კითხვები “თეთრებს”

gerbi1რას თვლით ხელშეუხებელ პრიორიტეტებად საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს?

საზღვარგარეთისქვეყნებთან ნებისმიერი მოლაპარაკებისა და ქვეყნის შიგნით მოქმედების დროს ხელშეუხებელი პრიორიტეტები იქნება:
• საქართველოს დამოუკიდებლობა;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა;
• ქართული ეროვნული ცნობიერება;
სხვა ყველაფერი კი – მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი.

gerbi1რა არის თქვენი პარტიის მთავარი პრიორიტეტები?

• ოჯახი, ბავშვი, მოსწავლე, სტუდენტი, განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, ჯანდაცვა, სპორტი;
• უფროსი თაობა _ მადლიერების განწყობის შექმნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უმძიმეს პირობებში შეძლეს შეენარჩუნებინათ ”ენა, მამული, სარწმუნოება”;
• ინვალიდისა და შრომისუუნაროსადმი ღირსეული პირობების შექმნა;
• ქვეყანაში ნიჭისა და უნარის რეალიზაციის პირობების შექმნა;

 

gerbi1რას ნიშნავს „თეთრების“ ბრძლა საქართველსთვის?

• ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
• ქართული ცნობიერების გამთლიანებას;
• რეალურ დემოკრატიას;
• თავისუფალ ადამიანს;
• ძლიერ ეკონომიკას;
• ქვეყანას, გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე;
• რეალურ რეფორმებს;
• ნიჭის ძალაუფლებას, როცა ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობლები საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, როცა განათლება სახელმწიფოსაგან ფინანსდება და კონსტიტუციურად არის პრიორიტეტული, როცა ქვეყანა სისტემურად ვითარდბა მეცნიერულ აზრზე დაყრდნობით და როცა ქვეყანას მართავენ მოაზროვნე და მართალი ადამიანები.

 

gerbi1გადაჭრით, რისი გაკეთება შეგიძლიათ?

დრო გადის და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები არათუ იცვლება, კიდევ უფრო მწვავდება და ზოგიერთი მათგანი შეუქცევად ხასიათს იძენს: ეკონომიკის სტრუქტურა არაეფექტურია, ინფლაციის დონე ორნიშნა, კორუფციულია პრივატიზაციის მთელი პროცესი, დაუცველია მესაკუთრეების უფლებები, დეფიციტია საგადასახადო ბალანსში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი მკვეთრად უარყოფითია, დიდია საგარეო ვალი და სახეზეა მისი შემდეგი ზრდის ტენდენცია, გაუმართლებლად დაბალია მოსახლეობის დასაქმება.

ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვდივართ მაშინ, როცა დეტალურად გავიაზრეთ ეს პრობლემები, ჩამოვაყალიბეთ მათი გადაჭრის გზები და გვაქვს ერთიანი პროგრამა. ჩვენ ვიცით, როგორ:

• დავძლიოთ სისტემური კრიზისი;
• აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა;
• გავამთლიანოთ ქართული ცნობიერება;
• დავძლიოთ ამ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული დაპირისპირება თაობათა შორის;
• შევქმნათ ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალური გარემო, როცა ადამიანს არ ექნება დასაქმების, საარსებო მინიმუმის, საცხოვრებლისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემა (სამ წელიწადში მოვხსნით დასაქმების, ერთ წელიწადში – გარანტირებული სამედიცინო მამსახურების, წელიწადნახევარში – საარსებო მინიმუმის, მაქსიმუმ ორწელიწადნახევარში – საცხოვრებლის პრობლემებს);
• არსებითად შევცვალოთ ბიზნესგარემო, მოსახლეობა გავხადოთ გადამხდელუნარიანი, შესაძლებლად ვაქციოთ ყველა მსურველის ბიზნესში ჩართვა თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე;
• მოვხსნათ მოსახლეობასა და ბანკებს შორის დღეს არსებული დაძაბულობა. ხუთ წელიწადში სხვადასხვა ფორმით დავძლიოთ ე.წ ”ანაბრების პრობლემა” სრულიად განსხვავებულ პრინციპზე დაყრდნობით, ვიდრე ეს ”მოქკავშირისა” და ”ნაცმოძრაობა-დემოკრატების” მთავრობებმა შემოგვთავაზეს. (თითოეული მეანაბრე მიიღებს იმ თანხას (ლარებში) მიღების დღის სავალუტო კურსით, რომელიც ტოლი იქნება მანეთებსა თუ კუპონებში შეტანილი თანხისა იმდროინდელი სავალუტო კურსით).
• შევქმნათ დღევანდლისაგან სრულიად განსხვავებული შრომის ანაზღაურების სისტემა. დღეს იგი პოლიტიკური კორუფციის შემადგენელ ნაწილად იქცა და ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი _ ეს არის გზა ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელსაც მართავს არა არჩეული ხელისუფლება, არამედ დანიშნული ბიუროკრატია, რომლის ხელფასი ზოგჯერ 300-500-ჯერ აჭარბებს პედაგოგის, ექიმის, მეცნიერის, ხელოვანის ხელფასს, პენსიონერის პენსიას, სტუდენტის სტიპენდიას, ლტოლვილისა და შრომისუუნაროს შემწეობას. ჩვენ ამ ვექტორს ვცვლით (სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ ანაზღაურებებს შორის იქნება მაქსიმუმ 20 ჯერზე მეტი… მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხელფასი სიმბოლურად 1 ლარით მეტი იქნება ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასზე, ხელოვანის – პარლამენტის თავმჯდომარისაზე, ჯარისკაცის კონტრაქტით განსაზღვრული თანხა – მთავრობის თავმჯდომარისაზე, პედაგოგის – მინისტრისაზე).

ჩვენი პროგრამა – ეს არის პროგრამა ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობისა და მისი შესრულება მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, რომელთაც აერთიანებთ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, მისთვის თავდადების კეთილი ნება, არიან თავისუფალი ადამიანები, რეფორმატორები და დემოკრატიული ბუნებისანი.

 

gerbi1ვინ დგას „თეთრების“ სათავეებთან. შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი შემადგენლოის განზოგადოებული სურათი?

• არც ერთი ჩვენგანი არც ”მოქკავშირის”, არც ”აღორძინების”, არც ”ნაცმოძრაობა-დემოკრატების” ხელმძღვანელობაში და არც მათ მიერ შექმნილ მთავრობებში არ ვყოფილვართ;

• ჩვენ თავიდანვე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გვქონდა ”მხედრიონის”, ქურდების (განსაკუთრებულად, პოლიტიკურის), ხელისუფლებისაგან კონტროლირებადი ბიზნესის მიმართ;
• არც ერთს პოლიტიკური მიზნით არც გვარი, არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ შეგვიცვლია;
• თითოეულ ჩვენგანს მიგვაჩნია, რომ შეურაცხმყოფელია როგორც პროამერიკულობა, როგორც პრორუსულობა, ისევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურება, რომ მთავარია ქართული ღირსებით და საქართველოს ინტერესებით ცხოვრება, რადგან ასეთი პოლიტიკოსი არც ერთ ქვეყანას არ ებრძვის;
• ჩვენ ვაფიქსირებდით მძიმე განწყობას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, არც ე.წ. ”ვარდების რევოლუციას” ვუჭერდით მხარს, არც ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე მოქმედი პრეზიდენტის ასეთი ფორმით ცვლა მიგვაჩნდა მართებულად;
• ჩვენ ვაღიარებთ, რომ ე.წ. ”ვარდების რევოლუცია” იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომ ”მოქალაქეთა კავშირს” ერთადერთი გზა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში დარჩენისათვის – სახელისუფლებო გადატრიალების მოხდენა და რომ არა ეს უკანასკნელი, ”მოქალაქეთა კავშირი” წასული იყო პოლიტიკური არენიდან ბუნებრივი გზით – არჩევნებით.
• ჩვენ ვაღიარებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება მის პოლიტიკურ გუნდთან და რეჟიმთან ერთად, რაც დრომაც დაადასტურა;
• ჩვენ ვიცავდით უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის ღირსებას, განათლების სისტემას ვიცავდით დამანგრეველი რეფორმებისაგან, მეცნიერებასა და ხელოვნებას _ ხელისუფლების უღირსი შეტევებისაგან, ვიდექით დავით აღმაშენებლის ძეგლთან და გამოვდიოდით ძეგლის გადატანის წინააღმდეგ, რადგან მიგვაჩნდა რომ ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა (მართლმადიდებელი ეკლესია, მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, შემოქმედებითი კავშირები) და ქართული ყოფისა და ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლის მეორე გადამწყვეტი ეტაპი. დიდმა ქართულმა ერთობამ შესაძლებელი გახადა ქართული იდეის გადარჩენა და ამის კარგი მაგალითია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ”წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის” გახსნა;

 

gerbi1ვინ გინდათ რომ მოვიდეს „თეთრებში“?

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა პარტიაში მოვიდნენის ადამიანები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობა ანუ ის, რისკენაც მოგვიწოდებდა დიდი ილია: ”აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”.

ჩვენ გვინდა პარტიაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც ერთობის საფუძვლად არ მიაჩნიათ სიძულვილი, ქვეყნის მართვისათვის – არ ეძებენ გარე ძალას, პოლიტიკურ საქმიანობაში – არ იყენებენ შავ ფულს, გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობისათვის – აუცილებელ პირობად არ მიაჩნიათ უთვისტომობა, პოლიტიკაში არსებობისა და პოლიტიკოსობისათვის – ღალატი, რომელთაც უგულვებელყოფა არ გაუკეთეს ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს – ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, აზებაიჯანელებს, სომხებს, რუსებს, ებრაელებს, ბერძნებს…, რომლებიც მხარს უჭერენ ბიზნესს და რომელთაც ბიზნესად არ აქციეს პოლიტიკა და ხელისუფლება.

gerbi1„თეთრების აზრით, როგორ პოლიტიურ ძალებთან და როგორ პოლიტიოსებთან არის დაკავშირებული საქართველოს მომავალი?

დრო ადასტურებს: განაწყენებულთა, დაპირისპირებულთა, გაბოროტებულთა, რევანშისტთა, სიძულვილით გაერთიანებულთა მოძრაობას არასდროს არ მოაქვს სიკეთე. ჩვენთვის კარგია ის, რაც კარგია საქართველოსათვის და არასოდეს იმას არ შევთავაზებთ ხალხსა და ქვეყანას, რაც კარგი იქნება მხოლოდ ჩვენთვის – პარტიისათვის, მაგრამ ქვეყნისათვის იქნება ცუდი. ეს მწარე გამოცდილება ჩვენს ქვეყანას წინ უდევს, ამით აცხოვრებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები საქართველოს თითქმის ორი ათეული წელია _ და შედეგიც უმძიმესი გვაქვს.
დრო ადასტურებს, რომ ქვეყნისთვის თანაბრად დამანგრეველია კოსმოპოლიტიზმიც, სეპარატიზმიც და ურა-პატრიოტიზმიც, სარწმუნოების უგულებელყოფაც, რელიგიური ფანატიზმიცა და ეკლესიის პოლიტიზებაც, სხვა ქვეყნის (როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს) იდეოლოგიის, ცხოვრების წესის გაფეტიშებაც და ეროვნული ჩაკეტილობაც.

დრო ადასტურებს, რომ, როცა ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ გარე ძალებს რომელიმე ქვეყნის დამონება და მისი ეროვნული ცნობიერების მოსპობა უნდათ, ამ ქვეყნის სათავეში მოჰყავთ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლება (ასეთივე ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მორჩილი ელექტრონული მედია), რომლის საშუალებითაც ამშევენ და აუძლურებენ ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ადვილად მართონ, ადვილად მოისყიდონ, _ გონებით კი არა, კუჭით აცხოვრონ. სამწუხაროდ, ზუსტად ამას უკეთებენ საქართველოს _ უძველესი კულტურის ქვეყანას.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი იმ ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, გაწონასწორებულ და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთაც:

• ხელისუფლების მთავარ ფუნქციად მიაჩნიათ ისეთი კონკურენტული გარემოს შექმნა და ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, სადაც ყველას ექნება საკუთარი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი პირობები;
• უცხოეთთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად ინტელექტი და ეკონომიკა მიაჩნიათ (არც ერთს და არც მეორეს არა აქვს არც ეროვნება და არც საზღვრები);
• ქვეყნის აღმშენებლობის მთავარ საყრდენად კი – ღირსება, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, თაობათა ერთიანობა მიაჩნიათ;

 

gerbi1როდის ერთვებით პოლიტიკურ პროცესში და როგორია თქვენი განწყობა დღევანდელი პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსებისადმი?

ჩვენ დღესვე – პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების გაცხადებისთანავე, ვერთვებით რა პოლიტიკურ პროცესში, ვადასტურებთ ჩვენს კეთილგანწყობას, პატივისცემასა და თანამშრომლობის დიდ სურვილს საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსისადმი (გარდა იმათი, ვინც მონაწილეობდა ან მხარს უჭერდა ხელისუფლებას მოსახლეობის დარბევასა და ქვეყანაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაში, ვინც არ გააპროტესტა სახელისუფლებო მკვლელობები, ვინც შემჩნეულია ხელისუფლებასთან უზნეო გარიგებებში).

მიტევებას ვთხოვთ ყველას, პარტიასა თუ პოლიტიკოსს, თუ რომელიმე ჩვენგანის აქამდე გაცხადებული პოზიცია საწყენად მიიღეს. ჩვენი მხრივ, ვივიწყებთ ყველა წყენას, რომელიც მოგვაყენეს და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკოსს მივმართავთ საჯაროდ: ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოპოზიციის საყოველთაო გაერთიანება ყოველთვის უტოპიური ამოცანა იყო ისევე, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ”შეხმატკბილება”, რომ ეს ყოველთვის იყო ”დემოკრატობანას” თამაში, ყალბი ერთობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ასეთი ოპოზიციური ერთობის არც საფუძველი არსებობს, რადგან ყოველი პარტია იქმნება კონკრეტულ პრინციპებზე (მათ შორის, იდეოლოგიურზე) დაყრდნობით და განსხვავებული პრინციპების პარტიების ქუჩაში, ვინმეს ან რამის სიძულვილით გაერთიანებას ახალ დაპირისპირებასთან, გადატრიალება-რევოლუციებთან მივყავართ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში 1992 წლის შემდგომ ყველა გამარჯვებული პარტია დამარცხდა გამარჯვებისთანავე და ხელისუფლების სათავეში მისი შემდგომი ყოფნა ეს იყო ბრძოლა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალები ერთიანდებოდნენ არა საქართველოსათვის, არამედ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში არის უმძიმესი სისტემური კრიზისი, რომელიც ”მოქკავშირის”, ”აღორძინების”, ”ნაცმოძრაობის” და მათი ლიდერების დანაშაულებრივ ქმედებათა შედეგია. ამავე დროს, პასუხისმგებლობის თავისი წილი ეკუთვნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკოსს. ეს უნდა ვაღიაროთ, თუ გვინდა დავძლიოთ ეს უმძიმესი სისტემური კრიზისი. ყველა ცდილობს, სხვას აჯობოს, მაგრამ საქვეყნო საქმეს აკეთებს მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს. უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარ თავზე გამარჯვებული არც პოლიტიკური პარტიები და არც პოლიტიკოსები არ ჩანან საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ საქართველოში მართვის სისტემაა ავადმყოფი და ასეთი სისტემა იზიდავს მხოლოდ პოლიტიკურ ავანტიურისტებს.

ასეთია ქართული რეალობა!

დემოკრატიული ქვეყნები ძლიერნი არიან არა პრეზიდენტებით, არამედ კონსტიტუციებით. ასეთ ქვეყნებში კონსტიტუცია იცავს ხალხს და სახელმწიფოს ქვეყნის სათავეში ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლების მოსვლისგან. სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ამას ვერ აკეთებს. მეტიც, მნიშვნელოვანწილად, ხელს უწყობს ასეთი ხელისუფლების სათავეში მოსვლასა და შემდგომ პარპაშს (რასაც მკაფიოდ ადასტურებს ბოლო წლების პოლიტიკური მოვლენები).

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რაციონალური მართვის სისტემის შექმნა. ეს იქნება პოლიტიკაში პოლიტიკურად და ზნეობრივად ჯანსაღი ადამიანების მოსვლისა და ქვეყნის უმძიმესი სისტემური კრიზისიდან გამოყვანის, ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის მყარი საფუძველი.

 

gerbi1რას თავაზობენ „ თეთრები“ პოლიტიკურ პარტიებს დასაწყისშივე?

ჩვენ დღესვე – პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების გაცხადებისთანავე, ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ კიდევ ორ, ჩვენი აზრით, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინიციატივას:

• პირველი ეხება პარტიების საერთო შეთანხმებით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისაგან “ნდობის საბჭოს”;

მეორე კი _ “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ შექმნას _ და ვაკეთებთ ზოგად განმარტებებს მათი შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით;
დღეს, უმძიმესი სისტემური კრიზისის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის მონაწილე თითოეული პარტიის პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს ასეთი პასუხისმგებლობა, არ ჩაერთვება არჩევნებში, თუ არა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროგრამა. მართალია, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ აქვთ ასეთი პროგრამები, მაგრამ მათ რატომღაც ”ასაიდუმლოებენ” და მათ გამოქვეყნებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირდებიან საზოგადოებას. უეჭველია, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და არა პოლიტიკური, მით უფრო, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა. ჩვენ გთავაზობთ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა სრული კონსენსუსით საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანებისაგან, გამოჩენილი მოღვაწეებისაგან შევქმნათ “ნდობის საბჭო” და სწორედ მათ სამსჯავროზე გამოვიტანოთ ჩვენი პროგრამები ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხთან – კრიზისის დაძლევასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ”ნდობის საბჭო” კი ჩვენთან შეხვედრების ანალიზზე დაყრდნობით საზოგადოებას გააცნობს მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ ვის აქვს ასეთი პროგრამები და რომელი პარტიების პროგრამებმა მიიქციეს მათი ყურადღება.

რაც შეეხება “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების” შექმნას. ჩვენი აზრით, პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს ქვეყნის მართვის არც თეორიული ცოდნა და არც პრაქტიკული გამოცდილება. მიგვაჩნია, რომ დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს ის შესაძლებლობა, რომ ასეთ დაძაბულ მომენტში დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა, გამოიყვანოს იგი კრიზისიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ნდობის საბჭო”, მეცნიერთა მონაწილეობით, შეიმუშავებს მოთხოვნებს, რომელთაც სასურველია აკმაყოფილებდეს პრეზიდენტი, მთავრობა, მინისტრები, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. და მხოლოდ ამის შემდგომ იგივე “ნდობის საბჭომ” და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობამ (ასამბლეამ) შევქმნათ “ეროვნული თანხმობის ხელისუფლება” ჩვენს გარეთ, ანუ პოლიტიკური პარტიების გარეთ. საქართველოს ბედნიერება პოლიტიკურ ქიშპობაში და მხოლოდ ”მეს” ძახებაში კი არ უნდა იყოს (როგორც ამას ადგილი აქვს დღეს), არამედ პოლიტიკოსთა მზადყოფნაში – შეიქმნას პროფესიონალთა ხელისუფლება, – ეროვნული თანხმობის ხელისუფლება (თავისი მონაწილეობის გარეშე).

ეს იქნება ქვეყნის სასიკეთოდ შემობრუნების ისტორიული მომენტი… ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს არა თავის შესაძლებლობის მაქსიმუმზე (როგორც დღევანდელ ხელისუფლებას აფასებს დღევანდელი პრეზიდენტი), არამედ ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმზე გაანგარიშებით.

ჩვენ ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს – მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები, გამოვაქვეყნოთ ჩვენი შეთანხმება და ეს იქნება, ერთი მხვრივ, ხალხის თვალში პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების (როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურის) მიერ კატასტროფულად დაკარგული ავტორიტეტისა და ნდობის აღდგენის პროცესის დაწყება, მეორე მხვრივ, ჩვენი თანხმობაც იმაზე, რომ, ვინც არ უნდა გავიმარჯვოთ, ვეღარ გავყოყოჩდებით, მთელ ძალაუფლებას ხელში ვერ ჩავიგდებთ, როგორც, სამწუხაროდ, ეს დღეს არის. და ამის გარანტი იქნება ჩვენი შეთანხმება როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და არჩევნების პრინციპებზე, ასევე, განსაკუთრებულად, კანონპროექტზე ”ოპოზიციის შესახებ”. რაც მთავარია, ეს იქნება ქვეყნისათვის უბედურების მომტანი ამ ხელისუფლებისა და რეჟიმის, ასევე მისი შემქმნელების (და არა მარტო ერთი კაცის) პოლიტიკური დასასრული.

კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი: პოლიტიკოსები ერთმანეთს ვესაუბრებით მხოლოდ პრესითა და ტელევიზიით. არაერთი პოლიტიკოსი დაზარალდა მათი ტენდენციურობისა ან, უბრალოდ, არასაკმარისი კომპეტენტურობის გამო. იგივე მიზეზით ხშირად ზარალდება მოსახლეობა, რომელიც იღებს ტენდენციურ ინფორმაციას, მით უფრო მაშინ, როდესაც ცალკულ სატელევიზიო არხებსა და ზოგიერთ გაზეთს საკუთარი კანდიდატები ჰყავთ. დიდი ხანია საზოგადოებას არ უნახავს მათ წინაშე ცოცხლად მოპაექრე პოლიტიკოსები. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბევრი გაურბის ამას. როგორც ჩანს, ეშინია ხალხის წინაშე ოპონენტებთან შეხვედრისა და დისკუსიისა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობას პრაქტიკული გამოცდილების მდიდარი გამოცდილება გვაქვს, 5 წელია არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციური პარტიებისათვის ხელი არ შეგვიშლია მათ საქმიანობაში. ქვეყანა რა დღეშიცაა, ყველანი კარგად ვხედავთ. პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ პოლიტიკოსთა ეპოქაში, როცა ყველა მათგანი სწორს ამბობს, ყველა მათგანი სწორად მოქმედებს, ყველა პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ წინასწარ ჭვრეტდა მოვლენათა ასეთ განვითარებას, ანუ ყველა კარგები არიან, მაგრამ საქმე ცუდად არის.

ამიტომ მოდით, ბატონო პოლიტიკოსებო, გავიდეთ ხალხში და ვუპასუხოთ უბრალო ადამიანების (და არა წინასწარ დარიგებული ჟურნალისტების) კითხვებს.

 

30 აპრილი 2010 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *