ვიამაყოთ!

ეს დიდი კულტურაა…

თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდეს პანტას

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის წლის გაზაფხულის პირველ დღეს, სასიხარულო რამ მინდა გითხრათ. მართალია, ეს არის ისტორია, მაგრამ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ამ განწყობაში უამრავი შემომიერთდება, ეს არის მომავალი. სწორედ ამიტომ არის ის საამაყო…

რომ იამაყო, ფეხზე მაგრად უნდა იდგე და უნდა აცნობიერებდე, რომ  ღვთით ნაბოძები ამ მიწით, ამ წყლით, ამ ჰაერით, ამ სითბოთი,ამ ინტელექტით, ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით – ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. გარედან არ უნდა ვიმართებოდეთ.

მწამდა და მწამს, რომ ყოველი ქვეყანა, ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. კაცობრიობის გამოცდილებაც და ჩვენი სამშბოლოს ისტორიაც ადასტურებს, რომ ჩვენ მაშინ ვიყავით ძლიერი, როდესაც ქვეყანას ეროვნული სულის პლანეტარულად მოაზროვნე ხელმწიფენი და ხელისუფალნი მართავდნენ.

ამის დასტურია ოცგვერდიანი სიბრძნით სავსე წიგნი, რომელიც საჩხერის რაიონის ყოფილი გამგებლის, ეროვნული კაცის, ამჟამად აკაკი წერეთლის სხვიტორის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ცეზარ ლაშხის რედაქტრობით გამოიცა. ამ პატარა წიგნში დასტამბულია ილია ჭავჭავაძის „დავით აღმაშენებელი“ და აკაკი წერეთლის „თამარ მეფე“.

მართლაც საოცრებაა, ორი დიდი მეფე ერთ პატარა წიგნში ორი უდიდესი მწერლის გააზრებით. ეს წიგნი კი არა, საუნჯეა. ეროვნული სიმდიდრეა.

გენიალურად იწყებს ილია ჭავჭავაძე მის სიტყვას დავით აღმაშენებელზე: „… ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს…“

გენიალურია, მართლაც გენიალური… დღეს ჩვენ ეს დიდი ავადმყოფობა გვჭირს, რომელსაც უნდა ვუექიმოთ. როგორ უნდა ვუექიმოთ,  ეს აკაკი წერეთლის „თამარ მეფე“-ში შეგვიძლია ამოვიკითხოთ.

„საარაკო და უჩვეულო მოვლინებამ 1184წ. მიიზიდა  საქართველოს ყოველ კუთხიდან თფილისისაკენ ხალხი.

სამეფო ტახტზე აჰყავდათ მეფე გიორგი Ш-ის ასული თამარი,  მშვენიერებით განთქმული. მისის მშვენიერებით თვალმოჭრილი დამსწრენი, მისმა სეფე-სიტყვამ კიდევ უფრო გააოცა.ამ სიტყვებით მიმართა ერს ტახტზე ასულმა მეფემ:

„შიშველი მოველ და შიშველადვე  მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება, არ არის აქ ჩემი სასაკუთრო და სამეფო ჩემი, კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო  და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით. პირველათ თქვენ მოგმართავთ მამა-ჩემის გაწვრთნილო, მხედართმთავარო მეომარნო. მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა, გავიმაგრო სამეფოს საზღვრები, გარეშე მტრების მოსაგერიებლათ.მერმე მივყობთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ, წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორ სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობა- ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა: აქ – მეფის და იქ – ზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ, დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას, და ნიჭს, რომელთაც  ქვაკუთხედათ უნდა დაიდვას საერო სიყვარული“

თამარ მეფის სიტყვა მისი მეფედ კურთხევისას წარმოთქმული, არის გენიალური არა მარტო იმ ეპოქისთვის, არამედ დღევანდელი მსოფლიოსთვის, მომავლის საქართველოსთვის.

ეჭვი მეპარება, ასეთი სიღრმის, სიბრძნის, ასეთი მასშტაბის, ასეთი დემოკრატიული სულის საინაუგურაციო სიტყვა მოიძებნოს მსოფლიო ისტორიაში. დღევანდელი საქართველოსთვის ეს არის პროგრამა. არაფრის ძიება არ გვჭირდება. მეფემ უპირველესად საზღვრების გამტკიცება ჩათვალა, „უნდა მიწინამძღვროთო“ – ასეთი დიდი პატივისცემით მიმართა  სასულიერო პირებს და საერო ხელმძღვანელთ უთხრა ის,  მთავარია, ისეთი მიმდევრობით, როგორიც სწორედ დღეს სჭირდება ჰაერივით ჩვენს ქვეყანას.

„შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას, და ნიჭს…“ და ნახეთ, რით ამთავრებს, რომ სწავლის, შრომის და ნიჭის „ქვაკუთხედად უნდა დაიდგას საერთო სიყვარული“.

ვიამაყოთ, სწორედ რომ ვიამაყოთ, რომ ჩვენი მეფეები, თითქმის ყველანი და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, უპირველესად სწორედ სწავლას მიიჩნევდნენ, რომ მათი ძალაუფლება ნიჭსა და სიყვარულზე იყო დაფუძნებული.

კარგად წავიკითხოთ და გავაცნობიეროთ მეფის სიტყვები მეფედ კურთხევისას: „შიშველი მოველ და შიშველადვე  მეგულების განსვლად ამიერ სოფლით… ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება, არ არის აქ ჩემი სასაკუთრო და სამეფო ჩემი კუთვნილებაა თქვენივე.“ მართლაც, ზოგადკაცობრიულია ეს სიტყვები. ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა მისი ყოფილი თუ დღევანდელი ხელისუფალის ასეთი სიტყვებით, რომლითაც ჩვენმა მეფემ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია  და თანამდებობა გამდიდრების კი არა, ხალხის მსახურების ადგილია.

ვამაყობ და ვიცი, იგივე განწყობა დაეუფლება უამრავს, ვინც წაიკითხავს  თამარ მეფის სიტყვას მეფედ კურთხევის დღეს და განსაკუთრებით, მეფის ამ სიტყვებს:„მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო  და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით“.

ილია ჭავჭავაძის „ დავით აღმაშენებელი“ და აკაკი წერეთლის  „თამარ მეფე“ – ეს დიდი საგანძურია და არა მარტო ქართული… ეს პატარა ბროშურა უნდა გამოიცეს ქართულ ენაზე მაღალპოლიგრაფიულად და ყველა ოჯახში უნდა იდოს, როგორც დიდი რელიქვია. საამაყო წიგნი და ქართველობისთვის, საქართველოში ცხოვრებისთვის დიდი პასუხისმგებლობის წიგნი.

ეს პატარა წიგნი თითქმის ყველა ენაზე უნდა ითარგმნოს და „ვეფხისტყაოსანთან“ და დიდ ქართულ წიგნებთან ერთად, მთავარი სასაჩუქრო უნდა იყოს ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა მისცა მსოფლიო კულტურის საგანძურს დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის  ქვეყანამ, დიდი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ იდეოლოგიაზე აღზრდილმა ხალხმა.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ეს სწორედ  წელს გაკეთდება ეს წელი ხომ სწორედ   სახელწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის წელია . თუ ამ დიდ ქართულ მისიას  ხელისუფლება გაემიჯნება, მჯერა, გამოჩნდებიან სახელმწიფო კაცები, რომლებიც ამას გააკეთებენ.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *