ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოძებნო მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა…
ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოძებნო მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ასეთი მასშტაბით მდიდრდება არჩეული და ღარიბდება ამომრჩეველი… სადაც არჩეულის და მის მიერ თანამდებობაზე დანიშნულის შემოსავლები 200-500-ჯერ აღემატებოდეს ძირითადი ამომრჩევლის (სტუდენტი, პენსიონერი, განათლების, კულტურის, მედიცინის, სპორტის მუშაკი) ხელფასს, სტიპენდიას, პენსიას. სადაც ხალხი თავად გახდა თავისი მსახურის მსახური.
ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოძებნო მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ყველაფერი იყიდება: მიწაც, მიწის ზემოთ და მიწაში არსებულიც და სადაც ქვეყნის მთელი სიმდიდრე უცხოელებისა და მათ უკან მდგომი 15-20 სახელისუფლებო წამომადგენლის ხელში გადადის.
ძნელია, მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც 20-იანი წლების ბოლშევიზმის მსგავსად, ყველა სახელისუფლებო პოსტი – ბადმინტონის ფედერაციის თავმჯდომარით დაწყებული და ქვეყნის პრეზიდენტით დამთავრებული, ერთი პოლიტიკური ძალის წევრებს ეკავოთ.
ძნელია, მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ე.წ. რევოლუცია გარედან მმართვადმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახდინეს, რომელთაც ასეული მილიონობით, რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღეს და არა ქვეყანას, არამედ ქვეყნის ნგრევას, ხალხის მოსყიდვასა და რევოლუციის გათამაშებას, საკუთარი ოჯახების მოწყობას მოახმარეს და სახელმწიფო თანამდებობებიც სრულად დაიკავეს.
ძნელია მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც მოქმედ ხელისუფლებას რომელიმე სხვა ქვეყნის კონკრეტული პიროვნება, მით უფრო მაქინატორი სოროსი უნიშნავდეს ხელფასს… ქვეყანა, სადაც მთავარ პოსტებზე – პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, კულტურისა და სპორტის, განათლების, ეკონომიკის და არაერთი სხვა მინისტრის, თბილისის მერის და უამრავ სხვა წამყვან პოსტებზე სოროსელები იყვნენ… სოროსელები მართავენ პარლამენტს, კიდევ უფრო სამარცხვინო და დამანგრეველია ის, რომ ქვეყანას უმთავრეს უნივერსიტეტის რექტორადაც და საზოგადოებრივი სატელევიზიო მაუწყებლობის თავმჯდომარედაც სოროსელი ჰყავს, რომ სოროსელები ანგრევენ მწერალთა, მხატვართა, თეატრის მოღვაწეთა, კომპოზიტორთა, ჟურნალისტთა და სხვა შემოქმედებით კავშირებს და ქმნიან სოროსული იდეოლოგიის გაერთიანებებს, ქვეყნის დაღუპვის ტოლფასია, რომ სოროსელები იგდებენ ხელში განათლების მთელ სისტემას, კულტურის მართვის სადავეებს, სამეცნიერო დაწესებულებებს… მართლაც ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ასე მძლავრობს მთელ მსოფლიოში ყოველგვარი ეროვნულის, ტრადიციულის, ქრისტიანობისა და, უპირველესად, მართლმადიდებლობის მტრად აღიარებული სოროსული იდეოლოგია.
ძნელია, მოძებნო ქვეყანა, ვენესუელასა და საქართველოს გარდა, რომელთა პრეზიდენტები – ჩავესი და სააკაშვილი ასე ახერხებენ საკუთარი ქვეყნების სხვა ქვეყნების ინტერესთან დაჯახებისა, და ამით, საკუთარი ქვეყნების ინტერესთა განადგურების არენად ქცევას. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია სიკეთე რომელიმე სხვა ქვეყნის არც ქებას, არც მის ფეხქვეშ გაგებას. საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია რუსეთის დიქტატით 70 წლიან ცხოვრებას. არც ამერიკის პრეზიდენტ ბუშის “ჭკუით” ცხოვრებამ მოიტანა სიკეთე. ქართული არც რუსეთის ქებაა და არც რუსეთის ლანძღვა… ქართული არც ამერიკის ფეხქვეშ გაგებაა და არც ამერიკასთან დაპირისპირება. ქართულია ყველა ქვეყანასთან მეგობრობა ქართული ინტერესით და საერთაშორისო პრინციპების პატივისცემით.
ძნელია, მოიძებნოს საქართველოს მსგავსი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები ასე საჯაროდ ლანძღავენ ერთმანეთს და ფარულად ასე მეგობრობენ ერთმანეთთან, სადაც ასე უყვარდეთ ფარისეველი, დამსმენი, ცრუ, ფლიდი და ინტრიგანი, სადაც ასე არ უყვართ განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, სადაც სიცრუე და ორპირობა ითვლება ერთგულებად და სიმართლე – სისულელედ, სადაც სიმართლე სიცრუედ და სიცრუე კი ლამის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად საღდებოდეს… სადაც უცხოელ ექსპერტთა დახმარებით შედგენილი ფიარის პროგრამის მეშვეობით – ყალბი ეროვნული პათოსი ასე ცხადდებოდეს ეროვნულად, დემოკრატიის თამაში – დემოკრატიად, პოლიტიკური კორუფცია – წესიერებად, სოციალური დემაგოგია – ხალხზე ზრუნვად… სადაც უცხოელ ექსპერტთა დახმარებით შედგენილი ფიარის პროგრამა ასე ემსახურებოდეს მმართველ პოლიტიკურ ძალას, ასე ებრძოდეს და ამარცხებდეს ხალხსა და ქვეყანას.
საქართველო, მისი ხელისუფლების წყალობით, ერთადერთია, რომელსაც ჯარის ახალი ნაწილები შეჰყავს ერაყში, მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთით, იტალიით დაწყებული და უკრაინით დამთავრებული – ყველას გამოჰყავს… საქართველო ერთადერთია, რომლის მთავარი ექსპორტი ჯართი, ხე-ტყე, საერთოდ, ნედლეულია, ხოლო იმპორტი – საბოლოო პროდუქტი, ძირითადად, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი… საქართველო ერთადერთია, სადაც იმპორტი ექსპორტს ოთხჯერ აჭარბებს… ერთადერთია, რომელიც, როგორც ექსპორტით, ასევე იმპორტით სამუშაო ადგილებს უცხოეთში ქმნის, ხოლო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა სამუშაო ადგილები, ჯართად ქცეული, უცხოეთში კაპიკებად გაიტანა…
ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, რომლის პრეზიდენტი და ხელისუფლება ასე თავგამოდებით ამტკიცებდეს, რომ დემოკრატიულია და ამავე დროს იგივე პრეზიდენტი და მისი ჯიბის ხელისუფლება ასე უსირცხვილოდ აყალბებდეს არჩევნებს, დემოკრატიის დაცვას ეძახდეს საკუთარი ხალხისთვის ტყვიის სროლას, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას – საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვას, ასე უმოწყალოდ ხოცავდეს ახალგაზრდა ბიჭებს, საჯაროდ აცხადებდეს ოჯახის ამოხოცვის დავალებას, თავის მსახურად აქცევდეს ჯარს და პოლიციას, ფუნქციას უკარგავდეს სასამართლოს, საკუთრებად იხდიდეს სატელევიზიო სივრცეს, კატასტროფული სიჩქარით ზრდიდეს ქვეყნის საგარეო ვალს და მიღებულ თანხებს ძირითადად საკუთარი თავის გადასარჩენად, სახელისუფლებო სკამის შესანარჩუნებლად იყენებდეს, ყოფითი ბიზნესის ქვეყანაში ელიტარულ კორუფციას ამკვიდრებდეს.
მართლა ავად ვართ, რომ ვითმენთ იმას, რასაც ვითმენთ. რომ ვითმენთ სააკაშვილს!
დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის ტოლფასია!
ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
19ივლისი, 2010 წელი