორუმის მოწვევის თაობაზე მეცნიერების და საერთოდ, კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით. გვინდა ვიფიქროთ, რომ უზენაესი საბჭოს ეროვნული განწყობის გამგრძელებელი ეს ინიციატივა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის  პარლამენტართა უმრავლესობის მიერ იქნება მოწონებული და ამ დიდი ეროვნული ფორუმის მომზადებაში აქტიურად ჩაერთვება ხელისუფლება  – პრეზიდენტიც, მთავრობაც და უპირველესად, მოქმედი პარლამენტი. რაც მთავარია, მზადების მთელი და მისი შემდგომი  პერიოდი იქნება აქტიური და საგნობრივი დიალოგის განწყობის.

 

მსოფლიო კონგრესი, შოთა რუსთაველის 850 წელი

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა „ეროვნული თანხობისათვის“, ასევე  უზენაესი საბჭოს დეპუტატთა  ჯგუფმა  მხარი დაუჭირეს „ქართული ერთობის დარბაზის“  „მოქმედების მანიფესტს  – ერთი სამშობლო , ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, რომლის მთავარი მიმართულებაა  –  დაპირისპირება შეიცვალოს თანამშრომლობის ჰარმონიზაციით, შევკრათ  გათითოკაცებული სიკეთე დღეს ერთ მუშტად შეკრული ბოროტების  სიყვარულით დასამარცხებლად. პრაქტიკულად, ეს არის დიდი ეროვნული თანხმობის გზა. კარგია, რომ ძლიერდება აზრი იმის თაობაზე, რომ ეროვნული თანხმობისათვის უპირველესია სამართლიანობის დადგენა და იგი უნდა დავიწყოთ 1991-92 და 2003 წლის  მოვლენების სამართლებრივი შეფასებით.  ეს სახელმწიფოებრივი  და ეროვბული თანხმობის დიდი ქართული პროცესია და  აუცილებელზე აუცილებელია , მასში მონაწილეობდნენ  ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, მიუხედავად მათი ეროვნებისა და საქართველოს მეგობრები.

 ამ საქმეს  დიდ მასშტაბს მისცემს „ქართული ერთობის დარბაზის“ გადაწყვეტილება, მომდევნო წლის აპრილიდან 30-ზე მეტ ქვეყანასა და 50-ზე მეტ ქალაქში, სადაც ისტორიულად,  მატერიალური გაჭირვებისა თუ ბედის უკუღმართობის გამო  ცხოვრობენ თანამემამულენი, ჩატარდეს „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა  კონგრესის“ სესიები.  დასკვნითი სესია შედგეს მომდევნო წლის ბოლოს თბილისში.

ეს, მართლაც, ისტორიული მოვლენა იქნება, რომლის პარალელურად, უნდა მიდიოდეს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეს აღნიშვნა. ამ დიდ საქმეებს სჭირდება სამთა კავშირი: ხალხის, ეკლესიის და ხელისუფლების. დარწმუნებული ვართ, რომ აქ მაინც ვიქნებით ერთიანნი, მით უფრო, რომ პირველი ორის – ხალხისა და ეკლესიის განწყობა ცნობილია, სიტყვა ხელისუფლებაზეა.

ეს, მართლაც, დიდი დიალოგი იქნება, ქვეყნის სასიკეთო, მომავლის საქართველოს პროგრამის შემუშვების  და მის განხორციელებაზე საერთო პასუხისმგებლობის დიალოგი.

ჩვენ, „თეთრები“,  დიალოგისა და თანამშრომლობის გარდა, სხვა გზას  ვერც  ვხედავთ. ამაზე  უარის თქმას, არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს.

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ერთგული დემოკრატიის მთავარი პრინციპისა:

„ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს და მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა“

 

ქართული, მხოლოდ ქართული გზა!

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით პოზიციაზე: ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობსქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული  არასდროს  ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული  ყოველთვის იყო  ნაზიარები პლანეტარულთან. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და ქვეყნის გარეთ  მხსნელის ძებნა გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!  დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.

ეს არის დიდი მოღვაწეების მიერ დაფუძნებული „ქართული ერთობის დარბაზის“ და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული თანხმობისათვის“ პოზიცია, რომელსაც სრულად იზიარებს პარტია „თეთრები“. სწორედ ამის გამო ვთქვით უარი საპარამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და ველოდებით მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის დიდ კონგრესს, რომელმაც მეცნიერულ ანალიზზე და ხალხის განწყობაზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს 8 ოქტომბრის არჩევნებით მოსული ხელისუფლების 6 თვის საქმიანობა  და გააკეთოს მიმართვა ხალხისა და ხელისუფლებისადმი.

 

„ხალხი და ბრძენკაცნი – აი, საზოგადოების ქვაკუთხედი“

ჩვენ ვთვლით, რომ დღეს პარტიების დრო არ არის. ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, ვიდრე იმ ქედმაღლური პოლიტიკით ცხოვრება, რომლითაც ამ მდგომარეობამდე მოვიყვანეთ ხალხი და ქვეყანა. დღეს  ჩვენ  მომავლის საქართველოს მთავარ საყრდენად პარტიები კი არა, მეცნიერება და მოაზროვნე ადამიანები მიგვაჩნია და მთავარ ოპოზიციურ ძალად კი, ხალხი. დღეს, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, სწორედ მეცნიერებმა და მოაზროვნე ადამიანებმა არ უნდა დაუშვან ხელისუფლების მხრივ ძალაუფლების უზურპირება. ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოს ისტორიაში დადგა ეტაპი, როცა ხალხიც და ხელისუფლებაც მეცნიერებას, მოაზროვნე ადამიანებს უნდა ენდონ და დაეყრდნონ.  გვახსენდება უდიდესი მოაზროვნის, ბლეზ პასკალის სიტყვები: „ხალხი და ბრძენკაცნი – აი, საზოგადოების ქვაკუთხედი“ . გენიალურია! ჰაერივით გვჭირდება ეს ფორმულა მოქმედებაში. მით უფრო, როცა მასაც  მიაჩნდა და ჩვენი რეალობაც ადასტურებს – „ყოვლისმცოდნენი“ ზიზღით უყურებენ მათ. მართლაც, დიდი გაფრთხილება მისცა კაცობრიობას პასკალმა უკვე ნათქვამითაც და იმ გენიალური აზრით, რომ „ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს“ .  საქართველოს ნამდვილად არ აქვს ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა, მაგრამ  ისინი რომ ხელისუფლებისა და პარტიებისაგან იგნორირებულნი არიან, ეს ფაქტია.  ისიც  ფაქტია,  რომ ნიჭიერი ადამიანები გაურბიან პოლიტიკას და ამის გამო, პოლიტიკაში  ნიჭისა და ზნეობის დეფიციტია. დამაფიქრებელია ყოველივე ეს. პრობლემა დაძლევადია და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ეჭვი არ გვეპარება, მეცნიერები, ოდითგან გამორჩეული ქართული ინტელიგენცია, წარმატებით გაუძლებს ამ დიდ გამოცდას.

 

საქართველოს წარსულიც და მომავალიც რწმენასა და სიყვარულზე დგას

ვიცით, ხიშტით შეხვდებიან ჩვენს პოზიციას პარტიების უმეტესობაშიც და
ხელისუფლებაშიც.  მავანნი იგნორირებას გაუკეთებენ, მავანნი კი – მტრად შეგვრაცხავენ. მაგრამ ისიც ვიცით და გვაიმედებს, რომ ბევრი გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, რამეთუ ჩვენში ეს განწყობა სწორედ ხალხიდან, მოაზროვნე ადამიანებიდან მოდის, ცხოვრებამ გვათქმევინა ის, რაც ვთქვით, ის უფრო მწარეა, ვიდრე ჩვენი ამის თქმა შევძელით.

კიდევ ერთი და განსაკუთრებული: ხელისუფლებებს ოპონენტები,  თუნდაც მწარე  სიმართლის მთქმელები კი არა, მედროვეები, მეხოტბეები და   ტაშისდამკვრელები ღუპავენ,  ამას  მსოფლიო გამოცდილებაც და საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკური ისტორიაც ადასტურებს.

ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით პირდაპირ და გულწრფელად. დარჩეს იგი ამ წელში ნათქვამად. სიტყვა ხელისუფლებაზე და პოლიტიკურ პარტიებზეა. ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე.

რამდენიმე დღეში შობა- ახალი წელი დგება, ვულოცავთ სრულიად საქართველოს. ქართველობას მთელ მსოფლიოში, საქართველოს შვილებს და საქართველოს მეგობრებს, დედაეკლესიას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის იმედს – ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, მეცნიერებს, მასწავლებლობას… ვისურვებდით, რომ წყენა ამ წელში დარჩეს. საქართველოს წარსულიც და მომავალიც რწმენასა და სიყვარულზე დგას. ჩვენი გზაც ეს არის.

მოქმედების დროა!

 

რწმენით და სიყვარულით,

‘თეთრების“ პოლიტიკური საბჭო,

თავმჯდომარე – თემურ შაშიაშვილი;

გენერალური მდივანი –  ზურაბ ხასია

27.12.2016 წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *