(gmtv.ge)პოლიტიკური კულტურა, რომელიც დიდი ხანია კომაში იყო, გარდაიცვალა!..

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით

თეიმურაზ შაშიაშვილი

დამოუკიდებლობის  აღდგენის  მთელი შემდგომი პოლიტიკური პროცესი, განსაკუთრებით  ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ადასტურებს, რომ საჭიროა დიდი საუბრის დაწყება პოლიტიკურ კულტურაზე.

თავშივე  ვამბობ მთავარ სათქმელს:  დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილება ადასტურებს, რომ ქვეყანას მაღალი პოლიტიკური კულტურის გარეშე , პოლიტიკური მომავალი არ აქვს და რადგან  პოლიტიკოსები ვართ პასუხისმგებელი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე, პოლიტიკური უკულტურობის შედეგებს  ძალიან მძიმე ფასი აქვს ქვეყნისათვის.

ეს არის გამოცდილებაც და რეალობაც   – დამაფიქრებელი და კარგად გასააზრებელი არამარტო  პოლიტიკოსების, არამედ, ხალხისა და საზოგადოების მიერ.   

ჩემი აზრით და ამას იზიარებს „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო, საქართველოსა და ქართველი ხალხის  კულტურული მემკვიდრეობა და რეალური პოლიტიკური კულტურა ერთმანეთისგან სრულიად  განსხვავებული ორი  ფენომენია.  ამას შეიძლება ჰქონდეს ახსნა, რომ  ჩევენ, როგორ დემოკრატიული სახელმწიფო  ახლა ვყალიბდებით,  მაგრამ გამართლება არ აქვს თუნდაც იმის გამო, მეოთხედი საუკუნე სრულიად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ  ცივილიზაციის სათავეებთანმ მდგომ ქვეყანაში , მსოფლიოში აღიარებული კულტურის ქვეყანაში  გაცილებით მაღალი სტანდარტების,  პირდაპირ ვთქვათ, კლასიკური დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბებულიყო.

რეალობა მწარეა:  ქართულ  პოლიტიკაში  პოლიტიკური კულტურის არა  მხოლოდ დეფიციტია, არამედ  სრული უკულტურობაა გამეფებული და რაც უფრო უკულტუროა პოლიტიკური ძალა, მით უფრო  იჩემებს დასავლურობას და სამწუხაროდ, მეტ მხარდაჭერასაც იღებს დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან.

 ეს პარადოქსი კი არა, გადაბრუნებული პოლიტიკური აზროვნებაა.  

ჩვენი  აზრით, პოლიტიკურ ძალებს  და სამწუხაროდ, ხალხის დიდ ნაწილს არასწორად გვაქვს გაცნობიერებული  ის, თუ რას ნიშნავს ოპოზიცია ზოგადად და კონკრეტულად კი, საპარლამენტო ოპოზიცია.  

მტკიცება არ უნდა იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია და, თუნდაც,  ეს  გამორიცხავს ჩასაფრებას, ეს უნდა გამორიცხავდეს სიხარულს  მმართველი  ძალის  შეცდომებსა  თუ წარუმატებლობაზე.  პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკური   კულტურა  აქვს, მთავარ ფუნქციას სწორედ იმაში ხედავს, რომ დაეხმაროს მმართველ ძალას საქმის სწორად წარმართვაში, არ მისცეს შეცდომის დაშვების უფლება.

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსიც შეიძლება გაბოროტდეს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. გაბოროტება ეს არის პოლიტიკური უკულტურობის ყველაზე დიდი ნიშანი.

პოლიტიკური კულტურა აქვს მას, ვისაც არ ადიდგულებს ძალაუფლება და მას, ვისაც არ ათავხედებს ძალაუფლების დაკარგვა.  ასეთები კარიერისტები არიან.  კარიერისტობა თავისთავად უკულტურობაა , რადგან ასეთი ადამიანები ბუნებით თავხედები არიან.

პოლიტიკური უკულტურობის უტყუარი ნიშანია  ლანძღვა-გინება, ტყუილი,  დემაგოგია, არშესრულებადი დაპირებების მიცემა, სხვისი ლანძღვით და ღალატით  პოლიტიკური ადგილის მოპოვების მცდელობა,  ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნა. 

დემოკრატიული მსოფლიოს   განზომილებებით  თუ შევხედავთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, სიმახინჯის გარდა სხვას ვერაფერს დავინახავთ. ისიც ვთქვათ, რომ  საქართველოში პოლიტიკოსობა ხალხის განწყობით  ვაჭრობისა და მანიპულირების დიდ  საშუალებად იქცა. პოლიტიკოსი აკეთებს იმას, რაც მოსწონს ხალხს, რაც ადვილად იყიდება ხალხში. სამწუხაროდ, დღეს ხალხს მოსწონს აგრესიული პოლიტიკოსი, პოლიტიკოსი, რომელიც ყვირის, ჩხუბობს, იგინება და ილანძღება. ეს ტრაგედიაა. ტრაგედიაა ისიც, რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩავარდნილ ხალხს ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს.

სამწუხაროა, რომ საქართველოში  პოლიტიკური უკულტურობის  ერთი,  მეტად მავნე  მაღალი სტანდარტი დამკვიდრდა:  ვიდრე ერთად არიან, პოლიტიკურ ალიანსებში, თუ კოალიციებში, ერთმანეთს აქებენ  და ადიდებენ, ოდნავი  დაცილებაც  კი საკმარისი ხდება , რომ ილაპარაკონ  სრულიად  საწინააღმდეგო, წარმოუდგენელი სიტყვებით  ლანძღონ ერთმანეთი და ის პერიოდი, ვიდრე  ერთად  იყვნენ.  ერთი და იგივე პიროვნებას,  ვიდრე მისგან ფინანსურად იკვებებიან, აფეტიშებენ, მთავრდება ფინანსები და იგივე პიროვნებას მიწასთან ასწორებენ.  დიდი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, ასეთ პოლიტიკოსს, როგორც ჩვენში იტყვიან, საკუთარი ოჯახიც კი არ უნდა უჭერდეს მხარს, თუ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თუ  იგი  ჩვენთვის  დიდი  ოჯახია.  

აქვე კიდევ ერთი დიდი სიმახინჯე, რომელიც პოლიტიკური უკულტურობის საზღვრებსაც კი ცდება.  ფარული ჩანაწერები.  ვინც იწერს,  ვინც  ჩანაწერს იყენებს, და ვისაც იწერენ, ერთი სიბრტყის  საქვეყნო უბედურებაა.   წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო  ამ უბედურებამ საქართველოში.  ფარულ ჩანაწერებს იყენებდნენ არა მარტო ოპონენტების წინააღმდეგ, არამედ  საკუთარი თანაპარტიელების დაშანტაჟებისა და მოთვინიერებისათვის.   შესაძლოა, მსგავსი ჩანაწერები განვიხილოთ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ნაწილი,   რომელიც  იცავს ხელისუფლებას უზნეო ადამიანების  მოხვედრისაგან, ან გამოავლენს ასეთებს   თანამდებობაზე მოხვედრის შემდგომ. მაგრამ  ეს არ უნდა იყოს გამოყენებული  როგორც წინასაარჩევნო პოლიტიკური ელემენტი.  

 სწორედ ამ პროცესმა მოიტანა თეზისი,  რომ პოლიტიკა  ბინძური საქმეა,  რის გამოც იგი ზნეობრივი ადამიანებისათვის მიუღებელი   შემაშინებელი გახდა.  

საქართველოში პოლიტიკური უკულტურობა გასცდა ქვეყნის ფარგლებს და გამოჩნდა არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც თავს უფლებას აძლევს უხამსი სიტყვებით მოიხსენიოს სხვა ქვეყნის მაღალი რანგის ხელისუფალი,  მტერი უწოდოს მთელს ქვეყანას და თან ისეთს, რომელთან  კეთილი ურთიერთობის გარეშეც ზედმეტია საუბარი ქვეყნის მომავალზე.  ეს საკუთარი ქვეყნის მტრობაა. სამწუხაროა, რომ ასეთი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები საზოგადოების მიერ წახალისებულია, ეს კი ნიშნავს, რომ ახალისებ შენივე ქვეყნის მტერ  პოლიტიკურ ძალას.

დიდი ანალიზი არ არის საჭირო, დაინახო, რომ ქართული პოლიტიკა  დანაგვიანებულია პოლიტიკოსთა უკულტურობით და თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე, ამ პოლიტიკური ძლებითა და პოლიტიკოსებით,  ის კარგად არ ჩანს. სრულიად  სხვა ფილოსოფიის, აზროვნებისა და პოლიტიკური კულტურის  პოლიტიკოსები,  პოლიტიკური ძალები სჭირდება ქვეყანასა და მის მომავალს.

ვიცი, ბევრს კატეგორიულად  მოეჩვენენება ჩემი მსჯელობა. არაერთი იმასაც იტყვის, რა დროს პოლიტიკურ კულტურაზე საუბარია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო. მე კი ვფიქრობ, ამ დღეში რომ ვართ, სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკოსებს ელემენტარული პოლიტიკური კულტურა არ გაგვაჩნია და სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ წახალისებულია  პოლიტიკური უკულტურობა  და მისი მატარებელი  პოლიტიკოსები… ისიც ფაქტია,  რომ  ამ პოლიტიკურ უკულტურობას  დიდძალად განაპირობებს მედიის მიერ მისი მხარდაჭერა  და  პოლიტიკური  ტრიბუნის  სწორედ  პოლიტიკური კულტურის  არმქონე  პიროვნებებისათვის დათმობა.

ადამიანურად მტკივა გული, რომ  ქართულმა მედიამ უკულტურობა აქცია თავისუფლების სინონიმად. მაშინ როცა, სწორედ კულტურაა თავისუფლების სინონიმი.

ასევე ადამიანურად მაფიქრებს, თუ რატომ უჭერს  დასავლეთი მხარს თავხედებსა და პოლიტიკური კულტურის  არმქონე  პიროვნებებს ქართულ  პოლიტიკაში, მაშინ როცა თავისივე ქვეყანაში ამას პირიქით აკეთებს. ეს რას ნიშნავს, „ჩვენი მამაძაღლის“ პრინციპით  ირჩევენ  და  ახალისებენ საქართველოში კადრებს და სწორედ ასეთებს მიიჩნევენ თავისიანებად?

 არა მგონია, ეს კარგად ახასიათებდეს მათ და მათ  დამოკიდებულებას ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი,  დიდი კულტურის საქართველოსადმი. თავისთავად, ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს  მათდამი საქართველოს მოსახლეობის  დამოკიდებულების თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, რომ სწორედ  ეს   არის დიდი საფუძველი იმისა, რომ ხალხის თვალში დევალვირებულია ყოველგვარი  დასავლური პროგრესულიც კი.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკური დაპირისპირების ის მასშტაბები, რომელიც საქართველოშია, ჩანს ყოველდღე და ყოველ ნაბიჯზე, სწორედ დაბალი პოლიტიკური კულტურით არის განპირობებული.  იმასაც ვფიქრობ, რომ სწორედ პოლიტიკური უკულტურობის გამო გახდა შეუძლებელი საქართველოში ელემენტარული ერთობის მიღწევაც კი და ამ უკანასკნელის გარეშე კი საქართველოს მართლაც, არ აქვს მომავალი.

ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს და ეს მსოფლიო გამოცდილებაა, რომ პოლიტიკური უკულტურობა  პოლიტიკოსის , პოლიტიკური ძალის სისუსტის მაჩვენებელია.  მაღალი პოლიტიკური კულტურა პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსის სიძლიერის უტყუარი ნიშანია.

სუსტები დაპირისპირებით, აგრესიით, ტყუილი დაპირებებით, დემაგოგიით, ლანძღვა-გინებით, მტრის ხატის შექმნით, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობით ცდილობენ  საკუთარი სისუსტის კომპენსირებას და ამაში მათ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაჭირვება ეხმარებათ. მხოლოდ ძლიერთ ძალუძთ თანამშრომლობა და თანამშრომლობის ჰარმონიზაცია.

სწორედ პოლიტიკური კულტურა  და  საზოგადოების  სურვილი, პოლიტიკაში იყვნენ მაღალი პოლიტიკური კულტურის  მქონე პოლიტიკოსები და სწორედ მათ ჰქონდეთ საზოგადოების მხარდაჭერა,  შეიძლება გახდეს იმის გარანტი, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოსულმა პოლიტიკურმა ძალამაც კი ვერ შეძლოს ძალაუფლების უზურპაცია. 

სწორედ მაღალ პოლიტიკურ კულტურას შეუძლია შეაერთოს ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების, კულტურის მოღვაწეების, პოლიტიკოსების  ძალისხმევა მომავლის საქართველოსათვის.

ამ თვალსაზრისით, უაღრესად საიმედოდ მივიჩნევ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული თანხმობისათვის“  მოძრაობას, რომლის კონგრესი ნოემბერში იგეგმება და ვაპირებ შევთავაზო სერიოზული მსჯელობის საგნად იქცეს საკითხი პოლიტიკური კულტურის შესახებ.  

მართლაც ღირს ამ საკითხზე დიდი საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება.

მწამს და მჯერა, პოლიტიკას ნათელი, მართალი, ზნეობრივი, ბოროტი ზრახვებისაგან თავისუფალი და რწმენის ადამიანები უნდა  აკეთებდნენ.  

სააგენტოსგან: ვიზიარებთ იდეას, რომ დასაწყებია საზოგადოებრივი დისკუსია პოლიტიკურ კულტურაზე და ვიწვევთ ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს სააგენტოში დისკუსიისთვის 1 ნოემბრიდან. დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *